არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვინ შექმნა?

დელფინის ექოლოკაციის უნარი

დელფინები გამოსცემენ სხვადასხვა სახის სიგნალს და სტვენისმაგვარ ხმას; შემდეგ ელოდებიან ექოს, რათა განსაზღვრონ, როგორ გარემოში იმყოფებიან და როგორ გაიკვლიონ გზა. დელფინ აფალინას (Tursiops truncatus) გააჩნია ექოლოკაციის უნარი, რომელზე დაკვირვებითაც მეცნიერები ქმნიან წყალქვეშა აკუსტიკურ სისტემებს, რათა გადაჭრან ის პრობლემები, რომელთა მოგვარება არსებულ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს აღემატება.

დაფიქრდით: ექოლოკაციის უნარის მეშვეობით დელფინი ადვილად პოულობს ზღვის ფსკერზე ქვიშაში ჩამალულ თევზებს და ამავე დროს, შეუძლია თევზის ქვისგან გარჩევაც. როგორც ედინბურგის (შოტლანდია) ჰერიოტ-ვატის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქით ბრაუნი ამბობს, დელფინ აფალინას შეუძლია „ათი მეტრის მანძილიდან მიხვდეს, რა არის დახურულ კონტეინერში — სუფთა წყალი, მლაშე წყალი, სიროფი თუ ზეთი“. მეცნიერებს სურთ, შექმნან მსგავსი შესაძლებლობების მქონე მოწყობილობები.

დელფინებს ათი მეტრიდან შეუძლიათ ერთმანეთისგან განასხვაონ, თუ რა სითხეა კონტეინერში

სპეციალისტებმა გამოიკვლიეს დელფინის ხმოვანი სიგნალების გამოცემისა და მოსმენის უნარი და სცადეს მისი ანალოგის შექმნა. მათ ააწყვეს რთული ელექტრო საექოლოკაციო მოწყობილობა და მოათავსეს დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძის ცილინდრში. ეს მოწყობილობა, რომელიც მიამაგრეს ტორპედოსმაგვარ წყალქვეშა მანქანა-რობოტს, იმ მიზნით შექმნეს, რომ დაეთვალიერებინა ზღვის ფსკერი და ეპოვათ ქვიშაში ჩამარხული ნივთები, მაგალითად, კაბელები ან მილები და შეემოწმებინა ისინი უშუალო კონტაქტის გარეშე. მწარმოებლები ფიქრობენ, რომ სამომავლოდ ამ მიდგომის გამოყენება შესაძლებელია ნავთობისა და გაზის მრეწველობაშიც. დელფინზე დაკვირვებით შექმნილი საექოლოკაციო სისტემა გაზრდის იმ მონაცემთა რაოდენობას, რომელთა შეგროვება არსებული საექოლოკაციო მოწყობილობების მეშვეობითაა შესაძლებელი; ეს კი სპეციალისტებს იმაში დაეხმარება, რომ საექოლოკაციო მოწყობილობები წყალქვეშ საუკეთესო ადგილზე განათავსონ და ადვილად შენიშნონ ნებისმიერი დაზიანება, მაგალითად, ნავთობის ჭაბურღილის საყრდენ ბოძებზე გაჩენილი მცირე ზომის ბზარებიც კი; მისი მეშვეობით ადვილად შეიძლება იმის დაფიქსირებაც, თუ მილსადენში რაიმე გაიჭედება.

რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად განუვითარდა აფალინას ექოლოკაციის უნარი, თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?