შესავალი სად ვნახო საუკეთესო რჩევები?
შესავალი
გოგოებისთვის
ბოლო დროს სულ იმ ბიჭზე ფიქრობ, შენს კლასში რომ გადმოვიდა. „ის არც კი მიცნობს და რა პრობლემაა, თუ მასზე ვიფიქრებ“, — ეუბნები საკუთარ თავს. თან მარტო შენ კი არა, ყველა გოგოს მოსწონს. გოგოები სულ მასზე ლაპარაკობენ.
ერთხელაც, შენდა გასაკვირად, შემოგხედა და გაგიღიმა. შენც გაუღიმე. მერე პირდაპირ შენკენ წამოვიდა.
— გამარჯობა, — გესალმება მორიდებულად.
— გაგიმარჯოს, — პასუხობ.
— მე ნიკა მქვია.
— ახალი გადმოსული ხარ, არა?! — უცბად სხვა ვერაფერი მოიფიქრე.
— აქეთ რამდენიმე კვირის წინ გადმოვედით საცხოვრებლად.
ჯერ კიდევ ვერ იჯერებ, რომ ნიკა შენ გელაპარაკება.
— დღეს სკოლის მერე ჩემთან ვიკრიბებით. მოხვალ? — გეკითხება ნიკა.
შემდეგ თვალს გიკრავს და გეუბნება: „ჩემები სახლში არ იქნებიან და სასმელიც გვექნება. რას იტყვი?“
ნიკა შენს პასუხს ელოდება. შენს ადგილზე სხვა გოგოები მაშინვე დათანხმდებოდნენ.
რას ეტყვი?
ბიჭებისთვის
ორი კლასელი შენკენ მოდის. უკვე ხვდები, რაც მოხდება, რადგან ამ კვირაში ორჯერ დაგაძალეს მოწევა. ახლაც იგივე გამეორდება.
ერთ-ერთი გეუბნება: „ისევ მარტო ხარ? რომ არ მოიწყინო, გასართობი მოგიტანეთ“. თვალს გიკრავს და ჯიბიდან რაღაცას იღებს.
ცერა და საჩვენებელ თითებს შორის რაღაც უჭირავს, სიგარეტს ჰგავს. ყველაფერი გასაგებია. შინაგანად იძაბები.
— ხომ გითხარით უკვე, რომ . . .
— ისევ შენი რელიგია . . . ყველაფერს გიკრძალავენ, — გაწყვეტინებს მეორე.
— თუ გეშინია? — გეუბნება პირველი.
— რისი უნდა მეშინოდეს?! — გაბედულებას იკრებ და ეუბნები.
მეორე მხარზე გადებს ხელს და ჩუმად გეუბნება: „არ უნდა ამას ამდენი ლაპარაკი“.
პირველს სიგარეტი შენს პირთან ახლოს მოაქვს და ხმადაბლა გეუბნება: „არავის ვეტყვით, ვერავინ გაიგებს“.
როგორ მოიქცევი?
მსგავსი სიტუაციები იშვიათი არ არის. ზოგს უჭირს ასეთ სიტუაციებთან გამკლავება, ზოგი კი შედარებით ადვილად პოულობს გამოსავალს. იმ მომენტში, როცა მოწევას აძალებენ, ბიჭმა შეიძლება იფიქროს: „არ მინდა, მაგრამ მეტს ვეღარ გავუძლებ. როგორღაც ხომ უნდა დავუმტკიცო, რომ მეც ნორმალური ადამიანი ვარ?!“. გოგომ კი, რომელსაც ბიჭი შეხვედრას სთავაზობს, შეიძლება იფიქროს: „კარგი ტიპია და რა მოხდება, თუ მხოლოდ ერთხელ შევხვდები?!“.
ზოგი ახალგაზრდა კარგადაა მომზადებული ასეთ სიტუაციებში საკუთარი პრინციპების დასაცავად. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მათზე ნაკლებად ახდენენ ზეწოლას. გინდა, რომ შენს შემთხვევაშიც ასე იყოს? რა გჭირდება ამისთვის?
ბიბლია დაგეხმარება, რომ უფრო გაბედულად შეხვდე ამ პერიოდისთვის ჩვეულ სირთულეებს. იმაზე უკეთესს, რაც ბიბლიაშია ჩაწერილი, ვერავინ გეტყვის, რადგან ის ღვთისგან არის შთაგონებული (2 ტიმოთე 3:16, 17). რაში დაგეხმარება ბიბლიის რჩევები? გადახედე ქვემოთ მოცემულ სიას და ✔-ით აღნიშნე შენთვის ყველაზე საინტერესო თემები.
□ საპირისპირო სქესთან ურთიერთობა
□ სხეულში მიმდინარე ცვლილებები
□ ფიქრებისა და გრძნობების გაკონტროლება
□ ღმერთთან ურთიერთობის გაუმჯობესება
თუ გადახედავ მე-4 და მე-5 გვერდებს, ნახავ, რომ სწორედ ამ თემებს ეხება წიგნის ცხრა ნაწილი. პირველ რიგში შეგიძლია ის თავები წაიკითხო, რომლებშიც შენთვის ყველაზე საინტერესო თემებია განხილული. ამ წიგნის წაკითხვა დაგანახვებს, როგორ უკავშირდება ბიბლიური პრინციპები ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს a.
ეს წიგნი შენი აზრების გამოხატვის საშუალებასაც მოგცემს. მაგალითად, ყოველი თავის ბოლოს შეგხვდება ჩარჩო სათაურით „რა უნდა გავაკეთო“. მასში შეგიძლია ჩაწერო, თუ როგორ გამოიყენებ წაკითხულ მასალას. სამუშაო გვერდები — მაგალითად, 132-ე და 133-ე გვერდებზე მოცემული „ჩემი სამოქმედო გეგმა“ — დაგეხმარება იმაში, რომ წინასწარ განსაზღვრო ზოგიერთი სირთულე და მოძებნო პრაქტიკული გამოსავალი. გარდა ამისა, თითოეული ნაწილი მთავრდება გვერდით „ჩემი ჩანაწერები“. ამ გვერდზე შეგიძლია დაწერო, როგორ გეხება პირადად შენ წაკითხული ინფორმაცია. წიგნში ცხრა გვერდი ეთმობა მისაბაძ ბიბლიურ პერსონაჟებს. ამ გვერდების სათაურია „სამაგალითო ადამიანები“.
ბიბლიაში ნათქვამია: „შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გაგების უნარი“ (იგავები 4:5). „სიბრძნე“ და „გაგების უნარი“ უფრო მეტია, ვიდრე იმის ცოდნა, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი. ყოველთვის უნდა ეცადო სრული სურათის დანახვას. მაგალითად, როცა ხედავ სწორი თუ არასწორი საქციელის შედეგებს, უფრო მტკიცედ და გაბედულად უმკლავდები თანატოლების ზეგავლენას.
რაოდენ რთულიც არ უნდა გეჩვენებოდეს შენი პრობლემები, გჯეროდეს, რომ შენ ერთადერთი არა ხარ — ასეთი პრობლემები სხვებსაც აქვთ. ბევრი წარმატებით გაუმკლავდა მათ. ამას შენც შეძლებ! „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ (ტომი 2) დაგეხმარება ამაში. ეს წიგნი დაგარწმუნებს, რომ საუკეთესო რჩევები ბიბლიაშია!
[სქოლიო]
a წიგნის დიდი ნაწილი დაფუძნებულია სტატიებზე, რომლებიც გამოქვეყნდა „გამოიღვიძეთ!“-ის რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“. ამ ჟურნალს გამოსცემენ იეჰოვას მოწმეები.

