არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?

კომპაქტური ბიბლიოთეკა

კომპაქტური ბიბლიოთეკა

2021 წლის 1 სექტემბერი

 „არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ალბათ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, რომ სულიერ საზრდოს ელექტრონული სახით მივიღებდით“. ეთანხმებით ამ სიტყვებს? ეს სიტყვები ძმა ჯეფრი ჯექსონმა ხელმძღვანელი საბჭოს 2020 წლის მე-6 ანგარიშში თქვა. მან აგრეთვე აღნიშნა: „ახლა, ამ პანდემიის დროს, რომ არა JW ბიბლიოთეკა და სხვა აპლიკაციები, ძალიან გაგვიჭირდებოდა. შეიძლება ითქვას, ჩვენი მომზადება იეჰოვამ ამ მოვლენებისთვის წლებით ადრე დაიწყო“.

 როგორ დაიწყო იეჰოვამ ჩვენი მომზადება? რა გაკეთდა JW ბიბლიოთეკის შესაქმნელად და როგორ იხვეწება წლების მანძილზე?

უნიკალური გამოგონება

 2013 წლის მაისში ხელმძღვანელმა საბჭომ MEPS-ის პროგრამირების განყოფილებას მთავარ სამმართველოში სთხოვა, რომ შეექმნა აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ხელმისაწვდომი გახდებოდა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია ელექტრონული სახით. პოლ უილისი, რომელიც MEPS-ის პროგრამირების განყოფილებაში მსახურობს, აღნიშნავს: „მანამდე არცერთი მობილური აპლიკაცია არ გვქონდა. ჩვენ შევკრიბეთ ჯგუფი, შევაჩერეთ ზოგიერთი საქმე და დავიწყეთ აპლიკაციაზე მუშაობა, რაშიც სხვა განყოფილებებიც გვეხმარებოდნენ. გამუდმებით ვლოცულობდით, იეჰოვას დახმარების შედეგად ხუთ თვეში ყოველწლიური შეხვედრისთვის აპლიკაცია უკვე მზად გვქონდა“.

 მორიგი სირთულე ის იყო, რომ ეს აპლიკაცია ნამდვილ ბიბლიოთეკად გვექცია. ამისთვის საჭირო იყო, ის მეტ ენაზე გამხდარიყო ხელმისაწვდომი და სხვა პუბლიკაციებიც დამატებოდა. 2015 წლის იანვარში აპლიკაციაში უკვე ხელმისაწვდომი იყო ბოლო დროს გამოცემული პუბლიკაციები ინგლისურ ენაზე, ხოლო, სულ რაღაც, ექვს თვეში მომხმარებლებს უკვე შეეძლოთ პუბლიკაციების ასობით ენაზე ჩამოტვირთვა.

 მას შემდეგ ძმებმა კიდევ არაერთი კუთხით დახვეწეს აპლიკაცია; დაამატეს ვიდეოები და შეხვედრებისთვის განკუთვნილ ყველა პუბლიკაციასა და მედიაფაილს ერთ განყოფილებაში მოუყარეს თავი. აგრეთვე შესაძლებელი გახდა, რომ ბიბლიური მუხლების კითხვის დროს პირდაპირ გავხსნათ „საკვლევ სახელმძღვანელოში“ მოცემული დამატებითი მასალა.

ტექნიკური მხარდაჭერა

 ყოველდღიურად JW ბიბლიოთეკას მომხმარებელი 8 მილიონ ელექტრონულ მოწყობილობაში ხსნის, ყოველთვიურად კი — 15 მილიონზე მეტ მოწყობილობაში. რა კეთდება იმისთვის, რომ ამ აპლიკაციამ შეუფერხებლად იმუშაოს? ძმა პოლ უილისი გვიყვება: „ვერასდროს იტყვი, რომ მობილურ აპლიკაციაზე მუშაობა დამთავრდა. გამუდმებით ვამატებთ ახალ ფუნქციებს და ვცდილობთ, აპლიკაცია მომხმარებლისთვის უფრო მარტივი გამოსაყენებელი გახდეს. ოპერაციული სისტემები ელექტრონული მოწყობილობებისთვის ხშირად ახლდება, ამიტომ ჩვენც გვიწევს ფეხი ავუწყოთ ამ განახლებებს, რათა ჩვენმა აპლიკაციამ გამართულად იმუშაოს. იმის გამო, რომ აპლიკაციას გამუდმებით ემატება პუბლიკაციები და მედიაფაილები, საჭიროა პროგრამის გამუდმებით განახლება და პროგრამული უზრუნველყოფა“. მთლიანობაში, ყველა ენაზე JW ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია დაახლოებით 200 000 პუბლიკაცია და 600 000-ზე მეტი მედიაფაილი.

 ამ აპლიკაციის ტექნიკური მხარდაჭერისთვის იმაზე მეტია საჭირო, ვიდრე უბრალოდ ძლიერი კომპიუტერები. მაგალითად, ჩვენ გვიწევს, შევიძინოთ პროგრამული უზრუნველყოფის რამდენიმე ლიცენზია. ერთი ლიცენზიის ღირებულება წლიურად 1 500$-ს შეადგენს. გარდა ამისა, MEPS-ის პროგრამირების განყოფილება ყოველწლიურად დაახლოებით 10 000$-ის ღირებულების ელექტრონულ მოწყობილობებს ყიდულობს სხვადასხვა მწარმოებლისგან. ამგვარად ამოწმებენ, რამდენად გამართულად იმუშავებს ჩვენი აპლიკაცია კომპიუტერების, პლანშეტებისა და ტელეფონების უახლეს მოდელებზე.

როგორ იზოგება შესაწირავები

 JW ბიბლიოთეკის წყალობით საგრძნობლად შემცირდა ის თანხები, რომლებიც იხარჯებოდა პუბლიკაციების ბეჭდვაზე, აკინძვასა და გაგზავნაზე. მაგალითად, 2013 წელს ბროშურის „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“ თითქმის 12 მილიონი ეგზემპლარი დაიბეჭდა. 2020 წელს კი დაახლოებით 5 მილიონი დავბეჭდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ წლებში მაუწყებელთა რიცხვი დაახლოებით 700 000-ით გაიზარდა. რა შეიცვალა? ბევრი ჩვენი და-ძმა ყოველდღიურ მუხლს უკვე JW ბიბლიოთეკის მეშვეობით კითხულობს. *

„მართლა შეუდარებელი აპლიკაციაა“

 JW ბიბლიოთეკა მომხმარებელს მრავალმხრივ ადგება. ერთ ჩვენს დას, ჟენევიევს, რომელიც კანადაში ცხოვრობს, ამ აპლიკაციის წყალობით პირადი შესწავლა უფრო ხშირად აქვს. ის ამბობს: „გულწრფელად გითხრათ, არა მგონია, შესწავლა ყოველ დილით მქონოდა, ყველა წიგნის გადმოღება რომ მიწევდეს. მაგრამ ამ აპლიკაციის წყალობით მხოლოდ პლანშეტის აღება მჭირდება ხელში და ყველაფერი იქვეა. ყოველდღიური შესწავლა რწმენას მიმტკიცებს და იეჰოვასთან უფრო მაახლოებს“.

ჟენევიევი

 ეს აპლიკაცია კოვიდ-19 პანდემიის დროს ფასდაუდებელ სამსახურს გვიწევს. შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთი ჩვენი და შარლინი აღნიშნავს: „მას შემდეგ, რაც მსოფლიოში პანდემიამ იფეთქა, ახალი პუბლიკაცია ბეჭდური სახით თვალით აღარ მინახავს. მიუხედავად ამისა, JW ბიბლიოთეკის მეშვეობით სულიერი საზრდო არ მოგვკლებია. უზომოდ ვემადლიერები იეჰოვას ასეთი მზრუნველობისთვის“.

 ბევრი ჩვენგანის სათქმელს გამოხატავს ერთი ჩვენი ფილიპინელი და ფაი. ის ამბობს: „ამ ერთ აპლიკაციაშია თავმოყრილი ყველაფერი, რაც იეჰოვასთან ურთიერთობის განსამტკიცებლად მჭირდება. დილას სწორედ ამ აპლიკაციის გამოყენებით ვიწყებ. სახლის საქმეებს როცა ვაკეთებ, აუდიოჩანაწერებს ვისმენ. კრების შეხვედრებისთვის და ბიბლიის შესწავლისთვისაც ამ აპლიკაციის მეშვეობით ვემზადები. თავისუფალ დროს ვიდეოებს ვუყურებ ხოლმე, ხოლო სადმე რიგში დგომისას სხვადასხვა სტატიას ან ბიბლიას ვკითხულობ. მართლა შეუდარებელი აპლიკაციაა“.

 ეს აპლიკაცია მსახურებაშიც ძალიან გვადგება. მაგალითად, კამერუნში ერთ ჩვენს დას სურდა, მსახურებაში ის ბიბლიური მუხლი ამოეკითხა, რომელიც რამდენიმე კვირით ადრე ერთმა დამ გამოიყენა. თუმცა ვერ იხსენებდა, კონკრეტულად რომელი მუხლი იყო. ის გვიყვება: „საბედნიეროდ, ერთი ფრაზა მახსოვდა. გავხსენი ჩვენი აპლიკაცია, ბიბლიის საძიებო ველში ეს ფრაზა ჩავბეჭდე და მომენტალურად ვიპოვე მუხლი. ამ აპლიკაციის წყალობით ბევრ ისეთ მუხლს ვპოულობ, რომლებიც ზოგჯერ მავიწყდება“.

 ამ აპლიკაციის შექმნა, გაუმჯობესება და ტექნიკური მხარდაჭერა სწორედ თქვენ მიერ გაღებული შესაწირავების მეშვეობით გახდა შესაძლებელი. მადლობა თქვენი გულუხვი შესაწირავებისთვის, რომელსაც ვებგვერდზე donate.jw.org სხვადასხვა სახით იღებთ.

დროის დიაგრამა

  1. 2013 წლის ოქტომბერი — გამოიცა აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ხელმისაწვდომი გახდა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია ელექტრონული სახით.

  2. 2015 წლის იანვარი — აპლიკაციაში ხელმისაწვდომი გახდა ბოლო დროს გამოცემული პუბლიკაციები ინგლისურ ენაზე, რამდენიმე თვეში კი მას ასობით ენა დაემატა.

  3. 2015 წლის ნოემბერი — დაემატა ტექსტის მონიშვნის ფუნქცია.

  4. 2016 წლის მაისი — დაემატა შეხვედრების განყოფილება.

  5. 2017 წლის მაისი — დაემატა შენიშვნების ფუნქცია პირადი ჩანაწერებისთვის.

  6. 2017 წლის დეკემბერი — დაემატა გარკვეული ფუნქციები ბიბლიის სასწავლო გამოცემისთვის.

  7. 2019 წლის მარტი — დაემატა აუდიოჩანაწერების ჩამოტვირთვისა და ვიდეოჩვენების ფუნქციები. აგრეთვე ხელმისაწვდომი გახდა „საკვლევ სახელმძღვანელოში“ მოცემული დამატებითი მასალა.

  8. 2021 წლის იანვარი — დაემატა გარკვეული ფუნქციები ახალი სახელმძღვანელოსთვის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“.

^ აბზ. 8 JW ბიბლიოთეკაში ერთი კონკრეტული პუბლიკაციის ჩამოტვირთვა საკმაოდ მცირე თანხა ჯდება. მაგალითად, გასულ წელს დაახლოებით 1,5 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა, რომ მთელ მსოფლიოში და-ძმებს ჩვენი ვებგვერდის და JW ბიბლიოთეკის მეშვეობით პირდაპირ ეყურებინათ ვიდეოებისთვის და ჩამოეტვირთათ მედიაფაილები. ელექტრონული პუბლიკაციებისა და ჩანაწერების ჩამოტვირთვა გაცილებით ნაკლები ჯდება, ვიდრე ბეჭდური ლიტერატურისა და CD და DVD დისკების წარმოება და მთელ მსოფლიოში გაგზავნა.