არჩეულ მასალაზე გადასვლა

ჰიგიენასთან დაკავშირებული კანონები, რომლებიც დროს უსწრებდა

დაახლოებით 35 საუკუნის წინათ, აღთქმულ მიწაზე შესვლამდე ცოტა ხნით ადრე, იეჰოვამ ისრაელ ერს უთხრა, რომ დაიცავდა ეგვიპტეში გავრცელებული სნეულებებისგან (კანონი 7:15). ერთ-ერთი საშუალება, რითაც ღმერთმა ეს გააკეთა იყო ის, რომ მან ისრაელებს მისცა დაწვრილებითი მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აერიდებინათ თავიდან სხვადასხვა დაავადება და ხელი შეეშალათ მათი გავრცელებისთვის. მაგალითად:

  • კანონის თანახმად ისრაელებს რეგულარული ბანაობა და ტანსაცმლის გარეცხვა მოეთხოვებოდათ (ლევიანები 15:4—27).

  • ადამიანის ექსკრემენტებთან დაკავშირებით ღმერთმა ასეთი მითითება მისცა მათ: „ადგილი გექნება ბანაკის გარეთ და იქ გადი. თან გქონდეს ბარი სხვა აღჭურვილობასთან ერთად და გარეთ ჩაჯდომისას ორმო ამოთხარე და ჩაფალი შენი განავალი“ (კანონი 23:12, 13).

  • ისინი, ვისზეც ფიქრობდნენ, რომ გადამდები დაავადება ჰქონდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარანტინში უნდა ყოფილიყვნენ, ანუ იზოლირებულად ეცხოვრათ. განკურნების შემდეგ მათ უნდა გაერეცხათ თავიანთი სამოსი და დაებანათ, რათა განწმენდილებად ჩათვლილიყვნენ. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლოთ ბანაკში დაბრუნება (ლევიანები 14:8, 9).

  • კარანტინში უნდა ყოფილიყო ისიც, ვინც მკვდარს შეეხებოდა (ლევიანები 5:2, 3; რიცხვები 19:16).

ისრაელებისთვის მიცემულ კანონებში ჩანდა, ისეთი სამედიცინო საკითხებისა და სანიტარიული ნორმების ცოდნა, რომლებიც იმ პერიოდში არავისთვის იყო ცნობილი.

სხვა ერებში ელემენტარული ჰიგიენის ნორმებიც კი არ იყო დაცული. მაგალითად:

  • ნარჩენებს პირდაპირ ქუჩაში ყრიდნენ. დაბინძურებული წყალი და საკვები, აგრეთვე სხვადასხვაგვარი ნარჩენები, ქმნიდა ანტისანიტარიულ პირობებს, რაც თავის მხრივ, დაავადებების გავრცელებას უწყობდა ხელს და ახალშობილთა სიკვდილიანობას იწვევდა.

  • ძველად მცხოვრებ ექიმებს ძალიან მწირი ცოდნა ჰქონდათ პათოგენური მიკროორგანიზმებისა და ბაქტერიების შესახებ. ეგვიპტელები სამკურნალო საშუალებებად იყენებდნენ ისეთ „პრეპარატებს“, როგორიცაა ხვლიკის სისხლი, ვარხვის ექსკრემენტი, მკვდარი თახვები, შარდი და ობიანი პურები. სამედიცინო პროცედურების დროს ფართოდ გამოიყენებოდა აგრეთვე ადამიანისა თუ ცხოველის ექსკრემენტები.

  • დაბინძურებულ მდინარე ნილოსში და სარწყავ არხებში გავრცელებული იყო უამრავი პარაზიტი, რაც ეგვიპტელებში არაერთი დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდებოდა. დაბინძურებული წყალი და მოწამლული საკვები ახალშობილებში დიარეასა და სხვა მსგავს დაავადებებს იწვევდა, რაც ფატალური შედეგით სრულდებოდა.

მათგან განსხვავებით, ისრაელები გაცილებით ჯანმრთელები იყვნენ, რადგან ითვალისწინებდნენ ღვთის კანონით დადგენილ ნორმებს.