ᲢᲐᲞᲐᲜᲘ ᲕᲘᲘᲢᲐᲚᲐ | ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ
ყრუ-მუნჯთა დახმარების ძლიერი სურვილი მქონდა
პირველად იეჰოვას მოწმეებს რომ შევხვდი, მათ ბიბლიიდან წამაკითხეს, რომ ერთ დღესაც ყრუ-მუნჯებს სმენა დაუბრუნდებოდათ (ესაია 35:5). მართალი რომ ვთქვა, ამ დაპირებას დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია ჩემზე, რადგან ყრუ-მუნჯი დავიბადე და ჩემთვის რთული წარმოსადგენი იყო, რა გრძნობაა, როცა რაღაც გესმის. თუმცა, როცა მითხრეს, რომ ღვთის სამეფო უსამართლობას, ომებს, ავადმყოფობას და სიკვდილს წერტილს დაუსვამს, გულში იმედი ჩამესახა და მაშინვე გამიჩნდა იმის ძლიერი სურვილი, რომ ეს ინფორმაცია სხვა ყრუ-მუნჯებისთვისაც გამეზიარებინა.
დავიბადე 1941 წელს ფინეთის ერთ ქალაქში, ვირატში. ჩემი მშობლებიც, პატარა და-ძმაც და ნათესავების უმეტესობაც ყრუ-მუნჯია და ერთმანეთს ჟესტურ ენაზე ვესაუბრებით.
ბიბლია იმედს მისახავს
სკოლა-ინტერნატში ვსწავლობდი, რომელიც ჩემი სახლიდან დაახლოებით 240 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. იქ აკრძალული იყო ჟესტურ ენაზე საუბარი. იმ პერიოდში ყრუ-მუნჯთა სკოლებში სწავლების ზეპირ მიდგომას იყენებდნენ და გვაიძულებდნენ, რომ სალაპარაკო ენა და ტუჩების მოძრაობის კითხვა გვესწავლა. საუბრისას ჟესტებს თუ გამოვიყენებდით, მასწავლებლები ხელებზე სახაზავს ან საჩვენებელ ჯოხს ისე მწარედ გვირტყამდნენ, რომ თითები რამდენიმე დღე დასიებული გვქონდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო კოლეჯში დავიწყე სწავლა, რადგან ჩემს მშობლებს ფერმა ჰქონდათ და ჩემი ცოდნა ოჯახსაც გამოადგებოდა. როცა სახლში დავბრუნდი, მაგიდაზე ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ დავინახე. მამაჩემმა მითხრა, რომ ამ ჟურნალებში ბიბლიური საკითხები იყო ახსნილი და ერთი წყვილი მას და დედას ბიბლიას ასწავლიდა. ამ წყვილმა ჟესტური ენა არ იცოდა, ამიტომ სათქმელს ფურცელზე უწერდნენ ჩემს მშობლებს.
მამამ მითხრა, რომ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს დედამიწა სამოთხედ გადაიქცეოდა და მკვდრები აღდგებოდნენ. მე ვიცოდი, რომ ადამიანები სიკვდილის შემდეგ ზეცაში მიდიოდნენ და ვიფიქრე, რომ მამაჩემმა ვერ გაიგო იმ წყვილს, რისი თქმა სურდა.
როცა ეს წყვილი ჩემს მშობლებს ესტუმრნენ, ამ საკითხზე მათ კითხვები დავუსვი. თურმე მამაჩემს ყველაფერი სწორად გაუგია. მათ იოანეს 5:28, 29-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები წამაკითხეს, სადაც ის ამბობს, რომ მკვდრები აღდგებიან. ისიც მითხრეს, რომ ღმერთი წერტილს დაუსვამდა ბოროტებას, დაამყარებდა მშვიდობას და ადამიანები სრულყოფილი ჯანმრთელობით მარადიულად გაიხარებდნენ დედამიწაზე ცხოვრებით (ფსალმუნი 37:10, 11; დანიელი 2:44; გამოცხადება 21:1—4).
კიდევ მეტის გაგება მსურდა, ამიტომ შესწავლა დავიწყე. ბიბლიას ანტერო მასწავლიდა, რომელმაც ჟესტური ენა არ იცოდა. პასუხებს ფურცელზე ვწერდი და ასე ვაგებინებდი, რისი თქმა მინდოდა. თუ დამატებითი კითხვის დასმა სურდა, ისიც ფურცელზე წერდა მას. ამ მეთოდით ანტერო ყოველკვირა ორი საათის განმავლობაში მასწავლიდა ბიბლიას, რასაც მისი მხრიდან დიდი მოთმინება სჭირდებოდა.
1960 წელს იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესს დავესწარი, სადაც პროგრამა ჟესტურ ენაზეც ითარგმნებოდა. პარასკევს გამოცხადდა, რომ მომდევნო დღეს ნათლობა გაიმართებოდა. ამიტომ შაბათ დილით ჩანთაში გამოსაცვლელი ტანსაცმელი ჩავაწყვე და მოსანათლად a გავემზადე. არც ისე დიდი ხნის შემდეგ ჩემი და-ძმაც და მშობლებიც მოინათლნენ.
მთელი ოჯახი ნათლობის შემდეგ
ბიბლიურ ჭეშმარიტებას ვუზიარებ ყრუ-მუნჯებს
მინდოდა, ნასწავლი ყრუ-მუნჯებისთვის გამეზიარებინა, ამიტომ ჩემს ქალაქში მთელი შემართებით შევუდექი ჟესტურ ენაზე ქადაგებას.
მალე დიდ ქალაქ ტამპერეში გადავედი. კარდაკარ დავდიოდი და ხალხს ვეკითხებოდი, ვინმე ყრუ-მუნჯი ხომ არ ცხოვრობდა მათ უბანში. ასე დავიწყე ბიბლიის შესწავლები და რამდენიმე წელში უკვე ათზე მეტი ყრუ-მუნჯი მაუწყებელი ქადაგებდა სასიხარულო ცნობას ტამპერეში.
1965 წელს ერთი და, მაირე, გავიცანი და მომდევნო წელს დავქორწინდით. მაირემ სწრაფად აითვისა ჟესტური ენა. ის ათწლეულების მანძილზე მხარში მედგა და ჩემთან ერთად ემსახურებოდა იეჰოვას.
ჩვენი ქორწილის დღე, 1966 წ.
ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ ვაჟი შეგვეძინა, რომელსაც მარკო დავარქვით. მას სმენის პრობლემა არ ჰქონია, ამიტომ ფინურიც იცის და ფინური ჟესტური ენაც. მარკო 13 წლის მოინათლა.
დროთა განმავლობაში ჩვენს ჟესტურენოვან ჯგუფს ტამპერეში ახალი მაუწყებლებიც შემოუერთდნენ. ამიტომ 1974 წელს ქალაქ ტურკუში გადავედით, სადაც არც ერთი ყრუ-მუნჯი იეჰოვას მოწმე არ იყო. ისევ კარდაკარ შევუდექით მათ ძებნას. ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში 12 ადამიანს დავეხმარეთ იეჰოვას გაცნობაში.
მსახურება ბალტიისპირეთში
1987 წელს მარკო ბეთელში მიიწვიეს. ტურკუში არსებული ჟესტურენოვანი ჯგუფიც საკმაოდ მოძლიერდა, ამიტომ სხვაგან გადასვლაზე ფიქრი დავიწყეთ.
იმ პერიოდში აღმოსავლეთ ევროპაში თავისუფლად ქადაგების შესაძლებლობა მოგვეცა. 1992 წლის იანვარში ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გავემგზავრე ერთ ყრუ-მუნჯ ძმასთან ერთად.
იქ ერთი და გავიცანით, რომლის ძმაც ყრუ-მუნჯი იყო. მართალია, მას დიდად არ აინტერესებდა ბიბლიური ჭეშმარიტება, მაგრამ უამრავი ყრუ-მუნჯის მოძებნაში დაგვეხმარა. ტალინში ჩვენი ყოფნის ბოლო ღამეს, მან ესტონეთის ყრუ-მუნჯთა გაერთიანების მიერ გამართულ შეხვედრაზე მიგვიყვანა. იქ პატარა მაგიდა დავდგით და ზედ ესტონურ და რუსულ ენებზე გამოცემული ჟურნალები და წიგნები დავალაგეთ. დაახლოებით 100 წიგნი და 200 ჟურნალი გავავრცელეთ და 70 ადამიანის საკონტაქტო ინფორმაცია დავიტოვეთ. სწორედ ამ ღამეს ჩაეყარა საფუძველი სამქადაგებლო საქმიანობას ჟესტურ ენაზე ესტონეთში.
ბალტიისპირეთში ქადაგების პერიოდი
მალევე მე და მაირემ გადავწყვიტეთ, ხშირად ჩავსულიყავით ესტონეთში მსახურებისთვის. სამუშაო საათები შევამცირეთ და პიონერად მსახურება დავიწყეთ. 1995 წელს ჰელსინკთან ახლოს გადავედით საცხოვრებლად, რადგან ასე უფრო მარტივი იყო ტალინში სიარული. უნდა ვაღიარო, ესტონეთში მსახურებამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა!
იქ ძალიან ბევრს სურდა ბიბლიის შესწავლა. ჩვენი შემსწავლელებიდან 16 მათგანი მოინათლა, რომელთა შორის იყო ერთი დედმამიშვილი. ეს დები ყრუ-მუნჯებიც იყვნენ და უსინათლოებიც, ამიტომ ბიბლიის შესწავლას ტაქტილური ენის (შეხებითი ჟესტური ენა) გამოყენებით ვუტარებდით.
საკმაოდ რთული იყო ყრუ-მუნჯებისთვის ბიბლიის შესწავლის ჩატარება. იმ დროს არც ერთი ჟესტურენოვანი პუბლიკაცია არ იყო ხელმისაწვდომი ჩვენს ენაზე. ამიტომ ჩვენი ლიტერატურიდან სურათები ამოვჭერი, წიგნაკში ჩავაწებე და მათი მეშვეობით ვცდილობდი შემსწავლელებისთვის აზრის გადაცემას.
ფინეთის ფილიალიდან ძმებმა მთხოვეს ლატვიასა და ლიეტუვაში ჩავსულიყავი და გამერკვია, როგორ შეიძლებოდა ბალტიისპირეთში მცხოვრებ ჟესტურენოვან ხალხს დავხმარებოდით. რამდენჯერმე ვესტუმრეთ ამ ქვეყნებს და ადგილობრივ და-ძმებს ყრუ-მუნჯების მოძებნაში დავეხმარეთ. ქვეყნების მიხედვით ჟესტური ენაც განსხვავდება. შესაბამისად, მომიწია, რომ მესწავლა ესტონური, ლატვიური და ლიეტუვური ჟესტური ენები. გარდა ამისა, ვისწავლე რუსული ჟესტური ენაც, რათა ბალტიისპირა ქვეყნებში მცხოვრებ რუს ყრუ-მუნჯებთანაც მექადაგა.
სამწუხაროდ, ბალტიისპირეთში რვაწლიანი მსახურების შემდეგ მაირეს პარკინსონის დაავადება დაუდგინდა და ამ ტერიტორიაზე მსახურების შეწყვეტა მოგვიწია.
ყრუ-მუნჯთა დახმარება ორგანიზებულ ხასიათს იღებს
1997 წელს ფინეთში პირველი ჟესტურენოვანი მთარგმნელობითი ჯგუფი ჩამოყალიბდა. ჩვენ ბეთელთან ახლოს ვცხოვრობდით, ამიტომ მე და მაირეს გვთხოვეს, რომ მთარგმნელობით საქმეში ჩვენც მიგვეღო მონაწილეობა. ჯგუფს დროდადრო დღესაც ვეხმარები. იქ ჩვენს ვაჟთან, მარკოსთან, და რძალთან, კირსისთან, ერთად ვასრულებდით ამ საქმეს. მოგვიანებით მარკოს დაავალეს, რომ სხვა ქვეყნებში ჟესტურენოვანი მთარგმნელობითი ჯგუფებისთვის ტრენინგები ჩაეტარებინა.
ფინურ ჟესტურ ენაზე ვიდეოების მომზადების პროცესი
ფილიალმა ორგანიზება გაუწია, რომ მაუწყებლებს ჟესტური ენის შესასწავლი კურსი გაევლოთ. ამ კურსის დახმარებით ბევრი შემოუერთდა ჟესტურენოვან ჯგუფებსა და კრებებს. მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს ჟესტურენოვან ტერიტორიაზე სამქადაგებლო საქმის წინსვლასა და კრებების გაძლიერებაში.
ყრუ-მუნჯთა დახმარების ძლიერი სურვილი
2004 წელს ჰელსინკში მე და მაირე პირველი ფინური ჟესტურენოვანი კრების ჩამოყალიბების მომსწრენიც გავხდით. სამ წელში ის უკვე შემდგარი და ძლიერი კრება იყო, სადაც ბევრი პიონერი მსახურობდა.
ჩვენ კიდევ ერთხელ გადავწყვიტეთ ისეთ ტერიტორიაზე გადასვლა, სადაც მეტი საჭიროება იყო. 2008 წელს, 34 წლის შემდეგ, ჩვენ ისევ ტამპერეში არსებულ ჟესტურენოვან ჯგუფში დავბრუნდით. ერთი წლის შემდეგ ეს ჯგუფი კრებად ჩამოყალიბდა და ფინეთში რიგით მეორე ჟესტურენოვანი კრება გახდა.
დროის სვლასთან ერთად მაირეს ჯანმრთელობა უარესდებოდა. ის 2016 წელს გარდაიცვალა. მართალია, ძალიან მენატრება ჩემი ძვირფასი მეუღლე, მაგრამ მზერა ახალი ქვეყნიერებისკენ მაქვს მიპყრობილი, სადაც კვლავ შევხვდები მას და ავადმყოფობაც აღარ იარსებებს (ესაია 33:24; გამოცხადება 21:4).
თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ 60-წლიანი მსახურების შემდეგაც კი არ გამნელებია ყრუ-მუნჯებისთვის სასიხარულო ცნობის გაზიარების სურვილი.
a დღეს მონათვლის მსურველი ნათლობამდე ჯერ უხუცესებს უნდა გაესაუბროს.

