არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ ვებრძოლო მოწყენილობას?

ზოგი თვლის, რომ იმაზე უარესი არაფერია, როდესაც წვიმიან ამინდში მთელი დღე სახლში ხარ გამოკეტილი; არ იცი, რა გააკეთო და წასასვლელიც არსად გაქვს. „ასეთ დროს საშინლად მოვიწყენ ხოლმე, რადგან წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვაკეთო მთელი დღე“ — ამბობს 20 წლის რობერტი.

შენთვისაც ნაცნობია ასეთი გრძნობები? თუ ასეა, ეს სტატია დიდ დახმარებას გაგიწევს!

 რა უნდა იცოდე

  • თუ ტექნიკას მიეჯაჭვები, თავს უკეთ ვერ იგრძნობ.

    ინტერნეტში სხვადასხვა ვებგვერდის დათვალიერებით დროს კი გაიყვან, მაგრამ ეს წარმოსახვის უნარის განვითარებაში ვერ დაგეხმარება. შედეგად კი, თავს უფრო მოწყენილად იგრძნობ. „ასეთ დროს შეიძლება უცებ გააცნობიერო, რომ ეკრანს უაზროდ მისჩერებიხარ“ (ჯერემი, 21 წლის).

    ამ აზრს ელენაც იზიარებს: „მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიებით ბევრი კარგი რამის გაკეთება შეგიძლია, ის რეალურ სამყაროს გწყვეტს; და როცა ელექტრონულ მოწყობილობას გვერდზე გადადებ, უარესი მოწყენილობის გრძნობა გეუფლება“ — ამბობს ის.

  • განწყობას დიდი ძალა აქვს.

    გაგიადვილდება მოწყენილობის დაძლევა, თუ საქმე თავზე საყრელად გექნება? ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გაინტერესებს ის საქმე, რასაც აკეთებ. ახალგაზრდა გოგონა, კარენი იხსენებს: „მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში მთელი დღე დაკავებული ვიყავი, იქ ყოფნა ჩემთვის საშინლად მოსაწყენი იყო. საქმის კეთება რომ არ მოგბეზრდეს, უნდა მოგწონდეს ის, რასაც აკეთებ“.

იცოდი თუ არა? როცა საქმე არაფერი გაქვს, ეს პრობლემა სულაც არ არის. როგორც ნაყოფიერი ნიადაგი უწყობს ხელს მცენარის გაზრდას, ასევე მარტო ყოფნის დრო შესაძლებლობას გაძლევს, რომ შემოქმედებითი უნარი განივითარო.

მარტო ყოფნის დრო ნაყოფიერ ნიადაგს ჰგავს; ამ დროს შესაძლებლობა გეძლევა, განივითარო შემოქმედებითი უნარი

 რა შეგიძლია გააკეთო

გაიფართოვე თვალსაწიერი. შეიძინე ახალი მეგობრები, დაკავდი ახალი ჰობით ან მოიძიე ინფორმაცია ახალ თემებზე. მათ, ვისაც ინტერესის ფართო სპექტრი აქვთ, მოწყენილობის გრძნობა ნაკლებად ეუფლებათ და არც მათთან ურთიერთობაა მოსაწყენი.

ბიბლიური პრინციპი: „ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით“ (ეკლესიასტე 9:10).

„ბოლო დროს ჩინური ენის მანდარინული დიალექტის შესწავლა დავიწყე და ყოველდღიურად გამოვყოფ დროს მეცადინეობისთვის. მივხვდი, რომ ეს არის ის, რაც აქამდე მაკლდა. ძალიან მომწონს, როდესაც მიზანს ვისახავ და ამ მიზნის მისაღწევად ძალ-ღონეს არ ვიშურებ. ეს მეხმარება, მთელი გონებით ჩავერთო საქმეში და დრო სწორად გამოვიყენო“ (მელინდა).

კონცენტრირებული იყავი მიზანზე. თუ მიზანს დაისახავ და საქმეს ისე მოჰკიდებ ხელს, მას უფრო დიდი ინტერესით გააკეთებ. სკოლის საშინაო დავალებაც კი შეიძლება ნაკლებად მოსაწყენი გახდეს, თუ დაფიქრდები, როგორ შეგიწყობს ეს ხელს შენი მიზნის მიღწევაში.

ბიბლიური პრინციპი: „კაცისთვის იმაზე უკეთესი არაფერია, რომ. . . სულს აამოს თავისი გარჯით“ (ეკლესიასტე 2:24).

„ბოლო კლასებში დღეში რვა საათს ვმეცადინეობდი, რათა სკოლის პროგრამას დავწეოდი. სწავლა არ გამჭირვებია, რადგან მიზანზე ვიყავი კონცენტრირებული — დიპლომი უნდა ამეღო; ამან კი უფრო მეტი მოტივაცია მომცა“ (ხანა).

შეეგუე იმას, რის შეცვლაც არ შეგიძლია. შესაძლოა, ყველაზე სასიამოვნო საქმეებსაც დროდადრო თან ახლდეს ერთფეროვნება. ზოგჯერ საუკეთესო მეგობარმაც კი შეიძლება ჩაგიშალოს აწყობილი გეგმები და უსაქმოდ დაგტოვოს. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი თავი მსხვერპლის როლში დაინახო და უარყოფით გრძნობებს მისცე გასაქანი, ეცადე, დადებითი განწყობა შეინარჩუნო.

ბიბლიური პრინციპი: „გულმხიარულს კი მუდამ ლხინი აქვს“ (იგავები 15:15).

„ერთხელ მეგობარმა მითხრა, რომ სხვებთან ურთიერთობა კარგია, მაგრამ დროდადრო საკუთარ თავთან მარტო დარჩენაც აუცილებელია. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხში გაწონასწორებულობა მნიშვნელოვანი უნარია, რასაც ყველა უნდა დაეუფლოს და მირჩია, რომ მესწავლა მარტო ყოფნით ტკბობა“ (ივი).