ᲙᲐᲛᲐᲚ ᲕᲘᲠᲓᲔ | ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ
„უსამართლობას ვერასდროს ვეგუებოდი“
1973 წლის აგვისტოში ტვიკენჰემში (ინგლისი) ჩემს ორ დასთან ერთად ვესწრებოდი საერთაშორისო კონგრესს სახელწოდებით – „ღვთიური გამარჯვება“. იქ გავიცანით ძმა ედვინ სკინერი, რომელიც 1926 წლიდან მისიონერად მსახურობდა ინდოეთში. როცა გაიგო, რომ პენჯაბურად ვსაუბრობდით, გვითხრა: „აქ რას აკეთებთ?! წამოდით ინდოეთში!“. ჩვენც წავედით და პენჯაბურენოვან ველზე მსახურებას შევუდექით. ნება მიბოძეთ, მოგიყვეთ ჩემი ისტორია.
დავიბადე 1951 წლის აპრილში ნაირობიში (კენია). ჩემი მშობლები ინდოეთიდან იყვნენ და სიქიზმის რელიგიას მისდევდნენ. მამაჩემმა ცოლად მოიყვანა დაქვრივებული დეიდაჩემი, ასე რომ, მას ორი ცოლი ჰყავდა. ამ სიტუაციაში დედას არაფრის გაკეთება არ შეეძლო. დედაჩემი და დეიდაჩემი დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში აჩენდნენ შვილებს. მთლიანობაში, ოჯახში შვიდი ბავშვი ვიზრდებოდით. 1964 წელს, როცა 13 წლის ვიყავი, მამა გარდაიცვალა.
სამართლიანობის ძიებაში
სამწუხაროდ, ჩვენს ოჯახში ხშირი იყო უთანხმოება და უსამართლო მოპყრობა. რაც უფრო ვიზრდებოდი, ამას მით უფრო მეტად ვამჩნევდი. მოგვიანებით მივხვდი, რომ ჩვენი ოჯახი ძალიან ჰგავდა ბიბლიურ დროში მცხოვრებ ლეასა და რახელის ოჯახს. ჩემი ოჯახის წევრები უსამართლოდ ექცეოდნენ ჩვენს კენიელ მოსამსახურეებს და ამცირებდნენ. მამაჩემს უნდოდა, ჩვენს ევროპელ მეზობლებს დავმეგობრებოდით, რადგან ფიქრობდა, რომ მათგან ბევრი რამის სწავლა შეგვეძლო. ამავე დროს, გვიშლიდა აფრიკელებთან ურთიერთობას და ამბობდა, რომ მათგან კარგს ვერაფერს ვისწავლიდით. მამა პაკისტანური წარმოშობის ხალხთან ურთიერთობასაც გვიკრძალავდა, რადგან ჩვენს მტრებად თვლიდა. უსამართლობას ვერასოდეს ვეგუებოდი და ვხვდებოდი, რომ მამაჩემის დამოკიდებულება არ იყო სამართლიანი.
სიქიზმი მე-15 საუკუნის ბოლოს გურუ ნანაკმა ჩამოაყალიბა. მჯეროდა ამ რელიგიის სწავლებების, მათ შორის იმის, რომ არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. თუმცა იმასაც ვხედავდი, რომ სიქიზმის მიმდევრები ერთმანეთს უსამართლოდ ექცეოდნენ. ამ ფაქტმა ჩვენი რელიგიის სისწორეში დამაეჭვა.
სხვა რამეზეც მეფიქრებოდა: „სიქიზმი ხომ მხოლოდ რამდენიმე საუკუნის რელიგიაა, ნეტავ მანამდე რა იყო? როგორ თაყვანისცემას იწონებდა ღმერთი?“ სახლში კედელზე გვეკიდა კალენდრები, რომლებზეც სიქების 10 გურუ იყო გამოსახული. ვფიქრობდი ხოლმე: „საიდან ვიცით, სინამდვილეში როგორ გამოიყურებოდნენ ისინი? რატომ ემხობიან მათი სურათების წინ ჩემი ოჯახის წევრები თუ სხვები. არადა გურუები ხომ თავიანთ მიმდევრებს ასწავლიდნენ, რომ თაყვანი მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისთვის უნდა ეცათ?!“
1965 წელს, 14 წლის რომ ვიყავი, საცხოვრებლად ინდოეთში გადავედით. იქ ცხოვრება რთული აღმოჩნდა, რადგან ფინანსურად ძალიან გაგვიჭირდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გადავწყვიტეთ, ინგლისში გადავსულიყავით. ერთ ჯერზე ოჯახიდან მხოლოდ ორს შეგვეძლო წასვლა. ქალაქ ლესტერში დავსახლდით.
16 წლის ასაკში მუშაობა დავიწყე. საკმაოდ მძიმე შრომა მიწევდა და სწავლა რომ არ შემეწყვიტა, ღამის სკოლაში დავდიოდი. უსამართლობას სამსახურშიც შევხვდი. მაგალითად, ინგლისელებს უფრო მეტი ანაზღაურება ჰქონდათ, ვიდრე ემიგრანტებს. უსამართლობის შემხედვარემ გადავწყვიტე, „ახალგაზრდა აქტივისტთა კავშირის“ წევრი გავმხდარიყავი. ემიგრანტ ქალებს მოვუწოდებდი, გაფიცულიყვნენ და აღარ ემუშავათ მანამ, სანამ შესაბამისი ანაზღაურება არ ექნებოდათ. ძალიან მინდოდა, სამართლიან მსოფლიოში მეცხოვრა.
ჩემს კითხვებს პასუხი გაეცა
იეჰოვას მოწმეებს პირველად 1968 წელს შევხვდი, როცა ორმა მათგანმა კარზე დამიკაკუნა. იმის გაგებამ, რომ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ყველა ადამიანი თანასწორი იქნებოდა, ჩემზე ძალიან იმოქმედა. მოგვიანებით, ერთ-ერთი მათგანი თავის ცოლთან ერთად მესტუმრა. ბიბლიის შესწავლა ჩემს დასთან, ჯასვინდერთან და ნახევარდასთან, ჩანისთან ერთად დავიწყე. ექვსი გაკვეთილის გავლის შემდეგ დავრწმუნდით, რომ იეჰოვა ჭეშმარიტი ღმერთი იყო, ბიბლია კი – მისი სიტყვა, და რომ მხოლოდ ღვთის სამეფოს შეეძლო ნამდვილი სამართლიანობის დამყარება.
ოჯახის მხრიდან დიდ წინააღმდეგობას შევხვდით. მამაჩემის სიკვდილის შემდეგ ოჯახის უფროსი ჩემი ნახევარძმა გახდა. დედამისმა ის ჩვენ წინააღმდეგ განაწყო. ის ფეხზე სამშენებლო ფეხსაცმელს იცვამდა და ისე ურტყამდა წიხლებს ჯასვინდერსა და ჩანის. მე ვერაფერს მიბედავდა, რადგან 18 წლის ვიყავი და შემეძლო თავი იურიდიულად დამეცვა. მაგრამ ჩემს დებს როგორც უნდოდა, ისე ექცეოდა. ერთხელ მათ თვალწინ ბიბლიიდან ფურცლები ამოგლიჯა და ცეცხლში ჩაყარა, შემდეგ კი დაუყვირა: „უთხარით თქვენს იეჰოვას, ჩააქროს ცეცხლი!“. იმ დროს სულ რამდენჯერმე შევძელით კრების შეხვედრებზე მალულად დასწრება. მაგრამ ჩვენ ძალიან გვინდოდა, გვემსახურა იეჰოვასთვის, ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისთვის. ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაშინ ეს შეუძლებელი ჩანდა. ამიტომ გადავწვიტეთ, სახლიდან უსაფრთხო ადგილას გავქცეულიყავით.
ფულის ჩუმად შეგროვება დავიწყეთ. სადილის და მგზავრობის თანხებს ვზოგავდით. ჩემს ხელფასს დედინაცვალი მართმევდა, მაგრამ ვცდილობდი, ნაწილი მაინც გადამენახა. სამი ჩემოდანი ვიყიდეთ, რომლებსაც სხვაგან ვმალავდით და ნელ-ნელა ტანსაცმლით ვავსებდით. 1972 წლის მაისში, როცა ჯასვინდერი თითქმის 18 წლის იყო და უკვე 260 დოლარი გვქონდა შეგროვებული, მატარებლით სამხრეთ ინგლისში, ქალაქ პენზანსში გავემგზავრეთ. იქ ჩასვლის შემდეგ ტელეფონის ჯიხურიდან ადგილობრივ მოწმეებს დავუკავშირდით. და-ძმებმა გულთბილად მიგვიღეს. რამდენიმე ადგილას ვმუშაობდით, რომ როგორმე ბინის ქირა გადაგვეხადა და იქ ცხოვრება შეგვძლებოდა.
ბიბლიის შესწავლა ერთ ხანდაზმულ წყვილთან, ჰარისთან და ბეტისთან გავაგრძელეთ. 1972 წლის სექტემბერში, როდესაც ჯერ კიდევ ვიმალებოდით, სამივენი ერთ პატარა აუზში მოვინათლეთ, რომელიც ჩვენს ერთ-ერთ დარბაზში იყო. ჩანიმ პიონერად მსახურება დაიწყო, მე და ჯასვინდერი კი ფინანსურად ვეხმარებოდით.
მსახურება იქ, სადაც მქადაგებლების საჭიროებაა
ჰარი და ბეტი მართალია, უკვე 80-ს გადაცილებულები იყვნენ, მაგრამ მაინც რეგულარულად დადიოდნენ საქადაგებლად სილის კუნძულებზე, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან ახლოს. მათი გულმოდგინების შემხედვარეთ, ჩვენც მოგვინდა, რაღაც მსგავსი გაგვეკეთებინა. ასე რომ, 1973 წელს ძმა ედვინთან საუბრის შემდეგ, რომელიც დასაწყისში ვახსენეთ, უკვე ვიცოდით, როგორ მოვიქცეოდით.
1974 წლის იანვარში ცალმხრივი ბილეთები ვიყიდეთ და ნიუ-დელიში (ინდოეთი) გავემგზავრეთ. იქ ძმა დიკ კოტერილმა ნება დაგვრთო, რომ დროებით მისიონერთა სახლში დავრჩენილიყავით. ჩანიმ პიონერად მსახურება განაგრძო, მე და ჯასვინდერმა კი გადავწყვიტეთ, მეტი დრო დაგვეთმო მსახურებისთვის.
რაღაც დროის შემდეგ, გვირჩიეს, რომ პენჯაბიში გადავსულიყავით, ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე შტატში. იქაც ცოტა ხნით მისიონერთა სახლში დავბინავდით, ქალაქ ჩანდიგარში, შემდეგ კი ბინა დავიქირავეთ. 1974 წლის სექტემბრიდან პიონერად მსახურება დავიწყე, 1975 წელს კი სპეციალურ პიონერად დავინიშნე. ქადაგების დროს მივხვდი, რამდენად საჭირო იყო ბიბლიური ლიტერატურა პენჯაბურ ენაზე, უფრო მეტ ადამიანს რომ გაეგო იეჰოვას სიყვარულისა და სამართლიანობის შესახებ. 1976 წელს სამივენი ინდოეთის ბეთელში მიგვიწვიეს, პენჯაბურ ენაზე ლიტერატურა რომ გვეთარგმნა. საბეჭდი მანქანებისა და კომპიუტერების გარეშე ამ საქმის შესრულება დიდ შრომას მოითხოვდა. ნათარგმნ ტექსტს ხელით ვწერდით, შემდეგ ორიგინალ ტექსტთან ვადარებდით და რედაქტირებას ვუკეთებდით. ბოლოს კი ერთ ძველ ადგილობრივ სტამბაში მივდიოდით და ძველებური საბეჭდი მანქანით ტექსტებს ასო-ასო ვკრეფდით.
ჩვენი კრება ჩანდიგარში (პენჯაბი, ინდოეთი)
ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად სიხარულს არ ვკარგავ
ჩვენი მდგომარეობა ძალიან სწრაფად შეიცვალა. ჯასვინდერმა ერთი ძმა გაიცნო, რომელზეც დაქორწინდა. ქორწინების შემდეგ ისინი კანადაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ჩანი გერმანელ ძმაზე დაქორწინდა, რომელიც შეერთებული შტატების ფილიალიდან იყო სტუმრად ჩამოსული. მათ შტატებში გააგრძელეს ცხოვრება. მე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შემექმნა და 1976 წლის ოქტომბერში ინგლისში მომიწია დაბრუნება. დედაჩემი და ჩემი ძმა, რომლებიც არ გვეწინააღმდეგებოდნენ ჭეშმარიტების გამო, ლესტერში ცხოვრობდნენ. მათ გულთბილად მიმიღეს თავიანთ სახლში საცხოვრებლად. მე ევანსის სინდრომის დიაგნოზი დამიდგინდა. ეს იყო ძალიან იშვიათი ავტოიმუნური დაავადება, რომელიც სისხლის უჯრედებს აზიანებს. სხვადასხვა სახის მკურნალობა მესაჭიროებოდა. გარდა ამისა, ოპერაცია უნდა გამეკეთებინა და ელენთა ამომეკვეთა. სამწუხაროდ, პიონერობის შეწყვეტა მომიწია.
იეჰოვას ვემუდარებოდი, დამხმარებოდა, რომ უკეთ გავმხდარიყავი და კვლავ შემძლებოდა სრული დროით მსახურება. ასეც მოხდა. მართალია, ჩემი დაავადების გამო დროდადრო ძალიან ცუდად ვხდებოდი, მაგრამ მაინც შევძელი 1978 წელს ვოლვერჰამპტონში გადასვლა და იქ პიონერად მსახურება ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობის უმეტესობა პენჯაბურად ლაპარაკობდა. ჩვენ კრების მოსაწვევებს ხელით ვწერდით და ადგილობრივ მაღაზიებში ვამრავლებდით მათ ასლებს. შემდეგ პენჯაბურენოვან მოსახლეობას ვურიგებდით და საჯარო მოხსენებაზე ვეპატიჟებოდით. ახლა ბრიტანეთში ხუთი პენჯაბური კრებაა და სამი ჯგუფი.
ბრიტანეთის ფილიალში ძმებმა შეიტყვეს, რომ პენჯაბურ ენაზე თარგმნის გამოცდილება მქონდა. ასე რომ, 1980-იან წლებში ისინი დამიკავშირდნენ და მეც შტატგარეშე თანამშრომლად მსახურება დავიწყე ლონდონის ბეთელში. ვმუშაობდი ახალ ფონტებსა და კომპიუტერულ პროგრამებზე, ასევე გურმუხი დამწერლობის საგამომცემლო სტანდარტების შემუშავებაზე. პარალელურად, საკმაოდ გადატვირთული გრაფიკით მიწევდა მუშაობა, თავი რომ მერჩინა, მეზრუნა დედაზე, რომელიც მოშორებით ცხოვრობდა და ბეთელში სიარული შემძლებოდა.
ამზადებენ ბეთელში მსახურებისთვის. ლონდონი, 1980-იანი წლების მიწურული.
1991 წლის სექტემბერში ბეთელის ოჯახის წევრად მიმიწვიეს, რომ ბიბლიური ლიტერატურა პენჯაბურ ენაზე მეთარგმნა. ეს ჩემთვის სრულიად მოულოდნელი სიახლე იყო. თავს შეუფერებლად მივიჩნევდი, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და ბეთელში მსახურებისთვის დადგენილ ასაკობრივ ზღვარსაც გადაცილებული ვიყავი. ამის მიუხედავად იეჰოვამ მაინც მომცა ეს ძვირფასი შესაძლებლობა. მართალია, სიხარულით შევუდექი ბეთელში მსახურებას, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები კვლავ მირთულებდა ცხოვრებას. ხშირად მომიწია სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, როცა ქიმიოთერაპიასა და სხვა სახის მკურნალობის კურსებს გავდიოდი. ჩემი გამოჯანმრთელების ფაქტმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემს ჰემატოლოგზე, რომ ლონდონის ერთ დიდ საავადმყოფოში გამართულ სემინარზე მიმიწვიეს, რომელსაც 40 მედიცინის მუშაკი ესწრებოდა. საშუალება მომეცა, 10 წუთის განმავლობაში გამოვსულიყავი სიტყვით და ამეხსნა ჩემი პოზიცია უსისხლო მკურნალობასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ კითხვა-პასუხებიანი განხილვა გაიმართა, რომელსაც ერთი ძმა უძღვებოდა სამედიცინო მომსახურების საინფორმაციო განყოფილებიდან.
ამ რთული პერიოდის განმავლობაში ჯასვინდერი და ჩანი სიყვარულით ზრუნავდნენ ჩემზე. დიდად ვაფასებ ბეთელის ოჯახის წევრებისა და სხვა მეგობრების მხრიდან გამოვლენილ სიკეთესა და სიყვარულს. რაც მთავარია, ყველანაირი სირთულის დროს იეჰოვა მედგა გვერდით და მეხმარებოდა, არ შემეწყვიტა ჩემი დავალებების შესრულება (ფსალმუნი 73:26).
„იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს“
ბოლო 32 წლის მანძილზე, რაც ბეთელში ვმსახურობ, არაერთხელ გამოვცადე საკუთარ თავზე ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „იგემეთ და ნახეთ, რაოდენ კარგია იეჰოვა“ (ფსალმუნი 34:8; იგავები 10:22). ძალებით მავსებს ღვთის ერთგული ხანდაზმული და-ძმების მაგალითები. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ისინი, ვისაც პენჯაბურ ენაზე ვასწავლიდი ბიბლიას, ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას. ჩემს ოჯახის წევრებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. არც დედა და არც ძმა იეჰოვას არ ემსახურება, თუმცა დედა ხშირად მეუბნება ხოლმე: „ვხედავ, რომ ღვთისთვის თავს არ ზოგავ“. ერთხელ მათ ვუთხარი, რომ ბეთელიდან წამოსვლაზე ვფიქრობდი, რათა დედაზე მეზრუნა, მაგრამ ამაზე ჩემმა ძმამ ასეთი რამ მითხრა: „შენ კარგ საქმეს აკეთებ. იყავი იქ, სადაც ხარ“. ამჟამად დედა ბეთელიდან შორს, მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს, თუმცა როგორც კი მომიხერხდება, მაშინვე მასთან მივდივარ ხოლმე.
ყოველ ჯერზე, როცა რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდები, ჩემს თავს ვეუბნები: „ნუ გეშინია, კამალ. იეჰოვაა შენი ფარი. დიდ ჯილდოს მიიღებ“ (დაბადება 15:1). მთელი გულით ვემადლიერები იეჰოვას, ჩვენს სამართლიან ღმერთს, რომ შემამჩნია და შესაძლებლობა მომცა, მთელი ცხოვრება ღირებული საქმე მეკეთებინა (ესაია 30:18). მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა „არცერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24).
ჩელმსფორდის ბეთელში

