არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რა არის არმაგედონი?

რა არის არმაგედონი?

ბიბლია გვპასუხობს:

არმაგედონი არის გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც მსოფლიო მმართველებსა და ღმერთს შორის გაიმართება. ეს მმართველები და მათი მხარდამჭერები დღემდე არ აღიარებენ ღვთის მმართველობას და არ ემორჩილებიან მას (ფსალმუნი 2:2). არმაგედონის ბრძოლაში ბოლო მოეღება ადამიანთა მმართველობას (დანიელი 2:44).

სიტყვა „არმაგედონი“ ბიბლიაში მხოლოდ ერთხელ გვხდება (გამოცხადება 16:16). როგორც წიგნ „გამოცხადებაშია“ ნაწინასწარმეტყველები, „მთელი მსოფლიოს მეფეები ... ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ შეიკრიბებიან „ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ჰქვია“ (გამოცხადება 16:14).

ვინ იბრძოლებს არმაგედონის დროს? იესო ქრისტე წაუძღვება ზეციერ ლაშქარს, რათა ღვთის მტრებზე სრული გამარჯვება მოიპოვოს (გამოცხადება 19:11—16, 19—21). ღვთის მტრები ისინი არიან, ვინც არაფრად აგდებს ღვთის ძალაუფლებას და ბღალავს მის სახელს (ეზეკიელი 39:7).

პირდაპირი გაგებით ახლო აღმოსავლეთში გაიმართება არმაგედონის ბრძოლა? რა თქმა უნდა, არა. ეს ბრძოლა ერთ კონკრეტულ ადგილას არ გაიმართება; ბრძოლის ველი მთელი დედამიწა იქნება (იერემია 25:32—34; ეზეკიელი 39:17—20).

სიტყვა „არმაგედონი“, რომელიც ზოგჯერ „ჰარ-მაგედონად“ (ებრაულად „ჰარ-მეგიდონ“) მოიხსენიება, „მეგიდოს მთას“ ნიშნავს. ერთ დროს მეგიდო ქალაქი იყო ძველი ისრაელის ტერიტორიაზე. ისტორიიდან ვიცით, რომ მეგიდოს სიახლოვეს არაერთი გადამწყვეტი ბრძოლა გამართულა, რომელთაგან ზოგიერთი ბიბლიაშიც არის ჩაწერილი (მსაჯულები 5:19, 20; 2 მეფეები 9:27; 23:29). მაგრამ სიტყვა „არმაგედონი“ პირდაპირი გაგებით ძველი მეგიდოს ახლომდებარე ტერიტორიაზე არ მიუთითებს. სინამდვილეში ამ ტერიტორიაზე მთას ვერსად ნახავთ და ისიც აღსანიშნავია, რომ მათ, ვინც არმაგედონის ბრძოლაში ღმერთს დაუპირისპირდება, მეგიდოს ახლოს მდებარე მთელი იზრეელის ველიც კი ვერ დაიტევს. აქედან გამომდინარე, სიტყვა „არმაგედონი“ მიუთითებს იმ მოვლენაზე, როცა მთელი მსოფლიოს ხალხები ერთად გაილაშქრებენ ღვთის მმართველობის წინააღმდეგ.

როგორი მდგომარეობა იქნება არმაგედონის ბრძოლის დროს? მართალია, ზუსტად არ ვიცით, როგორ გამოიყენებს ღმერთი თავის ძალას, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ როგორც წარსულში „თავსხმას, სეტყვას, ცეცხლსა და გოგირდს აწვიმებდა“ და აგრეთვე ელვას, მიწისძვრას და არაერთ სნეულებას მოუვლენდა ხოლმე ურჩ ადამიანებს, შეიძლება ასევე დასაჯოს მომავალშიც ურჩები (იობი 38:22, 23; ეზეკიელი 38:19, 22; აბაკუმი 3:10, 11; ზაქარია 14:12). ამ ქაოსის დროს ღვთის ზოგი მტერი ერთმანეთსაც კი დახოცავს, თუმცა საბოლოოდ ყველა მიხვდება, რომ მათ წინააღმდეგ ღმერთი იბრძოდა (ეზეკიელი 38:21, 23; ზაქარია 14:13).

განადგურდება ჩვენი პლანეტა არმაგედონის ბრძოლის დროს? დედამიწა არასდროს განადგურდება, რადგან ის კაცობრიობის მარადიული საცხოვრებელია (ფსალმუნი 37:29; 96:10; ეკლესიასტე 1:4). არმაგედონის დროს არც კაცობრიობა მოისპობა; ამ ბრძოლისას „უამრავი ხალხი“ ანუ ღვთის მსახურები გადარჩებიან (გამოცხადება 7:9, 14; ფსალმუნი 37:34).

ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „ქვეყნიერება“ მხოლოდ დედამიწაზე კი არ მიუთითებს, არამედ ზოგჯერ იმ ბოროტ ადამიანთა საზოგადოებაზეც, რომლებიც ღმერთს ეურჩებიან (1 იოანე 2:15—17). ასე რომ, ნათელია, რა იგულისხმება ბიბლიაში მოხსენიებულ „ქვეყნიერების აღსასრულში“ (მათე 24:3).

როდის მოხდება არმაგედონი? როდესაც იესო საუბრობდა „დიდ გასაჭირზე“, რომელიც კულმინაციას არმაგედონში მიაღწევს, ასეთი სიტყვები თქვა: „იმ დღესა და საათზე კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ“ (მათე 24:21, 36). თუმცა ბიბლიიდან ვიგებთ, რომ არმაგედონი ქრისტეს მოსვლის პერიოდში უნდა მომხდარიყო ანუ მას შემდეგ, რაც 1914 წელს ქრისტე გამეფდებოდა (მათე 24:37—39).

გაიგეთ მეტი

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

რა არის სასამართლოს დღე?

გაიგეთ, რა კურთხევებს მიიღებენ ერთგული ადამიანები სასამართლოს დღის განმავლობაში.

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?

დაფიქრდით: ადამიანთა საქციელი და აზროვნება ნამდვილად ამტკიცებს, რომ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ.