არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შესაძლებელია პატიოსნების შენარჩუნება კორუმპირებულ მსოფლიოში?

შესაძლებელია პატიოსნების შენარჩუნება კორუმპირებულ მსოფლიოში?

„გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18).

მართალია, ცოდვილი ბუნება, ქვეყნიერება და სატანა ეშმაკი ჩვენზე დიდ ზეწოლას ახდენს, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა მაინც შეგვიძლია. ამაში ღმერთთან დაახლოება და დროში ნაცადი ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება დაგვეხმარება. განვიხილოთ ორი მაგალითი.

ბიბლიური პრინციპი: „ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე“ (რომაელები 12:2).

რეალური შემთხვევა: გილიერმო წარმატებული ბრაზილიელი ბიზნესმენია. ის აღიარებს, რომ არ არის ადვილი, იყო პატიოსანი. „ბიზნესმენი შეიძლება ადვილად გაეხვიოს უპატიოსნო საქმეში, რადგან იძულებულია, დაემორჩილოს კომპანიის ხელმძღვანელობას ან გაუძლოს კონკურენციას. — ამბობს იგი. — ბევრი ჩვეულებრივ რამედ მიიჩნევს ქრთამის მიცემასა თუ აღებას. როცა ახალ ბიზნესს იწყებ და დიდია ფულის დაკარგვის ალბათობა, ადვილი არ არის პატიოსნების შენარჩუნება“.

მიუხედავად ამისა, გილიერმომ შეძლო, დარჩენილიყო პატიოსანი. ის ამბობს: „მაშინაც კი, თუ ბიზნესის წამოწყება გიხდება გარემოში, სადაც არაფერზე იხევენ უკან, პატიოსნების შენარჩუნება მაინც შესაძლებელია. აუცილებელია გქონდეს მტკიცე ზნეობრივი ფასეულობები. ბიბლია დამეხმარა, დამეფასებინა პატიოსნება. პატიოსან ადამიანს სუფთა სინდისი და ღირსების გრძნობა აქვს და შინაგან სიმშვიდეს გრძნობს. ასეთი ადამიანი გარშემომყოფებზე დადებითად მოქმედებს“.

ბიბლიური პრინციპი: „ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში, რომელიც ღუპავს და ანადგურებს ადამიანებს, რადგან ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია“ (1 ტიმოთე 6:9, 10).

რეალური შემთხვევა: ანდრე იმ კომპანიის მფლობელია, რომელიც სხვადასხვა ფირმებს ემსახურება და უსაფრთხოების სისტემებს აყენებს. მათი მომსახურებით ერთ-ერთი დიდი საფეხბურთო კლუბი სარგებლობს. ერთხელ, მატჩის შემდეგ, ანდრე ამ კლუბის ადმინისტრაციულ ოფისში მივიდა და შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა. ბუღალტერია ჯერ კიდევ სალაროებიდან შემოსული გაყიდული ბილეთების თანხას ითვლიდა. რადგანაც უკვე გვიანი იყო, მენეჯერმა ნაჩქარევად გაუსწორა ანგარიში ყველას, მათ შორის ანდრეს.

იგი ყვება: „შინ დაბრუნებისას შევნიშნე, რომ მენეჯერს თანხა გადმოეყოლებინა. იგი ვერასდროს შეიტყობდა, ვის მისცა ზედმეტი თანხა. მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ამ საწყალ კაცს საკუთარი ჯიბიდან მოუწევდა ამ თანხის დაფარვა. ამიტომ, გადავწყვიტე, უკან დამებრუნებინა ფული. ამ კაცამდე რომ მიმეღწია, ფეხბურთის გულშემატკივართა რიგები უნდა გამერღვია. მენეჯერი განცვიფრდა. მისთვის არავის არასდროს დაებრუნებინა ფული.

ასეთმა პატიოსნებამ მენეჯერი ჩემ მიმართ პატივისცემით განაწყო და მის თვალში ნდობა მოვიპოვე. მას შემდეგ არაერთი წელი გავიდა, მაგრამ ამ საფეხბურთო კლუბს ძველი კონტრაქტორებიდან მეღა შემოვრჩი. ბედნიერი ვარ, რომ ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრებამ კარგი რეპუტაცია შემიქმნა“.

ღვთის დახმარებით მართლაც შეგვიძლია წინ აღვუდგეთ კორუმპირებული ქვეყნიერების გავლენას! მაგრამ დღევანდელ საზოგადოებაში ცალკეული ადამიანები ვერ შეძლებენ კორუფციის ამოძირკვას. მიზეზი იმდენად სერიოზულია, რომ არასრულყოფილი ადამიანები საკუთარი ძალით ვერასდროს გადაჭრიან ამ პრობლემას. ნიშნავს ეს იმას, რომ კორუფცია არასდროს აღმოიფხვრება? ამ სერიის ბოლო სტატია ამ კითხვაზე ბიბლიიდან გაგვცემს პასუხს.