არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

ვინ არიან ჩემი ნამდვილი მეგობრები?

ვინ არიან ჩემი ნამდვილი მეგობრები?

„კორი დამეხმარა, ცხოვრებისთვის სხვა თვალით შემეხედა. როდესაც მასთან ერთად ვარ, ახალ-ახალ ადამიანებს ვხვდები; ვცდილობ, ახალი რაღაცები ვისწავლო და სადაც მივდივართ, ყველგან სასიამოვნოდ ვატარებთ დროს. კორისთან მეგობრობამ პირდაპირი გაგებით შეცვალა ჩემი ცხოვრება“ (ტარა). *

შენი აზრით, შეუძლებელია ასეთი სახის მეგობრობა? თუ ფიქრობ რომ შეუძლებელია, გულს ნუ გაიტეხ. შენ ირგვლივ ნამდვილად არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტ მეგობრობას გაგიწევენ. ეს სტატია ნამდვილი მეგობრების ამოცნობაში დაგეხმარება.

„მეგობრებში კი ვტრიალებ, მაგრამ მეგობრები არა მყავს“, — ასეთ სიტყვებს ამბობს 21 წლის შაინა, რომელიც ბევრი ხალხის გარემოცვაშია, მაგრამ ახლო ურთიერთობა არავისთან არა აქვს. მისი გრძნობები შეიძლება განსაკუთრებით ნაცნობი იყოს მათთვის, ვინც სოციალური ქსელებით სარგებლობს. 22 წლის სერენა ამბობს: «შეიძლება სოციალურ ქსელში * შენი „მეგობრების სია“ ძალიან გრძელია და საკმაოდ პოპულარული და მაგარიც ჩანხარ, მაგრამ რეალურად ეს სია შეიძლება სავსე იყოს იმ ადამიანებით, რომლებთან ურთიერთობაც შენთვის არაფრის მომცემია».

რა გირჩევნია, რამდენიმე ნამდვილი მეგობარი გყავდეს, თუ ასობით ადამიანი „მეგობრების სიაში“? ორივეს თავისი დადებითი მხარეები გააჩნია, მაგრამ ერთგულ მეგობარს შეუძლია მხარში ამოგიდგეს გასაჭირში და იმაშიც დაგეხმაროს, რომ უფრო კარგი ადამიანი გახდე (1 კორინთელები 16:17, 18). შემდეგი ფაქტორები დაგეხმარება, დაინახო, ვინ ავლენს შენი ნაცნობებიდან ნამდვილი მეგობრისთვის დამახასიათებელ თვისებებს.

ნამდვილი მეგობარი სანდოა

„ერთი ჩემი მეგობარი ხშირად მიმხელდა ხოლმე თავის საიდუმლოებებს და ვფიქრობდი, რომ მეც შემეძლო მისი ნდობა. ერთხელაც ვუთხარი, რომ ერთ ბიჭს მოვწონდი. აუ, რა ძაან მწარედ შევცდი! ეს ამბავი მაშინვე მთელ ქვეყანას მოსდო“ (ბევერლი).

„ჩემს მეგობარ ალანს რაც არ უნდა ვუთხრა, დარწმუნებული ვარ, რომ არავის ეტყვის“ (კალვინი).

შენი აზრით, ამათგან რომელს ჰყავს ნამდვილი მეგობარი? შენ ვის ენდობი მეგობრებიდან? * ბიბლიაში წერია: „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია“ (იგავები 17:17).

ქვემოთ დაწერე ორი მეგობრის სახელი, რომელსაც ენდობი.

  1. ․․․․․

  2. ․․․․․

ნამდვილი მეგობარი თავგანწირულ სიყვარულს ავლენს

„ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა მეგობრებს შორის ხან ერთ მხარეს სჭირდება დახმარება, ხან მეორეს. ნამდვილი მეგობარი ხვდება, როდის გიჭირს და დაუყოვნებლივ გიწვდის დახმარების ხელს. ის დარწმუნებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში შენც იმავეს გააკეთებ“ (კელი).

„ერთი ახალი მეგობარი მყავდა, რომელთანაც ჯერ ისე ახლოს არ ვიყავი. ერთხელაც საერთო ნაცნობის ქორწილში ერთად გადავწყვიტეთ წასვლა, მაგრამ იმ დროს დედა დამეღუპა. დაკრძალვისა და ქორწილის დღე ერთმანეთს დაემთხვა. ჩემდა გასაკვირად, ჩემი მეგობარი ქორწილში არ წავიდა და დაკრძალვაზე მოვიდა. მაშინ მივხვდი, რომ მას ნამდვილი მეგობრობა შეეძლო“ (ლენა).

შენი მეგობრებიდან რომელი ავლენს თავგანწირულ სიყვარულს? ნამდვილი მეგობარი იმას „კი არ ეძებს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ იმას, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24).

ქვემოთ დაწერე ორი მეგობრის სახელი, ვინც თავგანწირული სიყვარული გამოავლინა შენდამი.

  1. ․․․․․

  2. ․․․․․

ნამდვილი მეგობარი დაგეხმარება, უფრო კარგი ადამიანი გახდე

„ზოგი მეგობარი მოელის, რომ დავთმო ჩემი ფასეულობები და საკუთარი სინდისის წინააღმდეგაც კი წავიდე, ოღონდაც მათი ერთგული დავრჩე. ასეთებს ნამდვილ მეგობრებს ვერ ვუწოდებ“ (ნადინი).

„ჩემი უახლოესი მეგობარი ჩემი დაა. ის მეხმარება, სრულად გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები და უფრო მეგობრული ვიყო. სიმართლეს მაშინაც მეუბნება, როცა ამის მოსმენა დიდად არ მსიამოვნებს“ (ემი).

„როცა ძალიან მიჭირდა, ჩემი საუკეთესო მეგობრები იმას კი არ მეუბნებოდნენ, რომ უბრალოდ პრობლემა დამევიწყებინა, არამედ კარგ რჩევებსაც მაძლევდნენ. სხვები კი შორიდან მიყურებდნენ და ელოდნენ, თავად როდის გადავჭრიდი ამ პრობლემას ან ცდილობდნენ, ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. ისინი ჩემს პრობლემას პრობლემად არც კი მიიჩნევდნენ“ (მიკი).

„ჩემი მეგობარი სხვებზე მეტად ხედავს ჩემს პოტენციალს და აღმძრავს, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიო. ის მაშინაც გულწრფელია, როცა მისი სიმართლე შეიძლება გულზე მომხვდეს“ (ილანი).

შენც გეხმარებიან მეგობრები, რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენო? თუ პირიქით, მათ რომ მოერგო, შენს ნორმებზე უარის თქმა გიწევს? იგავების 13:20-ში წერია: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“.

ქვემოთ დაწერე ორი მეგობრის სახელი, ვინც დაგეხმარა, უკეთესი ადამიანი გამხდარიყავი.

  1. ․․․․․

  2. ․․․․․

დააკვირდი სამივეგან ჩამოწერილ სახელებს. თუ ერთი და იგივე სახელი ყველგან მეორდება, ის ყოფილა შენი ნამდვილი მეგობარი. მაგრამ თუ ისეთს ვერავის იხსენებ, ვინც შეესაბამება ზემოთ მოყვანილ კრიტერიუმებს, გული არ გაიტეხო. შენ შეძლებ ნამდვილი მეგობრების პოვნას, ოღონდ ამას შეიძლება ცოტა მეტი დრო დასჭირდეს. * მანამდე კი, ყველაფერი გააკეთე, რომ შენ იყო კარგი მეგობარი. 20 წლის ელენა ამბობს: „ყოველთვის ვცდილობ, მეგობრებს მხარში ამოვუდგე. როდესაც მათ რაიმე სჭირდებათ, ვეხმარები; როდესაც საუბარი სურთ, ყურადღებით ვუსმენ; როდესაც ტირიან, თანავუგრძნობ“.

შეიძლება ბევრი ნაცნობი გყავს და ეს უკეთესია, ვიდრე ის, რომ ვიწრო წრეში ჩაიკეტო (2 კორინთელები 6:13). მაგრამ განა არ ისურვებდი, გყავდეს რამდენიმე ნამდვილი მეგობარი, რომელიც „გასაჭირისთვის დაბადებული ძმასავით“ იქნება შენთვის (იგავები 17:17). 20 წლის ჯინი ამბობს: „კარგია, როცა ბევრ ადამიანს იცნობ. მაგრამ ეს იმის მსგავსია, გარდერობი ლამაზი ტანსაცმლით გქონდეს სავსე, მაგრამ ყველას ვერ ირგებდე. მათგან მხოლოდ რამდენიმეს იცვამ, რომელიც გიხდება და რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობ. იმავეს თქმა შეიძლება ახლო მეგობრებზეც“.

 

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 5 სოციალური ქსელების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლია ნახო 2011 წლის ივლისისა და აგვისტოს „გამოიღვიძეთ!“-ის რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“.

^ აბზ. 10 ზოგჯერ საიდუმლოს შენახვა არაგონივრულია, მაგალითად, მაშინ თუ მეგობარმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, თვითმკვლელობაზე ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებაზე ფიქრობს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე 2008 წლის დეკემბრის (გვერდები 19—21) და მაისის (გვერდები 26—29) „გამოიღვიძეთ!“-ის ნომრები.

^ აბზ. 30 დამატებითი ინფორმაციისთვის წაიკითხე 2009 წლის მარტის „გამოიღვიძეთ!-ის“ რუბრიკაში, „ახალგაზრდების შეკითხვები“, დაბეჭდილი თემა: „უკეთესი მეგობრები ხომ არ მჭირდება?“.