არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვინ შექმნა?

ღამურას ექოლოკაციის უნარი

ღამურას ექოლოკაციის უნარი

მართალია, ღამურებს მხედველობაც აქვთ, მაგრამ ღამეულ წყვდიადში გარემოს აღსაქმელად მათი სახეობათა უმეტესობა ექოლოკაციას იყენებს, ანუ არეკლილი მაღალი სიხშირის ბგერითი სიგნალების წყალობით ადგენს ობიექტის რაობასა თუ ადგილმდებარეობას. მაგალითად, ზოგ ღამურას იმის დადგენა, მის წინ კოღოა თუ ხოჭო, ამ მწერების ფრთების ქნევის სიხშირით შეუძლია.

დაფიქრდით: ღამურების სახეობათა უმრავლესობა ხორხში წარმოქმნილ ულტრაბგერით ნაკადს პირიდან ან ნესტოებიდან უშვებს. ისინი დიდი ყურებით კარგად აღიქვამენ საგნის ზედაპირიდან არეკლილ ექოს. ამ უნარის მეშვეობით ღამურებს შეუძლიათ გონებაში შექმნან მათ ირგვლივ არსებული გარემოს სამგანზომილებიანი სურათი და განსაზღვრონ, სად, რა მანძილზე ან რა სიმაღლეზე მდებარეობს ესა თუ ის ობიექტი, რაშიც ხელს სხვა ღამურების ხმაურიც ვერ უშლით.

ღამურას ზუსტი ექოლოკაციის უნარი რომ არა, მას წამის მეათასედის ცდომილებაც კი 17 სმ-ით ააცდენდა მიზანს. ბევრ მეცნიერს ამგვარი სიზუსტე წარმოუდგენლად მიაჩნია. თუმცა, როგორც კვლევებმა ცხადყო, ღამურებს ასი მემილიონედი წამის სიზუსტითაც კი შეუძლიათ ბგერითი სიგნალების აღქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი 1 მმ-ის ან უფრო ნაკლები მანძილის სიზუსტით ახერხებენ ობიექტის ადგილმდებარეობის განსაზღვრას!

მეცნიერებმა გამოიგონეს ელექტრონული ხელჯოხი, რომელიც ექოლოკაციის მეშვეობით უსინათლოებს ეხმარება, განსაზღვრონ, სად იმყოფებიან ან რა დაბრკოლება ეღობებათ, თუნდაც ეს იყოს მათ თავს ზემოთ გამოშვერილი ხის ტოტი! „შთაგონების წყარო ღამურას გასაოცარი ექოლოკაციის უნარი აღმოჩნდა“, — აღნიშნავენ ამ გამოგონების შემქმნელები, ბრაიან ჰოილი და დინ უოტერზი.

რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად განუვითარდა ღამურას ექოლოკაციის უნარი, თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?