არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ შევუქმნა სხვებს ჩემზე პირველი დანახვისთანავე კარგი შთაბეჭდილება?

როგორ შევუქმნა სხვებს ჩემზე პირველი დანახვისთანავე კარგი შთაბეჭდილება?

„გასაუბრება კარგად მიდის! ჩემი მომავალი ბოსი ხედავს, რომ სულაც არა ვარ დაძაბული. ისე თავისუფლად ვგრძნობ თავს, რომ მის კაბინეტში შესვლისთანავე სახელით მივმართე. უკვე ვიცი, რომ აუცილებლად ამიყვანს სამუშაოზე!“

«ეს ის ახალგაზრდა არ არის, რომელმაც „შთამბეჭდავი“ მონაცემები გამოგვიგზავნა? ნამდვილად არ შემიძლია მისი აყვანა! თუ მუშაობის დაწყებამდე ასე იქცევა, მერე რაღას იზამს?!»

დახედე სურათს და წაიკითხე ზემოთ მოცემული ტექსტი. შეგიძლია დაინახო სამი მხარე, რაშიც სამუშაოს დაწყების მსურველი ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს?

  1. ․․․․․

  2. ․․․․․

  3. ․․․․․

პასუხები მოცემულია ქვემოთ

1. ამ ახალგაზრდას გასაუბრებისთვის შეუფერებლად აცვია. 2. ის ზედმეტად გაშინაურებულია (დამსაქმებელს სახელით მიმართავს). 3. მისი ჟესტები და მიმიკები უპატივცემულობაზე მეტყველებს.

 წარმოიდგინე, რომ პირველად აგემოვნებ კერძს. რამდენი დრო დაგჭირდება იმის მისახვედრად, მოგეწონა თუ არა ის? ერთი ლუკმაც კი საკმარისია იმისათვის, რომ მიხვდე, სხვა დროს შეჭამ თუ არა ამ კერძს.

მსგავსი რამ ხდება, როცა პირველად ხვდები ადამიანს. მასზე დანახვისთანავე გექმნება შთაბეჭდილება. მაგრამ ერთი რამ არ უნდა დაგავიწყდეს: იმავე მომენტში მასაც ექმნება შენზე შთაბეჭდილება.

ეძებ სამუშაოს? გსურს, გყავდეს მეგობარი ან მეორე ნახევარი? ამ მხრივ შეიძლება დიდი როლი ითამაშოს იმან, თუ პირველად რა შთაბეჭდილებას დატოვებ სხვებზე. ახლა დაფიქრდი სამ მნიშვნელოვან მხარეზე, რაშიც შესაძლოა ურთიერთობისას გჭირდება გაუმჯობესება, რათა სხვებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვო.

1. როგორ გამოიყურები?

გინდა თუ არა, ხალხს შენზე შთაბეჭდილება იმის მიხედვით ექმნება, რაც პირველად ხვდებათ თვალში — შენი გარეგნობა. მაგრამ ადამიანებს ეს ხშირად მხედველობიდან რჩებათ. ერთი გოგონა, სახელად კლარისა *, ამბობს: „როდესაც რესტორანში მიდიხარ, არ იცი, იქ ხალხი როგორ იქნება ჩაცმული — ოფიციალურ სამოსში იქნებიან გამოწყობილნი თუ საშინაო ტანსაცმლით მოვლენ“.

რასაკვირველია, ყოველთვის სიტუაციის შესაბამისად უნდა გეცვას. მაგალითად, მიუღებელი იქნებოდა, თუ გასაუბრებაზე ისეთი სამოსით მიხვიდოდი, როგორითაც პლაჟზე დადიხარ. მაგრამ როგორ უნდა მოიქცე, როცა ზუსტად არ იცი, როგორი სამოსი იქნებოდა ამა თუ იმ სიტუაციისთვის შესაფერისი? ამ დროს კარგი იქნება, თუ უკიდურესობებში არ გადავარდები. თუკი ვერ წყვეტ, რა ჩაიცვა, არჩევანი ისეთ სამოსზე შეაჩერე, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.

გახსოვდეს! შენი ჩაცმულობა და გარეგნობა შეიძლება რენტგენული გამოსახულებასავით აჩვენებდეს, როგორი ადამიანი ხარ.

„როდესაც წვეულებაზე უცნაურად ჩაცმულ ხალხს ვხედავ, მათთან ურთიერთობას გავურბივარ. იმ მომენტში მხოლოდ გარეგნობით ვაფასებ ამ ხალხს; მათი ჩაცმულობა მათ ცუდ რეპუტაციაზე მეტყველებს“ (დაიანა).

ბიბლიური რჩევის თანახმად, „მოხდენილი ტანსაცმელი“ „მოკრძალებისა და საღი აზროვნების“ მაჩვენებელია (1 ტიმოთე 2:9).

ჰკითხე საკუთარ თავს: მოხდენილად მაცვია თუ უწესრიგოდ გამოვიყურები? ჩაცმულობის გამო ჩემი პოტენციური დამსაქმებელი, მეგობარი ან მეორე ნახევარი ხომ არ დაასკვნის, რომ „საღ აზროვნებას“ ვარ მოკლებული?

რჩევა: გაითვალისწინე იმ ადამიანის აზრი, რომელსაც შენს თვალში კარგი გემოვნება აქვს.

 2. რას და როგორ ამბობ?

შენი მეტყველება აჩვენებს, თავმდაბალი ხარ თუ თავმომწონე, ადვილია შენთან ურთიერთობა თუ რთული. არ გამოგრჩეს ეს მხედველობიდან მაშინ, როცა საპირისპირო სქესის ადამიანზე ცდილობ კარგი შთაბეჭდილების მოხდენას. ერთი გოგონა, ვალერია ამბობს: „ძალიან მაღიზიანებს, როცა ახალგაზრდა ბიჭი მხოლოდ საკუთარ თავზე ლაპარაკობს“. ის დასძენს: „ზოგ ბიჭს სურს, პირველივე ჯერზე გაიგოს შენზე ყველაფერი, რაც კიდევ ერთი უკიდურესობაა. ამ დროს გოგო ითრგუნება და ერთი სული აქვს, თავი დააღწიოს მისგან“.

გახსოვდეს! ვინაიდან შენი სიტყვები სხვებს წარმოდგენას უქმნის შენზე, მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციო, რას და როგორ ლაპარაკობ, რათა სხვებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვო.

„მომწონს, როცა ხალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ვხვდები, ბუნებრივად იქცევა. პირველი შეხვედრა მნიშვნელოვანია. თუ ბიჭი წინასწარ გეგმავს, რას და როგორ იტყვის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ბუნებრივად არ იქცევა“ (სელენა).

ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბევრი ლაპარაკისას ცოდვა გარდაუვალია, ხოლო ვინც ბაგეებს იმორჩილებს, გონივრულად იქცევა“ (იგავები 10:19).

ჰკითხე საკუთარ თავს: როგორ შემიძლია ოქროს შუალედი მოვძებნო — არც ძალიან ბევრი ვილაპარაკო და არც მეტისმეტად სიტყვაძუნწი ვიყო? ჩემი ლაპარაკის მანერით გულს ხომ არ ვტკენ ან აღვაშფოთებ სხვებს?

რჩევა: მიჰბაძე მათ, ვისაც, შენი აზრით, სხვებთან საუბრის სასიამოვნოდ წარმართვის ნიჭი აქვს. რა ეხმარება მათ ამაში? შეგიძლია შენც მიჰბაძო მათ?

3. როგორ იქცევი?

როგორც ამბობენ, საქმეები უფრო მრავლისმთქმელია, ვიდრე სიტყვები. მაგალითად, თუ თავაზიანი ხარ, შენი საქციელით მიანიშნებ, რომ სხვებს პატივს სცემ. ეს კიდევ ერთი მხარეა, რაც მხედველობიდან არ უნდა გამორჩეს, თუ ოჯახის შექმნა გსურს. ერთი გოგონა, სახელად კარი, ამბობს: „ისეთი უმნიშვნელო რამ, როგორიცაა კარის დაჭერა, პატივისცემის მაჩვენებელია. ეს ელემენტარული თავაზიანობაა“.

გახსოვდეს! შენი საქციელი შეიძლება სარეკლამო დაფას ჰგავდეს, რომელზეც შენი თვისებებია გამომზეურებული (იგავები 20:11). რას ცხადყოფს შენ შესახებ შენი საქმეები?

„ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, იყო კარგი მსმენელი. აგრეთვე კარგ მანერებზე მეტყველებს, როცა სხვას ლაპარაკს არ აწყვეტინებ, თუ ამის აუცილებლობა არ არის“ (ნატალი).

ბიბლიაში ნათქვამია: „როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (ლუკა 6:31).

ჰკითხე საკუთარ თავს: თავაზიანი ვარ? სხვების მიმართ გულწრფელ ინტერესს ვიჩენ? შეიძლება ჩემზე დაიმედება? პუნქტუალური ვარ?

რჩევა: ისე დაგეგმე, რომ შეხვედრის ადგილზე, სულ მცირე, ათი წუთით ადრე მიხვიდე, რათა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო არ დააგვიანო. ნუ დატოვებ ისეთ შთაბეჭდილებას, რომ დაგვიანება გახასიათებს.

არ დაგავიწყდეს: სხვებზე კარგი შთაბეჭდილების შექმნა იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დამალო შენი ნამდვილი სახე (ფსალმუნი 26:4). ნაცვლად ამისა, ძალ-ღონე არ დაიშურო, რომ სასურველი თვისებები გამოიმუშავო და შემდეგ საქმეებით გამოავლინო (კოლოსელები 3:9, 10). გახსოვდეს, რომ შენ თავად ქმნი საკუთარ რეპუტაციას! თუ სათანადო ყურადღებას მიაქცევ შენს გარეგნობას, საუბარსა და საქციელს, სხვებზე პირველი დანახვისთანავე დატოვებ კარგ შთაბეჭდილებას, რაც დიდხანს გასტანს.

 

^ აბზ. 15 ამ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.