არჩეულ მასალაზე გადასვლა

რას ამბობს ბიბლია გაცემაზე?

ბიბლიის თვალსაზრისი

ბიბლია მოგვიწოდებს, რომ სიკეთე ვაკეთოთ, ოღონდ სწორი მოტივებიდან გამომდინარე. დიახ, გაცემას არა მხოლოდ მისთვის მოაქვს სიკეთე, ვინც იღებს ამ სიკეთეს, არამედ მისთვისაც, ვინც გასცემს (იგავები 11:25; ლუკა 6:38). იესომ თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

 როდის აქვს სიკეთეს ფასი?

სიკეთეს მაშინ აქვს ფასი, როცა ადამიანი საკუთარი სურვილით, გულიდან გამომდინარე აკეთებს მას. ბიბლია მოგვიწოდებს: „თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორინთელები 9:7).

სუფთა გულით გაკეთებული სიკეთე ჩვენი თაყვანისცემის ნაწილია და დიდად სიამოვნებს ღმერთს (იაკობი 1:27). ის, ვინც უშურველად ეხმარება სხვებს, ღვთიურ საქმეს აკეთებს და გულს უხარებს იეჰოვას; ღმერთი კი თითოეულ გაკეთებულ სიკეთეს ისე იღებს, თითქოს სიკეთის გამკეთებელი სესხს აძლევს თვით იეჰოვა ღმერთს (იგავები 19:17). ბიბლიაში წერია, რომ ღმერთი მიუზღავს ყველა კეთილ კაცს თავისი სიკეთის სანაცვლოდ (ლუკა 14:12—14).

 როდის არ აქვს სიკეთეს ფასი?

სიკეთეს ყოველგვარი ფასი ეკარგება, როცა ადამიანი გამორჩენის მიზნით აკეთებს მას. მაგალითად:

თუ ჩვენი სიკეთე სხვას ღვთისთვის მიუღებელ საქციელში უწყობს ხელს. მაგალითად, არ იქნებოდა სწორი, თუ ვინმეს ფულს მივცემთ იმისთვის, რომ აზარტული თამაშები ითამაშოს ან ნარკოტიკებსა და უზომო სმაში დახარჯოს (1 კორინთელები 6:9, 10; 2 კორინთელები 7:1). არც ის იქნებოდა სწორი, თუ ფინანსურად დავეხმარებოდით ისეთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია იმუშაოს, მაგრამ რატომღაც არ მუშაობს (2 თესალონიკელები 3:10).

როცა საკუთარ ოჯახს აზარალებ და სხვას ეხმარები. ბიბლია გვასწავლის, რომ ოჯახისთავებმა უნდა იზრუნონ ოჯახის წევრებზე (1 ტიმოთე 5:8). ამიტომ არ იქნებოდა სწორი, თუ ოჯახისთავი იმდენად ბევრს გასცემდა, რომ საკუთარ ოჯახს დააზარალებდა. აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ იესოს სიტყვებიც; მან მსჯავრი დასდო იმ ადამიანებს, რომლებიც უარს ამბობდნენ ხანდაზმული მშობლების მოვლაზე და აცხადებდნენ, რომ მთელი მათი ქონება „ღვთისთვის განკუთვნილი ძღვენი“ იყო (მარკოზი 7:9—13).