არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ახალგაზრდების შეკითხვები

რა მინდა ცხოვრებაში?

რა მინდა ცხოვრებაში?

მაიკლი ხედავს, როგორ უახლოვდება ბრედი და ნერვიულობს, იცის, რაც უნდა მოხდეს. „გაუმარჯოს მაიკ! აჰა, გასინჯე“, — ეუბნება ბრედი. ის მუჭს შლის და მაიკლს მარიხუანას აწვდის. მას არ უნდა მოწევა, მაგრამ არც ის უნდა, რომ თანატოლებმა „გოიმად“ ჩათვალონ. „მოდი რა, სხვა დროს იყოს“, — ეუბნება ბრედს სუსტი ხმით.

ჯესიკა ხედავს, როგორ უახლოვდება ბრედი და მზად არის იმისთვის, რაც უნდა მოხდეს. „გაუმარჯოს ჯეს! აჰა, გასინჯე“, — ეუბნება ბრედი. ის მუჭს შლის და ჯესს მარიხუანას აწვდის. „არა, მადლობა. სიცოცხლე ჯერ არ მომბეზრებია. ისე, შენც კარგად იცი, ბრედ, რომ ეს საზიანოა“, — მტკიცედ პასუხობს ჯესიკა.

რატომ გაუმკლავდა ჯესიკა უფრო ადვილად შექმნილ სიტუაციას? იმიტომ, რომ მაიკლთან შედარებით ძლიერი პიროვნება იყო. ასეთმა ადამიანმა იცის, ვინ არის, რა უნდა და როგორ უნდა მოიქცეს. ამის ცოდნა შენც დაგეხმარება, გაუძლო ცდუნებას ანუ შენ წარმართო შენი ცხოვრება და არ დაუშვა, რომ სხვამ გმართოს. როგორ შეგიძლია ამის მიღწევა? მოდი, ჯერ ქვემოთ დასმულ კითხვებს უპასუხე.

1. რაში ვარ ძლიერი?

რატომ არის ამის ცოდნა აუცილებელი? თუ გეცოდინება შენი შესაძლებლობები და დადებითი მხარეები, საკუთარ ძალებში უფრო დარწმუნებული იქნები.

დაფიქრდი: ყველა ადამიანს რაღაცის ნიჭი და უნარი აქვს. ზოგს ხატვის ნიჭი აქვს, ზოგი კარგად უკრავს და მღერის, ზოგი სპორტშია ძლიერი. მაგალითად, რაკელს მანქანების შეკეთება ეხერხება. * „15 წლისას უკვე მექანიკოსობა მინდოდა“, — ამბობს ის.

ბიბლიური მაგალითი: მოციქულმა პავლემ დაწერა: „თუ სიტყვაში გაუწაფავი ვარ, ცოდნაზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი“ (2 კორინთელები 11:6). პავლეს წმინდა წერილების კარგი ცოდნა ეხმარებოდა, მტკიცედ დაეცვა თავი, როცა სხვები ედავებოდნენ. მან არ დაუშვა, რომ სხვების უარყოფით დამოკიდებულებას ოდნავ მაინც შეერყია მისი მტკიცე გადაწყვეტილება (2 კორინთელები 10:10; 11:5).

გამოიკვლიე საკუთარი თავი. ქვემოთ დაწერე, რისი ნიჭი ან უნარი გაქვს.

․․․․․

ახლა დაწერე შენი რომელიმე კარგი თვისება (მაგალითად,  ყურადღებიანი ხარ, გულუხვი, სანდო თუ პუნქტუალური?).

․․․․․

„ყოველთვის ვცდილობ, სხვებს დავეხმარო. როცა ვინმეს საუბარი უნდა და მე არ მცალია, საქმეს თავს ვანებებ და მთელი გულით ვუსმენ“ (ბრიანი).

თუ გიჭირს რაიმეს დაწერა, გაიხსენე ერთი რომელიმე კარგი თვისება, რომელიც ბავშვობიდან გახასიათებს (მაგალითისთვის წაიკითხე ჩარჩო:  „შენი თანატოლები ამბობენ“).

․․․․․

2. რაში ვარ სუსტი?

რატომ არის ამის ცოდნა აუცილებელი: თუ ჯაჭვში ერთი რგოლი მაინც სუსტია, ადვილად შეიძლება გაწყდეს ასეთი ჯაჭვი. ასევე შენი კარგი თვისებები შეიძლება დაიჩრდილოს, თუ სუსტ მხარეებს ვერ გააკონტროლებ.

დაფიქრდი: ამ ქვეყნად სრულყოფილი არავინაა (რომაელები 3:23). ყველას აქვს რაღაც სისუსტე, რასაც ებრძვის. „რატომ ვღიზიანდები წვრილმან რაღაცებზე, — კითხვას სვამს ახალგაზრდა გოგონა, სეიჯა.  — პატარა რამეზეც კი ნერვები მეშლება და ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებ“.

ბიბლიური მაგალითი: პავლემ კარგად იცოდა თავისი სისუსტეები. მან დაწერა: „შინაგანად მართლაც მსიამოვნებს ღვთის კანონი, მაგრამ ჩემი სხეულის ნაწილებში სხვა კანონს ვხედავ, რომელიც ებრძვის ჩემი გონების კანონს და ჩემი სხეულის ნაწილებში მყოფი ცოდვის კანონის ტყვედ მაქცევს“ (რომაელები 7:22, 23).

გამოიკვლიე საკუთარი თავი. რომელი სუსტი თვისება გაქვს დასაძლევი?

․․․․․

„რომანტიკული ფილმების ყურების შემდეგ სევდა მომეძალებოდა ხოლმე. მეც მინდებოდა, რომ შეყვარებული მყოლოდა. ახლა, ვფრთხილობ და ასეთ ფილმებს აღარ ვუყურებ“ (ბრიჯიტი).

3. რა მიზნები მაქვს?

რატომ არის ამის ცოდნა აუცილებელი: როცა მიზნები გაქვს, შენი ცხოვრება მიზანმიმართული და შინაარსიანია. ასეთ დროს უფრო მეტად ერიდები ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას და ისეთ სიტუაციებს, რაც ხელს შეგიშლის დასახული მიზნების მიღწევაში.

დაფიქრდი: ჩაჯდებოდი ტაქსიში და ეტყოდი მძღოლს, ერთი და იმავე კვარტალისთვის მანამდე ერტყა წრეები, სანამ საწვავი არ გამოელეოდა? ეს უაზრობაც იქნებოდა და ძვირიც დაგიჯდებოდა. მიზნები გეხმარება, ცხოვრების წლები უაზროდ არ განვლო. შენ ზუსტად იცი, საით მიდიხარ და, ასე ვთქვათ, რუკაც ხელში გიჭირავს.

ბიბლიური მაგალითი: პავლემ დაწერა: „მე უმიზნოდ არ გავრბივარ“ (1 კორინთელები 9:26). პავლეს უაზროდ არ გაულევია ცხოვრების წლები. მას მიზნები ჰქონდა და იმისთვის ცხოვრობდა, რომ ამ მიზნებისთვის მიეღწია (ფილიპელები 3:12—14).

 გამოიკვლიე საკუთარი თავი. ქვემოთ დაწერე ის სამი მიზანი, რომელთა მიღწევაც გინდა მომდევნო წელს.

  1. ․․․․․

  2. ․․․․․

  3. ․․․․․

ახლა ამოირჩიე აქედან, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი და დაწერე, რის გაკეთებას აპირებ დღესვე მის განსახორციელებლად.

․․․․․

„თუ რაღაცით არა ვარ დაკავებული, გამოდის, რომ ერთ ადგილს ვტკეპნი. კარგია, როცა მიზნები გაქვს და ნელ-ნელა წინ მიიწევ“ (ხოსე).

4. რა მწამს?

რატომ არის ამის ცოდნა აუცილებელი: თუ საკუთარი თავის რწმენა არ გაგაჩნია, ვერ იქნები მდგრადი პიროვნება. ქამელეონივით ფერს შეიცვლი და თანატოლები ადვილად აგიყოლიებენ. ეს კი იმის ნიშანია, რომ პიროვნულად ჯერ ძლიერი არა ხარ.

დაფიქრდი: ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, „დარწმუნდნენ, რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“ (რომაელები 12:2). როცა რაღაცაში დარწმუნებული ხარ და იმას აკეთებ, რაც იცი, რომ სწორია, საკუთარ თავთან მართალი ხარ და არ გაინტერესებს, სხვები როგორ იქცევიან.

ბიბლიური მაგალითი: წინასწარმეტყველი დანიელი ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა „გულში გადაწყვიტა“, ღვთის კანონებს დამორჩილებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახისგან და თანამორწმუნეებისგან შორს იყო (დანიელი 1:8). ამგვარად, ის მართალი იყო საკუთარ თავთან. დანიელი თავისი რწმენით ცხოვრობდა.

გამოიკვლიე საკუთარი თავი. რა გწამს?

  • გწამს ღვთის არსებობის? თუ გწამს, რატომ? რა ფაქტები გარწმუნებს ღვთის არსებობაში?

  • გჯერა, რომ ღვთის ზნეობრივი ნორმები შენ სასიკეთოდაა? თუ კი, რატომ? მაგალითად, რატომ გჯერა, რომ სექსთან დაკავშირებით ღვთის ზნეობრივი ნორმების დაცვა უფრო ბედნიერებას მოგიტანს, ვიდრე ის, რომ აჰყვე შენს ტოლებს და თავს ყველაფრის უფლება მისცე?

ამ კითხვებს დაუფიქრებლად არ უპასუხო. დრო გამოყავი იმ მიზეზებზე საფიქრელად, თუ რა გწამს და რატომ. შედეგად, უკეთ შეძლებ შენი რწმენის დაცვას (იგავები 14:15; 1 პეტრე 3:15).

„სკოლაში, როცა თანატოლები ხედავენ, რომ ბოლომდე არა ხარ დარწმუნებული საკუთარ თავში და არ იცი, რა გწამს, შენზე ზეწოლას ახდენენ. მე კი მინდოდა, რომ ჩემი რწმენა მტკიცედ დამეცვა. ამიტომ ვიკვლევდი ჩემი რწმენის დამამტკიცებელ არგუმენტებს. მათ იმას კი არ ვეუბნებოდი, რომ არ შემიძლია ამის გაკეთება, რადგან ჩემი რელიგია მიკრძალავს-მეთქი. უბრალოდ ვუხსნიდი, რატომ არ მიმაჩნდა ესა თუ ის საქციელი სწორად“ (დანიელა).

დაბოლოს, როგორი გინდა, რომ იყო — სუსტი ფოთოლივით, რომელიც ნიავზეც კი ძირს ვარდება, თუ ხესავით, რომელიც ძლიერ ქარიშხალს უძლებს? გაძლიერდი პიროვნულად და ამ ხესავით მაგარი იქნები. ამის მერე უკვე გეცოდინება, რა გინდა ცხოვრებაში.

თუ პიროვნულად ძლიერი ხარ, მყარად ფესვგადგმული ხესავით გაუძლებ ამოვარდნილ ქარიშხალს

 

^ აბზ. 8 ამ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.