როგორ ავუხსნა სხვებს, რატომ მწამს ღმერთი?

როგორ ავუხსნა სხვებს, რატომ მწამს ღმერთი?

თავი 36

ყველაზე მეტად რა გიშლის ხელს იმაში, რომ კლასელებს ესაუბრო შენს რწმენაზე?

□ ჯერ საკმარისი ბიბლიური ცოდნა არა მაქვს

□ დაცინვის მეშინია

□ მიჭირს საუბრის დაწყება

როგორ უფრო გაგიადვილდება შენს რწმენაზე საუბარი?

□ ერთი ერთზე

□ მთელი კლასის წინაშე

□ მირჩევნია, თემის დაწერის დროს შევეხო ამას

საუბრის პრობლემა რომ არ გქონდეს, რომელ კლასელს დაელაპარაკებოდი ბიბლიაზე? (დაწერე მისი სახელი)

․․․․․

რაზე უყვართ შენს კლასელებს საუბარი? მრავალი ახალგაზრდა სიამოვნებით საუბრობს სპორტზე, ჩასაცმელზე, გოგოებზე და ბიჭებზე . . . ოღონდ ღმერთი არ უხსენო.

ამის მიზეზი ის არაა, რომ ახალგაზრდებს არ სწამთ ღმერთი. ბევრს სწამს, მაგრამ ამ თემაზე საუბარს გაურბიან. მათთვის ეს არ არის საინტერესო თემა.

შენც ხომ არ გაურბიხარ?

თუ ვერ ბედავ კლასელებთან ღმერთზე საუბარს, ამაში გასაკვირი არაფერია. არავის სიამოვნებს, როცა სხვა თვალით უყურებენ ან დასცინიან. ნამდვილად მოხდება ასეთი რამ შენს შემთხვევაშიც, თუ ღმერთზე დაიწყებ ლაპარაკს? გამორიცხული არაა. მაგრამ კლასელების რეაქციამ შეიძლება გაგაკვირვოს. ბევრი ახალგაზრდა ფიქრობს, მაგალითად, შემდეგ კითხვებზე: რა მოხდება მომავალში? რატომაა ამდენი პრობლემა და უსამართლობა? ამ საკითხებზე საუბარი მათ შეიძლება თანატოლებთან უფრო გაუადვილდეთ.

და მაინც, თანატოლებთან რელიგიაზე სასაუბროდ შეიძლება გული არ გეწეოდეს. მაგრამ ნუ იფიქრებ მაინცდამაინც იმას, რომ მათ თვალში ფანატიკოსი გამოჩნდები. არც იმაზე ღირს მეტისმეტი წუხილი, ვაითუ რაღაც ზუსტად ისე ვერ თქვა, როგორც საჭიროა. საკუთარ მრწამსზე საუბარი რაღაცით მუსიკალური ინსტრუმენტის დაკვრას ჰგავს. თავიდან ადვილი არ არის, მაგრამ თანდათანობით, რაც უფრო მეტს უკრავ, მით უფრო კარგად გამოგდის. როგორ უნდა დაიწყო საუბარი?

ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ, ხელიდან არ უნდა გაუშვა შესაძლებლობა. მაგალითად, როცა კლასელები ახალ ამბებზე ლაპარაკობენ, შეგიძლია თქვა ის, რაც ბიბლიიდან იცი. ზოგჯერ მარტივი გამოსავალი რომელიმე კლასელთან ცალკე დალაპარაკებაა. ზოგი მერხზე დებს რომელიმე ბიბლიურ პუბლიკაციას, კლასელებმა რომ შეამჩნიონ. ხშირად ამას კარგი საუბარი მოჰყვება ხოლმე.

შენთვის რა იქნება აქედან უფრო პრაქტიკული? ․․․․․

თუ გაქვს კიდევ სხვა ვარიანტი, აქვე დაწერე.

․․․․․

ზოგჯერ შეიძლება სასწავლო მასალამ მოგცეს დამოწმების შესაძლებლობა. მაგალითად, რას გააკეთებ, როცა გაკვეთილებზე ევოლუციის თეორიის განხილვა დაიწყება? როგორ აუხსნი სხვებს, რატომ გწამს შემოქმედების?

დაიცავ შენს შეხედულებებს?

„კლასში ევოლუციაზე დაიწყეს მსჯელობა. გამოთქმული აზრები სრულიად ეწინააღმდეგებოდა იმას, რაც ნასწავლი მქონდა. ისე დაბეჯითებით ლაპარაკობდნენ, რომ ცოტა არ იყოს ავღელდი“, — ამბობს რაიენი. რაკელი კი იხსენებს: „როცა მასწავლებელმა თქვა, რომ შემდეგ გაკვეთილზე ევოლუციაზე ვისაუბრებდით, გული ამიჩქარდა. ვიცოდი, რომ კლასის წინაშე მომიწევდა ჩემი პოზიციის დაცვა“.

შენ რას გრძნობ, როცა კლასში ევოლუციაზე იწყება ლაპარაკი? ერთი მხრივ, გჯერა, რომ ღმერთმა შექმნა ყველაფერი (გამოცხადება 4:11). ამაზე მეტყველებს ის, რასაც გარშემო ხედავ. მაგრამ, მეორე მხრივ, სახელმძღვანელოებში წერია და მასწავლებელიც ამბობს, რომ სიცოცხლე ევოლუციის შედეგად გაჩნდა. შეიძლება ფიქრობ: «როგორ უნდა წავიდე „სპეციალისტების“ წინააღმდეგ?!»

შენ ერთადერთი არა ხარ, ვინც არ ემხრობა ევოლუციის თეორიას. ევოლუციური მოძღვრება მიუღებელია ბევრი მეცნიერისთვის, მასწავლებლისა და მოსწავლისთვის.

შენი შეხედულებების დაცვა რომ შეძლო, ზუსტად უნდა იცოდე, რას ამბობს ბიბლია შემოქმედებაზე. არ ღირს კამათი ისეთ საკითხზე, რაზეც ბიბლიაში პირდაპირ არაფერია ნათქვამი. მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი.

სახელმძღვანელოში წერია, რომ დედამიწა და მზის სისტემა მილიარდობით წელია, რაც არსებობს. ბიბლიიდან ჩანს, რომ როგორც დედამიწა, ისე მთელი სამყარო, პირველ შემოქმედებით დღემდე არსებობდა. ამრიგად, გამორიცხული არაა, რომ დედამიწისა და მზის სისტემის ასაკი მილიარდობით წელს ითვლის (დაბადება 1:1).

ჩემი მასწავლებელი ამბობს, რომ დედამიწა ექვს დღეში ვერ შეიქმნებოდა. ბიბლიაში არ წერია, რომ „შემოქმედებითი დღე“ პირდაპირი გაგებით 24-საათიანი იყო.

კლასში მოიყვანეს იმის დამამტკიცებელი მაგალითები, რომ ცხოველები და ადამიანები თანდათანობით განვითარდნენ. ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა ცოცხალი არსებები „მათი გვარისდა მიხედვით“ შექმნა (დაბადება 1:20, 21). ის არ უჭერს მხარს იმ მოსაზრებას, რომ სიცოცხლე უსიცოცხლო მატერიისგან წარმოიშვა ან ღმერთმა მისცა დასაბამი ევოლუციის პროცესს ერთი უჯრედის შექმნით. თუმცა თითოეულ „გვარს“ აქვს ნაირსახეობის წარმოქმნის პოტენციალი. ასე რომ, ბიბლია არ გამორიცხავს თითოეული „გვარის“ შიგნით ცვლილებების შესაძლებლობას.

იქიდან გამომდინარე, რაც ამ თავში განვიხილეთ, რას უპასუხებ მასწავლებელს ან კლასელს, თუ ის გეტყვის:

„მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჩვენ ევოლუციის შედეგად გავჩნდით“. ․․․․․

„ღმერთი არ მწამს, რადგან არასდროს მინახავს“. ․․․․․

შენი რწმენა უსაფუძვლო არ არის!

თუ შენი მშობლები ქრისტიანები არიან, შეიძლება ღმერთი მხოლოდ იმიტომ გწამს, რომ ბავშვობიდან ამ რწმენით გზრდიან. მაგრამ ახლა დროა, შენ თვითონ კარგად გაერკვე შენს მრწამსში, რათა გააზრებულად სცე თაყვანი ღმერთს (რომაელები 12:1). დაფიქრდი: რატომ ხარ დარწმუნებული იმაში, რომ შემოქმედი არსებობს? 14 წლის სემი ადამიანის ორგანიზმზე ამბობს: „საოცრად რთულია, მისი ყველა ნაწილი განსაცვიფრებლადაა დაკავშირებული ერთმანეთთან. დაუჯერებელია, რომ ადამიანის სხეული ევოლუციის შედეგად განვითარებულიყო“. 16 წლის ჰოლის მსგავსი აზრი აქვს: „მას შემდეგ, რაც დიაბეტი აღმომაჩნდა, ბევრი რამ გავიგე ადამიანის ორგანიზმზე. მაგალითად, პანკრეასი, პატარა კუჭქვეშა ჯირკვალი, წარმოუდგენლად დიდ როლს ასრულებს სისხლისა და სხვადასხვა ორგანოს ფუნქციონირებაში“.

ჩამოწერე სამი არგუმენტი, რაც პირადად შენ გარწმუნებს შემოქმედის არსებობაში.

1. ․․․․․

2. ․․․․․

3. ․․․․․

ნამდვილად არ გაქვს იმის მიზეზი, რომ გეუხერხულებოდეს ღმერთზე საუბარი. ყველაფერს ერთადერთ ლოგიკურ დასკვნამდე მივყავართ: ადამიანი შემოქმედის გარეშე ვერ გაჩნდებოდა.

სინამდვილეში, გაცილებით დიდი რწმენა სჭირდება იმის დაჯერებას, რომ ევოლუციის შედეგად განვვითარდით და სასწაულები სასწაულთმოქმედის გარეშე მოხდა! ამ საკითხის გულდასმით გამოკვლევის შემდეგ უფრო გაბედულად შეძლებ სხვებთან ღმერთზე საუბარს.

მომდევნო თავში

შეიძლება ხედავ, რომ შენი თანატოლებიდან ბევრი უკვე მოინათლა. შენც ხარ მზად ამ ნაბიჯის გადასადგმელად?

საკვანძო ბიბლიური მუხლი

არა მრცხვენია სასიხარულო ცნობის გამო, რადგან ის ღვთის ძალაა ყველა მორწმუნის სახსნელად (რომაელები 1:16).

რჩევა

შენზე ბევრია დამოკიდებული. თუ შენს რწმენაზე თანატოლებს დარცხვენილი ელაპარაკები, შეიძლება მათ დაცინვის საბაბი მისცე. თუ გაბედულად დაელაპარაკები — ისე, როგორც თვითონ გამოხატავენ თავიანთ აზრებს — უფრო პატივისცემით მოგისმენენ.

იცოდი, რომ . . . ?

ზოგჯერ მასწავლებლებს თავადაც უჭირთ ევოლუციის თეორიის მხარდასაჭერად საფუძვლიანი არგუმენტების მოყვანა. როგორც ჩანს, ზოგი მხოლოდ იმიტომ ასწავლის ამ თეორიას, რომ მათაც ასე ისწავლეს.

რა უნდა გავაკეთო

კლასელს ბიბლიაზე რომ დავუწყო ლაპარაკი ․․․․․

თუ მკითხავენ, რატომ მწამს ღმერთი, ვეტყვი ․․․․․

რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․

როგორ ფიქრობ?

● რატომ უნდა ელაპარაკო სხვებს შენს რწმენაზე?

● როგორ უფრო გაგიადვილდება სკოლაში იმის ახსნა, თუ რატომ გწამს შემოქმედების?

● როგორ უნდა გამოხატო მადლიერება ყოველივეს შემოქმედის მიმართ? (საქმეები 17:26, 27).

[ჩანართი 299 გვერდზე]

„სკოლაში ჩვენ გარდა ვერავინ იქადაგებს“ (ირაიდა).

[სურათი 298 გვერდზე]

საკუთარ მრწამსზე საუბარი რაღაცით მუსიკალური ინსტრუმენტის დაკვრას ჰგავს. რაც მეტს უკრავ, მით უფრო კარგად გამოგდის.

[სურათი 300, 301 გვერდებზე]

შენ შეძლებ შიშის დაძლევას და შენი მრწამსის დაცვას.