არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევები ოჯახებისთვის

გზა მოზარდობიდან ზრდასრულობამდე

გზა მოზარდობიდან ზრდასრულობამდე

„მე და ჩემი ბიჭები ადრე სიამოვნებით ვსაუბრობდით ხოლმე. ისინი ყურადღებით მისმენდნენ და რასაც ვეტყოდი, მაშინვე აკეთებდნენ. მაგრამ ახლა, რაც წამოიზარდნენ, ყველაფერზე ვკამათობთ. აღარც სულიერი საკითხები აინტერესებთ. ზოგჯერ მეუბნებიან, რომ არ სურთ ბიბლიაზე ამდენი საუბარი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ოჯახშიც იგივე მოხდებოდა, რასაც სხვების შემთხვევაში ვხედავდი“ (რეჯი). *

თუ თქვენი შვილიც მოზარდია, კარგად გეცოდინებათ, რომ ეს განსაკუთრებული პერიოდია, თუმცა მას საკმაო სტრესიც ახლავს თან. შეიძლება თქვენთვის ნაცნობია ქვემოთ მოცემული რამდენიმე სიტუაცია.

  • სანამ თქვენი ვაჟი პატარა იყო, მისთვის ნავსაყუდელი იყავით. მაგრამ, როგორც კი თინეიჯერი გახდა, „აფრები აუშვა“ და თქვენგან თავის დაღწევას ცდილობს.

  • ბავშვობაში თქვენი ქალიშვილი ყველაფერს გიყვებოდათ. ახლა მას თავისი სამეგობრო წრე ჰყავს, რომელშიც თქვენ არ გიღებთ.

თუ თქვენს ოჯახშიც მსგავსი რამ ხდება, სწრაფად ნუ დაასკვნით, რომ თქვენს შვილს აღარაფერი ეშველება. რა ხდება სინამდვილეში? ამ კითხვაზე პასუხის პოვნაში დაგვეხმარება იმის განხილვა, თუ რა როლს ასრულებს გარდატეხის პერიოდი თქვენი შვილის განვითარებისა და ჩამოყალიბების პროცესში.

მოზარდობის წლები — მნიშვნელოვანი ეტაპი

ბავშვის ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება პირველად — პირველი ნაბიჯები, პირველი სიტყვა, პირველი დღე სკოლაში. მშობლებს უხარიათ, როცა შვილის ცხოვრებაში ასეთ ცვლილებებს ხედავენ. ეს ცვლილებები იმაზე მოწმობს, რომ ბავშვი თანდათან იზრდება.

მოზარდობა მნიშვნელოვანი ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში, თუმცა მრავალი მშობლისთვის არცთუ ისე სასურველი. ეს გასაკვირი არცაა, რადგან დამყოლი შვილი უცბად უხასიათო და ჭირვეული ხდება. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ეტაპს ვერავინ გაექცევა.

ბიბლია ამბობს, რომ ერთ დღესაც „მიატოვებს კაცი მამას და დედას“ (დაბადება 2:24). მოზარდობის წლები საშუალებას გაძლევთ, თქვენი ვაჟი ან ქალიშვილი ამ ტკბილ-მწარე დღისთვის მოამზადოთ. მაშინ თქვენს შვილს მოციქულ პავლესავით უნდა შეეძლოს თქმა: „როცა ბავშვი ვიყავი, ბავშვივით ვლაპარაკობდი, ბავშვივით ვაზროვნებდი და ბავშვივით ვმსჯელობდი, მაგრამ ახლა, როცა კაცი ვარ, ყოველივე ბავშვური მოვიშორე“ (1 კორინთელები 13:11).

ფაქტობრივად, მოზარდობის წლებში თქვენი შვილი იშორებს ბავშვურ ჩვევებს და მოზრდილი ადამიანისთვის დამახასიათებელ თვისებებს იძენს. ის უფრო მეტად ხდება საკუთარ თავში დარწმუნებული, უვითარდება პასუხისმგებლობის გრძნობა და მოწიფულობა, რაც აუცილებელია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ერთ ნაშრომში მოზარდობის წლები „ხანგრძლივ დამშვიდობებას“ იყო შედარებული.

შეიძლება თავიდან ეჭვის თვალით უყურებთ იმ აზრს, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენი „პატარა“ ბიჭი ან გოგო დამოუკიდებლად შეძლებს ცხოვრებას და ამას ასე ხსნით:

  • „ჩემს ბიჭს ჯერ თავისი ოთახისთვის ვერ მოუვლია და მთელ სახლს როგორ მოუვლის?!“

  • „ჩემი გოგო ხშირად თავის დროზე ვერ მოდის სახლში და სამსახურში დროზე მისვლას როგორღა შეძლებს?!“

თუ თქვენც გიჩნდებათ მსგავსი ფიქრები, გახსოვდეთ: დამოუკიდებლობა არ არის კარი, რომელიც თქვენმა შვილმა უბრალოდ უნდა შეაღოს. ეს უფრო გზაა, რომლის გავლასაც წლები სჭირდება. მაგრამ ჯერჯერობით, შვილის შემხედვარე შეიძლება ხვდებით, რომ „ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს“ (იგავები 22:15).

სათანადო რჩევა-დარიგებით შვილს დაეხმარებით, რომ პასუხისმგებლობის მქონე ზრდასრულ ადამიანად ჩამოყალიბდეს, რომელიც ‘იყენებს აღქმის უნარს და გაწაფული აქვს ის კარგისა და ცუდის გასარჩევად’ (ებრაელები 5:14).

წარმატების გასაღები

დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის რომ მოამზადოთ, შვილს ბევრი რამის გააზრებაში უნდა დაეხმაროთ. ეს მას დაეხმარება, თავად მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები (რომაელები 12:1, 2). ამაში შემდეგი ბიბლიური პრინციპები დაგეხმარებათ.

ფილიპელების 4:5: „ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“. მაგალითად, მოზარდი შვილი გთხოვთ, რომ ნება დართოთ, უფრო გვიან დაბრუნდეს სახლში. თქვენ მაშინვე უარს ეუბნებით. ის წუწუნებს და ამბობს, რომ მას ბავშვივით ექცევით. მაშინვე ნუ მიახლით, რომ ბავშვივით იქცევა. ჩვეულებრივ, მოზარდები იმაზე მეტ თავისუფლებას ითხოვენ, ვიდრე სინამდვილეში სჭირდებათ, ხოლო მშობლები იმაზე ნაკლებ თავისუფლებას აძლევენ შვილებს, ვიდრე იმსახურებენ. აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ დროდადრო დათმობაზე წახვიდეთ? ეცადეთ, ზოგჯერ საკითხს შვილის თვალითაც შეხედოთ.

რჩევა: დაწერეთ, რა შემთხვევაში მისცემთ შვილს უფრო მეტ თავისუფლებას. უთხარით, რომ თუ ნდობას გაამართლებს, მომავალში მეტ თავისუფლებას მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უფრო მეტად შეზღუდავთ (მათე 25:21).

კოლოსელების 3:21: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ შვილებს, რათა არ დანაღვლიანდნენ“. ზოგი მშობელი ცდილობს, შვილს ყველა ნაბიჯი გაუკონტროლოს და ლამის სახლში გამოკეტოს. მეგობრებს თავად ურჩევენ და ჩუმად ისმენენ მის სატელეფონო საუბრებს. ასეთმა მიდგომამ საეჭვოა, რომ გაამართლოს. შვილი შეეცდება, თავი დააღწიოს „შიდა პატიმრობას“. მას იმ მეგობრებისკენ უფრო გაუწევს გული, რომლებსაც მუდმივად უკრიტიკებთ. თუ ჩუმად უსმენთ მის საუბრებს, ის შეეცდება, თქვენს ზურგს უკან სხვა საშუალებებით დაუკავშირდეს მეგობრებს. რაც უფრო მეტად შეეცდებით მის გაკონტროლებას, საბოლოო ჯამში, მით უფრო ნაკლებად მოახერხებთ ამას. თუ თქვენმა შვილმა ჯერ კიდევ თქვენთან ცხოვრებისას ვერ ისწავლა დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, როგორღა შეძლებს ამის გაკეთებას, როცა ცალკე გადავა საცხოვრებლად?!

რჩევა: შვილთან საუბრის დროს დაანახვეთ მას, როგორ იმოქმედებს მასზე მისი გადაწყვეტილება. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ მეგობრები გაუკრიტიკოთ, ჰკითხეთ: „რა მოხდება, თუ შენს მეგობარს კანონის დარღვევისთვის დააპატიმრებენ? რას იტყვიან შენზე?“. დაანახვეთ შვილს, როგორ იმოქმედებს მისი არჩევანი მის რეპუტაციაზე (იგავები 11:17, 22; 20:11).

ეფესოელების 6:4: „თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ იზრუნეთ მათზე — იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“. დარიგებაში მხოლოდ ფაქტების გაზიარება არ იგულისხმება. ისე უნდა იმოქმედოთ ბავშვის სინდისზე, რომ ეს შემდგომში მის საქციელზე აისახოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა თქვენი შვილი მოზარდი ხდება. „ამ დროს ბავშვებთან მიდგომის ახალი გზები უნდა გამონახო. მითითებების მიცემის ნაცვლად, მათთან ერთად უნდა იმსჯელო“, — ამბობს ერთი მამა, სახელად ანდრე (2 ტიმოთე 3:14).

რჩევა: როცა შვილთან რაღაცაზე ვერ თანხმდებით, როლები გაცვალეთ. ჰკითხეთ მას, რას გირჩევდათ მისი შვილი რომ ყოფილიყავით. სთხოვეთ, რომ თავისი შეხედულების დამამტკიცებელი ან საწინააღმდეგო ფაქტები მოიძიოს. კვირის განმავლობაში კვლავ ისაუბრეთ ამ საკითხზე.

გალატელების 6:7: „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“. ბავშვისთვის ჭკუის სწავლების ერთ-ერთი საშუალება დასჯაა. მაგალითად, ოთახში ჩაკეტვა ან იმის აკრძალვა, რისი გაკეთებაც ძალიან უნდა. მაგრამ მოზარდის შემთხვევაში აჯობებს, რომ მან თავად აგოს პასუხი თავის შეცდომებზე (იგავები 6:27).

რჩევა: ნუ გაისტუმრებთ მის ვალებს და ნურც მასწავლებელთან შეეცდებით შვილის გამართლებას ცუდი ნიშნების გამო. დაე, თავად იწვნიოს თავისი საქციელის შედეგები. მწარე გამოცდილებით ნასწავლი კარგა ხანს ემახსოვრება.

ალბათ ისურვებდით, რომ მოზარდობის წლები ასაფრენი ბილიკივით იყოს, რომელსაც თქვენი შვილი სწრაფად გაირბენდა. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ასე ადვილად არ ხდება. მიუხედავად ამისა, მოზარდობის წლები იმის შესაძლებლობას გაძლევთ, ‘შვილი ისე აღზარდოთ, რომ სწორი გზით იაროს’ (იგავები 22:6). ბიბლიური პრინციპებით თქვენი ოჯახის ბედნიერებას კარგ საფუძველს ჩაუყრით.

^ აბზ. 3 სახელი შეცვლილია.

დაფიქრდით . . .

როცა ჩემი შვილი დამოუკიდებლად დაიწყებს ცხოვრებას, შეძლებს . . .

  • კარგი სულიერი მდგომარეობის შენარჩუნებას?

  • სწორი არჩევნის გაკეთებას და გონივრული გადაწყვეტილების მიღებას?

  • სხვებთან საერთო ენის გამონახვას?

  • საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას?

  • ფულის სწორად ხარჯვას?

  • ბინის მოვლა-პატრონობას?

  • ინიციატივის გამოჩენას?