არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვინ შექმნა?

ძაღლის ყნოსვის არაჩვეულებრივი უნარი

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ყნოსვის მეშვეობით ძაღლებს შეუძლიათ განსაზღვრონ სხვა ძაღლების ასაკი, სქესი და ხასიათი. ძაღლებს იყენებენ სამძებრო საქმიანობაში და წვრთნიან, რომ მიაგნონ ასაფეთქებელ და ნარკოტიკულ ნივთიერებებს. ადამიანი გარემოს, ძირითადად, მხედველობის მეშვეობით შეისწავლის, ძაღლები კი ამას ყნოსვის მეშვეობით აკეთებენ. შეიძლება ითქვას, რომ ძაღლები ცხვირით „კითხულობენ“.

დაფიქრდით: ძაღლებს გაცილებით ძლიერი ყნოსვის უნარი გააჩნიათ, ვიდრე ჩვენ. შეერთებულ შტატებში არსებული ერთ-ერთი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ძაღლს „შეუძლია თუნდაც ტრილიონი კომპონენტისგან შემდგარ ნივთიერებაში თითოეული კომპონენტის სუნი ცალ-ცალკე აღიქვას. ეს იმის მსგავსი იქნებოდა, რომ ოლიმპიური ზომის საცურაო აუზში გახსნილი მეოთხედი ჩაის კოვზი შაქრის გემო ამოგვეცნო“ (U.S. National Institute of Standards and Technology).

რატომ აქვს ძაღლს ადამიანზე გაცილებით ძლიერი ყნოსვის უნარი?

  • ძაღლს ცხვირი მუდმივად სველი აქვს, რის წყალობითაც ადვილად შეუძლია ჰაერში არსებული სხვადასხვა სუნის მქონე ნაწილაკის შეგრძნება.

  • ძაღლის ცხვირს აქვს ორი სასუნთქი არხი — ერთი სუნთქვისთვის, მეორე — ყნოსვისთვის. შესუნთქვის დროს ჰაერი მიემართება ცხვირის ღრუს იმ ნაწილისკენ, სადაც ყნოსვის რეცეპტორებია განლაგებული.

  • ძაღლის ყნოსვის არეალი სულ მცირე 130 კვადრატული სანტიმეტრია, მაშინ როცა ზრდასრული ადამიანისა — მხოლოდ 5 კვადრატული სანტიმეტრი.

  • ძაღლს ჩვენთან შედარებით 50-ჯერ მეტი ყნოსვის რეცეპტორი აქვს.

ყოველივე ზემოაღნიშნული ეხმარება ძაღლს, სხვადასხვა სუნთა კომბინაციაში მოახდინოს თითოეული კომპონენტის დიფერენცირება. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია შევიგრძნოთ სუპის სუნი, მაგრამ, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ძაღლს შეუძლია სუპის შემადგენლობაში შემავალი თითოეული ინგრედიენტის სუნის ცალ-ცალკე აღქმა.

კიბოს კვლევითი ინსტიტუტის (Pine Street Foundation) მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ძაღლის ტვინი და ცხვირი ისე ფუნქციონირებს ერთად, როგორც „სუნის ყველაზე დახვეწილი დეტექტორი ჩვენს პლანეტაზე“. მეცნიერები მუშაობენ ელექტრონული „ცხვირის“ შექმნაზე, რათა მისი მეშვეობით ამოიცნონ ფეთქებადი ნივთიერებები, კონტრაბანდა და ისეთი დაავადების არსებობა, როგორიცაა სიმსივნე.

რას ფიქრობთ? თავისთავად განუვითარდა ძაღლს ყნოსვის უნარი თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?