არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გავაუმჯობესო ჩემი ლოცვები?

როგორ გავაუმჯობესო ჩემი ლოცვები?

 ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ გავაუმჯობესო ჩემი ლოცვები?

„როდესაც ცდილობ ყველაფრის გაკეთება მოასწრო სკოლასა თუ სამსახურში, დრო გამოუყო მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ზოგჯერ შეიძლება დაგავიწყდეს ყველაზე მნიშვნელოვანი — ღმერთთან ურთიერთობა“ (15 წლის ფავიოლა, შეერთებული შტატები).

„განუწყვეტლივ ილოცეთ“ (1 თესალონიკელები 5:17). „გამუდმებით ილოცეთ“ (რომაელები 12:12). „აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“ (ფილიპელები 4:6). თუ ქრისტიანი ხარ, ალბათ კარგად იცი ეს მუხლები და გესმის კიდეც, რომ ლოცვა ურთიერთობის ყველაზე განსაკუთრებული საშუალებაა. მხოლოდ დაფიქრდი, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლია ელაპარაკო ყოვლისშემძლე ღმერთს! ბიბლია გვარწმუნებს: „ის [ღმერთი] გვისმენს“ * (1 იოანე 5:14).

და მაინც, თუ იმ ახალგაზრდის მსგავსად, რომლის სიტყვებიც ზემოთ არის მოყვანილი, შენთვისაც რთულია ლოცვისთვის დროის გამონახვა, ეს სტატია დაგეხმარება 1) დაინახო, რა გიქმნის დაბრკოლებას, 2) დაისახო მიზანი და 3) გააღო „ჩაკეტილი კარები“.

პირველ რიგში დაინახე, რა გიქმნის დაბრკოლებას. დაფიქრდი, კონკრეტულად, რა წარმოადგენს შენთვის სირთულეს? პასუხი ქვემოთ დაწერე.

․․․․․

მეორე ნაბიჯი ის არის, რომ დაისახო მიზანი. ქვემოთ აღნიშნე, შენ რომელი მიზნის მიღწევაც გინდა. თუ სხვა მიზნის მიღწევა გსურს, რომელიც აქ არ არის მოცემული, დაწერე, რა მიზანს გინდა მიაღწიო ქვემოთ მოცემულ ხაზზე „სხვა“.

□ მინდა, უფრო ხშირად ვილოცო.

□ მინდა, რომ ლოცვები უფრო მრავალფეროვანი გავხადო.

□ მინდა, უფრო მხურვალედ ვილოცო.

□ სხვა ․․․․․

ჩაკეტილი „კარის“ გაღება

ლოცვა შეიძლება შევადაროთ კარებს, რომლის გაღებაც ნებისმიერ დროს შეგიძლია. მაგრამ, მრავალი ახალგაზრდა ამბობს, რომ ისინი ისე ხშირად და თავისუფლად არ აღებენ ამ კარებს, როგორც ამას უნდა აკეთებდნენ. თუ შენს შემთხვევაშიც ასეა, ნუ იფიქრებ, რომ ვერაფერს შეცვლი! შენ უკვე დაინახე რა გიქმნის დაბრკოლებას და მიზანიც დაისახე. ახლა მხოლოდ გასაღები გჭირდება, რომ ჩაკეტილი კარი გააღო. ქვემოთ მოცემულ აბზაცებში ვისაუბრებთ ზოგ დაბრკოლებაზე, რომლებსაც შეიძლება ხვდები, და იმ რჩევებზე, რაც დაგეხმარება მათ დაძლევაში.

 ჩაკეტილი კარი: მოუცლელობა. „ზოგჯერ ისეთი დაკავებული ვარ, რომ ლოცვისთვის დროს ვეღარ ვნახულობ“ (20 წლის პრიტი, დიდი ბრიტანეთი).

გასაღები: „კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იაროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა, გამოისყიდეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო, რადგან დღეები ბოროტია“ (ეფესოელები 5:15, 16).

რჩევა: წინასწარ შეარჩიე შენთვის ხელსაყრელი დრო, რომ ყოველდღე ილოცო. რომ არ დაგავიწყდეს, შეგიძლია დაწერო კიდეც, როდის ილოცებ. „თუ წინასწარ არ დავგეგმე რა დროს უნდა ვილოცო, საქმის კეთებაში ლოცვა შეიძლება სულ გადამავიწყდეს“, — ამბობს იაპონიაში მცხოვრები 18 წლის იოშიკო.

ჩაკეტილი კარი: ყურადღების გაფანტვა. „ლოცვის დროს ყურადღება მეფანტება. მიჭირს იმაზე კონცენტრირება, რასაც ვამბობ, რადგან გონებით სულ სხვაგან ვარ“ (17 წლის პამელა, მექსიკა).

გასაღები: „პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს“ (მათე 12:34).

რჩევა: თუ ლოცვის დროს სხვა რამეზე იწყებ ფიქრს, ეცადე მოკლედ ილოცო მანამ, სანამ არ შეძლებ გაიუმჯობესო კონცენტრირების უნარი. გარდა ამისა, ილოცე იმაზე, რაც ყველაზე მეტად გაღელვებს. „როცა წამოვიზარდე, ხშირად ვფიქრობდი იმაზე, რომ ლოცვა ღმერთთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა, — ამბობს რუსეთში მცხოვრები 14 წლის მარინა. — ამან აღმძრა, რომ ლოცვის დროს გული გადამეშალა ღმერთისთვის“.

ჩაკეტილი კარი: ერთი და იმავე სიტყვების გამეორება. „როდესაც ვლოცულობ, ვატყობ რომ ყოველთვის ერთი და იმავე სიტყვებს ვიმეორებ“ (17 წლის დუეპი, ბენინი).

გასაღები: „ყველა შენს ნამოქმედარზე ვიფიქრებ და შენს საქმეებს ჩავუკვირდები“ (ფსალმუნი 77:12).

რჩევა: თუ ამჩნევ, რომ ლოცვის დროს მექანიკურად იმეორებ ერთი და იმავე სიტყვებს, ყოველდღე დაწერე ერთი კურთხევა, რაც იეჰოვასგან გაქვს მიღებული. შემდეგ ლოცვაში მადლობა გადაუხადე ღმერთს ამ კურთხევისთვის. ასე გააგრძელე ერთი კვირის განმავლობაში და კვირის ბოლოს დაინახავ, რომ შვიდ სხვადასხვა საკითხზე ილოცე ისე, რომ არ მოგიწია ერთი და იმავე აზრის გამეორება. მსგავსადვე, შეგიძლია ჩამოწერო ის, რაც ჩვეულებრივ შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება და შემდეგ ეს საკითხები ლოცვებში მოიხსენიო. „ლოცვის დროს ვცდილობ იმაზე გავამახვილო ყურადღება, რაც იმ დღის განმავლობაში მოხდა“, — ამბობს 21 წლის ბრაზილიელი ბრუნო. 18 წლის სამანტაც, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, მსგავსად იქცევა. ის აღნიშნავს: „ვცდილობ დავიმახსოვრო, რით იყო დღევანდელი დღე სხვა დღეებისგან განსხვავებული. შემდეგ ამის შესახებ ვლოცულობ; ეს მეხმარება, ყოველთვის ერთი და იგივე სიტყვები არ ვიმეორო“ *.

ჩაკეტილი კარი: დაეჭვება. «ერთხელ ვილოცე იმ პრობლემის შესახებ, რომელიც სკოლაში მქონდა, მაგრამ ეს პრობლემა არ მოგვარდა. პირიქით, ამის შემდეგ პრობლემებმა უფრო მეტად იჩინა თავი. ვფიქრობდი: „რატომ უნდა ვილოცო, იეჰოვა მაინც არ მისმენს“» (15 წლის მენორი, იაპონია).

გასაღები: „[იეჰოვა ღმერთი] არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც თქვენს შესაძლებლობას აღემატება, და გამოსავალსაც მოგცემთ, რომ მოითმინოთ“ (1 კორინთელები 10:13).

რჩევა: უდავოა, რომ იეჰოვა „ლოცვების მომსმენია“ (ფსალმუნი 65:2). როცა რაიმე საკითხზე ილოცებ, შეეცადე რეალური მოლოდინი გქონდეს. ნაცვლად იმისა, რომ დაელოდო ისეთი პასუხის მიღებას, როგორიც შენ გინდა, შეეცადე დაინახო, სხვა მხრივ ხომ არ გაეცა შენს ლოცვას პასუხი. ის ფაქტი, რომ შენ ჯერ კიდევ უმკლავდები ამ პრობლემას და ქრისტიანული გზით ცხოვრებას განაგრძობ, მეტყველებს იმაზე, რომ იეჰოვამ უკვე უპასუხა შენს ლოცვას — მან პრობლემა კი არ მოგაშორა, არამედ ძალა მოგცა მის ასატანად (ფილიპელები 4:13).

ჩაკეტილი კარი: უხერხულობა. „სკოლაში, ჭამის წინ არ ვლოცულობ, რადგან არ მინდა რომ ჩემმა თანაკლასელებმა დამინახონ“ (17 წლის ჰიკარუ, იაპონია).

 გასაღები: „ყველაფერს, რისი გაკეთებაც გვინდა, თავისი დრო აქვს“ (ეკლესიასტე 3:1, „უილიამ ბეკის თარგმანი“).

რჩევა: ზოგჯერ შესაძლოა არც კი იყოს პრობლემა, თუ სხვები დაგინახავენ რომ ლოცულობ, რადგან შეიძლება მათში დადებითი რეაქციაც გამოიწვიო, მაგრამ შენ იმიტომ არ უნდა ილოცო, რომ სხვებმა დაგინახონ. მაგალითად, სანამ ერთგული ნეემია მეფე არტაქსერქსეს კითხვაზე პასუხს გასცემდა, მან, როგორც ჩანს, ჩუმად ილოცა თავის გულში, რადგან ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ მეფემ გაიგო ნეემიას ლოცვა (ნეემია 2:1—5). შენც შეგიძლია გულში ილოცო ისე, რომ სხვებმა ვერ შეგამჩნიონ (ფილიპელები 4:5).

ჩაკეტილი კარი: უღირსობის გრძნობა. „იეჰოვამ უკვე იცის ჩემი პრობლემები. თუ მე დავიღალე ჩემი პრობლემებით, ალბათ ისიც დაიღალა ჩემი მოსმენით. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ღირსი არა ვარ, ღმერთს ლოცვით მივმართო“ (20 წლის ელიზაბეტი, ირლანდია).

გასაღები: „ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).

რჩევა: შეგიძლია პირადი შესწავლის დროს შემდეგი მუხლები გამოიკვლიო და დაფიქრდე მათზე: ლუკა 12:6, 7; იოანე 6:44; ებრაელები 4:16; 6:10; 2 პეტრე 3:9. ეს მუხლები დაგეხმარება იმის გაანალიზებაში, რომ იეჰოვას სურს მოგისმინოს და საჭირო არ არის, განსაკუთრებული ქრისტიანი იყო, რომ ღმერთმა შეისმინოს შენი ლოცვები. ფსალმუნმომღერალი დავითი, რომლისთვისაც უცხო არ ყოფილა დარდი და ვარამი, დარწმუნებული იყო, რომ „იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“ * (ფსალმუნი 34:18).

ის ფაქტი, რომ იეჰოვა თავად ისმენს შენს ლოცვებს, იმაზე მიუთითებს, რომ ის პირადად არის შენით დაინტერესებული. „იეჰოვას ლოცვების მოსმენა ანგელოზებისთვის არ დაუვალებია. ის პირადად ისმენს ჩვენს ლოცვებს, — ამბობს იტალიაში მცხოვრები 17 წლის ნიკოლი. — ეს კი აშკარად იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ლოცვები“.

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 ჩვენს შემოქმედს ლოცვების მოსასმენად ბგერითი ტალღები არ სჭირდება. მას შეუძლია „მოგვისმინოს“ მაშინაც კი, თუ გულში ვლოცულობთ (ფსალმუნი 19:14).

^ აბზ. 23 იხილე მე-18 გვერდზე მოცემული რუბრიკა „ბიბლიის თვალსაზრისი — იწონებს ღმერთი ლოცვისას რელიგიური ნივთების გამოყენებას?“.

^ აბზ. 32 თუ გრძნობ, რომ იეჰოვა არ ისმენს შენს ლოცვებს იმის გამო, რომ სერიოზული ცოდვა ჩაიდინე, აუცილებლად დაელაპარაკე მშობლებს ამის შესახებ. აგრეთვე, „მოუხმე კრების უხუცესებს [დახმარებისთვის]“ (იაკობი 5:14). უხუცესები იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენაში დაგეხმარებიან.

დაფიქრდი

▪ რომელია იეჰოვასთვის მნიშვნელოვანი ზოგიერთი საკითხი, რაზეც შეგიძლია ილოცო?

▪ რა შეგიძლია ჩართო შენს ლოცვებში სხვების შესახებ?

[ჩარჩო⁄სურათები 28 გვერდზე]

შენი თანატოლები ამბობენ . . .

„ლოცვა პირადი ჩანაწერების, დღიურის, მსგავსია, რომლის წაკითხვაც მხოლოდ შენ და იეჰოვას შეგიძლიათ“ (ოლაინკა, ნიგერია).

„წარმოიდგინე, რომ ახლო მეგობარი გყავს და მას მრავალ საჩუქარს ჩუქნი. რას იგრძნობდი, თუ ერთ დღესაც ის აღარ დაგელაპარაკებოდა? სწორედ ამავეს გრძნობს იეჰოვა, თუ მასთან ლოცვას ვწყვეტთ“ (ჩინთა, ავსტრალია).

„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ცუდი იყო გრძნობების გამოხატვა. მაგრამ იმის ცოდნა, რომ ღმერთი ლოცვის საშუალებას გვაძლევს, დამეხმარა იმის გაანალიზებაში, რომ ნორმალურია ზოგჯერ იყო გახარებული ან დამწუხრებული, ან კიდევ შეცბუნებული და ეს გრძნობები იეჰოვას წინაშე გამოხატო. ახლა უფრო უკეთ შემიძლია ჩემი გრძნობების გაკონტროლება“ (ამბერი, შეერთებული შტატები).

[სურათი 27 გვერდზე]

თუ ფიქრობ, რომ ლოცვის „კარი“ ჩაკეტილია, მის გასაღებად ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში მოცემული „გასაღებები“ გამოიყენე