ᲓᲔᲠᲔᲚ ᲨᲐᲠᲞᲘ | ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ
იეჰოვას დახმარებით უკან არ ვიხევთ
„ერთ თვესაც ვერ იმსახურებს“, — ეს თქვა ზოგიერთმა ძმამ, როცა გაიგო, რომ დროებითი პიონერობა გადავწყვიტე. 1956 წელი იდგა. მაშინ 16 წლის ვიყავი, 4 წლის მონათლული. იმ დროს მონათვლის მსურველებს უხუცესებთან გასაუბრება არ უწევდათ. ჰოდა, მეც ისე მოვინათლე, რომ არავის შეუფასებია, ვაკმაყოფილებდი თუ არა მოთხოვნებს. უბრალოდ ის ძმა, რომელმაც ნათლობა მირჩია, ძალიან მომწონდა და მოვინათლე.
ძმებმა ტყუილად არ შეიტანეს ჩემში ეჭვი. დიდი სულიერობით არ გამოვირჩეოდი, არც მსახურება მიყვარდა. კვირაობით სულ ვლოცულობდი, გაწვიმებულიყო, მსახურებაში რომ არ წავსულიყავი. და, თუ მაინც მივდიოდი, ხალხს უბრალოდ ჟურნალებს ვთავაზობდი. ბიბლიიდან ერთხელაც კი არ მიმსჯელია ვინმესთან. კრებაზე დავალებით რომ გამოვსულიყავი, დედაჩემს ჩემი მოსყიდვა უწევდა. ბიბლიის შესწავლა არ მიყვარდა და არც სულიერი მიზნები მქონდა.
ზაფხულში საოლქო კონგრესს დავესწარი კარდიფში (უელსი). ამ კონგრესმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ერთ-ერთმა მომხსენებელმა რიტორიკული კითხვები დაუსვა აუდიტორიას: „მიუძღვენით თავი იეჰოვას და მოინათლეთ? აღუთქვით იეჰოვას, რომ მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით ემსახურებოდით? გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემა ან ოჯახური ვალდებულება, რაც ხელს გიშლით, იმსახუროთ პიონერად? რაიმე სხვა მიზეზი ხომ არ გაქვთ, რის გამოც ვერ შეძლებთ პიონერობას? თუ ბოლო კითხვაზე თქვენი პასუხი უარყოფითია, მაშინ რატომ არ მსახურობთ პიონერად?“.
უცებ გონება გამინათდა. მივხვდი, რომ ცხოვრებას ფუჭად ვატარებდი, არ ვცხოვრობდი მიძღვნის თანახმად და მთელი გულით არ ვემსახურებოდი იეჰოვას. ასე რომ, 1956 წლის ოქტომბერში დროებით ანუ, როგორც დღეს ვეძახით, დამხმარე პიონერად დავიწყე მსახურება.
1959 წელს აბერდინში სპეციალურ პიონერად დამნიშნეს.
მომდევნო წელს პიონერიც გავხდი და ერთ კრებაში გადავედი, სადაც 19 მაუწყებელი მსახურობდა. იქ ყოველკვირა მოხსენებებით მიწევდა გამოსვლა. ძმების დახმარებით დროთა განმავლობაში ჩემი მოხსენებები უფრო შინაარსიანი გახდა და გადმოცემის უნარიც უფრო დავხვეწე. ორი წლის შემდეგ, 1959 წელს, სპეციალურ პიონერად დავინიშნე და შოტლანდიის შორეული ჩრდილოეთით, ქალაქ აბერდინში, გამგზავნეს. რამდენიმე თვის შემდეგ ბეთელში მიმიწვიეს, რომელიც ლონდონში მდებარეობდა. იქ შვიდი წლის მანძილზე სტამბაში ვიმსახურე.
ძალიან მომწონდა ბეთელი, თუმცა სამქადაგებლო მსახურებაშიც მინდოდა, მეტად დავხარჯულიყავი. ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ვიყავი და სურვილი მქონდა, იეჰოვას ყველგან გამოვდგომოდი. ამიტომ 1965 წელს სკოლა „გალაადში“ სწავლის მსურველთათვის განკუთვნილი ბლანკი შევავსე.
იმ წელს მე და ის ძმა, რომელთან ერთადაც ბეთელში ვცხოვრობდი, ბერლინში გავემგზავრეთ კონგრესზე დასასწრებად. ბერლინის კედლის ნახვაც ძალიან გვინდოდა, რომელიც რამდენიმე წლის აშენებული იყო.
იქ ყოფნის დროს მსახურებაშიც მივიღეთ მონაწილეობა. მე ერთ დასთან ერთად გამანაწილეს, სუზან ბანდრეკთან. ასე გავიცანი სუზანი, რომელზეც 1966 წელს დავქორწინდი. ორი წლის შემდეგ სკოლა „გალაადის“ 47-ე კლასში მიგვიწვიეს. ეს ძალიან დიდი საჩუქარი იყო იეჰოვასგან. ხუთმა თვემ თვალის დახამხამებაში გაირბინა. სწავლის დასრულების შემდეგ გვთხოვეს, რომ ზაირში, დღევანდელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, გაგვეგრძელებინა მსახურება. თავიდან ძალიან ავღელდით. ამ ქვეყანაზე თითქმის არაფერი ვიცოდით და ცოტა არ იყოს გვეშინოდა. თუმცა სრული ნდობა გამოვუცხადეთ იეჰოვას და ზაირისკენ ავიღეთ გეზი.
მე და სუზანი სკოლა „გალაადში“ სწავლის დასრულების შემდეგ (1969 წ.)
არაერთი საათი გავატარეთ სხვადასხვა აეროპორტსა და თვითმფრინავში და საბოლოოდ ჩავაღწიეთ დანიშნულების ადგილამდე. ეს იყო მაღაროელთა ერთი პატარა ქალაქი, კოლვესი. ჩვენდა გასაკვირად, იქ ჩასულებს არავინ დაგვხვდა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ძმებმა დეპეშა ჩვენი ჩასვლიდან ორი დღის შემდეგ მიიღეს, ამიტომ არ იცოდნენ, იქ ჩასვლას რომ ვაპირებდით. აეროპორტში ჩვენთან ერთი პოლიციელი მოვიდა და ფრანგულად რაღაც გვითხრა. ეს ენა არ ვიცოდით, ამიტომ ჩვენ წინ მდგომმა ქალმა გვითარგმნა: „თქვენ დაკავებული ხართ!“.
პოლიციელმა ერთ კაცს უბრძანა, რომ მის მანქანაში ჩავესვით. მას ორადგილიანი ძველი სპორტული მანქანა ჰყავდა. ამ პატარა მანქანაში როგორღაც ოთხივენი ჩავსხედით. ალბათ, ძალიან სასაცილო დასანახი ვიქნებოდით. ოღროჩოღრო გზაზე ჯაყჯაყით მივდიოდით, ჩვენს ჩემოდნებს კი ძლივს იჭერდა ღია საბარგულის კარი. ეს ყველაფერი კომედიური ფილმის სცენას ჰგავდა.
მისიონერთა სახლისკენ მივდიოდით. მისამართი ჩვენ არ ვიცოდით, მაგრამ პოლიციელმა იცოდა. იქ რომ მივედით, სახლში არავინ დაგვხვდა, ჭიშკარიც დაკეტილი იყო. მისიონერები საერთაშორისო კონგრესებზე და შვებულებაში იყვნენ წასული. მზის გულზე ვიდექით და ვფიქრობდით, ახლა რა უნდა გვექნა. ბოლოს ერთი ადგილობრივი ძმა მოვიდა. როგორც კი დაგვინახა, თბილად გაგვიღიმა და ჩვენც გულზე მოგვეშვა. ის იცნობდა ამ პოლიციელს, რომელსაც, როგორც ჩანს, ჩვენგან ფულის მიღების იმედი ჰქონდა. თუმცა ამ ძმამ სიტუაცია აუხსნა, რის შემდეგაც პოლიციელი წავიდა.
ზაირში მისიონერთა სახლის წინ ნეითან ნორის მონახულების დროს (1971 წ.)
უკან დახევის დრო არ არის
მალევე მივხვდით, რომ იქაურები ძალიან მხიარული და მოსიყვარულე ხალხი იყვნენ, რომელთაც ბევრის ატანა მოუწიათ. სამწუხაროდ, სამოქალაქო არეულობისა და აჯანყებების გამო ბოლო 10 წლის განმავლობაში ხალხი დიდი ძალადობის მსხვერპლი გახდა. 1971 წელს ჩვენი საქმიანობაც აიკრძალა და არ ვიცოდით, რა უნდა გვექნა.
შიშის გამო უკან დახევის დრო არ იყო. თითო-ოროლა და-ძმის გარდა, თითქმის ყველამ შეინარჩუნა ქრისტიანული ნეიტრალიტეტი. არადა ყველას აიძულებდნენ, რომ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებულიყვნენ და პარტიის სამკერდე ნიშანი ეტარებინათ. ვისაც ასეთი ნიშანი არ ეკეთებოდა, ვერანაირ სახელმწიფო მომსახურებას ვერ მიიღებდა. თანაც ისინი საკმაოდ დიდ წნეხში იყვნენ პოლიციელებისგან და სამხედროებისგან. ბევრი ძმა სამსახურიდან გამოუშვეს, ბავშვები კი სკოლიდან გარიცხეს. ასობით იეჰოვას მოწმე ციხეში ჩასვეს. მართლა რთული დრო იდგა, მაგრამ ჩვენი და-ძმები გაბედულად აგრძელებდნენ სასიხარულო ცნობის ქადაგებას.
მოთმინება გვჭირდებოდა
იმ წლების განმავლობაში მე და სუზანს მიმოსვლითი მსახურება, ძირითადად, შორეულ სოფლებში გვიწევდა. სოფლებში მსახურებას თავისებური სირთულეებიც ახლდა თან. ჩალით გადახურულ პატარა სახლებში ვცხოვრობდით ხოლმე, სადაც ჩვენი დასაწოლი ადგილიც კი ძლივს იყო. სახლებს ისეთი დაბალი კარები ჰქონდა, თითქმის ყოველთვის ვურტყამდი თავს. წყაროებიდან და მდინარეებიდან აღებული წყლით ვბანაობდით. ღამე სანთლის შუქზე ვკითხულობდით, საჭმელს კი ნახშირზე ვამზადებდით. თუმცა ზუსტად ასე წარმოგვედგინა მისიონერული ცხოვრება. ისეთი განცდა გვქონდა, თითქოს წინა ხაზზე ვიბრძოდით.
ადგილობრივი და-ძმებისგან ვისწავლეთ, რომ ისეთი რაღაცებიც დაგვეფასებინა, რასაც მანამდე ჩვეულებრივ რამედ ვთვლიდით, მაგალითად, საჭმელი, წყალი ტანსაცმელი და თავშესაფარი (1 ტიმოთე 6:8). დღემდე არ გვავიწყდება, რომ სხვა დანარჩენი არც ისე მნიშვნელოვანია.
მართალია, პავლეს მსგავს განსაცდელებს არ შევხვედრივართ, მაგრამ ზოგჯერ ჩვენი რწმენაც იცდებოდა. ეს გვეხმარებოდა, ჩვენი მოტივები შეგვემოწმებინა. საშინელ გზებზე გვიწევდა გადაადგილება, ზოგ ადგილას გზა თითქმის არც კი არსებობდა. ხან ქვა-ღორღიან გზაზე გვიწევდა მგზავრობა, ხანაც ქვიშაში ან ტალახში ვეფლობოდით. ერთხელ მთელი დღე ვიმგზავრეთ და 70 კილომეტრზე მეტი ვერ გავიარეთ. მახსოვს, 12-ჯერ მოგვიწია ტალახიდან მანქანის ამოთრევა.
ხშირად ძალიან ცუდ გზებზე გვიწევდა გადაადგილება.
ასეთი სირთულეების დროს განსაკუთრებულ სიახლოვეს ვგრძნობდით იეჰოვასთან. დავინახეთ, რომ ისეთ რთულ სიტუაციებშიც კი, როცა ჩვენ არაფრის შეცვლის ძალა არ შეგვწევს, იეჰოვას დახმარებით სიხარულის შენარჩუნება შეგვიძლია. სუზანი ბუნებით არ არის თავგადასავლების მოყვარული, მაგრამ, რა განსაცდელსაც არ უნდა შევხვედროდით, ერთსაც არ დაიწუწუნებდა. ყოველთვის კარგად გვახსენდება ის პერიოდი, რადგან იქ მსახურებამ ბევრი რამ შეგვძინა და გვასწავლა.
ზაირში რამდენიმეჯერ დამაპატიმრეს. ერთხელ ალმასების უკანონოდ ვაჭრობაშიც კი დამდეს ბრალი. რა თქმა უნდა, ძალიან ვნერვიულობდით, მაგრამ ერთ რამეზე დავფიქრდით: თუ იეჰოვას სურდა, იქ მსახურება გაგვეგრძელებინა, ის აუცილებლად დაგვეხმარებოდა. ეს ასეც მოხდა.
არ ვწყვეტთ იეჰოვას მსახურებას
1981 წელს კინშასაში გაგვგზავნეს. იქაურ ფილიალში უნდა გვემსახურა. ერთი წლით ადრე იქ ჩვენს საქმიანობაზე შეზღუდვა მოიხსნა. ძმებმა ნაკვეთი შეიძინეს, რომ უფრო დიდი ფილიალი აეშენებინათ. თუმცა, მოულოდნელად, 1986 წლის მარტში პრეზიდენტის განკარგულებით იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აიკრძალა. ამის გამო მშენებლობაც შეჩერდა და მისიონერთა უმეტესობასაც მოუწია ქვეყნის დატოვება.
ზაირის ფილიალში მსახურების პერიოდი
ჩვენ ცოტა ხანს კიდევ შევძელით დარჩენა. მაქსიმალურად ვცდილობდით, არ შეგვეწყვიტა ქადაგება, თუმცა ვიცოდით, რომ გვაკვირდებოდნენ. სიფრთხილეს კი ვიჩენდით, მაგრამ ერთხელ ბიბლიის შესწავლის დროს მაინც დამაპატიმრეს. ერთ დიდ ოთახში შემაგდეს, რომელიც დილეგს ჰგავდა და სავსე იყო პატიმრებით. საშინელი უჰაერობა და სიცხე იყო, ბნელოდა და მძიმე სუნიც იდგა. ერთადერთი, საიდანაც სინათლე და ჰაერი შემოდიოდა, პატარა ხვრელი იყო. პატიმრებმა ციხის ავტორიტეტთან მიმათრიეს. მან მომთხოვა, რომ მათი ჰიმნი მემღერა. ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი. მაშინ შენი ქვეყნის ჰიმნი იმღერეო, მითხრა მან. ვუთხარი, რომ არც ჩემი ქვეყნის ჰიმნი ვიცოდი. ამის შემდეგ ზურგით კედელთან დამაყენა 45 წუთი. ადგილობრივმა ძმებმა ყველაფერი გააკეთეს ჩემ დასახმარებლად და ამის წყალობით რაღაც დროის შემდეგ გამათავისუფლეს.
ახალჩასულები ზამბიის ფილიალში (1987 წ.)
აშკარა იყო, ქვეყანაში ჯერ კიდევ არაფერი შეიცვლებოდა უკეთესობისკენ. მალევე ზამბიაში გაგვგზავნეს. საზღვარზე რომ გადავდიოდით, გული ძალიან გვწყდებოდა, თუმცა შვებასაც ვგრძნობდით. ვფიქრობდით იმ 18 წელზე, რომელიც სხვა მისიონერებთან და ადგილობრივ და-ძმებთან ერთად გავატარეთ. დროდადრო სირთულეებს კი ვხვდებოდით, მაგრამ იეჰოვასგან კურთხევებიც არ გვაკლდა. მთელი ეს პერიოდი ვხედავდით, როგორ გვედგა იეჰოვა მხარში. იქ მსახურების დროს ვისწავლეთ სუაჰილი და ფრანგული ენები. სუზანმა ცოტა ლინგალაც შეისწავლა. ძალიან გვიხარია, რომ 130-ზე მეტ ადამიანს დავეხმარეთ, მონათლულიყვნენ. 1993 წელს უზენაესმა სასამართლომ ჩვენი საქმიანობა კვლავ კანონიერად ცნო. ახლა კონგოში 240 000-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობს. ძალიან გვიხარია, რომ ამ ტერიტორიაზე ამხელა ზრდაა და ისიც გვაბედნიერებს, რომ საძირკვლის ჩაყრაში ჩვენც შევიტანეთ წვლილი.
ზამბიაშიც დიდი ზრდის მოწმენი გავხდით. იქ 1987 წელს ჩავედით და მას შემდეგ მაუწყებლების რიცხვი გასამმაგდა. ჩვენი იქ მსახურების პერიოდში აშენდა ფილიალის ახალი შენობებიც და მოგვიანებით გაფართოვდა კიდეც.
ზამბიის ფილიალი
ხედავთ, როგორ წარიმართა იმ ძმის ცხოვრება, რომელზეც ამბობდნენ, რომ ერთ თვესაც კი ვერ იმსახურებდა დროებით პიონერად?! იეჰოვას წყალობით და სუზანის მხარდაჭერით, უკვე 65 წელია, სრული დროით ვმსახურობ. ვიგემე და ვნახე, რაოდენ კარგია იეჰოვა (ფსალმუნი 34:8).
არ ვფიქრობთ, რომ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთეთ, უბრალოდ მაქსიმალურად ვცდილობდით, მიძღვნის თანახმად გვეცხოვრა. გვჯერა, იეჰოვა კვლავაც დაგვეხმარება, უკან არ დავიხიოთ და ისეთი რწმენა გვქონდეს, რომლის წყალობითაც გადავრჩებით (ებრაელები 10:39).
მე და სუზანი დღემდე ზამბიის ფილიალში ვმსახურობთ.
უყურეთ ვიდეოს „დერელ და სუზან შარპი: ჩვენ აღვუთქვით იეჰოვას, რომ მთელი სულით ვემსახურებოდით“.

