არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ნაწილდება თქვენ მიერ გაღებული ნებაყოფლობითი შესაწირავები

გლობალური დახმარება გლობალური პანდემიის დროს

გლობალური დახმარება გლობალური პანდემიის დროს

2021 წლის 1-ლი ივლისი

 2020 წლის მარტში, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ-19 პანდემიად გამოაცხადა, ბევრი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს ვირუსი წელიწადზე მეტხანს გაგრძელდებოდა. პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა მილიონობით ადამიანის, მათ შორის იეჰოვას მოწმის, ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე. როგორ უწევენ იეჰოვას მოწმეები ორგანიზებას დახმარების საქმეს ამ კრიზისული პერიოდის განმავლობაში?

გასაჭირში მყოფთა დახმარება

 იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს კოორდინატორთა კომიტეტის ზედამხედველობით კოვიდ-19 პანდემიით დაზარალებული და-ძმების დასახმარებლად 950-ზე მეტი დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ჩამოყალიბდა მსოფლიო მასშტაბით. ზოგ შემთხვევაში, აღნიშნული კომიტეტების ორგანიზებით, ადგილობრივმა ძმებმა გაუწიეს დაზარალებულებს დახმარება, ზოგან კი მოწმეებმა მთავრობისგან მიიღეს დახმარება. კომიტეტებმა ორგანიზება გაუწიეს ფართომასშტაბიან დახმარებასაც.

 მაგალითისთვის მოვიყვანოთ პარაგვაის სიტუაცია. ერთ გაზეთში ეწერა, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სიდუხჭირის გამო „პარაგვაელების დიდი ნაწილი შიმშილობს“. თუმცა დახმარების კომიტეტს პარაგვაიში უკვე დაწყებული ჰქონდა დახმარების დარიგება, რაშიც შედიოდა ორი კვირის მარაგი. თითოეულ ყუთში მოთავსებული იყო ოთხსულიანი ოჯახისთვის სამყოფი საკვები, დასუფთავების საშუალებები და პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები, რომელთა საერთო ღირებულება 30 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

 როგორ იცავენ დახმარების პროგრამაში მონაწილე და-ძმები საკუთარ თავს და სხვებს კოვიდ-19 ინფექციისგან? ნიღბებისა და ფიზიკური დისტანციის საშუალებით. ისინი ამოწმებენ იმასაც, რომ საკვების მარაგი ისეთი კომპანიებისგან შეიძინონ, რომლებიც მაღალ დონეზე იცავენ ჰიგიენის ნორმებსა და უსაფრთხოების ზომებს. ამაში შედის ის, რომ ყველას, ვინც ყუთების ჩალაგებაზეა პასუხისმგებელი, ეცვას დამცავი აღჭურვილობა; მათი მანქანები და ყუთების შესანახი ადგილები რეგულარულად სუფთავდებოდეს და უკეთდებოდეს დეზინფექცია. გარდა ამისა, ძმები, რომლებიც არიგებენ დახმარებას, ფიზიკურ დისტანციას იცავენ მათგან, ვისაც მას გადასცემენ.

შესაწირავების გონივრულად გამოყენება

 2021 წლის იანვრიდან, კოორდინატორთა კომიტეტის ნებართვით, 25 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი დაიხარჯა კოვიდ-19 პანდემიით დაზარალებულთა დასახმარებლად. ფილიალები და დაზარალებულთა დახმარების კომიტეტები შემოწირულ თანხებს გონივრულად განკარგავენ და ცდილობენ, საჭირო პროდუქტი და ნივთები ხელსაყრელ ფასებში შეიძინონ. მაგალითად, ჩილეში დახმარების კომიტეტს 750 კილოგრამი ოსპი უნდა შეეძინა, მაგრამ იმ თვეში ოსპის ფასი გაორმაგდა. ძმები შეუთანხმდნენ მიმწოდებელს, რომ ოსპს მომატებული ფასით შეიძენდნენ. ორი საათის შემდეგ მათ შეატყობინეს, რომ სხვა შემსყიდველმა გააუქმა ოსპზე შეკვეთა. ამგვარად, ნაცვლად იმისა, რომ შეთანხმებისამებრ ოსპი მაღალ ფასად შეესყიდათ, მიმწოდებელმა ძმებს უთხრა, რომ ოსპში ძველ ფასს გადაახდევინებდა.

 თუმცა, როცა ძმები ოსპის წამოსაღებად მივიდნენ, მიმწოდებელი ცდილობდა, შეკვეთა გაეუქმებინა. მან ძმებს უთხრა, რომ, სხვა ორგანიზაციების მსგავსად, საკვებს ისინიც უსამართლოდ ანაწილებდნენ. ერთმა ძმამ გულში მოკლედ ილოცა და მიმწოდებელს აუხსნა, რომ კარგად ჰქონდათ გამოკვლეული, სინამდვილეში ვინ საჭიროებდა დახმარებას თითოეულ კრებაში. ძმებმა მას უთხრეს, რომ, რადგან და-ძმები სხვადასხვა კულტურული წარმომავლობის იყვნენ, პროდუქტებს მათი მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩევდნენ. მიმწოდებელმა ძმებისგან ისიც შეიტყო, რომ იეჰოვას მოწმეები ნებაყოფლობით იღებდნენ შესაწირავებს და-ძმების დასახმარებლად და უსასყიდლოდ მონაწილეობდნენ დახმარების საქმეში. ამის მოსმენამ მიმწოდებელი გააოცა. ის არა მარტო ოსპის დაბალ ფასად შეძენაზე დათანხმდა, არამედ შემდეგი შეკვეთისთვის 400 კილოგრამი ოსპი აჩუქა ძმებს.

ნამდვილი სიყვარულის მტკიცებულება

 ლიბერიაში ერთი ჩვენი ხანდაზმული ქვრივი და, სახელად ლუსუ, ექვსსულიან ოჯახში ცხოვრობს. ერთ დილას, როცა მათ საუზმე მიირთვეს და დღის მუხლი განიხილეს, ლუსუს შვიდი წლის შვილიშვილმა შენიშნა, რომ სახლში მეტი საჭმელი აღარ ჰქონდათ. ბიჭუნამ იკითხა: „ამის მერე რა უნდა ვჭამოთ?“. ბებიამ დაარწმუნა ბავშვი, რომ იეჰოვა აუცილებლად იზრუნებდა, რადგან დახმარებისთვის უკვე მიმართა მას ლოცვით. შუადღეს ლუსუს კრების უხუცესებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ დახმარების მისაღებად მისულიყო. ის იხსენებს: „ჩემმა შვილიშვილმა ახლა უკვე იცის, რომ იეჰოვა ისმენს და პასუხობს ლოცვებს, რადგან მან შეისმინა ჩემი ლოცვა“.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბავშვებმა მიღებული დახმარებისთვის მადლიერების ნიშნად სურათები დახატეს.

 ერთი ქალბატონი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩვენი თანამორწმუნეების მეზობლად ცხოვრობს. როდესაც მან დაინახა, რომ ამ ოჯახმა თანაქრისტიანებისგან დახმარება მიიღო, თქვა: „პანდემიის მერე ჩვენც იეჰოვას მოწმეები გავხდებით, რადგან ამ რთულ პერიოდში ისინი ზრუნავენ თავიანთ ძმებზე და დებზე“. მისმა ქმარმა ჰკითხა: „ერთი ტომარა ბრინჯის გამო უნდა გახდე იეჰოვას მოწმე?“. ცოლმა მიუგო: „ბრინჯის გამო არა, მაგრამ იმ ნამდვილი სიყვარულის გამო კი, რისი მტკიცებულებაც ეს ბრინჯია.“.

 პანდემიის პერიოდში და-ძმები ასე სწრაფად ვერ იზრუნებდნენ თანაქრისტიანების საჭიროებებზე, თქვენი გულუხვი შესაწირავები რომ არა. დიდი მადლობა შესაწირავებისთვის, რომელსაც იღებთ ვებგვერდზე donate.jw.org-ზე აღწერილი სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.