არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შუა საუკუნეების გენიოსები მედიცინაში

შუა საუკუნეების გენიოსები მედიცინაში

მრავალი რამ თანამედროვე მედიცინაში არც ისე თანამედროვეა, როგორც ეს ზოგს ჰგონია. სინამდვილეში, მკურნალობის ის მეთოდები და ხერხები, რომლებიც დღეს მედიცინაში ფართოდაა გავრცელებული, ჯერ კიდევ საუკუნეებით ადრე არსებობდა ზოგ ქვეყანაში. მოდი, ჩავატაროთ შუა საუკუნეების ახლო აღმოსავლეთის მედიცინის ისტორიის მოკლე ექსკურსი.

ხალიფ ჰარუნ არ-რაშიდმა ახ. წ. 805 წელს თავის სატახტო ქალაქ ბაღდადში ააშენა საავადმყოფო. მე-9 საუკუნიდან მოყოლებული მე-13 საუკუნის ჩათვლით სხვა მმართველებიც ერთმანეთის მიყოლებით აშენებდნენ საავადმყოფოებს მთელ ისლამურ იმპერიაში, ესპანეთიდან ინდოეთამდე.

საავადმყოფოების კარი ღია იყო ნებისმიერი რელიგიისა თუ სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის. აქ გამოცდილი ექიმები არა მარტო კურნავდნენ ავადმყოფებს, არამედ იკვლევდნენ დაავადებებს და ახალ თაობებსაც ასწავლიდნენ მკურნალობის მეთოდებს. ფუნქციონირებდა ცალ-ცალკე განყოფილებები: ოფთალმოლოგიური, ორთოპედიული, ქირურგიული, ინფექციური, ფსიქიატრიული და შინაგან სნეულებათა განყოფილება. ექიმები თავიანთ შეგირდებთან ერთად ყოველ დილით ინახულებდნენ პაციენტებს, უნიშნავდნენ დიეტას და უწერდნენ წამლებს. საავადმყოფოებში აგრეთვე მუშაობდნენ ფარმაცევტები, რომლებიც დანიშნულ წამლებს გასცემდნენ. ისევე როგორც დღეს, იმ დროსაც საავადმყოფოების ადმინისტრაციული პერსონალი წყვეტდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებს, აწარმოებდა ჩანაწერებს და ხარჯთაღრიცხვას; მოწმდებოდა, როგორ და რა პირობებში მზადდებოდა ავადმყოფებისთვის საჭმელი.

იმ პერიოდში ამ საავადმყოფოების არსებობას ისტორიკოსები „შუა საუკუნეების ისლამური სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად“ მიიჩნევენ. მთელ ისლამურ იმპერიაში „საავადმყოფოს ინსტიტუტი რევოლუციური გზით ვითარდებოდა. ამან უდიდესი გავლენა იქონია თანამედროვე სამედიცინო მომსახურებასა და მედიკურ-სანიტარული ნორმების ჩამოყალიბებაზე“, — ამბობს ისტორიკოსი ჰაუარდ ტერნერი.

რაზი გახლდათ მეცხრე საუკუნის შუა პერიოდში მოღვაწე კიდევ ერთი დიდებული სწავლული, რომელსაც ხალხმა „შუა საუკუნეების ისლამური სამყაროს დიდებული ექიმი“ შეარქვა. ის დაიბადა ქალაქ რეიში, თანამედროვე თეირანის ერთ-ერთ გარეუბანში. ამ დიდმა მოაზროვნემ მომავალ თაობებს დაუტოვა თავისი ექსპერიმენტული მეთოდების, ხელსაწყო-მექანიზმებისა და კვლევის შედეგების დეტალური ჩანაწერები. მან ყველა ექიმს მოუწოდა, რომ ფეხდაფეხ მიჰყოლოდნენ უკანასკნელ მიღწევებს.

რაზიმ მრავალი სიახლე დანერგა მედიცინაში. მისი 23-ტომიანი სამედიცინო ცნობარი „ელ-ჰავი“ (დაწვრილებითი წიგნი) მსოფლიოს დიდებულ სამედიცინო კრებულთა რიცხვშია შესული. ის ამ ცნობარში საუბრობს მეანობის, გინეკოლოგიისა და ოფთალმოლოგიის საფუძვლებზე. მის 56 ნაშრომში შესულია დაწვრილებითი ინფორმაცია ყვავილსა და წითელაზე. მედიცინის ისტორიაში ეს გახლავთ ყველაზე ძველი და სანდო დეტალური ჩანაწერები ამ ორი დაავადების შესახებ. რაზიმ ამასთანავე დაასკვნა, რომ სხეულის მაღალი ტემპერატურა ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობაზე მიუთითებს.

ამას გარდა, რაზი რეისა და ბაღდადის საავადმყოფოების ხელმძღვანელიც გახლდათ; და იმის გამო, რომ იქ საკმაოდ დიდი წარმატებით მუშაობდა ფსიქიურად დაავადებულ პაციენტებთან, ისტორიაში შევიდა, როგორც ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის მამა. თუმცა ის მხოლოდ სამედიცინო კვლევებით არ იყო დაკავებული; მან დაწერა არაერთი სახელმძღვანელო ქიმიის, ასტრონომიის, მათემატიკის, ფილოსოფიისა და თეოლოგიის საკითხებზე.

ავიცენა იყო კიდევ ერთი წამყვანი ფიგურა მედიცინის ისტორიაში. ის წარმოშობით ქალაქ ბუხარიდან იყო (თანამედროვე უზბეკეთი). მე-11 საუკუნის ეს დიდებული ექიმი, ფილოსოფოსი, ასტრონომი და მათემატიკოსი გახლავთ ავტორი ენციკლოპედიისა „სამკურნალო მეცნიერების კანონი“, რომელშიც ვრცლად არის აღწერილი იმდროინდელი სამედიცინო მიღწევები და შესულია უამრავი სამედიცინო მასალა.

„სამკურნალო მეცნიერების კანონში“ ავიცენა აღნიშნავს, რომ ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა  და ვრცელდება წყლითა და ნიადაგით. მან ახსნა, რომ ემოციები მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და რომ ნერვული სისტემის მეშვეობით ორგანიზმს გადაეცემა ტკივილები და კუნთების მამოძრავებელი იმპულსები. ამ სახელმძღვანელოში აღწერილია 760 ფარმაკოლოგიური პრეპარატი, მათი თვისებები, მოქმედებები და ჩვენებები, და ახსნილია ახალი წამლების გამოცდის მეთოდები. ლათინურად ნათარგმნ ავიცენას ამ კანონს საუკუნეების განმავლობაში ასწავლიდნენ ევროპის სამედიცინო სკოლებში.

აბულ-კასიმის ქირურგიული ინსტრუმენტები (არაბული ხელნაწერი)

აბულ-კასიმს არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მედიცინის ისტორიაში. მე-10 საუკუნეში მოღვაწე ამ ნოვატორმა, რომელიც წარმოშობით ანდალუსიიდან (დღევანდელი ესპანეთი) იყო, გამოსცა 30-ტომიანი სახელმძღვანელო, რომელშიც 300 გვერდი ეთმობოდა უშუალოდ ქირურგიას. ის იყო პირველი, ვინც თქვა, რომ შინაგანი ორგანოების გასაკერად შესაძლებელი იყო კეტგუტის (წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაწლავებისგან დამზადებული ძაფი) გამოყენება; მან პირველმა ახსნა, როგორ შეიძლებოდა შარდის ბუშტში დაგროვილი კენჭების გამოდევნა შარდსადენ მილში სპეციალური მოწყობილობის ჩადგმით. ის იყო თიროიდექტომიის (ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა) პირველი სპეციალისტი და პირველი, ვინც გააკეთა კატარაქტის ოპერაცია.

თანამედროვე სამედიცინო მეთოდებს, რომლებიც დღეს გამოიყენება რთული მშობიარობის დროს და მხრის ამოვარდნისას, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, აბულ-კასიმი იყენებდა ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში. ქირურგიული ოპერაციების დროს მან პირველმა გამოიყენა ბამბა, როგორც სახვევი საშუალება და თაბაშირი ძვლის მოტეხილობისას. მან დანერგა კბილების  ჩასმის პროცედურა, გამოიგონა კბილის პროთეზი, ის გახლდათ პირველი ორთოდონტი (ექიმი, რომელიც კბილებს ასწორებს), მანვე პირველმა გაუსუფთავა პაციენტს კბილები ქვებისგან.

მან პირველმა გააკეთა ქირურგიული იარაღების ჩანახატები. აღწერა 200-მდე ქირურგიული იარაღი და დაურთო გამოყენების ინსტრუქცია. მომდევნო ათასი წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ინსტრუმენტმა განიცადა მცირეოდენი ცვლილება.

ავიცენა ხელმძღვანელობს წითელას წამლის დამზადების პროცესს

აღმოსავლური სიბრძნე დასავლეთს ეფინება

XI—XII საუკუნეებში სწავლულებმა დაიწყეს არაბულ ენაზე შესრულებული სამედიცინო ნაშრომების თარგმნა ლათინურ ენაზე. თარგმნა ძირითადად ხდებოდა ტოლედოში (ესპანეთი), მონტე კასინოსა და სალერნოში (იტალია). ამ სახელმძღვანელოებს ექიმები ლათინურენოვან ევროპაში უნივერსიტეტებში სწავლობდნენ. ასეთი სახით, „მომდევნო საუკუნეებში ევროპაში ახლო აღმოსავლეთის სამედიცინო მიღწევებმა უფრო ღრმად შეაღწია, ვიდრე ისლამური სამყაროს სხვა რომელიმე მეცნიერებამ“, — აღნიშნავს მეცნიერი ჰასან მასაუდი.

შუა საუკუნეების ისეთი გენიოსები და ნოვატორები, როგორებიც იყვნენ რაზი, ავიცენა, აბულ-კასიმი და მათი თანამედროვენი, თამამად შეიძლება ჩაითვალონ თანამედროვე მედიცინის ფუძემდებლებად.