წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაქორწინებული იყო იესო? ჰყავდა მას და-ძმები?

დაქორწინებული იყო იესო? ჰყავდა მას და-ძმები?

ბიბლია გვპასუხობს:

ღვთის სიტყვაში კონკრეტულად არ არის ნათქვამი, დაქორწინებული იყო თუ არა იესო, მაგრამ ყველა ის ბიბლიური ეპიზოდი, რომელიც იესოს ცხოვრებას ეხება, აშკარად გვაჩვენებს, რომ იესო არასდროს დაქორწინებულა. * ქვემოთ მოყვანილია ამის დამადასტურებელი რამდენიმე არგუმენტი:

  1. ბიბლია არაერთხელ მოიხსენიებს იესოს ოჯახის წევრებს, მაგალითად მის მშობლებსა და დედმამიშვილებს; აგრეთვე იმ ქალებს, რომლებიც ხშირად ახლდნენ მას თან მსახურებაში და რომლებიც ბოლომდე მის გვერდით იყვნენ და საკუთარი თვალით იხილეს, თუ როგორ აწამეს იესო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეუძლებელია ბიბლიას არ ეხსენებინა იესოს ცოლი, თუკი მას სინამდვილეში ჰყავდა ის (მათე 12:46, 47; მარკოზი 3:31, 32; 15:40; ლუკა 8:2, 3, 19, 20; იოანე 19:25). ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იესო არასდროს ყოფილა დაქორწინებული და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ არ არის ბიბლიაში ამ საკითხზე საუბარი.

  2. როდესაც მოწაფეებს მათ შესახებ ესაუბრებოდა, ვინც დაუქორწინებლად დარჩენას იმ მიზნით არჩევდა, რომ მეტი დრო დაეთმო ღვთის მსახურებისთვის, იესომ ასეთი რამ თქვა: „ვისაც შეუძლია [დაუქორწინებლობის] შეთვისება, შეითვისოს“ (მათე 19:10—12). ამ მხრივ იესომ თავად დაუტოვა ღვთის ასეთ მსახურებს საუკეთესო მაგალითი, რათა ისინიც მის მსგავსად ბოლომდე დახარჯულიყვნენ ღვთის მსახურებაში (იოანე 13:15; 1 კორინთელები 7:32—38).

  3. სიკვდილის წინ იესომ დედაზე ზრუნვა თავის ერთ-ერთ მოწაფეს დაავალა (იოანე 19:25—27). დაფიქრდით, იესო დაქორწინებული რომ ყოფილიყო ან შვილები ჰყოლოდა, ნუთუ არავის სთხოვდა, რომ მათთვისაც მიეხედათ?!

  4. როდესაც ბიბლია ქმრებს მოუწოდებს, მიჰბაძონ იესოს, ის ამბობს: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის“ (ეფესოელები 5:25). დაფიქრდით, იესოს რომ ცოლი ჰყოლოდა დედამიწაზე, ზემოხსენებულ მუხლში კრება იქნებოდა მაგალითად მოყვანილი თუ იესოს ხორციელი ცოლი?

ჰყავდა იესოს და-ძმები?

რა თქმა უნდა. იესოს, სულ მცირე, ექვსი დედმამიშვილი ჰყავდა, მათ შორის იყვნენ იაკობი, იოსები, სიმონი და იუდა; სავარაუდოდ, მას ორი დაც ჰყავდა (მათე 13:54—56; მარკოზი 6:3). ისინი იესოს დედის, მარიამის და მისი ქმრის, იოსების შვილები იყვნენ (მათე 1:25). ბიბლიაში იესოს მარიამის „პირმშო“ ეწოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სხვა შვილებიც ჰყავდა (ლუკა 2:7).

იესოს ძმებზე გავრცელებული მცდარი შეხედულებები

იმ აზრის მხარდასაჭერად, რომ მარიამი მთელი თავისი ცხოვრება ქალწული დარჩა, ზოგი სიტყვა „ძმებს“ სხვადასხვა დატვირთვას აძლევს. მაგალითად, ზოგის მტკიცებით, იესოს ძმები არ იყვნენ მარიამის შვილები, რადგან მათი თქმით, იოსებს მანამდე ჰყავდა შვილები, სანამ მარიამზე დაქორწინდებოდა. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღვთის დაპირებისამებრ, იესო ქრისტე, რომელიც მეფე დავითის საგვარეულო ხაზიდან მოვიდა, მისი სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე გახდა (2 სამუელი 7:12, 13; ლუკა 1:32). თუ იოსებს, რომელიც დავითის შთამომავალი იყო, იესოზე უფროსი ვაჟები ეყოლებოდა, გამოდის რომ, მათგან უფროსი უნდა გამხდარიყო კანონიერი მემკვიდრე და არა იესო.

ზოგი სიტყვა „ძმებში“ იესოს მოწაფეებს ანუ მის სულიერ ძმებს გულისხმობს. ეს მოსაზრება არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ბიბლიაში ნათქვამია, რომ „სინამდვილეში, მის ძმებს არ სწამდათ ის“ (იოანე 7:5). აშკარაა, რომ ბიბლია განასხვავებს იესოს ძმებს მისი მოწაფეებისგან (იოანე 2:12).

არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომ იესოს ძმებში მისი ბიძაშვილ-დეიდაშვილები იგულისხმებიან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბერძნულ წერილებში სიტყვები „ძმა“, „ნათესავი“ და „ბიძაშვილი“ ბერძნულ ენაზე სხვადასხვა სიტყვებით გადმოიცემა (ლუკა 21:16; კოლოსელები 4:10). ბიბლიის ბევრი მკვლევარი ამტკიცებს, რომ იესოს და-ძმები მისი ნამდვილი დედმამიშვილები იყვნენ. მაგალითად, ერთ ნაშრომში ნათქვამია: «ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ სიტყვა „ძმებში“... იგულისხმება მარიამისა და იოსების შვილები ანუ იესოს ძმები დედის მხრიდან» (The Expositor’s Bible Commentary). *

^ აბზ. 3 ბიბლიაში იესოს არაერთგან ეწოდება ნეფე, მაგრამ თითოეულ შემთხვევაში კონტექსტიდან ჩანს, რომ ამ წოდებას სიმბოლური დატვირთვა აქვს (იოანე 3:28, 29; 2 კორინთელები 11:2).

^ აბზ. 13 იხილეთ აგრეთვე „The Gospel According to St. Mark“, Second Edition, by Vincent Taylor, გვ. 249 და „A Marginal Jew—Rethinking the Historical Jesus, by John P. Meier“, ტომი 1, გვ. 331, 332.

 

გაიგეთ მეტი

ვინ არის იესო ქრისტე?

გაიგე რატომ მოკვდა იესო, რა არის გამოსასყიდი და რას აკეთებს იესო ახლა.