არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვინ არის წარმოდგენილი გამოცხადების მე-13 თავში მოხსენიებული შვიდთავიანი მხეცით?

ვინ არის წარმოდგენილი გამოცხადების მე-13 თავში მოხსენიებული შვიდთავიანი მხეცით?

ბიბლია გვპასუხობს:

გამოცხადების მე-13 თავში მოხსენიებული შვიდთავიანი მხეცი მსოფლიო პოლიტიკურ სისტემას წარმოადგენს.

  • ბიბლიის თანახმად, მხეცს მიეცა ძალაუფლება, ძალა და ტახტი, რაც მის პოლიტიკურ ძალაუფლებაზე მეტყველებს (გამოცხადება 13:2).

  • ის ფაქტი, რომ „ყოველი ტომი და ხალხი, ენა და ერი“ მას ემორჩილება, იმაზე მიგვანიშნებს, რომ ის გაცილებით დიდ ძალას ფლობს, ვიდრე რომელიმე ცალკეული ქვეყნის მთავრობა (გამოცხადება 13:7).

  • ეს შვიდთავიან მხეცი გარეგნობით ჯიქს ჰგავს, ფეხები დათვის ფეხებს მიუგავს, პირი კი — ლომის ხახას. ბიბლიაში აგრეთვე წერია, რომ მას ათი რქა აქვს. ეს შვიდთავიანი მხეცი დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ხილვაში ნანახ ოთხ მხეცს მოგვაგონებს, რადგან მასში ამ მხეცების დამახასიათებელი ნიშნებია თავმოყრილი (დანიელი 7:2—8). დანიელის წინასწარმეტყველებაში მხეცებით წარმოდგენილია კონკრეტული მეფეები თუ სამეფოები, რომლებიც ერთი მეორის მიყოლებით იხვეჭდნენ ძალაუფლებას და იმპერიებს ქმნიდნენ (დანიელი 7:17, 23). ამგვარად, გამოცხადების მე-13 თავში მოხსენიებული მხეცით ერთზე მეტი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი.

  • გამოცხადებაში წერია, რომ მხეცი „ზღვიდან“ ამოდის. „ზღვა“ ბიბლიაში განასახიერებს ხალხთა მღელვარე მასას, საიდანაც მთავრობები იღებენ დასაბამს (გამოცხადება 13:1; ესაია 17:12, 13).

  • ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამია, რომ მხეცის რიცხვი ანუ სახელი — 666 — „ადამიანის რიცხვია“ (გამოცხადება 13:17, 18). ეს სიტყვები ადასტურებს, რომ მხეცის ბუნება ადამიანურია და არა ზეადამიანური ან დემონური.

მიუხედავად იმისა, რომ ერები ბევრ რამეში ვერ თანხმდებიან, ერთი რამ ნამდვილად აერთიანებთ — იმის ნაცვლად, რომ ღვთის სამეფოს მორჩილნი იყვნენ, თავიანთი ძალაუფლების განმტკიცებას ცდილობენ (ფსალმუნი 2:2). ისინი არმაგედონის დროსაც გაერთიანდებიან და ერთიანი ძალებით მიიტანენ იერიშს ღვთის ლაშქარზე, რომლის მეთაურიც იესო ქრისტე იქნება, თუმცა ეს ბრძოლა მათთვის საბედისწერო აღმოჩნდება (გამოცხადება 16:14, 16; 19:19, 20).

„ათრქიანი და შვიდთავიანი მხეცი“

ბიბლიაში მოყვანილ რიცხვებს ზოგჯერ სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ. მაგალითად, რიცხვები ათი და შვიდი სისრულის, სისავსის სიმბოლოდ გამოიყენება. იმის გასაგებად, თუ რას ნიშნავს „ათი რქა“ და „შვიდი თავი“, უნდა გადავხედოთ გამოცხადების 13-ე თავის კონტექსტს, სადაც გავიგებთ, თუ რას ასიმბოლოებს „მხეცის ქანდაკება“ იგივე ალისფერი მხეცი, რომელსაც ათი რქა და შვიდი თავი აქვს (გამოცხადება 13, 1, 14, 15; 17:3). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ამ ალისფერი მხეცის შვიდი თავი „შვიდ მეფეს“ ანუ შვიდ მთავრობას ნიშნავს (გამოცხადება 17:9, 10).

მსგავსად, გამოცხადების 13:1-ში აღწერილი შვიდთავიანი მხეცი შვიდ სამეფოს წარმოადგენს. ესენია: ეგვიპტე, ასურეთი, ბაბილონი, მიდია-სპარსეთი, საბერძნეთი, რომი და ინგლის-ამერიკა. ეს მსოფლიო იმპერიები ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში მმართველობდნენ და ღვთის ხალხს ავიწროებდნენ. ვინაიდან მხეცის ათი რქა განასახიერებს ყველა, დიდ თუ პატარა, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, გვირგვინები, რომლებიც მას თითოეულ რქაზე ადგას, იმას ნიშნავს, რომ თითოეული სახელმწიფო მმართველობდა მის დროს გაბატონებულ პოლიტიკურ ძალასთან ერთად.

გაიგეთ მეტი

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?

დაფიქრდით: ადამიანთა საქციელი და აზროვნება ნამდვილად ამტკიცებს, რომ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ.