ᲒᲔᲝᲠᲒᲘ ᲞᲝᲠᲩᲣᲚᲘᲐᲜᲘ | ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

„იეჰოვა მედგა მხარში და მაძლიერებდა“

„იეჰოვა მედგა მხარში და მაძლიერებდა“

23 წლის ვიყავი, როცა შრომა-გასწორების ბანაკში გამგზავნეს ციმბირში, მაგადანის ოლქში, რომელიც უმკაცრესი კლიმატური პირობებით გამოირჩევა. მხოლოდ ერთი წლის მონათლული ვიყავი. შესაბამისად, არც დიდი გამოცდილება მქონდა და ვერც ქრისტიანული თვისებებით დავიკვეხნიდი. ისეთი იმპულსური ვიყავი, რომ პატიმართან ქადაგების პირველივე მცდელობა ლამის ჩხუბით დასრულდა.

 მინდა მოგითხროთ, როგორ შევუერთდი ერთ დროს კომუნისტი იმ ხალხს, რომლებსაც სახელმწიფოს მტრებად მიიჩნევდნენ და როგორ მეხმარებოდნენ იეჰოვა და და-ძმები, დამეხვეწა ქრისტიანული თვისებები.

სამართლიანობისა და შინაგანი სიმშვიდის ძიებაში

 დავიბადე 1930 წელს, მოლდავეთის (თანამედროვე მოლდოვა) ჩრდილოეთით, ერთ ღარიბ სოფელში, ტაბანიში. ჩემი მშობლები კოლმეურნეობაში მუშაობდნენ. ისინი მძიმედ შრომობდნენ, რომ ექვსშვილიანი ოჯახი ერჩინათ, თუმცა მაინც გვიჭირდა. დედაჩემი მართლმადიდებელი იყო, მამა კი — კათოლიკე. მღვდლების სამარცხვინო საქციელი ხშირად ხდებოდა მათი ცხარე კამათის მიზეზი.

 სკოლის დამთავრების შემდეგ, 18 წლის ასაკში, შევუერთდი კომკავშირს — ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელიც კომუნისტურ იდეოლოგიას ნერგავდა. მისი მიზანი იყო, ახალგაზრდები კომუნისტურ პარტიაში გასაწევრიანებლად მოემზადებინა. მალე ამირჩიეს ადგილობრივი ჯგუფის მდივნად. კომუნისტური იდეოლოგია ეფუძნებოდა ძმობას, თანასწორობასა და სამართლიანობას, რამაც ძალიან მიმიზიდა. მაგრამ, როცა იქაც დავინახე უსამართლობა და კორუფცია, დიდი იმედგაცრუება დამეუფლა.

 როგორც კომკავშირის აქტიური წევრი ვალდებული ვიყავი, მხარი დამეჭირა საბჭოთა კავშირის a მიერ გამოცემული ნებისმიერი ბრძანებისთვის. მაგალითად, ასე უნდა მოვქცეულიყავი მაშინაც, როცა ხელისუფლებამ ეკლესიების დახურვა და რელიგიების აკრძალვა დაიწყო. ჩვენს სოფელში რამდენიმე იეჰოვას მოწმე ცხოვრობდა. მართალია, ვიცოდი, რომ პატიოსანი და მშვიდობიანი ხალხი იყვნენ, მაგრამ მაინც ფანატიკოსებად მივიჩნევდი. წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ერთ-ერთი მათგანი მალე ჩემთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიპასუხებდა.

 ბიძაჩემი დიმიტრი, რომელიც ჩვენს სოფელში ცხოვრობდა, იეჰოვას მოწმე იყო. 1952 წელს, გაზაფხულის ერთ დღეს, მან მკითხა: „გეორგი, რა გეგმები გაქვს ცხოვრებაში?“. ის ერთადერთი იყო, ვინც ჩემზე ფიქრობდა, და ამიტომაც დამისვა ეს შეკითხვა. იმ დროისთვის მართლა უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში. მაგალითად, საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „თუ ღმერთი არსებობს, რატომ არის ამდენი ტანჯვა?“. მომდევნო რვა დღის განმავლობაში ბიძაჩემი ჩემს კითხვებს ბიბლიიდან პასუხობდა. ზოგჯერ ღამის სამ საათამდეც კი ვსაუბრობდით.

ზოგჯერ გეორგის და დიმიტრის ბიბლიურ თემებზე საუბარში თავზე ათენდებოდათ

 ამგვარი საუბრების შემდეგ გადავწყვიტე, ბიბლია სერიოზულად გამომეკვლია. მივხვდი, რომ მყავდა ზეციერი მამა, რომელსაც გულწრფელად ვუყვარდი (ფსალმუნი 27:10). მართალია, საკმაოდ ცოტა რამ ვიცოდი ბიბლიიდან, მაგრამ იეჰოვა ძალიან შემიყვარდა. სწორედ ეს სიყვარული დამეხმარა, ძირეული ცვლილებები მომეხდინა. ადგილობრივი თავმჯდომარის მუქარის მიუხედავად, კომპარტიიდან მაინც წამოვედი. ბიბლიის შესწავლის დაწყებიდან, სულ რაღაც, ოთხ თვეში, 1952 წლის სექტემბერში თავი მივუძღვენი იეჰოვას და მოვინათლე.

იცდება იეჰოვასადმი ჩემი სიყვარული

 იმ დროს იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აკრძალული იყო. მიუხედავად ამისა, ძალიან მინდოდა, იეჰოვასადმი ჩემი სიყვარული საქმეებით დამემტკიცებინა. ამიტომ გადავწყვიტე, სოფლად მცხოვრები თანაქრისტიანებისთვის ლიტერატურა ჩამეტანა. ეს სარისკო საქმე იყო, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა ადვილად შენიშნავდა უცხო პირს და ხელისუფლებასთან დაასმენდა. ზოგი თანაქრისტიანიც კი ეჭვის თვალით მიყურებდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ მეც შეგზავნილი ვიყავი და კრების შესახებ ინფორმაციას ვაგროვებდი. თუმცა მალე ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ჯაშუში არ ვიყავი. ნათლობიდან ორი თვის შემდეგ დამაკავეს და აკრძალული ლიტერატურის გავრცელებისთვის წამიყენეს ბრალი.

 თითქმის ერთი წელი წინასწარი დაკავების იზოლატორში გავატარე. დაკითხვების დროს ოფიცრები ჩემს გატეხვას ცდილობდნენ. მაგრამ იეჰოვა ძალიან მიყვარდა და ეს მაძლებინებდა. ჩემს საქმეზე სასამართლო მოსმენა ქალაქ ოდესაში დაინიშნა. სასამართლოზე ჩემი მშობლები და და-ძმებიც გამოიძახეს, რომლებიც არ იყვნენ იეჰოვას მოწმეები.

 სასამართლოს სურდა, ისე წარმოეჩინა ჩემი საქმე, თითქოს საშიშ სექტაში შემიტყუეს. სამართალდამცავები ჩემს მშობლებს და და-ძმებს არწმუნებდნენ, რომ საღად აზროვნების უნარი დავკარგე. ჩემი მშობლები ძალიან შეშინდნენ, ტიროდნენ და მემუდარებოდნენ, დამეტოვებინა ეს რელიგია. მე სიმშვიდე არ დამიკარგავს და დედას ვუთხარი: „ნუ გეშინია, არავის მოვუტყუებივარ. როგორც იქნა ვიპოვე ის, რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი, და ამაზე უარს არასდროს ვიტყვი“ (იგავები 23:23). დიდი ბიბლიური ცოდნა არ მქონდა, თუმცა ის კი ზუსტად ვიცოდი, რომ იეჰოვას ერთგული უნდა დავრჩენილიყავი. ექვსი წლის შემდეგ მშობლებიც დაინტერესდნენ ჩემი რწმენით და ისინიც იეჰოვას მოწმეები გახდნენ.

გეორგის საშიში სექტის წევრობაში დასდეს ბრალი. სასამართლოს მისი მშობლებიც ესწრებოდნენ

 15-წლიანი პატიმრობა მომისაჯეს და მატარებლით გამგზავნეს ციმბირში, შრომა-გასწორების ბანაკების ცენტრალურ ნაწილში. პატიმრების სრულად დამორჩილების მიზნით მცველები და ოფიცრები გვცემდნენ და გვაშიმშილებდნენ. თავიდან მეგონა, ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი.

იეჰოვასა და და-ძმების მხარდაჭერა

 ბანაკში 34 იეჰოვას მოწმე იყო. ახალჩასული ვიყავი, როცა რამდენიმემ სიფრთხილით მკითხა: „არიან თქვენთან იონადაბები?“. მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი ძმები იყვნენ. ასეთ კითხვას მხოლოდ იეჰოვას მოწმე თუ დასვამდა. ყველანი ძალიან გამოცდილი ძმები იყვნენ და ბევრ რამეში დამეხმარნენ. მასწავლეს, როგორ გამომეყენებინა ბიბლიური პრინციპები რთულ სიტუაციებში და იმაშიც დამეხმარნენ, რომ პიროვნულად დავხვეწილიყავი, მაგალითად, ვყოფილიყავი უფრო გამჭრიახი.

 ბანაკში ჩარხზე ვმუშაობდი. ჩემთან ერთად ერთი ბიჭი იყო. მას მატფეი ერქვა. ერთხელ დაიკვეხნა, 50 წმინდანის სახელი ვიცი ზეპირადო, რაზეც საკმაოდ მწარე კომენტარი გავაკეთე. მატფეი ისე გაბრაზდა, რომ მუშტი მომიღერა, მაგრამ გავიქეცი. მოგვიანებით დავინახე, რომ ძმები ამ ამბავს ყვებოდნენ და იცინოდნენ. გავბრაზდი, რა გაცინებთ, მე ხომ ქადაგება მინდოდა-მეთქი. ძმებმა რბილად შემახსენეს, რომ ჩვენი მიზანი სასიხარულო ცნობაზე საუბარი იყო და არა ხალხის გაღიზიანება (1 პეტრე 3:15). მატფეი პოლიტპატიმარი იყო და თვალში არ მოსდიოდა ხელისუფლება. ამიტომ უკვირდა, იეჰოვას მოწმეები ასეთ პატივისცემას რომ ვიჩენდით მცველებისა და ზედამხედველების მიმართ. გავიდა დრო და ის დაინტერესდა ჭეშმარიტებით. არასდროს დამავიწყდება ის ღამე, როცა მატფეი მალულად ცივი წყლით სავსე კასრში მოინათლა.

 არც ისე დიდი ხნის მისული ვიყავი ბანაკში, როცა მე და კიდევ ორი ძმა ერთ კურსზე დასასწრებად მიგვიწვიეს, სადაც პოლიტიდეოლოგიას ასწავლიდნენ. თავიდან უარი განვაცხადეთ, ვფიქრობდით, რომ ეს ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დარღვევა იქნებოდა (იოანე 17:16). ამის გამო ორი კვირით კარცერში ჩაგვყარეს. როცა გაგვათავისუფლეს ძმებმა აგვიხსნეს, რომ ამ შეხვედრებზე უბრალოდ დასწრება მაინც და მაინც ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დარღვევას არ ნიშნავდა. პირიქით, შეიძლება ქადაგების შესაძლებლობა მოგვცემოდა. ეს ძმები დაგვეხმარნენ, დოგმატურები არ ვყოფილიყავით და გამჭრიახობა გამოგვეჩინა.

 ძმებს დიდი მოთმინება სჭირდებოდათ, ჩემთვის რამე რომ ესწავლებინათ და სწორედ აქედან ვხედავდი, როგორ ვუყვარდი იეჰოვას და როგორ ზრუნავდა ჩემზე. ციხეში ერთი პატიმარი, რომელიც მღვდელი იყო, მთავარ ბუღალტრად დანიშნეს. ყოველ ჯერზე, როცა სადილის დროს ერთმანეთს ვხვდებოდით, ის ასე მესალმებოდა: „გამარჯობა, სატანის ნაშიერო!“. სამწუხაროდ, ერთ დღეს ერთი პატიმრის რჩევით მეც სარკასტულად ვუპასუხე: „გამარჯობა, მამა!“. ამის გამო მაგრად მომხვდა. ძმებმა მომხდარის შესახებ რომ გაიგეს, რბილად ამიხსნეს, რომ ასეთი საქციელი ქრისტიანისთვის შესაფერისი არ იყო (იგავები 29:11). რაღაც დროის შემდეგ მღვდელს მოვუბოდიშე.

 დაპატიმრებამდე კრების შეხვედრებს ჩუმად ვატარებდით ან გვიან ღამით, ან უთენია. ბანაკში კი დასამალი ადგილი არსად იყო, ამიტომ ყოველდღე მცველების თვალწინ წრეს შევკრავდით ხოლმე და ბიბლიურ მუხლებზე ვმსჯელობდით, რომლებიც წინასწარ გვქონდა ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი. მიზნად გვქონდა დასახული, რომ, რაც შეიძლება მეტი ბიბლიური მუხლი დაგვემახსოვრებინა და ხშირად გაგვეხსენებინა. თუ რომელიმე მცველი წამოგვადგებოდა თავზე, ქაღალდის ნაგლეჯს მაშინვე ვყლაპავდით.

ბანაკში დასამალი ადგილი არსად იყო, ამიტომ მოწმეები ბიბლიურ მუხლებს მცველების თვალწინ განიხილავდნენ

იეჰოვას სიყვარულს გადასახლებაშიც ვგრძნობდი

გეორგი ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ (1960-იანი წლების დასაწყისი)

 ბანაკიდან 1959 წელს გამათავისუფლეს და ყაზახეთში, ყარაღანდის ოლქში გადამასახლეს. ტერიტორიის დატოვება არ შემეძლო, თუმცა ნებართვა ვითხოვე, რომ დაქორწინების მიზნით 20 დღით გამგზავრების უფლება მოეცათ. გავემგზავრე რუსეთში, ტომსკის ოლქში, სადაც ერთ დას ვიცნობდი, სახელად მარიას. ეს ლამაზი გოგო ღვთის ერთგულებითაც გამოირჩეოდა. როგორც მჩვეოდა, პირდაპირ საქმეზე გადავედი და ვუთხარი: „პაემნების დრო არ მაქვს, მარია, ცოლად გამომყევი“. ისიც დამთანხმდა და პატარა ქორწილი გადავიხადეთ. მარია ძალიან აფასებდა, რომ იეჰოვას გამო ამდენს გავუძელი, და სურდა, გვერდში ამომდგომოდა (იგავები 19:14).

 1960-იან წლებში კარდაკარ ვერ ვქადაგებდით, ამიტომ არცერთ შესაძლებლობას არ ვუშვებდით ხელიდან, რომ იეჰოვაზე გვესაუბრა. როცა სტუმრად გვეპატიჟებოდნენ ან შვებულებაში ვიყავით, ხშირად ვესაუბრებოდით სხვებს მომავლის იმედზე. ზოგჯერ იმ სახლებშიც მივდიოდით, რომლებიც იყიდებოდა და ვცდილობდით, სახლის მფლობელთან ბიბლიურ თემებზე წამოგვეწყო საუბარი. შედეგად, მე და მარია ექვს ადამიანს დავეხმარეთ, რომ იეჰოვას მოწმეები გამხდარიყვნენ.

 ზოგჯერ არჩევნების პერიოდშიც გვეძლეოდა მსახურების შესაძლებლობა. ერთხელ იმ ქარხანაში, სადაც მე და რამდენიმე ძმა ვმუშაობდით, საიდუმლო პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ და დაახლოებით 1 000 თანამშრომლის წინაშე გვკითხეს, რატომ არ ვერეოდით იეჰოვას მოწმეები პოლიტიკაში. მთავარმა ინჟინერმა და რამდენიმე თანამშრომელმა ჩვენი მხარე დაიკავეს და ოფიცრებს უთხრეს, რომ კეთილსინდისიერი და მუყაითი ხალხი ვიყავით. ამის შემხედვარეს გული მოგვეცა, რომ ჩვენი პოზიცია აგვეხსნა. ის ბიბლიური მუხლებიც მოვიშველიეთ, რომლებიც გვახსოვდა. ჩვენმა გაბედულებამ შედეგი გამოიღო — ოთხი თანამშრომელი დაინტერესდა და ერთი წელიც არ იყო გასული, რომ მოინათლნენ.

 1970-იანი წლების დასაწყისში ყაზახეთში ბევრი სუფთა გულის ადამიანი გახდა იეჰოვას მოწმე, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა, კონგრესი ჩაგვეტარებინა. ეს ყაზახეთის ისტორიაში პირველი კონგრესი იქნებოდა. მაგრამ როგორ შევძლებდით კონგრესის ჩატარებას ისე, რომ ხელისუფლებას ეჭვი არ აეღო? იმ პერიოდში ერთი იეჰოვას მოწმე წყვილი ქორწილს გეგმავდა და გადავწყვიტეთ, ქორწილი და კონგრესი ერთ დღეს დაგვემთხვია. ღონისძიების გამართვა ქალაქ ალმა-ათის (თანამედროვე ალმათი) მახლობლად მდებარე სოფელში გადავწყვიტეთ. სამასზე მეტი ადამიანი შევიკრიბეთ. ჩემმა ცოლმა და რამდენიმე დამ იქაურობაც გაალამაზეს და გემრიელი კერძებიც მოამზადეს. თუმცა სტუმრები განსაკუთრებით სულიერი საზრდოს მიღებამ გაახარა. აუდიტორიის წინაშე დაახლოებით თორმეტი ძმა წარვდექით მოხსენებით. მაშინ პირველად გამოვედი მოხსენებით ამდენი ხალხის წინაშე.

ყველა სირთულის დროს იეჰოვა გვედგა მხარში

გეორგი და მისი ცოლი მარია თავიანთ ქალიშვილ ლუდმილასთან ერთად

 ჩემი საყვარელი მეუღლე, მარია, მთელი სიცოცხლე ერთგულად მიჭერდა მხარს. ის რბილი ხასიათის და მორჩილი ბუნების ადამიანი იყო. იეჰოვას მსახურებას მარია ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს უთმობდა. ის ფიზიკურად ძლიერი ქალი იყო, მაგრამ მოულოდნელად ოსტეოპოროზის მწვავე ფორმა განუვითარდა, რის გამოც 16 წელი საწოლს იყო მიჯაჭვული. ჩვენი გოგონა ლუდმილა ძალიან მეხმარებოდა მის მოვლაში. მარია 2014 წელს გარდაიცვალა.

 თავს ძალიან უმწეოდ ვგრძნობდი, როცა ვხედავდი, როგორ იტანჯებოდა მარია და ვერაფრით ვშველოდი. სიცოცხლის ბოლო დღემდე ბიბლიას და გამამხნევებელ სტატიებს ერთად ვკითხულობდით. ხშირად ვსაუბრობდით ახალ ქვეყნიერებაზე. ზოგჯერ მის თავთან ვიჯექი და ჩუმად ვტიროდი. თუმცა, როცა ბიბლიიდან იეჰოვას შესანიშნავი დაპირებების შესახებ ვკითხულობდით, სიმშვიდე გვეუფლებოდა და ძალა გვემატებოდა (ფსალმუნი 37:18; 41:3).

გეორგი და ლუდმილა ქრისტიანულ შეხვედრაზე

 პირველივე დღიდან, რაც იეჰოვა გავიცანი, ყოველთვის ვგრძნობდი მის სიყვარულს, მხარდაჭერას და ზრუნვას (ფსალმუნი 34:19). როცა ახალგაზრდა, გამოუცდელი ბიჭი ვიყავი, იეჰოვა თანაქრისტიანების მეშვეობით მეხმარებოდა, პიროვნულად დავხვეწილიყავი. განსაცდელების დროს იეჰოვა თავისი სიტყვითაც მაძლიერებდა. მან იმის ძალაც მომცა, რომ სიკვდილამდე მეზრუნა ჩემს ძვირფას მეუღლეზე. დღეს თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში იეჰოვა მედგა მხარში და მაძლიერებდა (ფსალმუნი 31:19).

a 1991 წლამდე ყაზახეთი, მოლდოვა და უკრაინა ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა.