მთავარი თემა | რა არის ნამდვილი წარმატება?
პირადად თქვენ რით განსაზღვრავთ წარმატებას?
საკუთარი თავის შესამოწმებლად, დაფიქრდით ქვემოთ მოყვანილ პირობით სიტუაციებზე.
როგორ ფიქრობთ, რომელია ამათგან ნამდვილად წარმატებული?
-
ალექსი
ალექსის საკუთარი ბიზნესი აქვს. ის პატიოსანი, შრომისმოყვარე და თავაზიანი კაცია. ალექსი წარმატებული ბიზნესმენია, რის შედეგადაც თავის ცოლ-შვილთან ერთად კომფორტულად ცხოვრობს.
-
ანდრო
ანდროს ისეთივე ბიზნესი აქვს, როგორიც ალექსის, მაგრამ მასზე ბევრად მეტ ფულს შოულობს. უპირატესობის მოსაპოვებლად ანდრო დღე და ღამეს ასწორებს. ამის გამო, მას არაერთი დაავადება აწუხებს.
-
მერი
მერი საშუალო სკოლის მოსწავლეა. მას უყვარს სწავლა და მთელი გულმოდგინებით სწავლობს, შედეგად ის კარგ ნიშნებს იღებს.
-
ელენე
ელენე მერიზე უკეთეს ნიშნებს იღებს და საუკეთესო მოსწავლეთა რიცხვს განეკუთვნება, მაგრამ, სინამდვილეში, ის გამოცდებზე ყოველთვის იწერს და ცოდნის შეძენა დიდად არ აინტერესებს.
თუკი წარმატებულ ადამიანებად ანდროს და ელენეს დაასახელებდით ან ოთხივე მათგანს, გამოდის რომ, წარმატებას მხოლოდ მიღწეული შედეგებით აფასებთ და თქვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, რა საშუალებებით იქნა მოპოვებული ეს წარმატება.
მაგრამ, თუ მხოლოდ ალექსის და მერის თვლით წარმატებულ ადამიანებად, ჩანს რომ, წარმატებას ადამიანის პიროვნული თვისებებითა და საქმისადმი მიდგომით აფასებთ, რაც ნამდვილად გონივრულია. დაფიქრდით:
-
ხანგრძლივი კეთილდღეობისთვის მერის რა უფრო გამოადგება: მაღალი ნიშნები თუ სწავლის სიყვარული?
-
ალექსის ბავშვებისთვის რა არის უკეთესი: ის, რომ ყველაფერი აქვთ, რისი ყიდვაც ფულით შეიძლება, თუ ის, რომ ჰყავთ მამა, რომელიც მათთან ერთად ატარებს დროს?
დასკვნა: მოჩვენებითი წარმატება გარეგნული ფაქტორებით განისაზღვრება, ნამდვილი წარმატება კი — სწორი ფასეულობებით.