ᲘᲑᲝᲚᲘᲐ ᲑᲐᲠᲗᲐ | ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

მეუღლე უსიტყვოდ მოვიპოვე

მეუღლე უსიტყვოდ მოვიპოვე

 იეჰოვას ახლოს გაცნობის სურვილი არაერთი მიზეზის გამო გამიჩნდა. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იეჰოვას მოწმეებს შორის არსებულმა სითბომ და სიყვარულმა. გასაოცარი იყო იმის დანახვაც, თუ როგორ ასწავლიდნენ ისინი ჭეშმარიტებას ბიბლიიდან. ჩემს გულს ძალიან შეეხო იმის გაგება, რომ ღმერთი ზრუნავს ადამიანებზე და მათ გასაოცარ მომავალს ჰპირდება. თუმცა, ჩემგან განსხვავებით, ჩემი ქმარი ჭეშმარიტების გაგებით ნამდვილად არ აღფრთოვანებულა, რის გამოც უამრავ პრობლემას შევხვდი.

ჩვენი ქორწილის დღე

 დავიბადე რუმინეთში 1952 წელს. მართალია, დედაჩემი იეჰოვას მოწმე იყო, მაგრამ – არააქტიური; ასე რომ, კრების შეხვედრაზე არასდროს ვყოფილვარ. გარდა ამისა, რუმინეთი იმ დროს საბჭოთა კავშირის ქვეყანა იყო, რის გამოც იეჰოვას მოწმეების ლიტერატურის ბეჭდვა და სამქადაგებლო საქმიანობა აკრძალული იყო. ასე რომ, სანამ 36 წლის არ გავხდი, არ ვიცნობდი იეჰოვას და არც ის ვიცოდი, რას ასწავლიდა ბიბლია. თუმცა 1988 წელს მოხდა რაღაც, რამაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. იმ დროს მე და ჩემი მეუღლე იშვანი ქალაქ სატუ-მარეში ვცხოვრობდით.

შემოთავაზება, რომელზეც უარს ვერ ვიტყოდი

 ერთ დღეს დედა მესტუმრა და მითხრა: „დეიდაშენთან მივდივარ და წამოხვალ? მერე საყიდლებზეც შევიაროთ“. მეცალა, ამიტომ უარი არ მითქვამს.

 დეიდაჩემთან მისულმა აღმოვაჩინე, რომ იქ იეჰოვას მოწმეების შეხვედრა ტარდებოდა, რომელსაც ათამდე ადამიანი ესწრებოდა. თურმე დედას განუახლებია კრების შეხვედრებზე სიარული და მსახურებაშიც აქტიურად იყო ჩართული. იქ მოსმენილმა, ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

 კრება რომ დამთავრდა, ძმა, რომელიც შეხვედრას ატარებდა ჩემთან მოვიდა და გამომელაპარაკა: „მე იანოში ვარ. შევამჩნიე, რომ ძალიან ყურადღებით უსმედი პროგრამას. აბა რას იტყვი, მოგეწონა?“. ვუთხარი, რომ მსგავს შეხვედრაზე არასდროს ვყოფილვარ და სხვა დროსაც სიამოვნებით დავესწრებოდი. შემდეგ მკითხა: „ბიბლიის შესწავლას ხომ არ დაიწყებდი?“. ამ შემოთავაზებაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი. გავაცნობიერე, რომ თავად ღმერთმა მიმიზიდა ამ ხალხისკენ.

 მეორე დღეს იანოშმა იდა გამაცნო. ის ჩემი ბიბლიის მასწავლებელი გახდა. ბიბლიის შესწავლა კი დავიწყე, მაგრამ არ ვიცოდი, რა რეაქცია ექნებოდა ამაზე იშვანს, ამიტომ ძალიან ვნერვიულობდი. ამ საკითხზე მასთან დალაპარაკება რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ ყოველ ჯერზე გულგრილობას იჩენდა. არ ამბობდა, თუმცა აშკარად არ მოსწონდა, რომ ბიბლიას ვსწავლობდი.

 ამის მიუხედავად, ბიბლიის შესწავლა არ შემიწყვეტია და 1989 წლის აგვისტოში მოვინათლე. ოთხი თვის შემდეგ რუმინეთში კომუნისტური რეჟიმი დაამხეს, მისი ლიდერი კი სიკვდილით დასაჯეს.

წინააღმდეგობა მატულობს

 კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ იეჰოვას მოწმეებს ბევრი რამის კეთება უკვე თავისუფლად შეგვეძლო, მაგალითად, თავისუფლად ვიკრიბებოდით და ვქადაგებდით. თუმცა ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა; მსახურებაში თავისუფლად მონაწილეობას მეუღლის მხრიდან უფრო მეტი წინააღმდეგობა მოჰყვა. იშვანმა ერთხელ მითხრა: „რაც გინდა ის იწამე, მთავარია, კარდაკარ არ დაიწყო სიარული“.

 რა თქმა უნდა, ქადაგება არ შემიწყვეტია, თუმცა მაქსიმალურად ვიჩენდი სიფრთხილეს (საქმეები 4:20). ერთხელ იშვანის მეგობრებმა დამინახეს, რომ კარდაკარ ვქადაგებდი და მას უთხრეს. სახლში რომ მივედი, იშვანი გაბრაზებული დამხვდა. მან ყვირილით მითხრა: „მეც მარცხვენ და ჩვენს ოჯახსაც“. მან ყელზე დანა მომადო და დამემუქრა, რომ ქადაგებას თუ არ შევწყვეტდი, მომკლავდა.

 ვეცადე, დამემშვიდებინა იშვანი და ჩემს სიყვარულში დამერწმუნებინა. ცოტა ხნით ამან გაჭრა. თუმცა მოგვიანებით, როცა ახლო ნათესავის ქორწილში რელიგიურ ცერემონიაზე დასასწრებად არ წავედი, იშვანი ძალიან გაბრაზდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა.

 სამწუხაროდ, მომდევნო ცამეტი წლის განმავლობაში ასეთი შეურაცხყოფა ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ის განქორწინებითაც კი არაერთხელ დამემუქრა. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ კარებს მიკეტავდა და სახლში არ მიშვებდა; ზოგჯერ კი მეუბნებოდა, რომ ბარგი ჩამელაგებინა და სახლიდან წავსულიყავი.

 რთული იყო, მაგრამ შევძელი ასეთი სიტუაციების ატანა, ამაში კი ლოცვა მეხმარებოდა. ვგრძნობდი, რომ იეჰოვა სიმშვიდეს და ძალას მაძლევდა (ფსალმუნი 55:22). ლოცვასთან ერთად თანაქრისტიანებიც უდიდეს დახმარებას მიწევდნენ. უხუცესები და გამოცდილი დები ხშირად მესაუბრებოდნენ და მახალისებდნენ, რომ მსახურება არ შემეწყვიტა. ისინი მახსენებდნენ, რომ თუ სიმტკიცეს შევინარჩუნებდი და იეჰოვას ვუერთგულებდი, ჩემი მეუღლის უსიტყვოდ მოპოვებას შევძლებდი (1 პეტრე 3:1). გავიდა დრო და ეს სიტყვები ნამდვილად გამართლდა.

გარდამტეხი მომენტი

 2001 წელს იშვანს ინსულტი დაემართა. ის ერთი თვე იწვა საავადმყოფოში და რამდენიმე კვირა დასჭირდა რეაბილიტაციისთვის. თუმცა მან ფეხზე გავლა ვეღარ შეძლო და ეტლს მიეჯაჭვა. მთელი იმ ხნის განმავლობაში გვერდიდან არ მოვშორებივარ. ჩემი ხელით ვაჭმევდი, ველაპარაკებოდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რაც სჭირდებოდა.

 კრებიდან ბევრი და-ძმა მოდიოდა მის სანახავად. ის ხედავდა, რომ მათ გულწრფელად აღელვებდათ მისი მდგომარეობა. ბევრი მათგანი სახლის საქმეებშიც გვეხმარებოდა. უხუცესები ყოველთვის გვერდით გვედგნენ და გვამხნევებდნენ.

 თანაქრისტიანების ყურადღებამ იშვანი დააფიქრა. მას შერცხვა იმის, თუ როგორ მექცეოდა. იშვანს მხედველობიდან ისიც არ გამორჩენია, რომ საავადმყოფოში მის სანახავად არცერთი მისი მეგობარი არ მისულა. სახლში დაბრუნების შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ბიბლიის შესწავლა დაეწყო. სიხარულის ცრემლები ვერ შევიკავე.

 2005 წლის მაისში იშვანი მოინათლა. რადგან სიარული არ შეეძლო, აუზამდე ეტლით მიიყვანეს. შემდეგ ხელში აიყვანეს და ისე მონათლეს. იშვანი გულმოდგინე მქადაგებელი გახდა. ძალიან ტკბილად მახსენდება, თუ როგორ ვქადაგებდით ერთად. წარმოიდგინეთ, მამაკაცი, რომელიც ერთ დროს ქადაგების გამო მდევნიდა, ახლა ჩემთან ერთად უზიარებდა სასიხარულო ცნობას სხვებს!

 იშვანს იეჰოვა ძალიან შეუყვარდა. ის ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარიც გახდა; ბიბლიურ მუხლებს იმახსოვრებდა, შემდეგ თანაქრისტიანებთან ერთად მსჯელობდა და ასე ამხნევებდა მათ.

რეგიონულ კონგრესზე მეგობრებთან ერთად

 სამწუხაროდ, იშვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მან რამდენჯერმე გადაიტანა მიკროინსულტი, რის შედეგადაც მეტყველების უნარი დაკარგა და საწოლს მიეჯაჭვა. ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, იშვანი სულიერად არ მოსუსტებულა. თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე ის ყველაფერს აკეთებდა, რომ პირადი შესწავლა არ შეეწყვიტა. როცა და-ძმები მის სანახავად მოდიოდნენ, იშვანი ელექტრონულ მოწყობილობას იყენებდა სხვებთან საურთიერთოდ და მათ გასამხნევებლად. ერთმა ძმამ თქვა: „ძალიან მიყვარს იშვანთან სტუმრობა. სახლში ყოველთვის გამხნევებული ვბრუნდები“.

 სამწუხაროდ, 2015 წლის დეკემბერში იშვანი გარდაიცვალა. მისი დაკარგვა ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო. ტკივილს იმაზე ფიქრი მიმსუბუქებს, რომ იშვანი და დედაჩემიც ახლა იეჰოვას მეხსიერებაში არიან. ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები და ჩავეხუტები მათ ახალ ქვეყნიერებაში.

 35 წელზე მეტი გავიდა იმ დღის შემდეგ, რაც მე და დედა დეიდას ვეწვიეთ და ეს დღე არასდროს დამავიწყდება. ახლა 70 წელს გადაცილებული ვარ და პიონერად ვმსახურობ. ამგვარად ვცდილობ მადლიერება გამოვხატო იეჰოვასადმი ყველა იმ სიკეთისთვის, რაც ჩემთვის გაუკეთებია (ფსალმუნი 116:12). იეჰოვა მეხმარებოდა, რომ წინააღმდეგობების დროს ერთგულება შეენარჩუნებინა და სიმშვიდე არ დამეკარგა, უფრო მეტიც, იეჰოვას წყალობით, ერთ დროს სასტიკად მოწინააღმდეგე მეუღლე, უსიტყვოდ მოვიპოვე.