არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

არაფერი გამომდის!

არაფერი გამომდის!

„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემი მეგობარი მჯობდა. მას ყველაფერი ადვილად გამოსდიოდა და დიდი ძალისხმევის ფასად არ უჯდებოდა რაღაცის მიღწევა. ნეტავ, მე რაღა მემართებოდა! საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტერი მე ვიყავი“ (ანიტა) *.

ხომ არ გიშლის ხელს არასრულფასოვნების გრძნობა ახალი და რთული საქმის წამოწყებაში? ხომ არ გიკარგავს ზოგჯერ საკუთარი თავის რწმენას იმ ადამიანების შენიშვნები, ვისაც შენთვის სიკეთე სურთ და ვისაც პატივს სცემ? დაშვებული შეცდომების გამო გულგატეხილობა ხომ არ გეუფლება და თავს ხომ არ იკავებ ხელახალი მცდელობისგან? თუ ასეა, როგორ უნდა მოიქცე? რა შეგიძლია გააკეთო, როცა მართლა განიცდი მარცხს ან როცა უბრალოდ გგონია, რომ წარუმატებელი ხარ?

კარგი იქნება, თუ ამ ბოლო შეკითხვაზე პასუხს მიიღებ, რადგან ყველა ადამიანი ადრე თუ გვიან რაღაცაში მაინც განიცდის მარცხს (რომაელები 3:23). იმ ადამიანებს, რომლებიც არ ეპუებიან წარუმატებლობას, მებრძოლი ხასიათი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ადვილად არ ნებდებიან და აგრძელებენ ბრძოლას. დიდი ალბათობაა, რომ მათ მომდევნო მცდელობისას ყველაფერი გამოუვათ. ახლა ვიმსჯელოთ, როგორ უნდა მოიქცე, როცა მოსალოდნელი მარცხის გრძნობა გაქვს, როცა გგონია, რომ მარცხს განიცდი და როცა რეალურად მარცხდები.

მოსალოდნელი მარცხი → სულ მარცხის მოლოდინში ხარ.

ყველაზე უარესს ელი და ამიტომ თავს იკავებ მორიგი მცდელობისგან. გგონია, რომ წარმატების მიღწევის შანსი თითქმის არა გაქვს.

დაადგინე მიზეზი. ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან რაში გინდა მიაღწიო წარმატებას, თუმცა დარწმუნებული ხარ, რომ შენი მცდელობა მარცხით დამთავრდება? დასვი ნიშანი ✔

  • თანაკლასელებთან შენი მრწამსის დაცვა

  • სამსახურის დაწყება

  • აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა

  • სპორტით დაკავება

  • სიმღერის ან რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა

  • სხვა ․․․․․

ყველაფერი კარგად გააანალიზე. ახლა უპასუხე შემდეგ კითხვებს და აღნიშნე, როგორი შეიძლება იყოს შედეგი:

რა შედეგის მიღწევას ვისურვებდი?

․․․․․

როგორი შედეგის მიღების მეშინია?

․․․․․

ახლა დაწერე მიზეზი, რატომ უნდა სცადო ამა თუ იმ საქმის წამოწყება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მარცხი განიცადო.

․․․․․

ბიბლიური მაგალითი. როცა იეჰოვა ღმერთმა მოსეს ისრაელი ერის წინამძღოლობა დაავალა, პირველი, რაც მოსემ გაიფიქრა, ის იყო, რომ დავალებას წარმატებით ვერ გაართმევდა თავს. „დავუშვათ, არ დამიჯერეს“, — უთხრა მან ღმერთს და შემდეგ თავის ნაკლზე განაგრძო ფიქრი. „არა ვარ მჭევრმეტყველი; არც გუშინ ვყოფილვარ, არც მანამდე“. მას შემდეგაც კი, როცა იეჰოვა მოსეს დახმარებას დაჰპირდა, ის ევედრებოდა: „იქნებ სხვა ვინმე გაგზავნო“ (გამოსვლა 4:1, 10, 13). ბოლოს მოსე დათანხმდა იეჰოვას დავალების შესრულებაზე და დანარჩენი უკვე იცი, რაც მოხდა. ღვთის ხელმძღვანელობით მოსე ისრაელ ერს 40 წელი წინამძღოლობდა.

რისი გაკეთება შეგიძლია. მეფე სოლომონმა დაწერა: „ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით“ (ეკლესიასტე 9:10). ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ მარცხის შიშმა უკან დაგხიოს, გული დაუდე საქმეს. გაიხსენე ის შემთხვევა, როცა იმაზე უკეთ გაართვი თავი საქმეს, ვიდრე მოელოდი. რა ისწავლე ამ შემთხვევიდან? აქედან გამომდინარე, როგორ შეგიძლია დაძლიო წარუმატებლობის შიში, რომელიც შესაძლოა ახლა გაქვს?

მინიშნება: აუცილებლობის შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართე მშობელს ან მოწიფულ ქრისტიანს, რომლებიც თავდაჯერებულობას შეგმატებენ. *

არარეალური მარცხი → ფიქრობ იმაზე, რაც უკვე მოხდა.

როდესაც საკუთარ თავს ადარებ იმას, ვინც წარმატებას აღწევს, შენი თავი წარუმატებელი გგონია.

დაადგინე მიზეზი. ვის ადარებ საკუთარ თავს და ისეთს რას მიაღწია ამ ადამიანმა, რამაც შენ გაფიქრებინა, რომ წარუმატებელი ხარ.

․․․․․

ყველაფერი კარგად გაანალიზე. ნამდვილად ნიშნავს ამ ადამიანის წარმატება შენს მარცხს? ქვემოთ დაწერე ის, რაც ბოლოს გააკეთე, მაგალითად, ტესტი, რომელიც სკოლაში დაგავალეს, კარგად გამოგივიდა, მაგრამ სხვამ შენზე უკეთ გაართვა თავი.

․․․․․

ახლა დაწერე, თუ რატომ ღირდა ამის გაკეთება ძალისხმევად.

․․․․․

ბიბლიური მაგალითი. კაენი „რისხვით აენთო“, როდესაც იეჰოვა მისი ძმის, აბელის მიმართ კარგად განეწყო. იეჰოვამ დაინახა, რომ კაენს თავისი ძმის შურდა და გააფრთხილა ის; ამავე დროს, ღმერთი არწმუნებდა, თუ მოინდომებდა, მას შეეძლო წარმატების მიღწევა. „თუ კარგს გააკეთებ, — უთხრა მას იეჰოვამ. — განა არ მიგიღებ?!“ * (დაბადება 4:6, 7).

რისი გაკეთება შეგიძლია. იმის ნაცვლად, რომ შეეჯიბრო სხვებს, თუნდაც გულში, აღიარე მათი მიღწევები (გალატელები 5:26; რომაელები 12:15). ამავე დროს, აღიარე, რომ შენც გაქვს რაღაც გამორჩეული უნარი, ოღონდ ეს ტრაბახის გარეშე გააკეთე. ბიბლიაში წერია: „თითოეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მხოლოდ მაშინ ექნება დიდი სიხარულის მიზეზი თავისით“ (გალატელები 6:4).

რეალური მარცხი → ის, რაც მოხდა.

შენს წარუმატებლობაზე ფიქრობ და გგონია, რომ წარმატებისთვის ბრძოლა არ ღირს.

დაადგინე მიზეზი. რა არ გამოგდის ყველაზე მეტად, რაც გულს გიტეხს?

․․․․․

ყველაფერი კარგად გაანალიზე. ის, რაც ზემოთ დაწერე, ნამდვილად იმას ნიშნავს, რომ შენ წარუმატებელი ადამიანი ხარ? მაგალითად, თუ რაღაც ნაკლი გაქვს, იმედი უნდა გადაიწურო? ეს იმის მიმანიშნებელი ხომ არ არის, რომ დახმარება გჭირდება? თუ თამაშის დროს წაიქცევი, ალბათ, გაგიხარდება, თუ ხელს გამოგიწვდიან და წამოგაყენებენ, რომ კვლავ განაგრძო თამაში. კარგი იქნება, თუ მსგავსი დამოკიდებულება გექნება მაშინ, როცა რაღაცა არ გამოგდის. ქვემოთ დაწერე იმ ადამიანის სახელი, რომელსაც შენს პრობლემაზე დაელაპარაკები. *

․․․․․

ბიბლიური მაგალითი. დროდადრო პავლე მოციქულიც გრძნობდა გულგატეხილობას თავისი სისუსტის გამო. „საწყალი ადამიანი ვარ“, — დაწერა მან (რომაელები 7:24). პავლე იმასაც ხვდებოდა, რომ მისი ნაკლით არ უნდა შეფასებულიყო მისი პიროვნება. მან დაწერა: „ღირსეულ ბრძოლაში ვიბრძოდი, სარბიელი ბოლომდე გავირბინე და რწმენა შევინარჩუნე“ (2 ტიმოთე 4:7).

რისი გაკეთება შეგიძლია. იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ საკუთარ ნაკლზე გაამახვილო ყურადღება, შენს დადებით მხარეებზე იფიქრე. იეჰოვა შენში სწორედ კარგს ეძებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“ (ებრაელები 6:10; ფსალმუნი 110:3).

გახსოვდეს, რომ სრულყოფილი არავინაა. დროდადრო ყველა განიცდის მარცხს. თუ შეუპოვარი გახდები, ეს ბევრ რამეში წაგადგება. იგავების 24:16-ში წერია: „მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, უეჭველად წამოდგება“. შენც შეგიძლია გახდე მებრძოლი სულის ადამიანი!

 

^ აბზ. 3 სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 23 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 2010 წლის მაისის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 26—28.

^ აბზ. 31 კაენმა უგულებელყო იეჰოვას შეგონება. მისი მაგალითი დაგეხმარება, დაძლიო შური, რომელიც შეიძლება სხვისი წარმატების გამო გაგიჩნდეს (ფილიპელები 2:3).

^ აბზ. 36 ქრისტიანს, რომელმაც სერიოზული შეცდომა დაუშვა, დიდ დახმარებას გაუწევს კრების უხუცესთან საუბარი (იაკობი 5:14, 16).