არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უდაბნოს ნუგბარი თაფლოსანი ჭიანჭველებისაგან

უდაბნოს ნუგბარი თაფლოსანი ჭიანჭველებისაგან

უდაბნოს ნუგბარი თაფლოსანი ჭიანჭველებისაგან

ჩვენს აბორიგენ მეგობარს იუმინიას უდაბნოს ერთი საიდუმლოს განდობა სურს ჩვენთვის. მას მივყავართ ნახევრად უდაბნოს ბუჩქნარებში, რომელიც ალის-სპრინგსის (ცენტრალური ავსტრალია) ჩრდილოეთით მდებარეობს. იუმინია საგულდაგულოდ ათვალიერებს ქვიშიან ნიადაგს და იქვე, აკაციის ბუჩქის ქვეშ პაწაწინა არსებების კვალს აგნებს, რომლებსაც სასუსნავომდე მივყავართ. აი, სასუსნავოს კი თაფლოსანი ჭიანჭველები ინახავენ.

იუმინია დიდი მონდომებით იწყებს ქვიშიანი ნიადაგის თხრას და ჭიანჭველების გვირაბს მიუყვება. ცოტა ხანში ამოთხრილი ორმო ერთი მეტრის სიღრმეს აღწევს და იმხელაა, რომ შიგ კაცი თავისუფლად ჩაჯდება. „თაფლოსან ჭიანჭველებზე ნადირობა წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მაგრამ ზამთარი საუკეთესო პერიოდია, რადგან ზაფხულში ძალიან ცხელა“, — ამბობს ის. ჩვენ ვდგავართ და ვუყურებთ, როგორ დასცქერის გაწაფული თვალით ჩვენი მეგობარი ახლად აღმოჩენილ გვირაბებს. იუმინია გვიხსნის: „უნდა იცოდე, რომელ გვირაბს გაუყვე“.

მალე ის პოულობს ბუდეს. შიგ, სულ ცოტა, 20 თაფლოსანი ჭიანჭველაა, რომელთა გაბერილი მუცლები ქარვისფერი სითხითაა სავსე და ფორმითა და სიდიდით ყურძნის მარცვალს მოგვაგონებს. ჭიანჭველები მიწის ჭერზე არიან ჩამოკიდებულნი და დიდი მუცლების გამო ვერ გადაადგილდებიან. სულ რაღაც წუთებში იუმინია რამდენიმე საკნიდან ასზე მეტ ჭიანჭველას აგროვებს და გვეუბნება: „ამ ჭიანჭველების თაფლი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნუგბარია“.

საკვების მარაგის ცოცხალი სათავსები

ჭიანჭველების 10 000-ზე მეტი ცნობილი სახეობიდან თაფლოსნები ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო სახეობას მიეკუთვნებიან. ფუტკრებისგან განსხვავებით, რომლებიც თაფლს ფიჭაში აგროვებენ, თაფლოსანი ჭიანჭველები ნექტარს მუშა ჭიანჭველების ცოცხალ სხეულში იმარაგებენ. წელიწადის იმ თვეებში, როცა სხვა საჭმელი არ მოიპოვება, ჭიანჭველების კოლონია თაფლის ამ ცოცხალი კასრებიდან იკლავს შიმშილს.

საკვების შესანახად ან ასაღებად ჭიანჭველა ანტენებით ეხება დიდმუცლიანი მუშა ჭიანჭველების ანტენებს და სიგნალს გადასცემს. გაბერილი ჭიანჭველა აღებს პირს და „კასრიდან“ თაფლს ანთხევს. თაფლის ამონთხევას ან ავსებას აკონტროლებს კუჭის განსაკუთრებული სარქველი. სიცოცხლის განმავლობაში, რომელიც სულ რამდენიმე თვეს გრძელდება, დიდმუცლიანი მუშა ჭიანჭველები რამდენჯერმე ივსებიან და იცლებიან.

ეს ბურთივით მრგვალი ჭიანჭველები, ჩვეულებრივ, „მჯდომარე“ ცხოვრების წესს ეწევიან. ისინი მიწაში საკმაოდ დაცული არიან გვალვის, სიცხისა და მტაცებელი მწერებისგან. მიწის ქვეშ, უკუნითი სიბნელით მოცულ სამყაროში მათ ვერაფერს აკლებს ბაქტერია და სოკო, რადგან სპეციალური ჯირკვალი გამოყოფს სითხეს, რომელსაც მთელ სხეულზე ისვამენ და მტერს იგერიებენ.

საიდან შოულობს თაფლს თაფლოსანი ჭიანჭველა? ამ პროცესში ჩართულია კვების ჯაჭვი. აკაციის ხეში არსებობს ტკბილი ნივთიერება და ნექტარი, რომლითაც პაწაწინა მწერები, ბუგრები, იკვებებიან. ბუგრებისგან კი მუშა ჭიანჭველები „წველიან“ თაფლის ცვარს ან პირდაპირ ხეებიდან აგროვებენ ნექტარს. დაბოლოს, მუშა თაფლოსანი ჭიანჭველები მოგროვილი სითხით დიდმუცლიან მუშა ჭიანჭველებს კვებავენ. აღსანიშნავია, რომ დიდმუცლიანები კარგი მჭამელები არ არიან, ამიტომ, თაფლის ცვარი უმეტესწილად „თაფლის ბანკში“ ინახება.

რას ვიტყოდით ბუგრებზე? ხომ არ ზარალდებიან ისინი? არავითარ შემთხვევაში. ჯერ ერთი, რომ ჭიანჭველები საკმარისი რაოდენობის ნექტარს უტოვებენ მათ, მეორეც, ჭიანჭველები იცავენ ბუგრებს პარაზიტებისა და მტაცებლებისგან. ასე რომ, ორთავე, ბუგრებიცა და ჭიანჭველებიც ორმხრივ სარგებელს იღებენ სიმბიოზური კავშირიდან, რომელსაც მუტუალიზმი ეწოდება.

ბიბლიაში ნათქვამია: „წადი ჭიანჭველასთან . . . დააკვირდი მის გზებს და დაბრძენდი. თუმცა არც მეთაური ჰყავს, არც თავკაცი და არც მმართველი, ზაფხულში იმზადებს საკვებს და მკის დროს აგროვებს საზრდოს“ (იგავები 6:6—8). ეს მართლაც ასეა, რადგან ჭიანჭველები თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ძალიან ორგანიზებულნი და შრომისმოყვარენი არიან. რა გასაოცარია, რომ ეს მძიმედ მშრომელი უდაბნოს ბინადარნი ასეთ არასახარბიელო პირობებში ამზადებენ გემრიელ ნუგბარს!

[სურათი 11 გვერდზე]

თაფლოსანი ჭიანჭველის მუცელი სავსეა ტკბილი ნექტრით

[სურათის საავტორო უფლებები 11 გვერდზე]

გვერდები 10, 11, top: M Gillam/photographersdirect.com; გვერდი 11: © Wayne Lynch/age fotostock