არჩეულ მასალაზე გადასვლა

რას ამბობს ბიბლია ენებზე ლაპარაკის შესახებ?

ბიბლიის თვალსაზრისი

„ენებზე ლაპარაკში“ იგულისხმება ის სასწაულებრივი უნარი, რომელსაც პირველ საუკუნეში ზოგიერთი ქრისტიანი ფლობდა. ამ უნარის წყალობით მათ ენის შესწავლის გარეშე შეეძლოთ უცხო ენაზე ლაპარაკი (საქმეები 10:46; „ახალი საერთაშორისო თარგმანი“). უცხო ენაზე მოლაპარაკის საუბარი ჩვეულებრივ ესმოდა ყველას, ვინც ის ენა იცოდა (საქმეები 2:4—8). ენებზე ლაპარაკი ღვთის წმინდა სულის ერთ-ერთი ძღვენი იყო, რომელსაც პირველი საუკუნის ზოგი ქრისტიანი ფლობდა (ებრაელები 2:4; 1 კორინთელები 12:4, 30).

 სად და როდის დაიწყო ენებზე ლაპარაკი?

ეს სასწაული პირველად მოხდა იერუსალიმში ახ.წ. 33 წლის 50-ე დღის დღესასწაულზე, რომელსაც იუდეველები ზეიმობდნენ. იესოს დაახლოებით 120 მოწაფე იყო შეკრებილი, როდესაც „აღივსო ყველა წმინდა სულით და დაიწყეს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი“ (საქმეები 1:15; 2:1—4). უამრავი ადამიანი შეიკრიბა „ცისქვეშეთში მცხოვრები ყველა ხალხიდან“ და „ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ მათ ენებზე“ (საქმეები 2:5, 6).

 რა იყო ენებზე ლაპარაკის მიზანი?

  1. იმის ჩვენება, რომ ქრისტიანებს ღმერთი უჭერდა მხარს. წარსულში ღმერთი სასწაულებით ამტკიცებდა, რომ მხარს უჭერდა თავის ერთგულ მსახურებს, მაგალითად, მოსეს (გამოსვლა 4:1—9, 29—31; რიცხვები 17:10). ენებზე ლაპარაკიც იმავე მიზანს ემსახურებოდა — ახალჩამოყალიბებულ ქრისტიანულ კრებას ღმერთი უჭერდა მხარს. მოციქულმა პავლემ დაწერა: „უცხო ენები ნიშანია ურწმუნოთათვის და არა მორწმუნეთათვის“ (1 კორინთელები 14:22).

  2. საფუძვლიანი დამოწმების საშუალება. მათ, ვინც იესოს მოწაფეებს მოუსმინა 50-ე დღის დღესასწაულზე, თქვეს: „ყველას გვესმის, როგორ ლაპარაკობენ ჩვენს ენებზე ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ (საქმეები 2:11). მაშასადამე, ენებზე ლაპარაკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იყო ის, რომ, იესოს ბრძანების თანახმად, ქრისტიანებს საფუძვლიანად დაემოწმებინათ და მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი ყველა ერიდან (საქმეები 10:42; მათე 28:19). მათგან, ვინც იხილა ეს სასწაული და მოისმინა მოწაფეების ქადაგება, დაახლოებით 3 000 ადამიანი გახდა იესოს მიმდევარი იმავე დღეს (საქმეები 2:41).

 ყოველთვის ექნებოდათ ღვთის მსახურებს ენებზე ლაპარაკის ძღვენი?

არა. წმინდა სულის სხვადასხვა ძღვენი, მათ შორის, ენებზე ლაპარაკი, დროებითი ღონისძიება იყო. ბიბლიაში ნათქვამია: „წინასწარმეტყველების ძღვენი გაუქმდება, ენები შეწყდება, ცოდნაც გაუქმდება“ (1 კორინთელები 13:8).

 როდის შეწყდა ენებზე ლაპარაკი?

წმინდა სულის სხვადასხვა ძღვენი სხვა ქრისტიანებზეც გადადიოდა და ეს ჩვეულებრივ, მოციქულების ხელის დადებით ხდებოდა (საქმეები 8:18; 10:44—46). როგორც ჩანს, იმ ქრისტიანებს, რომლებიც მოციქულებისგან იღებდნენ ძღვენს, აღარ შეეძლოთ ამ ძღვნის სხვისთვის გადაცემა (საქმეები 8:5—7, 14—17). მოვიყვანოთ ასეთი შედარება: უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მართვის მოწმობა გასცეს ვინმეს სახელზე, თუმცა მოწმობის მიმღებ პირს არ აქვს იურიდიული უფლება, თავის მხრივ სხვის სახელზე გასცეს მოწმობა. როგორც ჩანს, ენებზე ლაპარაკის ძღვენი მას შემდეგ შეწყდა, რაც მოციქულები და ისინი, ვისაც პირადად მათგან ჰქონდათ მიღებული ეს ძღვენი, გარდაიცვალნენ.

 დღეს თუ აქვს ვინმეს ენებზე ლაპარაკის ძღვენი?

ენებზე ლაპარაკის ძღვენი სავარაუდოდ ახ. წ. პირველი საუკუნის ბოლოსთვის შეწყდა. დღეს ვერავინ იტყვის, რომ ღვთისგან აქვს ბოძებული ენებზე ლაპარაკის უნარი. *

 რით ამოიცნობიან ნამდვილი ქრისტიანები?

იესომ თქვა, რომ თავგანწირული სიყვარული იქნებოდა მისი მოწაფეების ამოსაცნობი ნიშანი (იოანე 13:34, 35). მოციქული პავლეც ასწავლიდა, რომ ნამდვილი ქრისტიანები ყოველთვის სიყვარულით იქნებოდნენ სხვებისგან გამორჩეულნი (1 კორინთელები 13:1, 8). პავლემ ისიც აღნიშნა, რომ ღვთის სული ქრისტიანებში წარმოშობდა თვისებებს, რომელთაც ერთობლივად „სულის ნაყოფი“ ეწოდებათ; „სულის ნაყოფში“ შემავალ თვისებებს შორის კი პირველი სწორედ სიყვარულია (გალატელები 5:22, 23).

^ აბზ. 20 იხილეთ სტატია „ღვთისგან მომდინარეობს ენებზე სასწაულებრივად ლაპარაკის უნარი?