ქვეყნები და ხალხები
სტუმრად ბელიზში
ბელიზი — ამ პაწაწინა ქვეყანაში ბუნების მრავალფეროვნებას ერთად მოუყრია თავი. აქ შეხვდებით ტროპიკულ ტყეებსა და უამრავი კუნძულითა და სანაპიროებით გარშემორტყმულ კამკამა ფირუზისფერ წყლებს. მაგრამ ეს ქვეყანა მხოლოდ გეოგრაფიული მრავალფეროვნებით როდი გამოირჩევა.
აქ შეგიძლიათ ნახოთ ცხოველებისა და ფრინველების უამრავი სახეობა, რომელთა შორისაა ხასხასა ფერებით შეღებილი ტუკანი და მარტორქის მონათესავე მოღუნულ-დინგიანი ბეირდის ტაპირი, რომელსაც შეუძლია სწრაფად იმოძრაოს როგორც ხმელეთზე, ისე წყალქვეშ. ბელიზის ტროპიკებში მარტოხელა იაგუარებიც ბინადრობენ და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბელიზი მსოფლიოში იაგუარების პირველი ნაკრძალით იკვეხნის.
ერთ დროს ბელიზი მაიას ცივილიზაციის ნაწილი იყო. მე-16 საუკუნეში ესპანელი დამპყრობლები ბელიზში შეიჭრნენ მაიას ტომების დასაპყრობად, მაგრამ სრულად ვერ დაიპყრეს. მოგვიანებით ამ მიწის გაკონტროლება ბრიტანეთმა დაიწყო და 1862 წელს ის ოფიციალურად გამოცხადდა ბრიტანეთის ჰონდურასის კოლონიად. 1981 წელს ბელიზმა დამოუკიდებლობა მოიპოვა.
ბელიზში ხალხი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მისი ბუნება. ძირითადი ეთნიკური ჯგუფებია: კრეოლები, აღმოსავლეთ ინდოელები, გარიფუნები, მეტისები და მაიას ტომები. ბელიზელები მეგობრული და თავაზიანი ხალხია. ბავშვები უფროსებს „ბატონო“-თი და „ქალბატონო“-თი მიმართავენ, პასუხს კი ასე სცემენ: „დიახ ქალბატონო“, „არა ბატონო“.
ბელიზში იეჰოვას მოწმეების შეხვედრები ისეთ ენებზე ტარდება, როგორიცაა: ამერიკული ჟესტების ენა, ბელიზის კრეოლი, ინგლისური, ქვემო გერმანული, ჩინური (მანდარინი), მაია (მოპანი) და ესპანური. 2013 წელს ბელიზში იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს ყოველი მე-40 ბელიზელი დაესწრო.
იცოდით თუ არა? 290 კილომეტრზე გადაჭიმული ბელიზის ბარიერული რიფი მსოფლიოში სიდიდით მეორეა. პირველი, ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფია.