ᲝᲚᲔᲒ ᲠᲐᲫᲘᲛᲘᲜᲡᲙᲘ | ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ
ციხის გისოსებმა იეჰოვას ვერ ჩამომაშორა
დავიბადე 1964 წელს ციმბირში, სადაც ჩემი ოჯახი უკრაინიდან იყო გადასახლებული. რაც თავი მახსოვს, ჩემი მშობლები და მათი მშობლებიც მზად იყვნენ, ნებისმიერ ფასად შეენარჩუნებინათ ურყევი რწმენა და იეჰოვას ერთგულება, თუნდაც მაშინ, როცა გისოსებს მიღმა იმყოფებოდნენ. პაპაჩემს შვიდი წელი მოუწია ციხეში ყოფნა სარაიონო მსახურების გამო. მოგვიანებით მეც აღმოვჩნდი პატიმრობაში, სადაც ჩემი რწმენა გამოიცადა.
1966 წელს უკრაინაში დავბრუნდით. მახსოვს, როცა ოთხი წლის ვიყავი, პაპაჩემის სანახავად მივდიოდით ხოლმე ციხეში. მატარებლით მივემგზავრებოდით საკმაოდ შორ გზაზე, კრივი-რიჰიდან (უკრაინა) მორდოვეთის (რუსეთის ცენტრალური ნაწილი) შრომა-გასწორების კოლონიაში. მასთან დარჩენა მხოლოდ ორი საათით შეგვეძლო, ისიც მცველების თანდასწრებით. პაპას ნებას რთავდნენ, რომ ხელში ავეყვანე და მუხლებზე დავესვი.
იეჰოვაზე მინდობა სკოლის პერიოდში
მე და ჩემი ძმა მიხაილო (მარჯვნივ)
ადრეული ასაკიდან ხშირად ვხვდებოდი რწმენის გამოცდებს. მაგალითად, როცა ბავშვები სკოლაში შედიოდნენ, სავალდებულო იყო სკოლის ფორმის ტარება. ამ ფორმაზე ხუთქიმიანი ვარსკვლავის ემბლემა იყო მიმაგრებული, რომელსაც ლენინის a გამოსახულება ჰქონდა. რამდენიმე წლის შემდეგ მოსწავლეებს წითელი ყელსაბამის ტარებაც მოეთხოვებოდათ იმის ნიშნად, რომ ისინი მხარს უჭერდნენ ლენინის იდეოლოგიას. მე უარი ვთქვი ამ პოლიტიკური სიმბოლოების ტარებაზე, რადგან ვიცოდი, რომ უპირობო ერთგულება მხოლოდ იეჰოვას მიმართ უნდა გამომევლინა.
მშობლები დამეხმარნენ, იეჰოვა შემყვარებოდა. ისინი მოთმინებით მსჯელობდნენ ჩემთან სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის იმაზე, რატომ უნდა შემენარჩუნებინა პოლიტიკურად ნეიტრალური პოზიცია. ისინი მიხსნიდნენ, რომ თუ ბეჯითი მოსწავლე ვიქნებოდი, იეჰოვას სახელს ამითაც განვადიდებდი.
ერთხელ სკოლაში ჟურნალ „მეცნიერება და რელიგიის“ ჟურნალისტი გვეწვია. ეს ჟურნალი პროპაგანდას უწევდა ათეისტურ იდეოლოგიას. მასწავლებლებმა წინა რიგში დამსვეს; უნდოდათ, ყურადღებით მომესმინა მისი ლექციისთვის, რომლის მიზანიც მოსწავლეების ღვთის არარსებობაში დარწმუნება იყო.
ლექციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტთან მიმიყვანეს, რომ პირადადაც გამსაუბრებოდა. მან მკითხა, რომელ რელიგიას მივეკუთვნებოდი. მეც მაშინვე ვუპასუხე, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი. ამაზე არაფერი უთქვამს. უბრალოდ მადლობა გადამიხადა, რომ მის გამოსვლას ყურადღებით ვუსმენდი. ჩემი მასწავლებლები ამას ნამდვილად არ ელოდნენ.
მთელი ოჯახი მტკიცე პოზიციას ვინარჩუნებთ
ჩვენს სახლში იბეჭდებოდა ბიბლიური ლიტერატურა და შემდეგ ორგანიზება ეწეოდა მის და-ძმებამდე მიტანას. ამ ყველაფერს იეჰოვას დახმარებით ვართმევდით თავს. გარდა ამისა, მამა სარაიონო ზედამხედველადაც მსახურობდა უკრაინის ცენტრალურ ნაწილში.
ერთხელ, 1978 წლის თებერვალში, ჩემი ძმის, პავლიკას, დაბადებამდე ზუსტად ორი დღით ადრე, სკოლიდან რომ დავბრუნდი, მთელი სახლი თავდაყირა დამხვდა. აღმოჩნდა, რომ ჩვენი სახლი პოლიციელებს გაუჩხრიკავთ და მთელი ლიტერატურა წაუღიათ.
მეორე დღეს სკოლაში მე და ჩემს ძმას, მიხაილოს, მასწავლებლები თვალს არ გვაშორებდნენ; ფიქრობდნენ, რომ ამერიკის ჯაშუშების შვილები ვიყავით. დროთა განმავლობაში ბევრი მათგანი მიხვდა, რომ ცდებოდა. ზოგი ჩემი კლასელი მოგვიანებით იეჰოვას მოწმეც კი გახდა.
1981 წელს ჩვენი სახლი ისევ გაჩხრიკეს. მიუხედავად იმისა, რომ 18 წლის ჯერ არ ვიყავი, მამასთან და ბაბუასთან ერთად პროკურატურაში დაკითხვაზე მეც გამომიძახეს. დაშინების მიზნით მთავარი გამომძიებელი დაპატიმრებით დამემუქრა. ამის პარალელურად ჩემთან სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ერთი მამაკაცი მოვიდა, რომელიც შესანიშნავ მომავალს მპირდებოდა მათთან თანამშრომლობის სანაცვლოდ. ფაქტობრივად, ერთი დასჯით მემუქრებოდა, მეორე კი ოცნების კოშკებს მიგებდა. ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით მახსენებდნენ, რომ მამაჩემს, ბაბუაჩემს და ბიძებსაც მოუწიათ სასჯელის მოხდა ციხეში რწმენის გამო. წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ჩემი ოჯახის წევრების გამოცდილება კი არ მაშინებდა, პირიქით, იმის რწმენას მიძლიერებდა, რომ იეჰოვას დახმარებით მეც ავიტანდი მსგავს განსაცდელს (ფილიპელები 4:13).
მარცხნიდან მარჯვნივ: მამაჩემი, მე, პავლიკა, დედაჩემი და მიხაილო ჩემს დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე
ციხეშიც ვინარჩუნებ ერთგულებას
18 წლის გავხდი თუ არა, მეორე დღესვე სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყება მომივიდა. სამხედრო სამსახურზე უარი განვაცხადე, რის გამოც წინასწარი დაკავების იზოლატორში გამგზავნეს. ოთახში, სადაც მხოლოდ 34 საწოლი იყო, 85 ადამიანი ვიყავით. ამიტომ რიგრიგობით გვიწევდა დაძინება. კვირაში მხოლოდ ერთხელ შეგვეძლო შხაპის მიღება.
საკანში რომ შემიყვანეს და ჩემ უკან რკინის კარის დაკეტვის ხმა გაისმა, ყველამ ერთდროულად ჩემკენ გამოიხედა. ერთ-ერთმა მამაკაცმა მაშინვე კითხვები დამაყარა ჩემი ბრალდების შესახებ. იმ მომენტში დანიელი გამახსენდა, რომელიც ლომების ხაროში ჩააგდეს, თუმცა უვნებელი გადარჩა. მართალია, ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ დანიელის შემთხვევაზე ფიქრი დამეხმარა, იეჰოვას მივნდობოდი და სიმშვიდე შემენარჩუნებინა (ესაია 30:15; დანიელი 6:21, 22).
ერთხელ, სადილის შემდეგ, ერთმა პატიმარმა რწმენასთან დაკავშირებით კითხვები დამისვა. ნელ-ნელა მთელ საკანში სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა ჩვენ გვისმენდა. 4-5 საათი ვსაუბრობდი მათთან ჩემს რწმენაზე. ვერ წარმოიდგენთ, როგორი მადლიერი ვიყავი იეჰოვასი, ამის გაკეთების ძალა რომ მომცა!
სასამართლო პროცესის დაწყებამდე იეჰოვას ვემუდარებოდი, დამხმარებოდა, გაბედულად დამეცვა ჩემი პოზიცია. პროკურორის თქმით, რწმენას იმის მიზეზად ვიყენებდი, რომ სამხედრო სამსახურისთვის თავი ამერიდებინა. შევეცადე, სასამართლო იმაში დამერწმუნებინა, რომ სამხედრო სამსახურის შესრულებით ყველაზე ძლევამოსილ პიროვნებას გავანაწყენებდი. მიუხედავად ამისა, 1982 წელს სასამართლომ დამნაშავედ მცნო და შრომა-გასწორების კოლონიაში ორწლიანი პატიმრობა შემიფარდა.
კოლონიაში ჩემ გარდა ხუთი იეჰოვას მოწმე იყო. მართალია, ძალიან ცოტა ხნით, ზოგჯერ სულ რამდენიმე წუთით, შეგვეძლო ერთმანეთთან საუბარი, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდით, ერთ მუხლზე მაინც გვემსჯელა. ბიბლია არცერთს არ გვქონია, მაგრამ ამ დანაკლისს გარკვეულწილად მეგობრების და ოჯახის წევრების წერილები გვივსებდა, რომლებშიც ხშირად იყო ციტირებული ბიბლიური მუხლები. ზოგჯერ მხატვრულ ლიტერატურაშიც ვაწყდებოდით ბიბლიურ ციტატებს.
იეჰოვასადმი ერთგულება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების დროს
1983 წელს, ერთხელ, როცა ციხის სახელოსნოში ვიყავი, ამწეს შემთხვევით ორტონიანი ლითონის ფირფიტების შეკვრა გაუვარდა, მარცხენა ფეხზე დამეცა და სერიოზულად დამიზიანდა.
ვლოცულობდი და იეჰოვას ვთხოვდი, რომ ამ საშინელი ტკივილისთვის გამეძლო. ციხის ექთანი მეუბნებოდა, თავი არ შემეკავებინა მძაფრი ემოციების გამოხატვისგან, თუნდაც გინებისგან, მე კი ჩვენი სიმღერების მღერა დავიწყე.
საავადმყოფომდე მისასვლელად სამი ტრანსპორტით ვიმგზავრეთ – ჯერ სატვირთოთი, შემდეგ ძრავიანი ნავით, ბოლოს კი სასწრაფო დახმარების მანქანით. მთლიანობაში ექვსი საათი მოგვიწია მგზავრობა, რა დროსაც დიდი რაოდენობით სისხლი დავკარგე. დარწმუნებული ვიყავი, ქირურგიული ოპერაცია დამჭირდებოდა, ამიტომ ვლოცულობდი, რომ ექიმებს გონიერება გამოეჩინათ და პატივი ეცათ ჩემი პოზიციისთვის სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით. როცა ექიმს ამ საკითხზე დაველაპარაკე, მას მოსმენაც არ უნდოდა, მაგრამ ვთხოვდი, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადაესხათ ჩემთვის სისხლი. დავარწმუნე, რომ ნებისმიერი შედეგისთვის მზად ვიყავი. საბედნიეროდ, ექიმი დამთანხმდა ოპერაციის უსისხლოდ ჩატარებაზე, თუმცა ისე მოხდა, რომ მარცხენა ფეხის ნაწილობრივი ამპუტაცია დამჭირდა.
ოპერაციის შემდეგ თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი. ფაქტობრივად, სიკვდილს ვებრძოდი. ექიმებმა მითხრეს, რომ თუ მალე გამოჯანმრთელება მინდოდა, მაღალკალორიულ კვებაზე უნდა გადავსულიყავი. ყოველდღიურად უნდა მიმეღო ერთი კოვზი თაფლი, ერთი კვერცხი და ერთი ნაჭერი კარაქი. როცა მშობლებმა ჩემი ამბავი შეიტყვეს, იზრუნეს, რომ ჩემთვის რეგულარულად მოეტანათ ეს პროდუქტები. მაგრამ ამანათების მიღებაზე პასუხისმგებელმა ოფიცერმა მხოლოდ ერთხელ მისცა მათ საკვების მოტანის უფლება.
თუმცა იეჰოვას მზრუნველობის გარეშე არ დავუტოვებივარ (ესაია 59:1). როდესაც ექთნები ჩემთან სახვევების გამოსაცვლელად მოდიოდნენ, თან საკვებიც მოჰქონდათ. ისინი თავიანთ ულუფას მინაწილებდნენ; იმაზეც ზრუნავდნენ, რომ მაცივარში ყოველთვის მქონოდა საკმარისი მარაგი. ეს სიტუაცია ბიბლიაში მოთხრობილ ქვრივის შემთხვევას მაგონებდა, რომელსაც დოქში ზეთი არ უთავდებოდა (1 მეფეები 17:14–16).
ჩემი მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდა. ამ ხნის განმავლობაში ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან 107 წერილი მივიღე. მათი კითხვა ნუგეშს მგვრიდა და ძალებს მმატებდა. არცერთი წერილი არ დამიტოვებია უპასუხოთ. წერილები სხვა პატიმარი ძმებისგანაც მივიღე.
ორი უსასრულო თვის გასვლის შემდეგ, როგორც იქნა, შხაპის მიღება შევძელი. ერთი სული მქონდა, როდის დავბრუნდებოდი ციხეში, რომ ძმებთან ურთიერთობის შესაძლებლობა მქონოდა.
საავადმყოფოდან გაწერის წინ ერთმა ექიმმა, რომელიც ჩემს სამედიცინო დოკუმენტებს ავსებდა, თავის კაბინეტში დამიბარა და ჩემი რელიგიის შესახებ ბევრი კითხვა დამისვა. დამშვიდობების დროს მან მისურვა, რომ ბოლომდე ჩემი რწმენისადმი ერთგულება შემენარჩუნებინა. ამ სიტყვების მოსმენა სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანისგან ცოტა უჩვეულო იყო.
1984 წლის აპრილში სასამართლო პროცესზე, სადაც ჩემი ამნისტიის შესახებ საქმე განიხილებოდა, მკითხეს, გავივლიდი თუ არა სამხედრო სამსახურს. მე ვუპასუხე, რომ ამ კითხვის დასმა ადამიანისთვის, რომელსაც ერთი ფეხი ჰქონდა და ყავარჯნებს ეყრდნობოდა, სრულიად უადგილო იყო. შემდეგ მათ მკითხეს, ორივე ფეხი რომ გქონოდა, როგორ მოიქცეოდიო. ვუპასუხე, რომ ისევ უარს ვიტყოდი და ჩემი ღმერთის ერთგული დავრჩებოდი. ისინი დამემუქრნენ, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ, რათა სასჯელი სრულად მომეხადა. თუმცა ისე მოხდა, რომ ვადამდე 2 თვით და 12 დღით ადრე გამათავისუფლეს.
მე და მიხაილო (მარჯვნივ) ჩემი გათავისუფლების შემდეგ
გათავისუფლების შემდეგაც ვინარჩუნებ იეჰოვასადმი ერთგულებას
გათავისუფლებიდან ერთი წლის შემდეგ ფეხის პროთეზის გამოყენება დავიწყე. მის გასაკეთებლად ყოველდღე ერთი საათი მჭირდება. პროთეზის ტარება განსაკუთრებით ზამთარში მიჭირს, რადგან კიდურის დარჩენილ ნაწილს სისხლი ცუდად მიეწოდება და ფეხი მიცივდება. 19 წლის შემდეგ აღარ მირბენია. მოუთმენლად ველი ახალ ქვეყნიერებას, როცა ამას კვლავ შევძლებ (ესაია 35:6).
ჩვენი ქორწინების დღე
ჩემს მდგომარეობაში სამსახურის შოვნა ძალიან ჭირს, რადგან დამსაქმებლებს არ სურთ სამსახურში შშმ პირების აყვანა. ჩემი შეზღუდული მდგომარეობის მიუხედავად, ყოველთვის ისეთი საქმის შესრულება მიწევდა, რომელიც დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვდა. მაგალითად, რაღაც პერიოდი ავტომექანიკოსად ვმუშაობდი, მოგვიანებით კი – მშენებლობაზე.
1986 წელს ერთ მშვენიერ გოგონაზე, სვეტლანაზე დავქორწინდი. ჩემსავით ისიც მესამე თაობის იეჰოვას მოწმეა. ურთიერთობის დასაწყისშივე შევთანხმდით, რომ ჩვენს ქორწინებაში უმთავრეს ადგილს ყოველთვის იეჰოვას დავუთმობდით.
ჩვენი ძველი სახლის რემონტი რომ დავიწყე, ჩემი შვილები ოლია და ვალოდია ხშირად მეხმარებოდნენ, რა დროსაც მათაც შემოესწავლათ სამშენებლო საქმეები. ცოტა რომ წამოიზარდნენ, დარბაზების სამშენებლო პროექტებში ჩაერთნენ, რაც დიდ სიამოვნებას ანიჭებდათ. მალევე პიონერად მსახურებაც დაიწყეს. ამჟამად ოლია სრული დროით სამშენებლო მსახურია, ვალოდია კი – უხუცესი.
ჩვენი სიძე ოლეგი, ჩვენი ქალიშვილი ოლია, სვეტლანა, მე, ჩვენი რძალი ანა, ჩვენი ვაჟი ვალოდია
სვეტლანა ყოველთვის მხარში მედგა და მეხმარებოდა, რომ თავი გამერთმია კრებაში დაკისრებული პასუხისმგებლობებისთვის. 1990-იან წლებში უკრაინის ბევრ კრებაში უკვე 200-ზე მეტი მაუწყებელი იყო. თითო კრებაში კი მხოლოდ ერთი ან ორი უხუცესი მსახურობდა. თვეში ერთხელ, შაბათ-კვირის განმავლობაში, უკრაინის ცენტრალურ ნაწილში კრებებს ვინახულებდი და ლიტერატურით ვამარაგებდი.
კვლავაც ვინარჩუნებ იეჰოვასადმი ერთგულებას
2022 წელს მე და სვეტლანას კრივი-რიჰის დატოვება მოგვიწია. ჩვენ ავსტრიაში გადავედით და ახლა ერთ-ერთ ადგილობრივ კრებაში ვმსახურობთ.
ბიბლია ადამიანებს ღმერთის გაცნობასა და მასთან დაახლოებაში ეხმარება (იაკობი 4:8). სწორედ ღმერთთან ურთიერთობა სძენს ჩვენს ცხოვრებას ნამდვილ აზრს. ჯერ კიდევ პატარაობაში ჩემი ოჯახის წევრებისგან ვისწავლე, თუ როგორ შემენარჩუნებინა სიხარული ურთულესი სიტუაციების დროსაც კი. ბედნიერი ვარ, რომ ყველა განსაცდელის დროს, რასაც ცხოვრებაში შევხვდი, შევძელი, საკადრისი პატივი მიმეგო იეჰოვასთვის.
სვეტლანასთან ერთად ავსტრიაში
a ვლადიმერ ლენინი კომუნისტური პარტიის დამაარსებელი და საბჭოთა კავშირის პირველი ლიდერი იყო.

