არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევები ოჯახებისთვის

რა ხდება, როცა ოჯახში ბავშვი იბადება

რა ხდება, როცა ოჯახში ბავშვი იბადება

ჩარლზი: * „მე და მერი სიხარულით ცას ვეწიეთ, როცა ქალიშვილი შეგვეძინა. მაგრამ პირველი რამდენიმე თვე ბავშვი თითქმის არ გვაძინებდა. მის აღზრდასთან დაკავშირებით ათასნაირი გეგმა გვქონდა, მაგრამ ვერც ერთი ვერ განვახორციელეთ“.

მერი: „ბავშვის დაბადების შემდეგ საკუთარი თავი საერთოდ დამავიწყდა. ბავშვისთვის საჭმლის მომზადებას, საფენების გამოცვლას და მის დამშვიდებას დილიდან საღამომდე ვერ ავუდიოდი. მან ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. თვეები დამჭირდა, რომ ჩარლზთან ძველებური ურთიერთობა აღმედგინა“.

ბევრი დაგვეთანხმება, რომ ბავშვებს ოჯახში დიდი სიხარული შემოაქვთ. ბიბლია შვილებს ღვთისგან ბოძებულ ჯილდოს უწოდებს (ფსალმუნი 127:3). ჩარლზისა და მერის მსგავსად, ბევრმა ახალბედა მშობელმა იცის, რომ ბავშვმა შეიძლება ძირფესვიანად შეცვალოს მათი ცხოვრება. მაგალითად, დედას მთელი ყურადღება ბავშვზე აქვს გადატანილი და შესაძლოა უკვირს კიდეც, როგორ რეაგირებს ახალშობილის ყოველ წამოტირებაზე. მამას შესაძლოა აოცებს, როგორ ხდებიან ერთმანეთზე დამოკიდებული დედა-შვილი. თუმცა მან შეიძლება მოულოდნელად თავი მიტოვებულად იგრძნოს.

პირველი ბავშვის დაბადებამ შეიძლება ოჯახში გარკვეული პრობლემები წარმოშვას. მშობელი შეიძლება ფიქრობდეს, რომ კარგად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და ამაზე ნერვიულობდეს. ამას ემატება ცოლ-ქმარს შორის არსებული პირადი უთანხმოებები, რომლებიც, როგორც წესი, დაძაბულობის დროს წარმოიშობა ხოლმე.

ფაქტია, რომ ახალშობილი გამუდმებულ ყურადღებას ითხოვს, რაც მშობლებისთვის გარკვეული სტრესია. როგორ შეუძლიათ მშობლებს თავი გაართვან ასეთ მდგომარეობას? რა დაეხმარება წყვილს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებაში? როგორ შეუძლიათ მოაგვარონ უთანხმოებები, რომლებიც მშობლის მოვალეობას სდევს თან. ვისაუბროთ თითოეულ პრობლემაზე და განვიხილოთ, როგორ შეუძლიათ წყვილებს ბიბლიური პრინციპების გამოყენებით ამ პრობლემების გადაჭრა.

პრობლემა 1: ყველაფერი ბავშვის ირგვლივ ტრიალებს

დედა მთელ დროს ახალშობილს უძღვნის და მისი ფიქრები გამუდმებით მას დასტრიალებს. ბავშვზე ზრუნვა მას დიდ კმაყოფილებას ანიჭებს. ამ დროს მისი ქმარი თავს შეიძლება მიტოვებულად გრძნობდეს. ბრაზილიელი მანუელი ამბობს: „ვერ ვეგუებოდი, რომ ცოლი ჩემზე მეტ ყურადღებას ბავშვს აქცევდა. ადრე მას ჩემთვის მეტი დრო ჰქონდა, მოულოდნელად კი ჩვენ შორის ბავშვი ჩადგა“. როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

გამოსავალი: იყავით მომთმენი.

ბიბლიაში ვკითხულობთ: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია . . . თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება“ (1 კორინთელები 13:4, 5). როგორ უნდა გაითვალისწინოს ცოლ-ქმარმა ეს რჩევა ბავშვის დაბადების შემდეგ?

გონიერი ქმარი იკვლევს, როგორ მოქმედებს ბავშვის დაბადება ქალის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე, რითაც ცხადყოფს, რომ ცოლი უყვარს. ამგვარად ის გაიგებს, თუ რატომ აქვს ცოლს ხასიათის ცვალებადობა. * საფრანგეთში მცხოვრები ადამი, რომელსაც ერთი წლის გოგონა ჰყავს, ამბობს: „ზოგჯერ მიჭირს მოთმინების გამოვლენა, რადგან ვერ ვიგებ, რატომ ეცვლება ჩემს ცოლს ხასიათი. მაგრამ ვცდილობ, ყოველთვის მახსოვდეს, რომ ის პირადად ჩემზე არ არის გაბრაზებული. მისი უხასიათობის მიზეზი ის სტრესია, რომელიც ჩვენმა ახალმა მდგომარეობამ გამოიწვია“.

თუ ზოგჯერ თქვენი ცოლი არასწორად იგებს, როცა მის დახმარებას ცდილობთ, მაშინვე ნუ გაღიზიანდებით (ეკლესიასტე 7:9). ეცადეთ, მოთმინება გამოავლინოთ და მისი ინტერესები თქვენს ინტერესებზე წინ დააყენოთ. ასე უკვე აღარ გაღიზიანდებით (იგავები 14:29).

გამჭრიახი ცოლიც ეცდება წაახალისოს ქმარი, რომ კარგად მოერგოს თავის ახალ როლს. ის მოთმინებით ასწავლის ქმარს ბავშვის მოვლას, საფენების გამოცვლასა თუ მისთვის საჭმლის მომზადებას, მაშინაც კი თუ ეს თავიდან კარგად არ გამოსდის.

26 წლის ელენი მიხვდა, რომ ქმართან ურთიერთობაში ცვლილებები უნდა მოეხდინა. „იმ აზრამდე მივედი, რომ ბავშვი მხოლოდ ჩემი საკუთრება არ იყო. თავს ვახსენებდი, რომ არ გავღიზიანებულიყავი, თუ მეუღლე ისე ვერ უვლიდა ბავშვს, როგორც მე მინდოდა“, — ამბობს ის.

ეცადეთ ასე მოიქცეთ: ცოლებო, როცა ქმრები გეხმარებიან ბავშვის მოვლაში და ამას ისე ვერ აკეთებენ, როგორც თქვენ გსურთ, არ გააკრიტიკოთ და ხელახლა არ გააკეთოთ მათი გაკეთებული საქმე. შეაქეთ იმისთვის, რაც გააკეთა და ამგვარად დაარწმუნებთ, რომ ნამდვილად გჭირდებათ მისი დახმარება. ქმრებო, გვერდზე გადადეთ უმნიშვნელო საქმეები, რათა ცოლების დასახმარებლად უფრო მეტი დრო დაგრჩეთ, განსაკუთრებით კი ბავშვის დაბადების პირველ თვეებში.

პრობლემა 2: მეუღლეებს შორის ურთიერთობა სუსტდება

ბავშვის დაბადების გამო უძილობისგან გამოფიტულ და პრობლემებისგან დამძიმებულ ბევრ მშობელს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობის შესანარჩუნებლად ბევრი რამის გაკეთება უწევს. საფრანგეთში მცხოვრები ვივიენი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ამბობს: „თავიდან ბავშვების მოვლაზე ისე ვიყავი გადართული, რომ ქმარი საერთოდ დამავიწყდა“.

მეორე მხრივ, ქმარს შეიძლება არ ესმოდეს, როგორ მოქმედებს ფეხმძიმობა ქალის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. ახალშობილს ბევრი დრო და ენერგია სჭირდება, რის გამოც ცოლ-ქმარს ნაკლები დრო რჩებათ ერთმანეთის ემოციური თუ სქესობრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაშ როგორ უნდა დარწმუნდეს ცოლ-ქმარი, რომ მათი უსუსური და საყვარელი პატარა მათი პრობლემების მიზეზი არ არის?

გამოსავალი: კვლავ დაარწმუნეთ ერთმანეთი სიყვარულში.

ცოლ-ქმრის ურთიერობის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბადება 2:24). იეჰოვა ღმერთის განზრახვა იყო, რომ საბოლოოდ შვილებს მშობლები დაეტოვებინათ. ერთ ხორცად ქცეულ ცოლ-ქმრისგან კი იეჰოვა მოელის, რომ მთელი ცხოვრება ერთად იყვნენ (მათე 19:3—9). როგორ დაეხმარება ამის ცოდნა ბავშვიან წყვილს სწორი პრიორიტეტების დადგენაში?

ზემოთ მოხსენიებული ვივიენი ამბობს: „დაბადების 2:24-ზე დაფიქრება დამეხმარა იმის დანახვაში, რომ მე და ჩემი ქმარი გავხდით ერთი ხორცი და არა მე და შვილი. მივხვდი, რომ ქმართან ურთიერთობა უნდა განმემტკიცებინა“. ორი წლის გოგონას დედა, ტერესა კი ამბობს: „თუ ვიგრძენი, რომ ქმარს სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე, ვცდილობ მთელი ყურადღება მასზე გადავიტანო, თუნდაც ცოტა ხნით, ოღონდ ყოველ დღე“.

ქმრებო, რისი გაკეთება შეგიძლიათ ოჯახის განსამტკიცებლად? უთხარით მეუღლეს, რომ გიყვართ და სიტყვები საქმეებით დაამტკიცეთ. გულწრფელად ეცადეთ, მეუღლეს ყოველგვარი ეჭვი გაუფანტოთ. 30 წლის სარა ამბობს: „ცოლი უნდა გრძნობდეს, რომ ქმარს ის კვლავ უყვარს და აფასებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ისე აღარ გამოიყურება, როგორც მშობიარობამდე“. გერმანიაში მცხოვრებ ალანს, რომელსაც ორი ვაჟი ჰყავს, კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ცოლისთვის ემოციური მხარდაჭერა. ის ამბობს: „ყოველთვის ვცდილობ, ვანუგეშო ჩემი ცოლი, როცა ის მოწყენილია“.

გასაგებია, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი ცხოვრება იცვლება. ამიტომ, მათ თავისუფლად უნდა ისაუბრონ ერთმანეთის მოთხოვნილებებზე. ბიბლია ამბობს, რომ ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი კავშირი შეთანხმებულად უნდა ხდებოდეს (1 კორინთელები 7:1—5). ამისათვის საჭიროა გულწრფელი საუბარი. შეიძლება თქვენი აღზრდიდან ან კულტურიდან გამომდინარე მეუღლესთან ინტიმურ თემებზე საუბარი მიუღებელია. მაგრამ ასეთი საუბრები ძალიან მნიშვნელოვანია. იყავით თანამგრძნობი, მომთმენი და გულწრფელი (1 კორინთელები 10:24). ამგვარად თავიდან აიცილებთ გაუგებრობებს და ერთმანეთსაც უფრო მეტად შეიყვარებთ (1 პეტრე 3:7, 8).

ცოლ-ქმარს შორის სიყვარული უფრო ღრმავდება, როცა ისინი ერთმანეთის მიმართ მადლიერებას ავლენენ. გონიერი ქმარი დაინახავს, რომ ცოლის მიერ გაკეთებული ბევრი საქმე შეუმჩნეველი რჩება. ვივიენი ამბობს: „დღის ბოლოს ხშირად ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს არაფერი გამიკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე ბავშვს დავტრიალებდი“. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთელი დღე გაწამაწიაშია, გონიერი ცოლი უმნიშვნელოდ არ ჩათვლის იმას, რაც ქმარმა ოჯახისთვის გააკეთა (იგავები 17:17).

ეცადეთ ასე მოიქცეთ: დედებო, ხანდახან თქვენც წაუძინეთ, როცა ბავშვს დააძინებთ. ამგვარად ძალებს აღიდგენთ და მეტი ენერგია გექნებათ თქვენი მოვალეობის შესასრულებლად. მამებო, ზოგჯერ ღამით თქვენ გამოუცვალეთ ბავშვს საფენები და აჭამეთ, რომ თქვენმა მეუღლემ გამოიძინოს. ხშირად აგრძნობინეთ ცოლს, რომ გიყვართ: დაუწერეთ ერთი-ორი სიტყვა და დაუტოვეთ, გაუგზავნეთ SMS-ი ან დაურეკეთ. გამონახეთ დრო ერთმანეთთან პირისპირ სალაპარაკოდ. ისაუბრეთ არა მხოლოდ ბავშვზე, არამედ ერთმანეთზეც. შეინარჩუნეთ მეუღლესთან ახლო ურთიერთობა და მშობლის მოვალეობის შესრულება უფრო გაგიადვილდებათ.

პრობლემა 3: განსხვავებული შეხედულებები ბავშვის აღზრდაზე

ცოლ-ქმარს უნდა ესმოდეს, რომ წარმომავლობის გამო განსხვავებული აზრები ექნებათ. იაპონელი ცოლ-ქმარი ასამი და კაცურო მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. ასამი იხსენებს: „ვხედავდი, რომ კაცურო ჩვენს გოგონას ძალიან ანებივრებდა, მე კი მეუბნებოდა, რომ ძალიან მკაცრი დედა ვიყავი“. როგორ შეგიძლიათ თავი გაართვათ მსგავს პრობლემას?

გამოსავალი: ესაუბრეთ მეუღლეს და ერთმანეთს მხარი დაუჭირეთ.

ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: „კადნიერება უთანხმოებას იწვევს, მოთათბირეებთან კი სიბრძნეა“ (იგავები 13:10). რამდენად კარგად ხართ გაცნობილი იმ მეთოდებთან, რომლითაც თქვენი მეუღლე ბავშვის აღზრდას აპირებს? თუ მეუღლესთან ამ საკითხზე საუბარს მხოლოდ ბავშვის დაბადებას შემდეგ აპირებთ, მასთან ხშირად მოგიწევთ კამათი.

მაგალითად, შეთანხმდით შემდეგ საკითხებზე: „როგორ ვასწავლოთ ბავშვს ჭამისა და ძილის მანერები? ყოველთვის ხელში უნდა ავიყვანოთ ბავშვი, როცა ტირის? როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს, თუ ბავშვი ჭირვეულობს და ღამის ქოთანზე არ ჯდება?“ ცხადია, ამ საკითხებზე თქვენ შეიძლება სხვებისგან განსხვავებული შეხედულება გქონდეთ. ორი შვილის მამა, ეთანი ამბობს: „ცოლ-ქმარმა ამ საკითხებზე წინასწარ უნდა ისაუბროს, რომ შეთანხმებულად იმოქმედონ. ამგვარად, ბავშვის მოვლა გაგიადვილდებათ“.

ეცადეთ ასე მოიქცეთ: გაიხსენეთ, რა მეთოდებს იყენებდნენ თქვენი მშობლები თქვენ აღსაზრდელად. გადაწყვიტეთ, რომელ მათგანს გამოიყენებდით თქვენი შვილის აღსაზრდელად. დაფიქრდით იმაზეც, თუ რომელ მეთოდს არ გამოიყენებდით საერთოდ. შემდეგ თქვენი აზრი მეუღლეს გაუზიარეთ.

ბავშვის დაბადებამ თქვენი ქორწინება შეიძლება უკეთესობისკენ შეცვალოს

როგორც გამოუცდელ მოციგურავეებს სჭირდებათ დრო და მოთმინება ყინულზე წონასწორობის შესანარჩუნებლად, ისე თქვენ გჭირდებათ დრო, რომ მშობლის როლს თავი კარგად გაართვათ. დროთა განმავლობაში საკუთარი თავის რწმენა შეგემატებათ.

ბავშვის დაბადების შემდეგ დაინახავთ რამდენად კარგი მეუღლე ხართ და მეუღლესთან თქვენი ურთიერთობაც სამუდამოდ შეიცვლება. ამ პერიოდში კარგ თვისებებსაც გამოიმუშავებთ. თუ ყურად იღებთ ბიბლიის ბრძნულ რჩევებს, თქვენც დაეთანხმებით ერთი მამის, კენეტის, სიტყვებს: „ბავშვების აღზრდამ ჩემზე და ჩემს მეუღლეზე ძალიან კარგად იმოქმედა. ახლა ნაკლებად ვფიქრობთ საკუთარ თავზე, უკეთ ვუგებთ ერთმანეთს და უფრო მეტადაც გვიყვარს ერთმანეთი“. კარგია, როცა ბავშვის დაბადება, ცოლ-ქმრის ურთიერთობას ამგვარად ცვლის.

^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 11 მშობიარობის შემდეგ ბევრ ქალს რამდენიმე კვირის განმავლობაში დეპრესიის მსუბუქი ფორმა აღენიშნება. ზოგს უფრო რთული ფორმა აწუხებს, რომელიც მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სახელითაა ცნობილი. დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ამოვიცნოთ ეს დაავადება და როგორ გავუმკლავდეთ მას, იხილეთ ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში დაბეჭდილი სტატიები: „როგორ დავძლიე მშობიარობის შემდგომი დეპრესია“ (8 აგვისტო, 2002 წელი) და „დიაგნოზი: მშობიარობის შემდგომი დეპრესია“ (8 ივნისი, 2003 წელი [რუს.]). ამ სტატიების წაკითხვა შეგიძლიათ ვებ-გვერდზე www.watchtower.org

ჰკითხეთ საკუთარ თავს . . .

  • მთელი კვირის განმავლობაში რით ვაგრძნობინე მეუღლეს, რომ ვაფასებ იმას, რასაც ის ჩვენი ოჯახისთვის აკეთებს?

  • ბოლოს როდის ვესაუბრე მეუღლეს გულწრფელად ჩვენს ურთიერთობაზე და არა ბავშვზე?