არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?

კონგრესის პროგრამას საეთერო დრო დაეთმო

კონგრესის პროგრამას საეთერო დრო დაეთმო

2021 წლის 1 აგვისტო

 2020 წლის რეგიონული კონგრესი ისტორიული იყო. პირველად მთელ მსოფლიოში წინასწარ ჩაწერილი პროგრამა ინტერნეტით გადაიცემოდა. თუმცა მალავიში და მოზამბიკში მცხოვრები და-ძმების უმეტესობამ კონგრესის პროგრამა ინტერნეტის გარეშე მოისმინა. ალბათ, გაინტერესებთ, როგორ.

 ხელმძღვანელი საბჭოს კოორდინატორთა და სასწავლო კომიტეტებმა გამონაკლისი დაუშვეს და ამ ორ ქვეყანაში ძმებს უფლება მისცეს, კონგრესის პროგრამა რადიო და ტელემაუწყებლობის მეშვეობით გადაეცათ. რამ შექმნა ამის საჭიროება? მალავი იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ინტერნეტი ძალიან ძვირია. ამის გამო ჩვენი და-ძმებიდან მხოლოდ ერთეულებს მიუწვდებათ მასზე ხელი. მალავის ფილიალის კომიტეტის წევრი, უილიამ ჩუმბი, აღნიშნავს: „და-ძმები მხოლოდ რადიოთი და ტელევიზიით თუ შეძლებდნენ კონგრესის პროგრამის ყურებას“. მალავის ფილიალის კომიტეტის კიდევ ერთი წევრი, ლუკა სიბეკო, დასძენს: „კონგრესის პროგრამა რადიო და ტელემაუწყებლობის მეშვეობით რომ არ გადაგვეცა, თითო-ოროლა და-ძმა თუ მოუსმენდა მას“. მოზამბიკშიც ჩვენს და-ძმებს შორის ძალიან ცოტას მიუწვდება ხელი თანამედროვე ელექტრონულ მოწყობილობებზე, ინტერნეტზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.

მზადების პროცესი

 კოვიდ-19 პანდემიის გამო კრების შეხვედრები უკვე გადაიცემოდა რამდენიმე რადიო და ტელესადგურის მეშვეობით. * ძმებმა სწორედ ამ კომპანიებს სთხოვეს, რომ კონგრესის პროგრამის გადასაცემად დამატებითი საეთერო დრო გამოეყოთ მათთვის.

 მალავიში ძმებს ამ მხრივ პრობლემა შეექმნათ. ძირითადად, რადიო თუ ტელესადგურები მომხმარებლებს მხოლოდ ერთსაათიან საეთერო დროს გამოუყოფენ ხოლმე. მათი აზრით, უფრო ხანგრძლივი პროგრამები მაყურებლისთვის მოსაბეზრებელია. თუმცა ძმებმა მათ აუხსნეს, რომ ჩვენი საქმიანობა საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება და უთხრეს, რომ პანდემიის დროსაც არ შეუწყვეტიათ ხალხისთვის მანუგეშებელი ბიბლიური ცნობის გადაცემა. როცა ხელმძღვანელობამ გაიგო, რომ ეს ხალხს ეხმარება, უკეთესი მოქალაქეები გახდნენ და ბედნიერი ოჯახები ჰქონდეთ, ძმების თხოვნა დააკმაყოფილეს და დამატებითი საეთერო დრო გამოუყვეს.

 მალავიში კონგრესის პროგრამა ერთი ტელე და ერთი რადიოსადგურის მეშვეობით გადაიცა, რისი წყალობითაც ქვეყნის მასშტაბით მილიონობით ადამიანი შეძლებდა პროგრამის მოსმენას. მოზამბიკში კი კონგრესის პროგრამას ერთი ტელე და 85 რადიოსადგური გადასცემდა.

 პროგრამის გადასაცემად ამ ორ ქვეყანაში ტელეკომპანიებს ჯამში 28 227$ * გადაუხადეს, რადიომაუწყებლობებს კი — დაახლოებით 20 000$. პატარა რადიომაუწყებლობების საეთერო დრო 15$-დან იწყებოდა, ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი რადიოსადგურებისა კი 2 777$-ს აღწევდა.

 ძმები მაქსიმალურად ცდილობდნენ, გონივრულად გამოეყენებინათ შეწირული თანხები. მაგალითად, მალავიში ძმებმა მოლაპარაკებების საფუძველზე შედარებით დაბალი ტარიფით ისარგებლეს. ერთ შემთხვევაში მათ 30%-იანი ფასდაკლებაც მიიღეს. ძმების ძალისხმევის წყალობით 1 711$ დაიზოგა. მოზამბიკშიც დასწია ზოგიერთმა მაუწყებლობამ ტარიფი, რადგან პატიოსანი გადამხდელების სახელი გვაქვს.

მადლიერების სიტყვები

 და-ძმები ძალიან მადლიერები არიან, რომ შეძლეს ადგილობრივი რადიო თუ ტელემაუწყებლობის მეშვეობით კონგრესის პროგრამის მოსმენა. მალავიში მცხოვრები ერთი უხუცესი, სახელად პატრიკი, ამბობს: „ძალიან ვაფასებთ, რასაც ხელმძღვანელი საბჭო ამ პანდემიის განმავლობაში აკეთებს“. კიდევ ერთი მალაველი ძმა ისაკი აღნიშნავს: „რადიოს გარდა არცერთი სხვა მოწყობილობა არ გვაქვს, ამიტომ მადლიერები ვართ, რომ ძმების დახმარებით კონგრესის პროგრამის მოსმენა შევძელით. კონგრესს მთელმა ოჯახმა მოვუსმინეთ და დავინახეთ, როგორ უყვარს იეჰოვას თავისი ხალხი“.

 2020 წლის კონგრესი მოზამბიკში ერთ-ერთი მაუწყებლისთვის პირველი კონგრესი იყო. ის ამბობს: „ამ ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ იეჰოვა ყოვლისშემძლე ღმერთია. პანდემიის მიუხედავად იეჰოვამ შეძლო, რომ ჩვენთვის სულიერი საზრდო მოეწოდებინა. ჩვენ სახლიდან გაუსვლელად მოვუსმინეთ კონგრესს. დავინახე, როგორ უყვარს იეჰოვას ხალხს ერთმანეთი. ეჭვი არ მეპარება, რომ ნამდვილად ღვთის ხალხს შორის ვარ“.

 ერთი უხუცესი, სახელად ვისონი, ამბობს: „მინდა, მადლიერება გამოვხატო გონიერი მონის მიმართ, ასე რომ ზრუნავს ჩვენზე ამ პანდემიის დროს. სწორედ ამის წყალობით შევძელით, რომ ასეთ გაჭირვებულ ქვეყანაში და-ძმებს მოგვესმინა სრული პროგრამა და სულიერი საზრდო მიგვეღო“.

 კოორდინატორთა და სასწავლო კომიტეტებმა გადაწყვიტეს, რომ 2021 წლის რეგიონული კონგრესიც რადიო და ტელემაუწყებლობის მეშვეობით გადაცემულიყო. როგორ იფარება ეს ხარჯები? მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაღებული შესაწირავებით. ვებგვერდზე donate.jw.org ყველას შეუძლია სხვადასხვა სახის შესაწირავის გაღება. გვინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გულუხვი შესაწირავებისთვის.

^ აბზ. 3 2020 წელს კოორდინატორთა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში კოვიდ-19 პანდემიის გამო კრების შეხვედრები გადაცემულიყო რადიო და ტელემაუწყებლობის საშუალებით. ამის წყალობით ისეთ ტერიტორიებზე მცხოვრებ და-ძმებს, სადაც ინტერნეტი და სატელეფონო მომსახურება ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი, შესაძლებლობა მიეცათ, კრების შეხვედრებისთვის მოესმინათ. რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებით არ ისარგებლებენ ისეთ ტერიტორიებზე მცხოვრები და-ძმები, სადაც შესაძლებელია კრების შეხვედრებს ონლაინ ჩაერთონ ან JW სტრიმინგით ისარგებლონ.

^ აბზ. 6 ნაგულისხმებია აშშ დოლარი.