არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვინ შექმნა?

შავი დელფინის თვითმწმენდი კანი

ულვაშფეხიანი კიბოები და სხვა წყალქვეშა ორგანიზმები მჭიდროდ ეკვრიან გემის კორპუსებს და მათ სერიოზულ პრობლემას უქმნიან. ისინი ანელებენ გემის სვლას, რის გამოც მას მეტი საწვავის მოხმარება უწევს; გარდა ამისა, რამდენიმე წელიწადში ერთხელ საჭირო ხდება ამ ორგანიზმებისგან გემის გასუფთავება. მეცნიერები ცდილობენ, ბუნებაზე დაკვირვებით რაიმე გამოსავალს მიაგნონ.

დაფიქრდით: კვლევებმა აჩვენა, რომ შავი დელფინის (Globicephala melas) გრძელ ფარფლიან კანს აქვს თვითწმენდის უნარი. მისი კანის ზედაპირი დაფარულია პატარა ნაოჭებით, რომლებიც იმდენად პატარაა, რომ ულვაშფეხიანი კიბოს ლარვა ვერ ახერხებს მასზე მოჭიდებას. ნაოჭებს შორის ადგილი კი ამოვსებულია გელით, რომელიც არ იკარებს წყალმცენარეებსა და ბაქტერიებს. შავი დელფინი კანის მოცვლასთან ერთად ახალ გელსაც გამოყოფს.

მეცნიერები ცდილობენ, შავ დელფინზე დაკვირვებით შექმნან გემის თვითმწმენდი საფარველი. წარსულში ამისთვის გამოიყენებოდა სპეციალური საღებავი. თუმცა ახლახან მათი გამოყენება აიკრძალა, რადგან ისინი წყალქვეშა სამყაროსთვის მომწამლავია. მკვლევრები გეგმავენ, რომ გემის კორპუსს ლითონის ბადე შემოავლონ, რომლის ხვრელებიც უსაფრთხო ქიმიური ნივთიერებით იქნება ამოვსებული. ეს ქიმიური ნივთიერება ზღვის წყალთან ურთიერთქმედებისას წებოვან გელად იქცევა და გემის კორპუსს კანივით გადაეკვრება. დროთა განმავლობაში დაახლოებით 0.7 მილიმეტრიანი სისქის „კანი“ გაცვდება და მასზე მიმაგრებული ნებისმიერი ორგანიზმი მოშორდება. შემდეგ კი ახლიდან მოხდება გელის გამოყოფა და ახალი საფარველის შექმნა.

გემის კორპუსზე მიკრული ულვაშფეხიანი კიბოების მოშორება დიდ სირთულეს წარმოადგენს

ლაბორატორიულმა ცდებმა აჩვენა, რომ ამ სისტემის წყალობით გემზე ორგანიზმების მიკვრა საგრძნობლად შემცირდება. ეს ძალიან დიდი მიღწევა იქნება კომპანიებისთვის, რადგან ხომალდის მშრალ დოკზე აყვანა და მისი მიკროორგანიზმებისგან გაწმენდა კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული.

რას ფიქრობთ? ევოლუციის გზით განუვითარდა შავ დელფინს თვითმწმენდი კანი თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?