ᲣᲝᲠᲔᲜ ᲠᲔᲘᲜᲝᲚᲓᲡᲘ|ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ
„სპორტულ კარიერას იეჰოვას მსახურება ვარჩიე“
ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქიდან მოშორებით, და-ძმები კოცონის ირგვლივ ვისხედით და ჩვენს ისტორიებს ვყვებოდით; ვიხსენებდით, ვის როგორ დაგვეხმარა იეჰოვა. ჩემი ძვირფასი მეუღლეც გვერდს მიმშვენებდა და კმაყოფილი ღიმილით უსმენდა და-ძმების მონათხრობს. მსგავს სიტუაციაში მანამდეც არაერთხელ ვყოფილვართ სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე და-ძმებთან. ჩვენ ერთად არაერთი თავგადასავალი გადაგვხდა; იეჰოვას მსახურებამ ისეთ ადგილებში მიგვიყვანა, სადაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მოვხვდებოდი. ახალგაზრდობაში შემეძლო სულ სხვაგვარად წარმემართა ჩემი ცხოვრება, მაგრამ ასე არ მოვიქეცი. ნება მიბოძეთ, მოგითხროთ ჩემ შესახებ.
გავიზარდე ავსტრალიის ერთ სოფელში. ჩემმა მშობლებმა და პაპა-ბებიამ ჭეშმარიტება 1950-იან წლებში გაიგეს. სულ რაღაც 6 წლის ვიყავი, ქადაგება რომ დავიწყე, 13 წლისა კი მოვინათლე. სკოლის არდადეგების დროს ხშირად დამხმარე პიონერად ვმსახურობდი. იეჰოვა ძალიან მიყვარდა და მინდოდა, მთელი ცხოვრება მისთვის მემსახურა.
მშობლებთან და ჩემს ოთხ ძმასთან ერთად
15 წლის რომ ვიყავი, ჩემმა მწვრთნელებმა შენიშნეს, რომ კარგი სპორტული მონაცემები მქონდა. მალევე რაგბის პროფესიონალური ლიგის წარმომადგენლებისგან შემოთავაზება მივიღე, რომ თუ მათ გუნდში ვითამაშებდი, სწავლას დამიფინანსებდნენ. ეს შესაძლებლობას მომცემდა, პროფესიონალი მორაგბე გავმხდარიყავი. ამ იდეამ ძალიან მომხიბლა, თუმცა უკვე იეჰოვასთვის მქონდა თავი მიძღვნილი. მამამაც მირჩია, კარგად მეფიქრა, სანამ არჩევანს გავაკეთებდი. მისი რჩევა გავითვალისწინე და მივხვდი, რომ შეუძლებელი იყო, იეჰოვასთვისაც ბოლომდე დავხარჯულიყავი და სპორტული კარიერაც ამეწყო. რამდენიმე თვის შემდეგ ავსტრალიის სპორტის ინსტიტუტიდანაც მივიღე შემოთავაზება – შემეძლო მარათონში მიმეღო მონაწილეობა და ავსტრალიის სახელით მეასპარეზა ისეთ ტურნირებზე, როგორებიცაა „თანამეგობრობის თამაშები“ თუ „ოლიმპიური თამაშები“. ღვთისადმი ძლიერი სიყვარულის გამო ამ ყველაფერზეც უარი ვთქვი.
მალე სკოლაც დავამთავრე და პიონერობას შევუდექი. თუმცა იმის გამო, რომ ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირდა, მალევე მომიწია, პიონერობა შემეწყვიტა და სრულ განაკვეთზე მემუშავა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ოპერატორად. მაშინ დაახლოებით 18 წლის ვიყავი; იქიდან მოყოლებული დამოუკიდებლად დავიწყე თავის რჩენა. რაღაც დროის შემდეგ იეჰოვას მსახურება ჩემთვის მექანიკური გახდა. სიხარულს ვეღარ განვიცდიდი და სულიერადაც ამოვვარდი ფორმიდან. ისეთ ახალგაზრდებსაც დავუმეგობრდი, რომლებიც ბევრს სვამდნენ და უზნეოდ ცხოვრობდნენ. ზოგჯერ მეც მიჩნდებოდა სურვილი, მათსავით მეცხოვრა. იეჰოვასთან ურთიერთობას დროებითი სიამოვნება ვარჩიე.
ცვლილებები რომ მომეხდინა, სამეგობრო წრე შევიცვალე და სხვა ქალაქში გადავედი საცხოვრებლად. ნელ-ნელა აღვიდგინე იეჰოვასთან ურთიერთობა და გადავწყვიტე, განმეახლებინა პიონერად მსახურება. მოგვიანებით გავიცანი ერთი მორიდებული გოგონა ლინ მაკშერი, რომელიც მეზობელი სოფლიდან იყო და პიონერად მსახურობდა. ჩვენ მალევე დავმეგობრდით. ხშირად ვსაუბრობდით ჩვენს მიზნებზე; ორივეს გვინდოდა მისიონერობა და გადაწყვეტილი გვქონდა, რომ მთელი ცხოვრება იეჰოვასთვის მიგვეძღვნა. 1993 წელს დავქორწინდით. მზად ვიყავით, იქ გვემსახურა, სადაც იეჰოვა ჩათვლიდა საჭიროდ.
ყველაფერს ვაკეთებთ მიზნების მისაღწევად
დაქორწინებისთანავე მეც დავიწყე პიონერობა. გადავწყვიტეთ, უბრალოდ გვეცხოვრა და ვალები არ აგვეღო. შევიძინეთ სახლ-მანქანა. ექვსი წლის განმავლობაში იქ გადავდიოდით, სადაც ფილიალი გვირჩევდა. თავი რომ გვერჩინა, სხვადასხვა სამუშაოს ვასრულებდით. ვმსახურობდით პატარა კრებებში, კუინზლენდის ვრცელ, ვაკე და მშრალ ტერიტორიებზე. ხშირად ვბანაკდებოდით ქალაქიდან მოშორებით და კრებებს ღია ცის ქვეშ ან საზოგადოებრივ შენობებში ვატარებდით. ძალიან ბედნიერები ვიყავით. თუმცა ყოველთვის გვქონდა სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტი გაგვეკეთებინა. მალე ეს სურვილიც აგვიხდა.
შეხვედრას ვატარებთ ტყეში დაშორებულ სოფლებში მსახურების დროს.
მისიონერებად დავინიშნეთ სხვა ქვეყანაში. თუმცა ამ დავალების შესასრულებლად თავს შეუფერებლად მივიჩნევდით, რადგან სკოლა „გალაადი“ არ გვქონდა გავლილი, სადაც მისიონერებს ამზადებენ. მსახურება კი გვიყვარდა, მაგრამ ვფიქრობდით, რომ კარგი მასწავლებლები არ ვიყავით. იმ ტერიტორიებზე, სადაც ადრე ვმსახურობდით, ბევრი ბიბლიის შემსწავლელი არ გვყოლია, ამიტომ გამოცდილება გვაკლდა.
ჩვენი საწუხარი ფილიალის კომიტეტის წევრს, მაქს ლოიდს a გავანდეთ. მან გვითხრა, რომ თუ უარს არ ვიტყოდით ამ დავალების შესრულებაზე, იეჰოვას დახმარებით ყველაფერს თავს გავართმევდით. მისმა მამობრივმა მზრუნველობამ წაგვახალისა, უარი არ გვეთქვა ახალ დავალებაზე. ასე რომ, შრი-ლანკაში გავემგზავრეთ.
რთული დავალება
1999 წელს კოლომბოში, შრი-ლანკის დედაქალაქში ჩავედით. იქაური ცხოვრების ტემპი ძალიან განსხვავდებოდა სოფლის მშვიდი ცხოვრებისგან, რასაც ავსტრალიაში ვიყავით შეჩვეული. აქ საკუთარ თავზე გამოვცადეთ სამოქალაქო ომი და სიღარიბე; ჩვეულებრივი რამ იყო ხალხით გადატვირთული ადგილები; ყველგან ნახავდით ადამიანებს, რომლებიც მოწყალებას ითხოვდნენ. სირთულეს წარმოადგენდა ისიც, რომ ხალხი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდა. თუმცა შრი-ლანკას განსაკუთრებულს ხდიდნენ ჩვენი ძვირფასი და-ძმები და უამრავი თავმდაბალი ადამიანი, რომელთაც ჯერ არაფერი სმენოდათ იეჰოვას შესახებ.
ჩვენ კანდიში დაგვნიშნეს, ქალაქში, რომელიც ულამაზეს ფერდობზეა გაშენებული. მას გარს ჩაის პლანტაციები და ტყეები ერტყმის. ეს ქალაქი ბუდისტური ტაძრების სიმრავლითაა ცნობილი. ადგილობრივებიდან თითქმის არავინ იცოდა მოსიყვარულე შემოქმედის არსებობის შესახებ. ჩვენს კრებაში სინჰალურ და ტამილურ ენებზე მოლაპარაკე და-ძმები მსახურობდნენ და შეხვედრებსაც ორივე ენაზე ატარებდნენ. სინჰალური ენის შესწავლა ძალიან რთული იყო. ლაპარაკისას ხშირად ვუშვებდით შეცდომებს და ბევრს ვაცინებდით სხვებს. თუმცა და-ძმები და ბიბლიის შემსწავლელები აფასებდნენ ჩვენს მონდომებას.
შრი-ლანკაში ვკითხულობ მოხსენებას, რომელსაც ძმები სინჰალურ და ტამილურ ენებზე თარგმნიან.
სამწუხაროდ, ენის შესწავლა არ ყოფილა ყველაზე დიდი სირთულე იქ მსახურებისას. ცხოვრებაში პირველად გავხდით სასტიკი დევნის ობიექტები რწმენის გამო. ერთხელ, ერთ სოფელში ქადაგებისას, მე და ერთ ძმას გაშმაგებული ბრბო გარს შემოგვერტყა. ლიტერატურა დაგვიწვეს, ჩვენ კი სასტიკად გვცემეს. იეჰოვას ვთხოვდით, სიმშვიდე მოეცა ჩვენთვის და თუ ვერ გადავრჩებოდით, თავის დროზე გავეხსენებინეთ. საბედნიეროდ, ბრბომ შეწყვიტა ჩვენი ცემა და თავი დაგვანება. სოფლიდან რომ გამოვდიოდით, შიშისგან ვცახცახებდით; თან იეჰოვას მადლობას ვუხდიდით, ცოცხლები რომ გადავრჩით.
დროთა განმავლობაში იქაურობა ძალიან შეგვიყვარდა. მართალია, ომის შედეგად ქვეყანა დაყოფილი იყო, მაგრამ გვიხაროდა იმის დანახვა, თუ როგორ აერთიანებდა იეჰოვა ჭეშმარიტებას მოწყურებულ ადამიანებს. ამ კუნძულთან ბევრი სასიამოვნო მოგონება გვაკავშირებს. სამწუხაროდ, იქ გადასვლიდან ორ წელიწადში ხელისუფლებამ რელიგიურ წინამძღოლებს ჩვენი დევნის უფლება მისცა. ამიტომ მისიონერების უმეტესობას ქვეყნის დატოვება მოგვიწია.
მომდევნო რამდენიმე კვირა გაურკვევლობაში ვიყავით – არ ვიცოდით, რა როგორ განვითარდებოდა და სად მოგვიწევდა წასვლა. ბოლოს, ხელმძღვანელმა საბჭომ პაპუა-ახალ გვინეაში გაგვგზავნა. 2001 წლის სექტემბერში ქვეყნის დედაქალაქში, პორტ-მორზბიში ჩავედით.
პაპუა-ახალი გვინეა – მრავალფეროვანი ქვეყანა
მართალია, პაპუა-ახალი გვინეა ავსტრალიის უახლოესი მეზობელი ქვეყანაა, მაგრამ ამ ორი ქვეყნის ყოველდღიურობა და კულტურა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ ისევ ახალ გარემოს უნდა შევგუებოდით. ჩვენ დავიწყეთ ტოკ პისინის შესწავლა, რომელიც 800 ადგილობრივ ენას შორის ყველაზე გავრცელებული ენაა.
ქალაქ პოპონდეტაში სამწლიანი მსახურების შემდეგ სარაიონო მსახურებას შევუდექით. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა სარაიონო ზედამხედველების მოწიფულობა და ის, თუ როგორ ასწავლიდნენ ბიბლიას და როგორ უწევდნენ და-ძმებს ხელმძღვანელობას. ვფიქრობდი, რომ მე ამ სახის მსახურებისთვის არ გამოვდგებოდი. თუმცა დღემდე ძალიან ვაფასებ, რომ იეჰოვამ ასეთი განსაკუთრებული მსახურების პატივი მარგუნა.
ვინახულებთ ჯგუფს პაპუა-ახალი გვინეის პროვინციაში, დასავლეთ სეპიკში.
ფილიალში გასაგზავნად ანგარიშს ვამზადებ პაპუა-ახალი გვინეაში ჯგუფის მონახულების შემდეგ.
როცა და-ძმებს ქალაქებში ვინახულებდით, ჩვეულებრივ, ისეთ სახლებში ვრჩებოდით, სადაც ელექტროენერგიაც გვქონდა, წყალიც და საძინებელი ოთახიც. სოფლებში კი ეს კომფორტი გვაკლდა. ხშირად ქოხში ვიძინებდით, საკვებს გარეთ, კოცონზე ვამზადებდით და მდინარეში ვბანაობდით. თუმცა, თუ ახლომახლო ნიანგებს მოვკრავდით თვალს, გვიწევდა, წყალი ვედროთი ქოხში წაგვეღო და იქ გვებანავა.
სარაიონოდ რომ გვემსახურა, ძალიან დიდი ფიზიკური გამძლეობა გვჭირდებოდა. თუმცა დარწმუნებული ვიყავით, რომ თუ მოვინდომებდით, იეჰოვას დახმარებით ყველაფერს თავს გავართმევდით (მსაჯულები 6:14). ბევრი კრების და ჯგუფის მოსანახულებლად ტროპიკულ ტყეებში, ჭაობიან ადგილებში თუ კლდოვან მთებში გვიწევდა მისვლა, რაც ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. რით აღარ გვიმგზავრია – ნავით, თვითმფრინავით, ორხიდიანი მანქანით ან უბრალოდ ფეხით. b
ლინი არასდროს უშინდებოდა სირთულეებს მსახურების დროს.
ინდონეზიის საზღვართან ერთ-ერთი კრება რომ მოგვენახულებინა, მტვრიან და უსწორმასწორო გზებზე 350 კილომეტრზე მეტი უნდა გვემგზავრა. 200-ზე მეტჯერ გვიწევდა მდინარის გადალახვა. იშვიათ შემთხვევაში გვიმართლებდა და მდინარეზე გადასასვლელი ხიდიც გვხვდებოდა. წლების მანძილზე უამრავი დრო დაგვიხარჯავს სქელი და წებოვანი ტალახიდან მანქანის ამოსაყვანად; ყველაფერს ვაკეთებდით დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, რადგან ვიცოდით, რომ იქ და-ძმები გველოდებოდნენ, რომლებსაც ერთი სული ჰქონდათ, ცხელი კერძებით გაგვმასპინძლებოდნენ.
პაპუა-ახალ გვინეაში მგზავრობა მთელი თავგადასავალი იყო.
როდესაც მთიან რეგიონებში პატარა თვითმფრინავით ვმგზავრობდით, პილოტს ხშირად უწევდა, ღრუბლებს შორის სივრცე მოეძებნა და ქვემოთ ჩაეხედა, რომ ენახა ბავშვები ან ცხოველები ხომ არ იყვნენ იმ ადგილზე, სადაც უნდა დაშვებულიყო. შემდეგ ჩვენ ვემზადებოდით არც ისე უსაფრთხო დაშვებისთვის ტალახიან და უსწორმასწორო ადგილზე, რომელიც ზღვის დონიდან სადღაც 2 000 მეტრზე მდებარეობდა. ხშირად უკან დასაბრუნებელი ერთადერთი გზა ისევ თვითმფრინავი იყო, ასაფრენი ბილიკი კი კლდის კიდეზე მთავრდებოდა და აფრენის დროს თითქოს კლდიდან უფსკრულში ვეშვებოდით. c
ზოგჯერ ფეხით მივუყვებოდით მთის ციცაბო ბილიკებს ან ჭაობიან ადგილებს, სადაც საშინელი სიცხე, ნესტი და უჰაერობა იყო. თან ზურგჩანთები მიგვქონდა, რომლებიც სავსე იყო ლიტერატურით და აუცილებელი ნივთებით. და-ძმების წყალობით, რომლებიც თან გვახლდნენ, ეს ერთი შეხედვით უსიამოვნო მგზავრობა სასიამოვნო წუთებად იქცეოდა. გზაში ბევრს ვსაუბრობდით და კარგადაც ვხალისობდით.
მდინარე კერამზე ნავით მგზავრობის დროს
და-ძმების მიმართ ჩვენც ისეთივე გრძნობები გვქონდა, როგორიც პავლე მოციქულს, რომელმაც დაწერა: „რაკი დიდი სიყვარულით ვართ თქვენდამი გამსჭვალულნი, გადავწყვიტეთ,.. თავიც არ დაგვეზოგა თქვენთვის, რადგან შეგვიყვარდით“ (1 თესალონიკელები 2:8). საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდით, რომ და-ძმებსაც ძალიან ვუყვარდით. ისინი მზად იყვნენ, ჩვენ დასახმარებლად სიცოცხლეც კი ჩაეგდოთ საფრთხეში, მაგალითად მაშინ, როცა შეიარაღებული დაჯგუფებებისგან გვიცავდნენ. ერთხელ, მსახურებაში ყოფნის დროს ლინს ერთი მამაკაცი დაემუქრა, რომელსაც ხელში მაჩეტე ეჭირა. მე იმ დროს მის გვერდით არ ვიყავი, რომ დამეცვა. მამაკაცს ის-ის იყო ლინისთვის უნდა დაერტყა, რომ უცებ ერთი ჩვენი ძმა ჩადგა მასა და ლინს შორის, სხვები კი ამ კაცის შეჩერებას შეეცადნენ. საბედნიეროდ, ძმამ სხეულის მხოლოდ მცირე დაზიანება მიიღო. ყოველდღიურად ვგრძნობდით, როგორ გვიცავდა იეჰოვა ქვეყანაში, სადაც უკანონობა და კრიმინალი ჩვეულებრივი რამ იყო. შედეგად, თავისუფლად ვახერხებდით და-ძმებზე სულიერად ზრუნვას.
2010 წელს ლინს ბაქტერიული ინფექციის გამო ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად ავსტრალიაში მოგვიწია გაფრენა, რადგან პაპუა-ახალ გვინეაში სათანადო სამედიცინო მომსახურება არ იყო ხელმისაწვდომი. თავიდან ექიმები ვერ იგებდნენ, როგორ ემკურნალათ ლინისთვის, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ მიაკვლიეს სამკურნალო საშუალებას. ერთ-ერთმა მათგანმა გვითხრა: „თქვენ ღმერთს ემსახურებით და ყველაფერს აკეთებთ მისთვის, ახლა კი ის აკეთებს ყველაფერს თქვენ დასახმარებლად“. რამდენიმე თვის შემდეგ დავუბრუნდით სარაიონო მსახურებას პაპუა-ახალ გვინეაში.
შინ ბევრი საქმე დაგვხვდა
მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ლინს პერიოდულად უწევდა ავსტრალიაში ჩასვლა მკურნალობის გასაგრძელებლად. 2012 წელს ფილიალმა გვირჩია, ავსტრალიაში დავრჩენილიყავით და გვეზრუნა ჯანმრთელობაზე. ამდენი ხნის შემდეგ უკან დაბრუნება და ამ ცვლილებასთან შეგუება ემოციურად ძალიან გაგვიჭირდა. რთული აღმოჩნდა ჩვენთვის ძვირფას მეგობრებთან განშორება და სარაიონო მსახურების შეწყვეტა. ისეთი განცდა გვქონდა, რომ თითქოს მონდობილ საქმეს თავი ვერ გავართვით და იეჰოვასთვის ბევრს ვეღარაფერს გავაკეთებდით. უკვე იმდენი წელი იყო, ავსტრალიაში აღარ გვეცხოვრა, რომ ხელახლა მოგვიწია აქაურობასთან შეგუება. ადგილობრივი და-ძმები ძალიან დაგვიდგნენ გვერდში.
ლინის გამოჯანმრთელების შემდეგ სპეციალურ პიონერებად გაგვგზავნეს სამხრეთ სიდნეიში, ვულონგონგში (ახალი სამხრეთი უელსი). ერთი წლის შემდეგ მიგვიწვიეს ბიბლიურ სკოლაში ქრისტიანი წყვილებისთვის (ამჟამად „სამეფოს მახარობელთა სკოლა“), რამაც უზომოდ გაგვახარა. სკოლის შემდეგ ისევ სარაიონო მსახურებას შევუდექით. არაერთი წლის განმავლობაში ვინახულებდით კრებებსა და ჯგუფებს ხალხმრავალ ქალაქებში, ცივილიზაციას მოწყვეტილ დაბებსა თუ მეთევზეების სოფლებში. ჩვენი ამჟამინდელი რაიონი მოიცავს ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ნახევარუდაბნოს და აღმოსავლეთ ტიმორს.
აღმოსავლეთ ტიმორში ქადაგების დროს
ბედნიერი ვარ, რომ გვერდით მყავს მზრუნველი და სულიერად მოაზროვნე მეუღლე – უძვირფასესი საჩუქარი იეჰოვასგან. ლინი ყოველთვის მზად არის, იეჰოვასგან დავალებული ნებისმიერი საქმე შეასრულოს. როცა ეკითხებიან, როგორ უმკლავდება სირთულეებს, ის პასუხობს: „ყველაფერზე იეჰოვას ვესაუბრები“. ამასთანავე, ლინი ყოველდღე კითხულობს ღვთის სიტყვას და იეჰოვას უსმენს. ეს ეხმარება, სწორი განწყობა ჰქონდეს და სწორად მოიქცეს.
არასოდეს მინანია, რომ სპორტულ კარიერას იეჰოვას მსახურება ვარჩიე. საკუთარ თავზე გამოვცადე, როგორ გვამზადებს იეჰოვა ნებისმიერი დავალების შესასრულებლად. მთავარია, უარი არ ვთქვათ ღვთისგან მონდობილ საქმეზე. ვისწავლე, რომ სირთულეების დროს და გადაწყვეტილებების მიღებამდე ყოველთვის ვილოცო და იეჰოვას სიბრძნე და წმინდა სული ვთხოვო. ჩვენი მზრუნველი ზეციერი მამის წყალობით აზრიანი და კმაყოფილებით სავსე ცხოვრება გვაქვს. მზად ვართ, მის ხელში „თიხის ჭურჭელივით“ ვიყოთ და კვლავაც შევასრულოთ ნებისმიერი საქმე, რასაც დაგვავალებს (2 კორინთელები 4:7).
a მაქს ლოიდის ავტობიოგრაფია დაიბეჭდა 2012 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 17–21.
b იხილეთ 2011 წლის „იეჰოვას მოწმეების წელიწდეული“, გვერდები 129–134, სადაც მოთხრობილია, რა გადაგვხდა ერთხელ ნავით მგზავრობისას.
c იხილეთ 2010 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკის“ სტატია „ღრუბლებში ამოწვერილი „მარჯნის რიფი“, გვერდები 16, 17.

