არჩეულ მასალაზე გადასვლა

შეუძლია ბიბლიას თქვენი ნუგეშისცემა, თუკი დანაშაულის გრძნობამ მოსვენება დაგიკარგათ?

შეუძლია ბიბლიას თქვენი ნუგეშისცემა, თუკი დანაშაულის გრძნობამ მოსვენება დაგიკარგათ?

ბიბლია გვპასუხობს:

 დიახ. ბიბლია დანაშაულის გრძნობის დაძლევაში გვეხმარება (ფსალმუნი 32:1—5). თუკი წარსულში ჩადენილ არასწორ საქციელს გულწრფელად ვინანიებთ, იეჰოვა გვპატიობს და სუფთა სინდისის დაბრუნებაში გვეხმარება (ფსალმუნი 86:5). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სინდისის ქენჯნა ყოველთვის ცუდი არაა, რადგანაც ამან შეიძლება აღგვძრას, შევწყვიტოთ ცუდის კეთება და მოვერიდოთ იმავე შეცდომის გამეორებას (ფსალმუნი 51:17; იგავები 14:9). თუმცა ბიბლიაში იმასაც ვკითხულობთ, რომ თუ წარსულში ჩადენილი არასწორი საქციელის გამო გამუდმებით ვიდანაშაულებთ თავს, შესაძლოა იმედი გადაგვეწუროს და ჩავთვალოთ, რომ ღვთის თვალში ფასი არა გვაქვს. თუ ასეთი კრიტიკულები ვიქნებით საკუთარი თავისადმი, შეიძლება დარდმა გვშთანთქას (2 კორინთელები 2:7).

 რატომ შეიძლება დაგვეუფლოს დანაშაულის გრძნობა?

 თავს შესაძლოა ბევრი მიზეზის გამო ვიდანაშაულებდეთ, მაგალითად, თუ გული ვატკინეთ საყვარელ ადამიანს ან ჩვენს ცხოვრებისეულ პრინციპებს ვუღალატეთ. ზოგჯერ იმ შემთხვევაშიც შეიძლება მივიჩნიოთ თავი დამნაშავედ, როცა რეალურად არაფერი დაგვიშავებია. თუკი საკუთარ თავს სრულყოფილებას მოვთხოვთ, დანაშაულის გრძნობა ხშირად დაგვეუფლება. სწორედ ამიტომ გვირჩევს ბიბლია, რომ რეალისტური მოლოდინი გვქონდეს და საკუთარ თავს მეტისმეტი არ მოვთხოვოთ (ეკლესიასტე 7:16).

 როგორ დავძლიოთ დანაშაულის გრძნობა?

 ნაცვლად იმისა, რომ დანაშაულის გრძნობამ ხელ-ფეხი შეგიკრათ, უმჯობესია, რაიმე იღონოთ მდგომარეობის გამოსასწორებლად.

  •   აღიარეთ შეცდომები. ლოცვით მიმართეთ იეჰოვას, a რომ გაპატიოთ დანაშაული (ფსალმუნი 38:18; ლუკა 11:4). თუ გულწრფელად მოინანიებთ და შეეცდებით, აღარ ჩაიდინოთ იგივე შეცდომა, იეჰოვა შეისმენს თქვენს სათხოვარს (2 მატიანე 33:13; ფსალმუნი 34:18). ის თქვენს შინაგან პიროვნებას ხედავს, რისი დანახვაც კაცს არ ძალუძს. თუ გულწრფელად ვცდილობთ, დავუბრუნდეთ სწორ გზას, ერთგული და მართალი ღმერთი გვაპატიებს ცოდვებს (1 იოანე 1:9; იგავები 28:13).

     თუ ვინმეს აწყენინეთ, აღიარეთ თქვენი დანაშაული და მოუბოდიშეთ. მართალია, ამას თავმდაბლობა და გამბედაობა სჭირდება, მაგრამ ეს ღირს ძალისხმევად! გულწრფელი ბოდიში სულის სიმშვიდესაც დაგიბრუნებთ და განაწყენებულთან მშვიდობიანი ურთიერთობის აღდგენაშიც დაგეხმარებათ (მათე 3:8; 5:23, 24).

  •   იფიქრეთ იმ ბიბლიურ მონაკვეთებზე, რომლებიდანაც ღვთის გულმოწყალება გამოსჭვივის. მაგალითად, დაფიქრდით 1 იოანეს 3:19, 20-ში ჩაწერილ აზრზე. ეს მუხლები გვანახვებს, რომ შესაძლოა „გული რაიმეში მსჯავრს გვდებდეს“ ანუ ზედმეტად კრიტიკულები ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ და თავი ღვთის სიყვარულის ღირსად არ მიგვაჩნდეს. თუმცა მე-20 მუხლში იმ აზრსაც ვხედავთ, რომ „ღმერთი ჩვენს გულზე დიდია“. რას ნიშნავს ეს სიტყვები? იეჰოვა საუკეთესოდ გვიცნობს — იცის, რას ვგრძნობთ და რა სისუსტეებთან გვიწევს ჭიდილი. მან ისიც უწყის, რომ ყველანი ცოდვილები ვართ და მიდრეკილნი ვართ ცუდის კეთებისკენ b (ფსალმუნი 51:5). თუმცა იეჰოვა ხელს არ კრავს გულწრფელ მომნანიებელთ (ფსალმუნი 32:5).

  •   ნუ იცხოვრებთ წარსულით. ბიბლია მოგვითხრობს ღვთის იმ მსახურთა შესახებ, რომლებიც წარსულში არ იქცეოდნენ ღვთისთვის მოსაწონად, მაგრამ შეიცვალნენ. ერთ-ერთი მათგანი ტარსოსელი სავლე იყო, რომელიც მოგვიანებით მოციქული პავლეს სახელით გახდა ცნობილი. იგი ფარისეველი იყო და სასტიკად დევნიდა ქრისტეს მიმდევრებს (საქმეები 8:3; 9:1, 2, 11). მაგრამ, როცა მიხვდა, რომ სინამდვილეში ღმერთსა და მის ცხებულ ძეს, ქრისტეს, უპირისპირდებოდა, მოინანია ცოდვები და სანიმუშო ქრისტიანი გახდა. მართალია, ის ძლიერ ნანობდა ჩადენილ შეცდომებს, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დატოვა. პავლე მადლიერი იყო, რომ ღმერთმა მისდამი მოწყალება გამოიჩინა, რის გამოც გულმოდგინე მქადაგებელი გახდა და ყოველთვის ახსოვდა ღვთის მიერ აღთქმული ჯილდო (ფილიპელები 3:13, 14).

 მანუგეშებელი ბიბლიური მუხლები

 ფსალმუნი 51:17: „მომნანიებელ და მოდრეკილ გულს შენ არ უგულებელყოფ, ღმერთო“.

 მუხლის არსი: ღმერთი ზურგს არ შეგაქცევთ მაშინაც კი, თუ წარსულში გულს სტკენდით მას. თუკი ნანობთ შეცდომებს, ის გულმოწყალებას გამოიჩენს თქვენდამი.

 იგავები 28:13: „ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც აღიარებს და აღარ ჩაიდენს, შეწყალებული იქნება“.

 მუხლის არსი: თუკი ვაღიარებთ ცოდვებს ღვთის წინაშე და გამოვსწორდებით, გულმოწყალე ღმერთი გვაპატიებს.

 იერემია 31:34: „ვაპატიებ მათ დანაშაულს და აღარ გავუხსენებ ცოდვას“.

 მუხლის არსი: ღმერთი დიდსულოვნად გვპატიობს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი აღარასდროს გაიხსენებს ჩვენს შეცდომებს.

a ბიბლიის თანახმად, იეჰოვა ღვთის სახელია (გამოსვლა 6:3).

b ჩვენმა პირველმა მშობლებმა, ადამმა და ევამ, შესცოდეს ღმერთს. შედეგად, მათ დაკარგეს სრულყოფილება და მარადიული სიცოცხლე. ცოდვისკენ მიდრეკილება სწორედ მათგან გვერგო მემკვიდრეობად (დაბადება 3:17—19; რომაელები 5:12).