არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღრძილების დაავადება — თქვენც ხომ არ გემუქრებათ?

ღრძილების დაავადება — თქვენც ხომ არ გემუქრებათ?

ღრძილების დაავადება პირის ღრუს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მთელ მსოფლიოში. საწყის სტადიებში ის შეიძლება არ ხასიათდებოდეს მკვეთრი სიმპტომებით და საშიშიც ზუსტად ეს არის. ერთ საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალში ჩამოთვლილ პირის ღრუს დაავადებებს შორის მოხსენიებულია პაროდონტის დაავადებაც, რომელიც „სერიოზულ პრობლემებს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას“. მასში აგრეთვე აღნიშნულია, რომ „პირის ღრუს დაავადება იწვევს მწვავე ტკივილებს და დიდ დისკომფორტს, რადგან ადამიანს უჭირს საჭმლის ღეჭვა და ვეღარ განიცდის ჭამით მიღებულ სიამოვნებას“. ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობა შეიძლება დაგეხმაროთ, თავიდან აიცილოთ ეს დაავადება (International Dental Journal).

რა უნდა ვიცოდეთ ღრძილების დაავადებაზე

არსებობს ღრძილების დაავადების რამდენიმე სტადია. საწყის სტადიას, რომელიც ვლინდება ღრძილების ანთებით, გინგივიტი ეწოდება. ამის ნიშანი შეიძლება იყოს ღრძილებიდან სისხლდენა კბილების ჯაგრისით და ძაფით წმენდის დროს ან სრულიად უმიზეზოდ. სტომატოლოგთან შემოწმების დროს ღრძილებიდან სისხლდენაც შეიძლება გინგივიტის მიმანიშნებელი იყოს.

თუ გინგივიტი გამწვავდა, ის გადაიზრდება შემდგომ ეტაპში, რომელსაც პაროდონტიტი ეწოდება. ამ დროს ძვლოვანი და ღრძილოვანი ქსოვილები, რომლებსაც ეყრდნობა კბილები, იწყებს განლევას. შეიძლება დაავადების ამ ეტაპზეც არ მოხდეს სიმპტომების გამოვლენა და ეს მანამ გაგრძელდეს, სანამ დაავადება ბოლო სტადიას არ მიაღწევს. პაროდონტიტის ნიშნები შეიძლება იყოს: ჯიბეების წარმოქმნა, კბილების მორყევა, სივრცის გაჩენა კბილებს შორის, უსიამოვნო სუნი, ღრძილებისა და კბილების დაშორიშორება (ღრძილები კბილის ზედაპირს მჭიდროდ აღარ ეკვრის) და ღრძილებიდან სისხლდენა.

მიზეზი და შედეგი

რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება გაზარდოს ღრძილების დაავადების რისკი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ნადები, ბაქტერიის თხელი ფენა, რომელიც რეგულარულად ჩნდება კბილის ზედაპირზე. თუ ნადები არ იქნება მოშორებული, ბაქტერიამ შესაძლოა ღრძილების შესიება გამოიწვიოს. თუ ეს პროცესი  პროგრესირებს, ხდება ღრძილებისა და კბილების დაშორიშორება, ნადები თანდათანობით გამკვრივდება და ღრძილების ქვეშ ჩაიზრდება. როგორც კი ბაქტერია ღრძილებქვეშ შეაღწევს, ანთებითი პროცესი მწვავდება და შედეგად იწყება ყბის ძვლისა და ღრძილოვანი ქსოვილების განლევა. კბილის ზედაპირზე და ღრძილებქვეშ წარმოქმნილი ნადები მაგრდება და ქვებად გარდაიქმნება. ქვაც ბაქტერიით არის დაფარული და იმის გამო, რომ კბილზე მჭიდროდ არის მიკრული, ის ისე ადვილად არ შორდება კბილს, როგორც ნადები. ამიტომ ბაქტერიამ შეიძლება კიდევ უფრო დააზიანოს ღრძილები.

არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ზრდის ღრძილების დაავადების რისკს, მაგალითად: პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებს იმუნიტეტს, ვირუსული ინფექციები, სტრესი, არაკონტროლირებადი დიაბეტი, ალკოჰოლის გადამეტებულად მიღება, თამბაქო და ორსულობის დროს მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები.

ღრძილების დაავადებას სხვა გართულებებიც ახლავს თან. ტკივილი და კბილების დაკარგვა ართულებს ჭამასა და მეტყველებას. აგრეთვე იცვლება ყბისა და კბილების იერსახე. გამოკვლევებმა ისიც დაადასტურა, რომ ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობა დიდად არის დამოკიდებული ჯანმრთელ პირის ღრუზე.

დიაგნოზი და მკურნალობა

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ღრძილების დაავადება გაქვთ? თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნულ სიმპტომს შეამჩნევთ, გონივრული იქნება, კვალიფიცირებულ სპეციალისტს მიმართოთ, რომელიც გამოკვლევების საფუძველზე დიაგნოზს დაგისვამთ.

იკურნება ღრძილების დაავადება? ადრეულ სტადიაში შეიძლება მისი განკურნება. მაგრამ თუ დაავადება პაროდონტიტშია გადასული, მკურნალობის მიზანი პროგრესირების შეჩერებაა, რომ არ მოხდეს ძვლოვანი და ღრძილოვანი ქსოვილების დისტროფია. სტომატოლოგები სპეციალური იარაღების მეშვეობით აშორებენ ნადებსა და ქვებს როგორც კბილის ზედაპირიდან, ისე ღრძილების შიგნიდან.

მაშინაც კი, თუ ხელი არ მიგიწვდებათ პროფესიულ სტომატოლოგიურ მომსახურებაზე, მაინც შესაძლებელია ღრძილების დაავადების საფრთხის შემცირება, რომელიც გამანადგურებლად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. პირის ღრუს სათანადო და რეგულარული მოვლა საუკეთესო საშუალებაა ღრძილების დაავადების საფრთხის შესამცირებლად.