არჩეულ მასალაზე გადასვლა

რა არის დიდი გასაჭირი?

რა არის დიდი გასაჭირი?

ბიბლია გვპასუხობს

დიდი გასაჭირი არის დროის პერიოდი, როცა კაცობრიობას არნახული უბედურებები დაატყდება თავს. ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველების თანახმად ეს „ბოლო დღეებში“, „უკანასკნელ დროს“ მოხდება (2 ტიმოთე 3:1; დანიელი 12:4). ბიბლიაში ვკითხულობთ: „ისეთი გასაჭირი დადგება, როგორიც არ ყოფილა ღვთის ქმნილებათა შექმნიდან იმ დრომდე და არც აღარასოდეს იქნება“ (მარკოზი 13:19; დანიელი 12:1; მათე 24:21, 22).

დიდი გასაჭირის დროს მოსახდენი მოვლენები

  • ცრუ რელიგიების განადგურება. ცრუ რელიგიები საოცარი სისწრაფით განადგურდება (გამოცხადება 17:1, 5; 18:9, 10, 21). მათ გაერთიანებული ერების ორგანიზაციით წარმოდგენილი პოლიტიკური მმართველობები გაანადგურებენ, რითაც ღვთის ნებას შეასრულებენ (გამოცხადება 17:3, 15—18). *

  • ღვთის ხალხზე თავდასხმა. ერთა კოალიცია, რომელიც ეზეკიელის ხილვაში წარმოდგენილია როგორც „გოგი მაგოგის მიწიდან“, შეეცდება ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების განადგურებას. თუმცა ღმერთი დაიცავს თავის ხალხს (ეზეკიელი 38:1, 2, 9—12, 18—23).

  • ადამიანთა გასამართლება. იესო გაასამართლებს და „გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან“ (მათე 25:31—33). ადამიანები იმის მიხედვით გასამართლდებიან, უჭერდნენ თუ არა მხარს „იესოს ძმებს“ ანუ მათ, რომლებიც იესოსთან ერთად იმეფებენ ზეცაში (მათე 25:34—46).

  • სამეფოს მმართველების შეკრება. ღმერთმა თავისი მსახურებიდან ზოგიერთი იესო ქრისტეს თანამეფეებად აირჩია. მიწიერი სიცოცხლის დასრულების შემდეგ მათ ღმერთი ზეციური ცხოვრებისთვის აღადგენს (მათე 24:31; 1 კორინთელები 15:50—53; 1 თესალონიკელები 4:15—17).

  • არმაგედონი. „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ გამართულ ამ ომს ბიბლია აგრეთვე უწოდებს „იეჰოვას დღეს“ (გამოცხადება 16:14, 16; ესაია 13:9; 2 პეტრე 3:12). ისინი, ვისაც იესო მსჯავრს დასდებს, არმაგედონის ომში განადგურდებიან (სოფონია 1:18; 2 თესალონიკელები 1:6—10). გარდა ამისა, განადგურდება მსოფლიო პოლიტიკური სისტემა, რომელიც ბიბლიაში შვიდთავიანი მხეცითაა წარმოდგენილი (გამოცხადება 19:19—21).

დიდი გასაჭირის შემდეგ განვითარებული მოვლენები

  • სატანისა და დემონების შებოჭვა. ძლიერი ანგელოზი სატანასა და დემონებს უფსკრულში ჩაყრის, სადაც ისინი სიკვდილის მსგავს უმოქმედო მდგომარეობაში იქნებიან (გამოცხადება 20:1—3). უფსკრული, სადაც სატანა იქნება ჩაკეტილი, შეიძლება შევადაროთ ციხეს. იქიდან ეს ბოროტი ანგელოზი ვერ შეძლებს, გავლენა მოახდინოს ვინმეზე ან რამეზე (გამოცხადება 20:7).

  • ათასწლიანი მმართველობა. დაიწყება ღვთის სამეფოს ათასწლიანი მმართველობა. ამ დროის განმავლობაში ღმერთი კაცობრიობას უხვად აკურთხებს (გამოცხადება 5:9, 10; 20:4, 6). „უამრავი ხალხი“, რომელიც დიდ გასაჭირს გადაიტანს, საკუთარი თვალით იხილავს ათასწლიანი მმართველობის დასაწყისს (გამოცხადება 7:9, 14; ფსალმუნი 37:9—11).

^ აბზ. 5 გამოცხადების წიგნში „დიდი ბაბილონი“ და „დიდი მეძავი“ ცრუ რელიგიებს განასახიერებენ (გამოცხადება 17:1, 5). „ალისფერი მხეცი“, რომელიც გაანადგურებს „დიდ ბაბილონს“, ასიმბოლოებს ორგანიზაციას, რომლის მიზანიც ერების გაერთიანებაა. თავდაპირველად ის ერთა ლიგის სახელით იყო ცნობილი, დღეს კი მას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ეწოდება.