არჩეულ მასალაზე გადასვლა

ღვთისმშობელია მარიამი?

ბიბლიის თვალსაზრისი

არა. ბიბლიაში არ წერია, რომ მარიამი ღვთისმშობელია; არც ის წერია, რომ ქრისტიანებმა მას თაყვანი უნდა სცენ. * დაფიქრდით:

  • მარიამს არასოდეს უთქვამს, რომ ღვთისმშობელი იყო. ბიბლიაში წერია, რომ მარიამმა „ღვთის ძე“ შვა და არა თავად ღმერთი (მარკოზი 1:1 სსგ; ლუკა 1:32).

  • იესო ქრისტეს არასოდეს უთქვამს, რომ მარიამი ღვთისმშობელი იყო, ან რომ ის უნდა განედიდებინათ. უფრო მეტიც, იესომ თვალსაზრისი შეუსწორა ერთ ქალს, რომელმაც მარიამს განსაკუთრებული პატივი მიაგო, და უთხრა: „ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას!“ (ლუკა 11:27, 28).

  • ბიბლიაში არსად არის მოხსენიებული სიტყვები: „ღვთისმშობელი“ და „თეოტოკოს“ (დედა ღვთისა).

  • ბიბლიაში „ცის დედოფალი“ მარიამს კი არ ეწოდება, არამედ ცრუ ქალღმერთს, რომელსაც განდგომილი ისრაელები სცემდნენ თაყვანს (იერემია 44:15—19). შესაძლოა „ცის დედოფალი“ ბაბილონის ქალღმერთი იშთარი (ასტარტე) იყო.

  • პირველი საუკუნის ქრისტიანები მარიამს არც თაყვანს სცემდნენ და არც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ. ადრინდელი ქრისტიანების შესახებ ერთი ისტორიკოსი თავის ნაშრომში აღნიშნავს: „ისინი უარყოფდნენ ნებისმიერ კულტს. შესაძლოა შიშობდნენ, რომ მარიამის მიმართ გადამეტებული ყურადღების გამოვლენით სხვებში იმის ეჭვი არ გამოეწვიათ, რომ თითქოსდა ისინი ქალღმერთის თაყვანისმცემლები იყვნენ“ (In Quest of the Jewish Mary).

  • ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი ყოველთვის არსებობდა (ფსალმუნი 90:1, 2; ესაია 40:28). რამდენადაც ღმერთს დასაბამი არ აქვს, შეუძლებელია, რომ მას დედა ჰყავდეს. გარდა ამისა, როგორ დაიტევდა მარიამი მუცელში ღმერთს, რომლის შესახებაც ბიბლიაში ნათქვამია, რომ მას ზეცათა ზეცაც კი ვერ იტევს?! (1 მეფეები 8:27).

მარიამი — იესოს დედა და არა ღვთისმშობელი

მარიამი იყო ებრაელი, დავით მეფის შთამომავალი (ლუკა 3:23—31). თავისი რწმენისა და ერთგულების გამო მას ღმერთი ძვირფასად თვლიდა (ლუკა 1:28). ღმერთმა სწორედ მარიამი აირჩია, რომ იესოს დედა გამხდარიყო (ლუკა 1:31, 35). მარიამსა და იოსებს, მის მეუღლეს, იესოს გარდა სხვა შვილებიც ჰყავდათ (მარკოზი 6:3).

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მარიამი იესოს მოწაფე გახდა, თუმცა მის შესახებ ბევრი არაფერია ნათქვამი (საქმეები 1:14).

^ აბზ. 3 ზოგიერთი რელიგია ასწავლის, რომ მარიამი ღვთისმშობელია. ისინი მარიამს მოიხსენიებენ როგორც „ცის დედოფალს“ ან თეოტოკოს, რაც ბერძნულად ნიშნავს „დედა ღვთისას“.