არჩეულ მასალაზე გადასვლა

რის სწავლა შეგვიძლია ბიბლიაში მოხსენიებული ქალებისგან?

რის სწავლა შეგვიძლია ბიბლიაში მოხსენიებული ქალებისგან?

ბიბლიის თვალსაზრისი

ბიბლია არაერთი ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა ისტორიებიდანაც ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია (რომაელები 15:4; 2 ტიმოთე 3:16, 17). ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ ბიბლიაში მოხსენიებული ზოგიერთი ქალის ცხოვრებას. ბევრმა მათგანმა მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვა. ზოგი ქალის ისტორია კი ჩვენს გასაფრთხილებლად ჩაიწერა (1 კორინთელები 10:11; ებრაელები 6:12).

  აბიგაილი

ვინ იყო აბიგაილი? ის ერთი მდიდარი, თუმცა უხეში და უვარგისი კაცის, ნაბალის ცოლი იყო. აბიგაილი ლამაზი ქალი იყო. ამასთანავე, ის გამჭრიახობით, თავმდაბლობით და სხვა ძვირფასი თვისებებით იყო შემკული (1 სამუელი 25:3).

რა გააკეთა მან? თავისი ოჯახისთვის უბედურება რომ აეცილებინა, აბიგაილმა გონიერება გამოავლინა. ის და ნაბალი იმ მხარეში ცხოვრობდნენ, სადაც დავითი, ისრაელის მომავალი მეფე იმალებოდა. იქ ყოფნის პერიოდში დავითი და მისი კაცები ნაბალის ფარას ყაჩაღებისგან იცავდნენ. მაგრამ როდესაც დავითისგან გაგზავნილმა კაცებმა ნაბალს საკვები სთხოვეს, მან შეურაცხყოფა მიაყენა მათ და უარით გაისტუმრა ისინი. ამაზე დავითი ძალიან განრისხდა. ის და მისი მსახურები ნაბალისა და მთელი მის სახლეულობის გასაჟლეტად გაემართნენ (1 სამუელი 25:10—12, 22).

აბიგაილმა შეიტყო, რაც მისმა ქმარმა გააკეთა და სასწრაფოდ მიიღო ზომები. მან თავის მსახურებს დავითთან საკვების მარაგი გაატანა და თვითონაც თან გაჰყვა მათ, რათა დავითისთვის წყალობა ეთხოვა (1 სამუელი 25:14—19, 24—31). როდესაც დავითმა ნახა აბიგაილის მირთმეული ძღვენი, შენიშნა მისი თავმდაბლობა და მოისმინა მისი გონივრული რჩევა, მიხვდა, რომ აბიგაილი ღმერთმა გაუგზავნა მას სისხლისღვრის თავიდან ასარიდებლად (1 სამუელი 25:32, 33). ამ შემთხვევის შემდეგ ნაბალი მალევე მოკვდა, აბიგაილი კი დავითის ცოლი გახდა (1 სამუელი 25:37—41).

რის სწავლა შეგვიძლია აბიგაილისგან? მიუხედავად იმისა, რომ აბიგაილი ლამაზი და მდიდარი ქალი იყო, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ ჰქონია. მშვიდობის შესანარჩუნებლად იგი მზად იყო, ბოდიში მოეხადა იმისთვის, რაშიც არანაირი ბრალი არ მიუძღოდა. თავისი ტაქტიანობით, გაბედულებითა და გამჭრიახობით მან განმუხტა უკიდურესად დაძაბული სიტუაცია.

  • აბიგაილის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ სტატია „გონიერი ქალი“.

  დალილა

ვინ იყო დალილა? ის იყო ქალი, რომელიც შეუყვარდა ისრაელის მსაჯულ სამსონს (მსაჯულები 16:4, 5).

რა გააკეთა მან? მან ფილისტიმელი მთავრებისგან ფული აიღო და გასცა სამსონი, რომლის მეშვეობითაც ღმერთი ისრაელს ფილისტიმელთა ხელიდან იხსნიდა. ფილისტიმელები ვერ ამარცხებდნენ სასწაულებრივი ძალის პატრონს, სამსონს (მსაჯულები 13:5). ამიტომ მთავრებმა დახმარებისთვის დალილას მიმართეს.

ფილისტიმელებმა ქრთამი შესთავაზეს დალილას, რომ მისგან გაეგოთ, საიდან ჰქონდა სამსონს ამხელა ძალა. დალილამ აიღო ფული და რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მოახერხა, გაეგო სამსონის ძალის საიდუმლო (მსაჯულები 16:15—17). მან მაშინვე გასცა თავისი სატრფო; ფილისტიმელებმა კი შეიპყრეს სამსონი და საპყრობილეში ჩააგდეს (მსაჯულები 16:18—21).

რის სწავლა შეგვიძლია დალილასგან? დალილას მაგალითი ბიბლიაში ჩვენს გასაფრთხილებლად ჩაიწერა. სიხარბით და ანგარებით დაბრმავებულმა დალილამ უღალატა იეჰოვას ერთგულ მსახურს და მოატყუა იგი.

დებორა

  ვინ იყო დებორა? ის წინასწარმეტყველი იყო, რომელიც ღვთის ხალხს იეჰოვას სიტყვას გადასცემდა. ღმერთი მას იმისთვისაც იყენებდა, რომ ისრაელებს ერთმანეთში არსებული პრობლემები მოეგვარებინათ (მსაჯულები 4:4, 5).

რა გააკეთა მან? წინასწარმეტყველმა დებორამ გაბედულად დაუჭირა მხარი ღვთის თაყვანისმცემლებს. ღვთის მითითებით, მან მოუხმო ბარაკს, რომ ისრაელის ჯარს ქანაანელების წინააღმდეგ ბრძოლაში გასძღოლოდა (მსაჯულები 4:6, 7). როდესაც ბარაკმა დებორას თან გაყოლა სთხოვა, ის არ შეშინდა და გაჰყვა მას ბრძოლის ველზე (მსაჯულები 4:8, 9).

მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ისრაელებს სრული გამარჯვება მოაპოვებინა, დებორამ და ბარაკმა გამარჯვების სიმღერა შემოსძახეს. მთლიანი სიმღერა თუ არა, მისი ნაწილი მაინც, დებორამ დაწერა. ამ სიმღერაში დებორამ მოიხსენია იაელი, კიდევ ერთი უშიშარი ქალი, რომელმაც ქანაანელების დამარცხებაში უდიდესი როლი ითამაშა (მსაჯულები, მე-5 თავი).

რის სწავლა შეგვიძლია დებორასგან? დებორა გაბედული ქალი იყო. ის თავგანწირვის სულს ავლენდა. ის მოუწოდებდა სხვებს, ღვთისმოსაწონი საქმეები ეკეთებინათ და როდესაც ასე იქცეოდნენ, საქებარ სიტყვებს არ იშურებდა მათთვის.

  ევა

ვინ იყო ევა? ის იყო დედამიწაზე მცხოვრები პირველი ქალი; ამავდროულად, იგი პირველი ქალია, ვინც ბიბლიაშია მოხსენიებული.

რა გააკეთა მან? ევა არ დაემორჩილა ღვთის ნათელ ბრძანებას. თავისი ქმრის, ადამის მსგავსად, ევაც სრულყოფილი იყო. მას ღვთისგან მიცემული ჰქონდა ნების თავისუფლება და შეეძლო, განევითარებინა ღვთისმოსაწონი თვისებები, მაგალითად, სიყვარული და სიბრძნე (დაბადება 1:27). ევამ იცოდა ის, რაც ღმერთმა უთხრა ადამს, რომ, თუ ისინი შეჭამდნენ აკრძალული ხის ნაყოფს, მოკვდებოდნენ. სატანამ აცდუნა ევა და დაარწმუნა, რომ არ მოკვდებოდნენ. სატანამ ევა დააჯერა, რომ უკეთესი ცხოვრება ექნებოდა, თუ ღმერთს არ დაემორჩილებოდა. ამიტომ მან იგემა იმ ხის ნაყოფი; მოგვიანებით კი ქმარიც დაიყოლია. (დაბადება 3:1—6; 1 ტიმოთე 2:14).

რის სწავლა შეგვიძლია ევასგან? მისგან ვსწავლობთ, თუ რა საშიშია გონების არასწორი სურვილებით კვება. ღვთის ნათელი მითითების მიუხედავად, ევამ უფრო გაიძლიერა წადილი, მიეღო ის, რაც მას არ ეკუთვნოდა (დაბადება 3:6; 1 იოანე 2:16).

ესთერი

  ვინ იყო ესთერი? ის ებრაელი ქალი იყო, რომელიც სპარსეთის მეფე ახაშვეროშმა დედოფლად აირჩია.

რა გააკეთა მან? დედოფალმა ესთერმა სასიკეთოდ გამოიყენა საკუთარი მდგომარეობა და თავისი ხალხი გენოციდისგან იხსნა. მან შეიტყო, რომ გამოიცა ოფიციალური დადგენილება, რომლის თანახმადაც, დანიშნულ დღეს სპარსეთის იმპერიაში მცხოვრები ყველა იუდეველი უნდა მოეკლათ. ამ მზაკვრული გეგმის ავტორი სამეფოში მეორე კაცი, ჰამანი, გახლდათ (ესთერი 3:13—15; 4:1, 5). უფროსი ბიძაშვილის, მორდოქაის რჩევით ესთერმა ამ გეგმის შესახებ თავის ქმარს, მეფე ახაშვეროშს, აცნობა, რითაც სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო (ესთერი 4:10—16; 7:1—10). ახაშვეროშმა ესთერსა და მორდოქაის უფლება მისცა, გამოეცათ სხვა დადგენილება, რომელიც იუდეველებს თავდაცვის უფლებას მისცემდა. იუდეველებმა სასტიკად დაამარცხეს (ესთერი 8:5—11; 9:16, 17).

რის სწავლა შეგვიძლია ესთერისგან? დედოფალმა ესთერმა გაბედულების, თავმდაბლობისა და მოკრძალების საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა (ფსალმუნი 31:24; ფილიპელები 2:3). გამორჩეული სილამაზისა და მაღალი მდგომარეობის მიუხედავად, ის არ გაამაყებულა და რჩევა და დახმარება ითხოვა. ქმარს გაბედულად, თუმცა ტაქტიანად და პატივისცემით ელაპარაკებოდა. როცა იუდეველების ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა, მან გაბედულად უთხრა მეფეს, რომ თავადაც იუდეველი იყო.

  იაელი

ვინ იყო იაელი? ის არაებრაელი კაცის, ხებერის ცოლი იყო. იაელმა დიდი სიმამაცე გამოავლინა და მხარი დაუჭირა ღვთის ხალხს.

რა გააკეთა მან? იაელმა საოცარი გაბედულება გამოავლინა, როდესაც ქანაანელთა ჯარის მეთაური, სისერა მის კარავთან მივიდა. ისრაელთან ბრძოლაში დამარცხებული სისერა თავშესაფარს ეძებდა. იაელმა ის კარავში შეიპატიჟა, რომ დაემალა; შემდეგ კი მძინარე სისერა სიცოცხლეს გამოასალმა (მსაჯულები 4:17—21).

იაელის გაბედული მოქმედებით შესრულდა წინასწარმეტყველ დებორას მიერ წარმოთქმული სიტყვები: „ქალის ხელში ჩააგდებს იეჰოვა სისერას“ (მსაჯულები 4:9). ამ მისიის შესრულების გამო, იაელზე ითქვა, რომ „ქალთა შორის ყველაზე კურთხეული“ იქნებოდა (მსაჯულები 5:24).

რის სწავლა შეგვიძლია იაელისგან? იაელმა საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა და გაბედულად იმოქმედა. მისი შემთხვევიდან ჩანს, თუ როგორ შეუძლია იეჰოვას წარმართოს მოვლენები ისე, რომ თავისი წინასწარმეტყველებები შეასრულოს.

იზებელი

ვინ იყო იზებელი? ის ისრაელის მეფე ახაბის ცოლი იყო. თავად იზებელი არ იყო ებრაელი და არ ემსახურებოდა იეჰოვას. ის ქანაანელების ღმერთს, ბაალს სცემდა თაყვანს.

  რა გააკეთა მან? დედოფალი იზებელი ძალადობისა და მბრძანებლობის მოყვარული ქალი იყო. ის ხელს უწყობდა ბაალის თაყვანისმცემლობას, რომლის განუყოფელი ნაწილიც იყო სექსუალური უზნეობა. ამავე დროს, ის ცდილობდა, დაეკნინებინა ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას თაყვანისმცემლობა (1 მეფეები 18:4, 13; 19:1—3).

თავისი ეგოისტური სურვილების დასაკმაყოფილებლად იზებელი არც ტყუილს ერიდებოდა და არც მკვლელობას (1 მეფეები 21:8—16). როგორც ღმერთს ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები, იზებელი მოკლეს, თანაც ისე, რომ საფლავი არ ღირსებია (1 მეფეები 21:23; 2 მეფეები 9:10, 32—37).

რის სწავლა შეგვიძლია იზებელისგან? იზებელი გამაფრთხილებელი მაგალითია ჩვენთვის. ის იმდენად გახრწნილი და უპატიოსნო ადამიანი იყო, რომ მისი სახელი უსირცხვილო, უზნეო და უპატიოსნო ქალის სიმბოლოდ იქცა.

ლეა

ვინ იყო ლეა? ის პატრიარქ იაკობის პირველი ცოლი და რახელის, იაკობის მეორე ცოლის, უფროსი და იყო (დაბადება 29:20—29).

  რა გააკეთა მან? ლეამ იაკობს ექვსი ვაჟი გაუჩინა (რუთი 4:11). იაკობს რახელზე უნდოდა დაქორწინება და არა ლეაზე. თუმცა გოგონების მამამ, ლაბანმა, საქმე ისე მოაწყო, რომ რახელის ნაცვლად მას ლეა მიათხოვა. როცა იაკობი მიხვდა, რომ მოატყუეს და ლეაზე დააქორწინეს, მან ლაბანს პასუხი მოსთხოვა. ლაბანმა კი მას განუცხადა, რომ ადგილობრივი ტრადიციის თანახმად, მიუღებელი იყო უმცროსი ქალიშვილის უფროსზე ადრე დაქორწინება. ერთი კვირის შემდეგ იაკობმა რახელიც შეირთო ცოლად (დაბადება 29:26—28).

იაკობს რახელი ლეაზე მეტად უყვარდა (დაბადება 29:30). ამის გამო ლეას შურდა თავისი დის, რომელიც მას იაკობის სიყვარულში ეცილებოდა. ღმერთმა გაითვალისწინა ლეას გრძნობები და აკურთხა. მას შვიდი შვილი — ექვსი ვაჟი და ერთი ქალიშვილი გაუჩნდა (დაბადება 29:31).

რის სწავლა შეგვიძლია ლეასგან? ლეა იეჰოვაზე იყო მინდობილი. არასახარბიელო ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, ის ხედავდა, რომ იეჰოვას დავიწყებული არ ჰყავდა, რასაც ძალიან აფასებდა (დაბადება 29:32—35; 30:20). ლეას ცხოვრებიდან ნათლად ჩანს, თუ რა უარყოფითი მხარეები აქვს პოლიგამიას; თუმცა მის არსებობას ღმერთი გარკვეული დროის მანძილზე უშვებდა. ღვთის დადგენილი ნორმა ქორწინებასთან დაკავშირებით ასეთია: კაცს ერთი ცოლი უნდა ჰყავდეს, შესაბამისად, ქალსაც — ერთი ქმარი (მათე 19:4—6).

  • ლეას შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ სტატია „წუხილით სავსე დები, რომლებმაც ისრაელის სახლი ააშენეს“.

  • იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა მრავალცოლიანობა ძველ დროში, იხილეთ სტატია „იწონებს ღმერთი მრავალცოლიანობას?“.

  ლოტის ცოლი

ვინ იყო ლოტის ცოლი? ბიბლია არ ამბობს, რა ერქვა ლოტის ცოლს, თუმცა წერია, რომ მას ჰყავდა ორი ქალიშვილი და ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ სოდომში (დაბადება 19:1, 15).

რა გააკეთა მან? ის არ დაემორჩილა ღმერთის მითითებას. ღმერთს გადაწყვეტილი ჰქონდა სოდომისა და მისი მეზობელი ქალაქების განადგურება, რადგან იმ მხარეში უზნეობას ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები. ღმერთს უყვარდა სოდომში მცხოვრები მართალი ლოტი და მისი ოჯახი; ამიტომ ორი ანგელოზი გაგზავნა, რათა უსაფრთხოდ გამოეყვანათ ისინი (დაბადება 18:20; 19:1, 12, 13).

ანგელოზებმა უთხრეს ლოტის ოჯახს, რომ გაქცეულიყვნენ და უკან არ მოეხედათ, თორემ დაიხოცებოდნენ (დაბადება 19:17). ლოტის ცოლმა „უკან მიიხედა და მარილის სვეტად იქცა“ (დაბადება 19:26).

რის სწავლა შეგვიძლია ლოტის ცოლისგან? ამ ადამიანის ისტორიიდან ჩანს, თუ რა სახიფათოა, ისე გიყვარდეს ქონება და სიმდიდრე, რომ ღმერთის მორჩილების სურვილი გაგინელდეს. იესომ მისი შემთხვევა გამაფრთხილებელ მაგალითად მოიხსენია. „გახსოვდეთ ლოტის ცოლი“, — თქვა მან (ლუკა 17:32).

მართა

ვინ იყო მართა? ის ლაზარეს და მარიამის და იყო. სამივე მათგანი იერუსალიმთან ახლოს, სოფელ ბეთანიაში ცხოვრობდა.

  რა გააკეთა მან? მართა იესოს ახლო მეგობარი იყო. ბიბლიაში წერია, რომ „იესოს მართაც უყვარდა, მისი დაც და ლაზარეც“ (იოანე 11:5). იგი სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. ერთხელ, როდესაც იესო მათ ოჯახში სტუმრად მივიდა, მარიამმა გადაწყვიტა, იესოსთვის მოესმინა, მართამ კი საჭმელების მომზადება დაიწყო. მარიამი რომ არ მიეხმარა, მართამ იესოსთან დაიჩივლა. იესომ მას თავაზიანად შეუსწორა თვალსაზრისი (ლუკა 10:38—42).

როცა ლაზარე ავად გახდა, მართამ და მისმა დამ იესოს სთხოვეს, მისულიყო მათთან, რადგან სჯეროდათ, რომ მას შეეძლო განეკურნა მათი ძმა (იოანე 11:3, 21). ლაზარე მოკვდა. მართასა და იესოს საუბრიდან გამოჩნდა, რომ მართას სწამდა ღვთის დანაპირები მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. მას ისიც სწამდა, რომ იესოს შეეძლო მისი ძმის გაცოცხლება (იოანე 11:20—27).

რის სწავლა შეგვიძლია მართასგან? მართა გულუხვი და სტუმართმოყვარე ქალი იყო. მას სწორი რეაქცია ჰქონდა რჩევაზე. არ უჭირდა გრძნობების გამოხატვა და თავისუფლად საუბრობდა თავის რწმენაზე.

  • მართას შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ სტატია „ვირწმუნე“.

მარიამ მაგდალელი

ვინ იყო მარიამ მაგდალელი? ის იესოს ერთგული მოწაფე იყო.

  რა გააკეთა მან? მარიამ მაგდალელი ერთ-ერთი იყო იმ ქალთაგან, რომლებიც იესოს და მის მოწაფეებს თან დაჰყვებოდნენ. ის გულუხვად იღებდა სახსრებს და ზრუნავდა მოწაფეების საჭიროებებზე (ლუკა 8:1—3). მარიამი თან დაჰყვებოდა იესოს დედამიწაზე მსახურების ბოლომდე. ის მაშინაც იესოს გვერდით იყო, როცა ძელზე გააკრეს. მას წილად ხვდა პატივი, ერთ-ერთი პირველი ყოფილიყო მათ შორის, ვინც მკვდრეთით აღმდგარი იესო იხილა (იოანე 20:11—18).

რის სწავლა შეგვიძლია მარიამ მაგდალელისგან? ის გულუხვად უჭერდა მხარს იესოს წამოწყებულ საქმეს და ბოლომდე მისი ერთგული მოწაფე იყო.

მარიამი (იესოს დედა)

ვინ იყო მარიამი? ის იყო ახალგაზრდა ებრაელი ქალი. მარიამი ქალწული იყო, როცა იესოზე სასწაულებრივად დაფეხმძიმდა.

რა გააკეთა მან? მარიამი თავმდაბლურად დაჰყვა ღვთის ნებას. ის იოსებზე იყო დანიშნული, როცა ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, რომ დაფეხმძიმდებოდა და გააჩენდა საუკუნეების წინ ნაწინასწარმეტყველებ მესიას (ლუკა 1:26—33). მარიამს უარი არ უთქვამს, გამხდარიყო მესიის დედა. იესოს დაბადების შემდეგ, მარიამს და იოსებს ოთხი ვაჟი და, სულ მცირე, ორი ქალიშვილი შეეძინათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მარიამი მარადქალწული არ დარჩენილა (მათე 13:55, 56). მართალია, მარიამს უდიდესი პატივი ხვდა წილად, მაგრამ ის არასოდეს განადიდებდა საკუთარ თავს; ამის გამო მას არც იესოს დედამიწაზე მსახურების დროს მიაგებდნენ დიდებას სხვები და არც ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების პერიოდში.

  რის სწავლა შეგვიძლია მარიამისგან? მარიამი ღვთის ერთგული ქალი იყო, რომელმაც უარი არ თქვა, შეესრულებინა განსაკუთრებული დავალება. ის კარგად ერკვეოდა წმინდა წერილებში. ვარაუდობენ, რომ ლუკას 1:46—55-ში ჩაწერილი სიტყვების წარმოთქმისას, მან დაახლოებით 20 ციტატა მოიყვანა ებრაული წერილებიდან.

  • მარიამის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ სტატია „რისი სწავლა შეგვიძლია მარიამისგან?“.

მარიამი (მართასა და ლაზარეს და)

ვინ იყო მარიამი? ის იესოს მეგობარი იყო, როგორც მისი და, მართა და მისი ძმა, ლაზარე.

რა გააკეთა მან? მარიამმა არაერთხელ ცხადყო, რომ პატივს სცემდა იესოს, როგორც ღვთის ძეს. მას სჯეროდა, რომ იესოს შეეძლო განეკურნა სასიკვდილოდ დაავადებული ლაზარე. მან საკუთარი თვალით იხილა, როგორ აღადგინა იესომ ლაზარე მკვდრეთით. მართამ გააკრიტიკა მარიამი, როდესაც მან არჩია იესოსთვის მოესმინა, ნაცვლად იმისა, რომ თავის დას საოჯახო საქმეებში დახმარებოდა. მაგრამ იესომ შეაქო მარიამი, რადგან მან სულიერი პირველ ადგილზე დააყენა (ლუკა 10:38—42).

  ერთხელ მარიამმა დიდი გულუხვობა გამოავლინა, როდესაც იესოს „ძვირადღირებული ნელსაცხებელი“ თავსა და ფეხებზე სცხო (მათე 26:6, 7). მოწაფეები ფიქრობდნენ, რომ ნელსაცხებელი უაზროდ დაიხარჯა და მარიამის გაკრიტიკება დაიწყეს. მაგრამ იესომ დაიცვა მარიამი. მან თქვა: „მთელ ქვეყნიერებაზე, სადაც კი სასიხარულო ცნობას [ღვთის სამეფოს შესახებ] იქადაგებენ, იმასაც იტყვიან, რაც ამ ქალმა გააკეთა, მისივე გასახსენებლად“ (მათე 24:14; 26:8—13).

რის სწავლა შეგვიძლია მარიამისგან? მარიამმა ძლიერი რწმენა განივითარა. ყოფით საქმეებზე წინ მან ღვთის თაყვანისმცემლობა დააყენა. ის თავმდაბლურად მიაგებდა იესოს პატივს და მას მაშინაც კი არ გასჩენია სიამაყის გრძნობა, როცა საკმაოდ ძვირადღირებული შესაწირავი გაიღო მისთვის.

მირიამი

ვინ იყო მირიამი? ის მოსეს და აარონის და იყო. მირიამი ბიბლიაში მოხსენიებული პირველი წინასწარმეტყველი ქალია.

  რა გააკეთა მან? როგორც წინასწარმეტყველი, მას ღვთის სიტყვა უნდა გადაეცა ადამიანებისთვის. ის ისრაელში გავლენიან ქალად ითვლებოდა. მირიამი მამაკაცებთან ერთად მღეროდა გამარჯვების სიმღერას წითელ ზღვასთან ეგვიპტელების დამარცხების შემდეგ (გამოსვლა 15:1, 20, 21).

მოგვიანებით მირიამმა და აარონმა მოსეს გაკრიტიკება დაიწყეს. როგორც ჩანს, მათ სიამაყემ და შურმა სძლია. იეჰოვა ისმენდა ამ ყველაფერს. მან მკაცრად უსაყვედურა მირიამსა და აარონს (რიცხვები 12:1—9). შემდეგ ღმერთმა მირიამს კეთრი შეჰყარა, როგორც ჩანს, იმიტომ რომ მან წამოიწყო მოსეს წინააღმდეგ უარყოფითი საუბარი. მაგრამ როცა მოსემ ილოცა მირიამისთვის, ღმერთმა განკურნა იგი. შვიდდღიანი კარანტინის შემდეგ ის კვლავ დაბრუნდა ისრაელთა ბანაკში (რიცხვები 12:10—15).

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მირიამმა ყურად იღო ღვთის შეგონება. ღმერთმა მისი სახელი საუკუნეების შემდეგაც მოიხსენია, როცა ისრაელებს უთხრა: „წინ წაგიმძღვარე მოსე, აარონი და მირიამი“ (მიქა 6:4).

რის სწავლა შეგვიძლია მირიამისგან? მირიამის მაგალითიდან ვიგებთ, რომ ღმერთი ყურადღებას აქცევს იმას, თუ რაზე საუბრობენ მისი მსახურები და რას ამბობენ ერთმანეთზე; ვიგებთ იმასაც, რომ, თუ გვინდა ღვთის მოწონება დავიმსახუროთ, უნდა მოვერიდოთ სიამაყესა და შურს, რამაც შეიძლება ისეთი რამ გაგვაკეთებინოს, რაც სხვების რეპუტაციას შელახავდა.

რახაბი

ვინ იყო რახაბი? ის იყო მეძავი, რომელიც ქანაანის მიწაზე, ქალაქ იერიხონში ცხოვრობდა. მოგვიანებით, იგი იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდა.

  რა გააკეთა მან? რახაბმა დამალა ორი ისრაელი მამაკაცი, რომლებიც მიწის დასაზვერად იყვნენ გაგზავნილნი. ის ასე იმიტომ მოიქცა, რომ გაგონილი ჰქონდა, როგორ იხსნა ისრაელის ღმერთმა, იეჰოვამ თავისი ხალხი ეგვიპტელთა ხელიდან, მოგვიანებით კი ამორეველებისგან.

რახაბმა სიკვდილს გადაარჩინა მზვერავები და შეევედრა მათ, რომ როდესაც ისრაელები იერიხონს აიღებდნენ, ის და მისი ოჯახი არ მოეკლათ. მზვერავები დასთანხმდნენ, ოღონდ რახაბს არ უნდა გაეხმაურებინა მათი მოსვლის ამბავი და როცა ისრაელები იერიხონს შეუტევდნენ, ის და მისი ოჯახი სახლიდან არ უნდა გასულიყვნენ; ამასთანავე, ნიშნად რახაბს თავისი სახლის სარკმელზე ალისფერი თოკი უნდა გამოება. რახაბმა ყველა პირობა შეასრულა. ისრაელებმაც სიცოცხლე შეუნარჩუნეს მას და მის ოჯახს, როდესაც იერიხონი მიწასთან გაასწორეს.

მოგვიანებით, რახაბი ისრაელ კაცს გაჰყვა ცოლად და მეფე დავითისა და იესო ქრისტეს წინაპარი გახდა (იესო ნავეს ძე 2:1—24; 6:25; მათე 1:5, 6, 16).

რის სწავლა შეგვიძლია რახაბისგან? ბიბლიაში რახაბი რწმენის შესანიშნავ მაგალითად გვესახება (ებრაელები 11:30, 31; იაკობი 2:25). მისი მაგალითი ცხადყოფს, რომ ღმერთი მიმტევებელი და მიუკერძოებელია. ის კურთხევას არ იშურებს მისთვის, ვისაც სჯერა მისი დაპირებების, არ აქვს მნიშვნელობა მის წარსულს.

რახელი

ვინ იყო რახელი? ის ლაბანის ქალიშვილი და პატრიარქ იაკობის საყვარელი ცოლი იყო.

რა გააკეთა მან? რახელი იაკობს გაჰყვა ცოლად და ორი ვაჟი გაუჩინა. მისი ვაჟებისგან წარმოიშვა ძველი ისრაელის 12 ტომიდან რამდენიმე ტომი. რახელმა მომავალი მეუღლე მაშინ გაიცნო, როცა მამის ფარას მწყემსავდა (დაბადება 29:9, 10). ის თავის უფროს დაზე, ლეაზე, ბევრად ლამაზი იყო (დაბადება 29:17).

  იაკობს რახელი შეუყვარდა და მისი გულისთვის შვიდი წელი ემსახურა მამამისს (დაბადება 29:18). მაგრამ ლაბანმა მოატყუა იაკობი და რახელის ნაცვლად ლეაზე დააქორწინა. შემდეგ კი ნება დართო, რახელზეც დაქორწინებულიყო (დაბადება 29:25—27).

იაკობს რახელი და მისი ორი შვილი უფრო მეტად უყვარდა, ვიდრე ლეა და მისგან შეძენილი შვილები (დაბადება 37:3; 44:20, 27—29).

რის სწავლა შეგვიძლია რახელისგან? რახელი ითმენდა ოჯახურ კონფლიქტს და იმედს არ კარგავდა, რომ ღმერთი შეისმენდა მის სათხოვარს (დაბადება 30:22—24). მისი ცხოვრებიდან ვიგებთ, რამხელა პრობლემებს წარმოშობს მრავალცოლიანობა. რახელის მაგალითი იმის მტკიცებაა, თუ რაოდენ გონივრულია ქორწინებასთან დაკავშირებული ღვთის მიერ დადგენილი ნორმა — ერთცოლიანობა (მათე 19:4—6).

  • რახელის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ სტატია „წუხილით სავსე დები, რომლებმაც ისრაელის სახლი ააშენეს“.

  • იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა მრავალცოლიანობა ძველ დროში, იხილეთ სტატია „იწონებს ღმერთი მრავალცოლიანობას?“.

რებეკა

ვინ იყო რებეკა? ის ისაკის ცოლი და ტყუპი ვაჟების, იაკობის და ესავის, დედა იყო.

  რა გააკეთა მან? რებეკა მაშინაც კი ღვთის ნების თანახმად მოიქცა, როცა ამის გაკეთება იოლი არ იყო. როდესაც ჭიდან წყალს იღებდა, უცხო კაცმა სთხოვა, ცოტა წყალი დაელევინებინა მისთვის. მან მაშინვე დაალევინა მას წყალი და შესთავაზა, რომ მის აქლემებსაც დაარწყულებდა (დაბადება 24:15—20). ეს კაცი აბრაამის მსახური იყო, რომელსაც გრძელი გზა გამოევლო, აბრაამის ვაჟისთვის, ისაკისთვის, ცოლის შესარჩევად (დაბადება 24:2—4). მან იეჰოვას ლოცვაში ხელმძღვანელობა სთხოვა. როდესაც დაინახა, რა გამრჯე და სტუმართმოყვარე ქალი იყო რებეკა, აბრაამის მსახური მიხვდა, რომ იეჰოვამ უპასუხა მის ლოცვას. აშკარა იყო, რომ იეჰოვამ რებეკა აირჩია ისაკის ცოლად (დაბადება 24:10—14, 21, 27).

როდესაც რებეკამ შეიტყო აბრაამის მსახურის სტუმრობის მიზეზი, ის დათანხმდა, გაჰყოლოდა მას და ისაკის ცოლი გამხდარიყო (დაბადება 24:57—59). რებეკას ტყუპი ვაჟები შეეძინა. ღმერთმა გაუმხილა მას, რომ უფროსი ვაჟი, ესავი, უმცროს ვაჟს, იაკობს მოემსახურებოდა (დაბადება 25:23). როდესაც ისაკმა გადაწყვიტა, ეკურთხებინა ესავის პირმშოობა, რებეკამ ყველაფერი ისე მოაწყო, რომ კურთხევა იაკობს მიეღო, რადგან იცოდა, რომ ასეთი იყო ღვთის ნება (დაბადება 27:1—17).

რის სწავლა შეგვიძლია რებეკასგან? რებეკა მოკრძალებული, გამრჯე და სტუმართმოყვარე ქალი იყო. ის იყო კარგი ცოლი, კარგი დედა და ჭეშმარიტი ღვთის ერთგული თაყვანისმცემელი.

  • რებეკას შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ სტატია „წავყვები“.

რუთი

ვინ იყო რუთი? ის იყო მოაბელი ქალი, რომელმაც მიატოვა საკუთარი ღმერთები და მიწა-წყალი, რათა ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას თაყვანისმცემელი გამხდარიყო ისრაელის მიწაზე.

  რა გააკეთა მან? რუთმა უჩვეულო სიყვარული გამოავლინა თავისი დედამთილის, ნაომის მიმართ. როდესაც ისრაელში შიმშილობა ჩამოვარდა, ნაომი მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად მოაბის მიწაზე გადავიდა საცხოვრებლად. მისმა ვაჟებმა მოაბელი ქალები შეირთეს; ერთს ერქვა რუთი, მეორეს — ორფა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ნაომის მეუღლე და ორივე ვაჟი დაიღუპა. ოჯახში სამივე ქალი დაქვრივდა.

ნაომიმ ისრაელში დაბრუნება გადაწყვიტა, რადგან გაიგო, რომ გვალვა დამთავრებულიყო. ორივე რძალს სურდა, თან გაჰყოლოდა დედამთილს. თუმცა ნაომიმ სთხოვა მათ, დაბრუნებულიყვნენ თავ-თავიანთ ნათესავებთან. ორფა ასეც მოიქცა (რუთი 1:1—6, 15). მაგრამ რუთმა არ მიატოვა დედამთილი და თან გაჰყვა. მას ძალიან უყვარდა ნაომი და უნდოდა, მისი ღმერთისთვის, იეჰოვასთვის ეცა თაყვანი (რუთი 1:16, 17; 2:11).

რუთმა, როგორც ერთგულმა რძალმა და გამრჯე ქალმა, მალევე მოიპოვა კარგი სახელი ნაომის სამშობლოში, ბეთლემში. მდიდარი მიწათმფლობელი, სახელად ბოაზი, გაოცებული იყო რუთის კარგი ქალობით და გულუხვად აძლევდა საკვებს მისთვისაც და მისი დედამთილისთვისაც (რუთი 2:5—7, 20). მოგვიანებით, რუთი ბოაზზე დაქორწინდა და მეფე დავითისა და იესო ქრისტეს წინაპარი გახდა (მათე 1:5, 6, 16).

რის სწავლა შეგვიძლია რუთისგან? მას ისე ძლიერ უყვარდა ნაომიც და იეჰოვაც, რომ საკუთარი ნებით დატოვა თავისი მიწა-წყალი. ის შრომისმოყვარე ქალი იყო და უკიდურესი გაჭირვების დროსაც კი ერთგულებასა და თავგანწირვის სულს ავლენდა.

სარა

ვინ იყო სარა? ის იყო აბრაამის მეუღლე და ისაკის დედა.

  რა გააკეთა მან? სარამ დატოვა კომფორტული ცხოვრება აყვავებულ ქალაქ ურში, რადგან სწამდა იმ დაპირებების, რომლებიც ღმერთმა აბრაამს, მის ქმარს მისცა. იეჰოვამ უთხრა აბრაამს, დაეტოვებინა ური და გადასულიყო ქანაანის მიწაზე. ღმერთმა აღუთქვა მას, რომ აკურთხებდა და დიდ ხალხად აქცევდა (დაბადება 12:1—5). იმ პერიოდში სარა სავარაუდოდ 60 წელს იქნებოდა გადაცილებული. იქიდან მოყოლებული, ის მეუღლესთან ერთად მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა და სიცოცხლის ბოლომდე კარვებში ცხოვრობდა.

მართალია, კარვებში ცხოვრებას მრავალი საფრთხე ახლდა თან, მაგრამ სარა ერთგულად უჭერდა მხარს მეუღლეს, რომელიც ღვთის მითითებებს მიჰყვებოდა (დაბადება 12:10, 15). სარა უშვილო იყო და ის ამაზე ძალიან წუხდა. და მაინც, ღმერთი დაჰპირდა აბრაამს, რომ აკურთხებდა მის შთამომავლებს (დაბადება 12:7; 13:15; 15:18; 16:1, 2, 15). გარკვეული პერიოდის შემდეგ ღმერთმა განაცხადა, რომ აბრაამს სარასგან ეყოლებოდა შვილი. სარამ ნამდვილად გააჩინა ვაჟი, თუმცა შვილიერების ასაკს საკმაოდ გადაცილებული იყო. ის იყო 90-ის, მისი მეუღლე კი — 100-ის (დაბადება 17:17; 21:2—5). მათ თავიანთ შვილს ისაკი დაარქვეს.

რის სწავლა შეგვიძლია სარასგან? სარასგან იმას ვსწავლობთ, რომ ყოველთვის ვენდოთ ღმერთს და გვჯეროდეს, რომ ის ასრულებს თავის დანაპირებს, ყველაზე წარმოუდგენელსაც კი! (ებრაელები 11:11). ის აგრეთვე კარგ მაგალითს აძლევს ცოლებს, რომ დააფასონ მეუღლეები (1 პეტრე 3:5, 6).

შულამელი გოგო

ვინ იყო შულამელი გოგო? ის იყო ლამაზი გოგო, რომელიც ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა; სწორედ მას ეძღვნება ბიბლიის ერთ-ერთი წიგნი „ქებათა ქება“. ბიბლია არ გვიმხელს მის სახელს.

  რა გააკეთა მან? შულამელი ქალიშვილი მეცხვარე ბიჭის ერთგული დარჩა, რადგან უყვარდა ის (ქებათა ქება 2:16). ეს გოგონა იმდენად ლამაზი იყო, რომ უმდიდრესი მეფის, სოლომონის ყურადღებაც კი მიიპყრო, რომელიც მისი გულის მოგებას ცდილობდა (ქებათა ქება 7:6). მიუხედავად იმისა, რომ მას სხვებიც მოუწოდებდნენ, უარი არ ეთქვა სოლომონისთვის, მაინც ვერ დაიყოლიეს. მას თავდავიწყებით უყვარდა ერთი უბრალო მწყემსი და მისი ერთგული იყო (ქებათა ქება 3:5; 7:10; 8:6).

რის სწავლა შეგვიძლია შულამელი გოგოსგან? მას მოკრძალებული შეხედულება ჰქონდა საკუთარ თავზე, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათი სილამაზით გამოირჩეოდა და სხვების ყურადღებას იქცევდა. ვერც თანატოლების ზეგავლენამ და ვერც დაპირებულმა სიმდიდრემ ვერ გაუნელა გრძნობები თავისი სატრფოს მიმართ. ის აკონტროლებდა ემოციებს და მტკიცედ შეინარჩუნა მორალური სიწმინდე.

ხანა

ვინ იყო ხანა? ის იყო ელკანას ცოლი და ძველი ისრაელის ერთ-ერთი ცნობილი წინასწარმეტყველის, სამუელის, დედა (1 სამუელი 1:1, 2, 4—7).

  რა გააკეთა მან? ხანას ბავშვი არ უჩნდებოდა; ის იეჰოვას სთხოვდა დახმარებას. ხანას მეუღლეს, ელკანას ორი ცოლი ჰყავდა. მეორე ცოლს, ფენინას, ჰყავდა შვილები, ხანა კი დიდი ხნის მანძილზე უშვილო იყო. ფენინა აბუჩად იგდებდა მას და ამწარებდა, მაგრამ ხანა იეჰოვასთან ეძებდა ნუგეშს. მან ღმერთს აღუთქვა, რომ თუ ვაჟი ეყოლებოდა, მას მსახურების შესასრულებლად კარავში მიიყვანდა, რომელსაც ისრაელში იეჰოვას თაყვანისცემისთვის იყენებდნენ (1 სამუელი 1:11).

ღმერთმა უპასუხა ხანას ლოცვას: მას ვაჟი გაუჩნდა, რომელსაც სამუელი დაარქვა. ხანამ შეასრულა თავისი აღთქმა და როდესაც სამუელი ჯერ კიდევ პატარა იყო, კარავში მსახურებისთვის მიიყვანა (1 სამუელი 1:27, 28). მას ყოველ წელს მიჰქონდა სამუელისთვის მოსასხამი, რომელსაც კარავში მსახურებისთვის უმზადებდა. იეჰოვამ უფრო მეტად აკურთხა ხანა და მას კიდევ ხუთი შვილი, სამი ვაჟი და ორი ქალიშვილი შეეძინა (1 სამუელი 2:18—21).

რის სწავლა შეგვიძლია ხანასგან? განსაცდელების დროს ხანა გულს უღვრიდა იეჰოვას, რაც მას ნუგეშს ჰგვრიდა. მის სამადლობელ ლოცვაში, რომელიც 1 სამუელის 2:1—10-შია ჩაწერილი, ღვთისადმი უდიდესი რწმენა ჩანს.

  • ხანას შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ სტატია „მან იეჰოვას გული გადაუშალა“.

  • იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა მრავალცოლიანობა ძველ დროში, იხილეთ სტატია „იწონებს ღმერთი მრავალცოლიანობას?“.

 დროის დიაგრამა

  1.  ევა

  2. წარღვნა (ძვ. წ. 2 370 წ.)

    1.  სარა

    2.  ლოტის ცოლი

    3.  რებეკა

    4.  ლეა

    5.  რახელი

  3. გამოსვლა (ძვ. წ. 1513 წ.)

    1.  მირიამი

    2.  რახაბი

    3.  რუთი

    4.  დებორა

    5.  იაელი

    6.  დალილა

    7.  ხანა

  4. ისრაელის პირველი მეფე (ძვ. წ. 1 117 წ.)

    1.  აბიგაილი

    2.  შულამელი გოგო

    3.  იზებელი

    4.  ესთერი

    5.  მარიამი (იესოს დედა)

  5. იესოს ნათლობა (ახ. წ. 29 წ.)

    1.  მართა

    2.  მარიამი (მართასა და ლაზარეს და)

    3.  მარიამ მაგდალელი

  6. იესოს სიკვდილი (ახ. წ. 33 წ.)