ᲙᲔᲠᲝᲚ ᲔᲤᲚᲑᲘ | ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

ხუთი შვილი იეჰოვას დახმარებით გავზარდე

ხუთი შვილი იეჰოვას დახმარებით გავზარდე

 მთელი ცხოვრება ინგლისში, ჩრდილოეთ იორქშირში გავატარე, ქალაქ მოლტონთან ახლოს მდებარე დასახლებაში. ულამაზესი მთაგორიანი ადგილია დაკლაკნილი გზებით, ტყეებით და ხასხასა ველ-მინდვრებით. აქაურ სოფლებს კოხტა ქვის კოტეჯები ამშვენებს. ასეთ მშვენიერ გარემოში გავზარდე ხუთი შვილი, თუმცა მათი აღზრდისას არაერთ სირთულეს შევხვდი. ნება მომეცით, მოგითხროთ ჩემ შესახებ.

 ჩემს მშობლებს პატარა საოჯახო მეურნეობა ჰქონდათ, სადაც ქათმებს, ღორებს და ძროხებს ვზრდიდით. ყველას, მათ შორის მე, ჩემს ორ დას და ორ ძმას მძიმე შრომა გვიწევდა, მაგრამ მაინც ბედნიერები ვიყავით.

14 წლის კეროლი ფერმაში

 მთელი ოჯახი მეთოდისტურ ეკლესიაში დავდიოდით. მამაჩემს კარგი ხმა ჰქონდა, ამიტომ გუნდში გალობდა. ხშირად სხვა ეკლესიებშიც იწვევდნენ და მეც მივყავდი ხოლმე. ეს ეკლესიები დიდი, ქვით ნაშენი შენობები იყო და ზამთარში ძალიან ციოდა. მამაჩემი წინ იდგა და ისე გალობდა. მე ყოველთვის უკანა რიგებში მიწევდა ჯდომა, რადგან წინა ადგილები გავლენიანი ხალხისთვის ჰქონდათ გამოყოფილი. მიუხედავად ამისა, მამას იქიდანაც სიამოვნებით ვუსმენდი.

 ყოველ კვირა დღეს ჩვენთან სტუმრად ბებია, მამაჩემის დედა მოდიოდა. სამწუხაროდ, როცა 16 წლის ვიყავი, ბებო გარდაიცვალა. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. მაინტერესებდა, სად წავიდა და ოდესმე შევხვდებოდი თუ არა. ამის გასარკვევად რამდენჯერმე სულების გამომძახებელთან მივედი. მის სახლში ისეთი სიბნელე და სიბინძურე იყო, რომ ყოველთვის შიში მიპყრობდა. მე მხოლოდ ის მაინტერესებდა, სად წავიდა ბებო, მაგრამ სულების გამომძახებლისგან ვერაფერი გავიგე.

 რამდენიმე წლის შემდეგ მამაჩემის ერთმა ნათესავმა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, შეხვედრაზე დამპატიჟა. მართალია, მსმენოდა, რომ მოწმეებს უცნაური რამეების სწამდათ, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, წავსულიყავი. შეხვედრაზე ერთმა სასიამოვნო ქალბატონმა ბიბლიის შესწავლა შემომთავაზა. ასე გადავდგი პირველი ნაბიჯები სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე. თავიდან შესწავლის დროს ბიბლიის „მეფე ჯეიმზის თარგმანს“ ვიყენებდი, რადგან დედაჩემს ნათქვამი ჰქონდა, რომ მოწმეები არაზუსტი თარგმანით სარგებლობდნენ. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს სიმართლე არ იყო.

 ჩემზე ძალიან დადებითად იმოქმედა იმის გაგებამ, რომ ბებომ უბრალოდ დროებით მიიძინა და მას ისევ ვნახავდი, როცა მკვდრეთით აღდგებოდა. a ბიბლიის შესწავლის დროს მივხვდი, რომ ღმერთსა და ბიბლიაზე თითქმის არაფერი ვიცოდი. მამაჩემმაც კი, რომელიც ეკლესიაში წლები დადიოდა, ფაქტობრივად, არაფერი იცოდა ღვთის შესახებ. ეკლესიაში ხშირად ვმღეროდით საგალობელს „გამიძეხი, დიდებულო იეჰოვა!“, მაგრამ წარმოდგენა არ გვქონდა, ვის ვუმღეროდით.

წინააღმდეგობა ოჯახის შექმნის შემდეგ

 ჩემი შეყვარებული იანიც დაინტერესდა ჭეშმარიტებით და ბიბლიის შესწავლა დაიწყო. დროთა განმავლობაში გარკვეული ცვლილებები მოახდინა და მოწევასაც კი დაანება თავი. მე და იანი 1971 წლის სექტემბერში დავქორწინდით. მალევე ჩვენი რწმენა გამოიცადა. მოულოდნელად დედამთილი გარდამეცვალა. დაკრძალვის შემდეგ ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა შეკრება მოაწყვეს და ჩვენც გვთხოვეს მისვლა. ამ შეკრებაზე ეწეოდნენ და ბევრს სვამდნენ. ეს ჩემი ქმრისთვის დიდი საცდური აღმოჩნდა. ამის შემდეგ ის ისევ დაუბრუნდა ცუდ ჩვევებს.

 სამწუხაროდ, იმ დღიდან მოყოლებული იანს უფრო და უფრო უჭირდა ნასწავლის გამოყენება; ბიბლიის შესწავლასაც აცდენდა და შეხვედრებსაც. მე კი პირიქით, მსიამოვნებდა ბიბლიის შესწავლა, შეხვედრებზე დასწრება და მსახურება. 1972 წლის 9 მარტს მოვინათლე. ჩემს ნათლობას იანიც დაესწრო. მაგრამ დროთა განმავლობაში ის უარყოფითად განეწყო ჭეშმარიტების მიმართ. თავიდან ჩვენი პუბლიკაციების დანახვა აღიზიანებდა, შემდეგ აღარ უნდოდა, რომ მსახურებაში მევლო. ბოლოს ისიც მომთხოვა, მასთან ერთად წავსულიყავი ხოლმე შობის და დაბადების დღეების აღსანიშნავად. რადგან ოჯახისთავი იყო და პატივს ვცემდი, მივყვებოდი ხოლმე, მაგრამ ვფრთხილობდი, რომ ღვთისთვის მიუღებელი არაფერი გამეკეთებინა. b საპირფარეშოში შევდიოდი და ვლოცულობდი, რომ იეჰოვა სუფთა სინდისის და ერთგულების შენარჩუნებაში დამხმარებოდა. ყოველთვის ვგრძნობდი მის მხარდაჭერას.

 ჩვენ სამი ბიჭი შეგვეძინა: ფილიპი, ნაიჯელი და ენდრიუ. იანი ტრაილერის მძღოლად მუშაობდა და შორ გზაზე უწევდა სიარული, ამიტომ მთელი კვირა სახლში არ იყო ხოლმე. ყველანაირად ვცდილობდი, რომ კარგი ცოლიც ვყოფილიყავი და იეჰოვასთვისაც დავხარჯულიყავი. იმ დღეებში, როცა იანი სახლში არ იყო, ვმსახურობდი, შაბათ-კვირას კი მასთან ვატარებდი. ბავშვებს მამაზე ცუდს არასდროს ვეუბნებოდი.

 კრებაში ბევრი მეგობარი გავიჩინე, ზოგიერთი მათგანი ჩემს მშობლებსაც გავაცანი. გამიხარდა, რომ მშობლები კარგად განეწყვნენ მათ მიმართ. როცა კრებაში ერთი ძმა დაგვეღუპა, დედა დაკრძალვის მოხსენებასაც კი დაესწრო დარბაზში. მალე ჩემმა მშობლებმა, ჩემმა ძმამ სტენლიმ და მისმა მეუღლემ ავერილმა ბიბლიის შესწავლა დაიწყეს და მოგვიანებით მოინათლნენ კიდეც.

 სტენლის და ავერილს ერთი ბიჭი და გოგონა ჰყავდათ. მე და ჩემი რძალი ხშირად დავდიოდით მსახურებაში ბავშვებთან ერთად. მანქანა არცერთს არ გვყავდა, ამიტომ ფეხით გვიწევდა ხოლმე დიდი მანძილის გავლა. ენდრიუ და ნაიჯელი საბავშვო ეტლში ისხდნენ, ფილიპი კი ფეხით მოგვყვებოდა. ყველაფრის მიუხედავად, მსახურება მაინც დიდ სიხარულს გვანიჭებდა.

კონგრესის პერიოდში კარვებში ცხოვრებისას, ფილიპთან, ნაიჯელთან და მამასთან ერთად

ბავშვების აღზრდა

 მე და იანს კიდევ ორი შვილი, კაროლაინი და დები შეგვეძინა. ძალიან მინდოდა, რომ შვილები იეჰოვას მოსაწონად აღმეზარდა. ყველანაირად ვცდილობდი, გამეთვალისწინებინა ის რჩევები, რომლებიც ბიბლიაში მშობლებისთვისაა ჩაწერილი. თავი იეჰოვასთვის მქონდა მიძღვნილი და მინდოდა, ჩემს შვილებსაც დაენახათ, რომ ჩემი აღთქმის ერთგული ვიყავი.

 ერთ-ერთი მუხლი, რომელიც თავიდანვე დამამახსოვრდა, 1 კორინთელების 15:33 იყო, სადაც წერია: „ცუდი საზოგადოება ხრწნის კარგ ჩვევებს“. ერთმა დამ კონგრესზე მითხრა, რომ შვილებს არიგებდა, გაკვეთილების შემდეგ თანასკოლელებთან დრო აღარ გაეტარებინათ. ეს აზრი მომეწონა, მაგრამ გათვალისწინება რთული აღმოჩნდა. ზოგჯერ ბიჭები ჩუმად იპარებოდნენ, რომ კლასელებთან ერთად ფეხბურთი ეთამაშათ. მართალია, ვისთანაც თამაშობდნენ, ცუდი ბავშვები არ იყვნენ, მაგრამ იეჰოვას არ ემსახურებოდნენ, რაც მათი საქციელიდან და მეტყველებიდან ჩანდა.

 ერთ დღეს ჩემს ბიჭებს შევთავაზე, სკოლის მერე ფეხბურთს თქვენთან ერთად მეც ვითამაშებ-მეთქი. ამ იდეამ არ გაამართლა, რადგან აშკარა იყო, ჩემგან ფეხბურთელი არ გამოვიდოდა. თუმცა ამის შემდეგაც ყველანაირად ვცდილობდი, დავხმარებოდი ბავშვებს, სამეგობრო წრე გონივრულად შეერჩიათ. საბოლოოდ მათ ისწავლეს, ისე გაეტარებინათ დრო სასიამოვნოდ, რომ ცუდ საზოგადოებას მორიდებოდნენ.

 კიდევ ერთი მუხლი, რომელზეც სულ ვფიქრობდი, 1 იოანეს 2:17-ია: „წარმავალია ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“. ვიცოდი, რომ სატანის ქვეყნიერება მალე წარსულს ჩაჰბარდებოდა. ამიტომ ვცდილობდი, ბავშვებს სულიერი მიზნები დაესახათ და ყოველთვის იეჰოვას ერთგულები ყოფილიყვნენ. როცა დიდი თუ პატარა პრობლემები წამოიჭრებოდა, ვლოცულობდი და გამოსავალს ყოველთვის ღვთის სიტყვაში ვპოულობდი. ბავშვებს ყველაფერს ბიბლიიდან ვუხსნიდი. ისინი ხედავდნენ, რომ ჩემს აზრებს კი არ ვახვევდი თავს, არამედ იეჰოვას თვალსაზრისს ვუზიარებდი. ვცდილობდი, სიტყვით თუ საქმით, მაგალითი მიმეცა მათთვის, რასაც კარგი შედეგები მოჰქონდა. ისინი ბავშვობიდანვე მიეჩვივნენ განმეორებითი მონახულებების გაკეთებას, რაც მათ დიდ სიხარულს ანიჭებდა.

 მესმოდა, რომ შეხვედრებზე დასწრება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვამჩნევდი, რომ ბავშვები შუა კვირის შეხვედრაზე იღლებოდნენ. პრობლემა ასე მოვაგვარე: კრების დღეებში, როცა ბავშვებს სკოლიდან მოვიყვანდი, მსუბუქად ვაჭმევდი და ცოტა ხნით ვაძინებდი. თუ ცუდად არ ვიყავით, შეხვედრებს არასდროს ვაცდენდით. თუმცა ასეთ დროსაც კი პროგრამას სახლში განვიხილავდით. ტელევიზორს მხოლოდ ამის შემდეგ ვრთავდით. ზოგჯერ იანი სახლში მოულოდნელად ბრუნდებოდა. ამ დროს წიგნებს სწრაფად ვმალავდით და ტელევიზორს ვრთავდით.

 ვცდილობდით, ოჯახური თაყვანისცემა არ გაგვეცდინა. ზოგჯერ ბეთელზე ვლაპარაკობდით და განვიხილავდით, ვის რომელ განყოფილებაში სურდა მსახურება.

მარცხნიდან მარჯვნივ: ფილიპი, კეროლაინი, დები, ენდრიუ და ნაიჯელი

პიონერად მსახურების მიზანი

 16 წლის რომ გახდა, ჩემს უფროს ვაჟს, ფილიპს, სრულ განაკვეთზე ავტომექანიკოსად მუშაობა შესთავაზეს. მას სხვა არჩევანიც ჰქონდა – შეეძლო ნახევარ განაკვეთზე შუშების მწმენდავად ემუშავა. თავად მას სრულ განაკვეთზე მუშაობა ერჩივნა, რადგან ამბობდა, რომ ასე უკეთ დაგვეხმარებოდა ოჯახს ხარჯების დაფარვაში. მე ავუხსენი, რომ ოჯახზე ფინანსურად ზრუნვა მისი კი არა, მამამისის მოვალეობა იყო. ისიც შევახსენე, რომ არასდროს მოგვკლებია არსებობისთვის აუცილებელი სახსრები. ვუთხარი, რომ თუ ნახევარ განაკვეთზე იმუშავებდა, პიონერობასაც შეძლებდა.

 ფილიპმა სკოლის დამთავრებისთანავე პიონერად დაიწყო მსახურება, მე კი დამხმარე პიონერად მსახურებას შევუდექი. ნაიჯელმაც სკოლის დამთავრების შემდეგ პიონერობა აირჩია, მეც მას მივბაძე. ვფიქრობდი, რომ თუ ერთი წელი მაინც ვიმსახურებდი პიონერად, ამით ჩემს ბიჭებს მხარს დავუჭერდი და პიონერულ სკოლასაც გავივლიდი. მოგვიანებით მე და ნაიჯელმა პიონერული სკოლა ერთად გავიარეთ.

 პიონერობა თავიდანვე ძალიან შემიყვარდა და ვიცოდი, რომ ასე ჩემს შვილებს კარგ მაგალითს მივცემდი. იეჰოვას დახმარებით უკვე 35 წელია, რაც ასეთი სახის მსახურებაში ვარ. ეს რომ იანს გაეგო, მსახურებაში ხელს შემიშლიდა, ამიტომ საქადაგებლად იმ დღეებში დავდიოდი, როცა იანი სამუშაოდ იყო წასული, შაბათ-კვირას კი მასთან ერთად ვატარებდი.

 მოგვიანებით ნაიჯელმა ბეთელში მსახურების ბლანკი შეავსო და მიიწვიეს კიდეც. მან იქ კარგი მეგობრები შეიძინა, ბევრი რამ ისწავლა და მოწიფულ ქრისტიანად ჩამოყალიბდა. ფილიპმა და ენდრიუმ „მსახურებაში დახელოვნების სკოლა“ გაიარეს. c ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სკოლაში ბავშვები გავუშვი და იქიდან კაცები დაბრუნდნენ (1 პეტრე 5:10). იეჰოვა საუკეთესოდ ზრუნავს თავისი ხალხის განათლებაზე. ღვთის ორგანიზაციის წყალობით ჩემმა შვილებმა ბევრი რამ ისწავლეს.

მსახურებაში მიმავალ გზაზე

მძიმე განსაცდელები

 ცხოვრებაში არაერთ სირთულეს შევხვედრივარ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე ჩემი ქმრის ღალატი იყო. 33-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მიმატოვა და სხვასთან დაიწყო ცხოვრება. ჩემთვის არც იმის დანახვა იყო ადვილი, როგორ ემატებოდათ ჩემს მშობლებს ასაკი და უძლურდებოდნენ. მამაჩემი 1997 წლის მარტში დაიღუპა. დედა მარტო დარჩა და რახან მანქანის ტარებაც არ იცოდა, სულ სახლში უწევდა ყოფნა. ამიტომ ხშირად ვურეკავდი და ვთავაზობდი, რომ ერთად წავსულიყავით განმეორებით მონახულებებზე; რამდენიმე წელიწადში დედა პიონერულ მსახურებაშიც შემომიერთდა. ამან გამოაცოცხლა და ძალები შემატა. მან სიცოცხლის ბოლომდე, ათი წელი, იმსახურა პიონერად.

 ხუთი შვილის აღზრდა ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. მესმოდა, რომ, საბოლოო ჯამში, მათ თავად უნდა გადაეწყვიტათ, ემსახურებოდნენ თუ არა იეჰოვას. იძულებით ვერაფერს გავაკეთებინებდი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, სიტყვით და საქმით მათთვის კარგი მაგალითი მიმეცა. მიხარია, რომ ჩემმა შვილებმა ღვთის მსახურება აირჩიეს. d თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იეჰოვა დამეხმარა მათ აღზრდაში.

ჩემს შვილებთან ერთად

b წიგნში „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ იხილეთ დამატებითი ინფორმაცია 5, „დღესასწაულები“.

c ამ სკოლის ნაცვლად დღეს ტარდება „სამეფოს მახარობელთა სკოლა“.

d ფილიპი ამჟამად თეოკრატიული სკოლების ინსტრუქტორად მსახურობს ირლანდიაში. ნაიჯელი საკონგრესო დარბაზის მსახურია ინგლისში. ენდრიუ უხუცესია და 30 წელია, პიონერად მსახურობს. კეროლაინმა 5 წელი იმსახურა პიონერად. დები დედასთან ერთად ცხოვრობს და მხარში უდგას მას.