იმედი ნამდვილად მნიშვნელოვანია?

იმედი ნამდვილად მნიშვნელოვანია?

იმედი ნამდვილად მნიშვნელოვანია?

დენიელი მხოლოდ ათი წლის იყო, მაგრამ ბოლო ერთი წელი სიმსივნით იტანჯებოდა. ექიმებსა და მის ახლობლებს დენიელის განკურნების იმედი გადაეწურათ, თავად ის კი გულს არ იტეხდა. მას სჯეროდა, რომ გაიზრდებოდა, მკვლევარი გახდებოდა და ერთ დღესაც კიბოს წამალს აღმოაჩენდა. დენიელი განსაკუთრებული იმედით ელოდა იმ ექიმის მოსვლას, რომელიც სიმსივნის სწორედ იმ ფორმას მკურნალობდა, რითაც ის იყო დაავადებული. მაგრამ, როცა ეს დღე დადგა, ცუდი ამინდის გამო ექიმმა ვერ შეძლო მისვლა. დენიელს გული გაუტყდა და ყველაფრის ინტერესი დაკარგა, რამდენიმე დღეში კი დაიღუპა.

დენიელის შემთხვევა მოგვითხრო მედიცინის მუშაკმა, რომელიც იკვლევდა იმას, თუ რა გავლენას ახდენს იმედი და უიმედობა ადამიანის ჯანმრთელობაზე. შესაძლოა, თქვენც გსმენიათ მსგავსი შემთხვევები. მაგალითად, სიკვდილის პირას მყოფ მოხუცს მთელი გულით უნდა, მოესწროს რაღაც მნიშვნელოვან მოვლენას ან თარიღს — იქნება ეს საყვარელი ადამიანის მონახულება თუ იუბილე. ჩაივლის თუ არა ეს დღე, მოხუცი მალევე კვდება. რა ხდება ამ დროს? მართლა ასეთი დიდი ძალა აქვს იმედს, როგორც ზოგი ფიქრობს?

სულ უფრო მეტი მედიკოსი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ოპტიმიზმი, იმედი და სხვა დადებითი ემოციები ნამდვილად ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. მაგრამ ყველა არ იზიარებს ასეთ თვალსაზრისს. ზოგი მკვლევარი უარყოფს ასეთ შეხედულებას და მას არამეცნიერულს უწოდებს. ისინი თვლიან, რომ ფიზიკურ დაავადებებს მხოლოდ ფიზიკური მიზეზები იწვევს.

იმედის მნიშვნელოვნების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება ახალი არ არის. ათასობით წლის წინათ ბერძენ ფილოსოფოსს არისტოტელეს სთხოვეს, განემარტა იმედის მნიშვნელობა, რაზეც მან თქვა: „ეს არის ზმანება ცხადში“. საუკუნეების შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მოღვაწემ ბენჯამინ ფრანკლინმა სარკასტულად შენიშნა: „ვინც იმედით ცოცხლობს, შიმშილით მოკვდება“.

მაშ, რა არის სინამდვილეში იმედი? მხოლოდ ფუჭი ოცნებაა, რომელსაც ადამიანები ნუგეშისთვის მიმართავენ? თუ არსებობს იმის საფუძველი, გვწამდეს, რომ ის უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ოცნება — რომ ყველას გვჭირდება ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის, და რომ ნამდვილად მყარი და რეალურად სასარგებლოა?