არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 სასწავლო სტატია 11

მზად ხართ მონათვლისთვის?

მზად ხართ მონათვლისთვის?

„მონათვლაც . . . ემსახურება თქვენს ხსნას“ (1 პეტ. 3:21).

სიმღერა 28 იეჰოვასთან დამეგობრება

მოკლე შინაარსი *

1. როგორ უნდა მოიქცეს ის, ვისაც სახლის აშენება სურს?

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც სახლის აშენება გადაწყვიტა. შეიძლება მან იცის, როგორი სახლი სურს, მაგრამ სანამ სამშენებლო მასალებს იყიდის და მშენებლობას დაიწყებს, მნიშვნელოვანია, წინასწარ დაიანგარიშოს, რა დაუჯდება სახლის აშენება. ეს აუცილებელია, რადგან სხვაგვარად ვერ შეძლებს განსაზღვროს, აქვს თუ არა საკმარისი სახსრები მშენებლობის დასამთავრებლად. თუ ის წინასწარ გამოთვლის ხარჯებს, დიდი ალბათობით, სახლის მშენებლობას დაასრულებს.

2. ლუკას 14:27—30-ის თანახმად, რაზე უნდა დაფიქრდეთ ნათლობამდე?

2 თუ იეჰოვასადმი სიყვარულმა და მადლიერებამ ნათლობის სურვილი გაგიჩინათ, შეიძლება ითქვას, რომ იმ ადამიანის მსგავს სიტუაციაში ხართ, რომელსაც სახლის აშენება სურს. ამის თქმის საფუძველს ლუკას 14:27—30-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები გვაძლევს (წაიკითხეთ). ამ მუხლებში საუბარია, რას ნიშნავს, იყო ქრისტეს მოწაფე. იესოს მიმდევარი მზად უნდა იყოს „ხარჯების გასაღებად“, რაშიც სირთულეებთან გამკლავება და მსხვერპლის გაღება იგულისხმება (ლუკ. 9:23—26; 12:51—53). ამიტომ ნათლობამდე კარგად უნდა გესმოდეთ, რა პასუხისმგებლობას გაკისრებთ ქრისტეს მოწაფეობა. ასეთ შემთხვევაში ნათლობის შემდეგაც არ გაგიჭირდებათ, ერთგულად გააგრძელოთ ღვთისმსახურება.

3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 ღირს ქრისტეს მოწაფეობისთვის „ხარჯების გაღება“? რა თქმა უნდა, ღირს. ნათლობა უამრავი კურთხევის მიღების შესაძლებლობას გვაძლევს ახლაც და მომავალშიც. განვიხილოთ მონათვლასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა. ეს დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, ხართ თუ არა მზად ნათლობისთვის.

 რა უნდა იცოდეთ მიძღვნისა და ნათლობის შესახებ

4. ა) რა არის მიძღვნა? ბ) რას ნიშნავს საკუთარი თავის „უარყოფა“, რის შესახებაც მათეს 16:24-ში ვკითხულობთ?

4 რა არის მიძღვნა? მონათვლამდე აუცილებელია, ღმერთს თავი მიუძღვნათ. როცა იეჰოვას თავს უძღვნით, მას ლოცვაში პირობას აძლევთ, რომ მთელი სიცოცხლე ემსახურებით. იეჰოვასადმი თავის მიძღვნა საკუთარი თავის „უარყოფას“ ნიშნავს (წაიკითხეთ მათეს 16:24). მიძღვნის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვას ეკუთვნით, რაც ნამდვილად დიდი პატივია (რომ. 14:8). ფაქტობრივად, ამით იეჰოვას ეუბნებით, რომ იმ მომენტიდან თქვენთვის უმთავრესი მისადმი მსახურება იქნება და არა საკუთარი თავისთვის ცხოვრება. მიძღვნის აღთქმა ღვთის წინაშე დადებული მტკიცე პირობაა. მართალია, იეჰოვა აღთქმის დადებას არ გაიძულებთ, მაგრამ მოელის, რომ თუ პირობას მისცემთ, შეასრულებთ კიდეც (ფსალმ. 116:12, 14).

5. რა განსხვავებაა მიძღვნასა და ნათლობას შორის?

5 რა განსხვავებაა მიძღვნასა და ნათლობას შორის? როცა თავს უძღვნით იეჰოვას, ამის შესახებ მხოლოდ თქვენ იცით, ხოლო ნათლობით, რაც ძირითადად კონგრესზე ხდება, საჯაროდ ადასტურებთ, რომ მას უკვე მიუძღვენით თავი. * ნათლობით სხვების წინაშე ცხადყოფთ, რომ მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით გიყვართ იეჰოვა ღმერთი და გადაწყვეტილი გაქვთ, მას მარადიულად ემსახუროთ (მარ. 12:30).

6, 7. პირველი პეტრეს 3:18—22-ის თანახმად, რომელი ორი მიზეზის გამოა მონათვლა აუცილებელი?

6 ნამდვილად აუცილებელია მონათვლა? განვიხილოთ 1 პეტრეს 3:18—22-ში ჩაწერილი სიტყვები (წაიკითხეთ). როგორც კიდობანი იყო ნოეს რწმენის ხილული მტკიცებულება, ისე ნათლობა არის იეჰოვასადმი თქვენი მიძღვნის საჯარო გამოხატულება. მაგრამ ნამდვილად აუცილებელია მონათვლა? რა თქმა უნდა. მოციქული პეტრე ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს. პირველი, მონათვლა „ემსახურება თქვენს ხსნას“. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქმეებით ვაჩვენებთ, რომ გვწამს იესო და გვჯერა, რომ ის ჩვენთვის მოკვდა, აღდგომის შემდეგ კი ზეცაში ამაღლდა და „ღვთის მარჯვნივ დაჯდა“.

7 მეორე, ნათლობა გვეხმარება, სუფთა სინდისით ვემსახუროთ ღმერთს. როცა თავს ვუძღვნით იეჰოვას და ვინათლებით, მასთან განსაკუთრებულ ურთიერთობას ვიწყებთ. გულწრფელი მონანიებისა და გამოსასყიდისადმი რწმენის საფუძველზე იეჰოვა გვპატიობს ცოდვებს. შედეგად, ღვთის წინაშე სუფთა სინდისი გვაქვს.

8. რის საფუძველზე უნდა მიიღოთ მონათვლის გადაწყვეტილება?

8 რის საფუძველზე უნდა მიიღოთ მონათვლის გადაწყვეტილება? ბიბლიის გულმოდგინე შესწავლის შედეგად იეჰოვას, მისი თვისებებისა და საქმეების შესახებ ბევრი რამ გაიგეთ. ნასწავლმა თქვენზე დიდად იმოქმედა და შეგაყვარათ ზეციერი მამა. ნათლობის გადაწყვეტილება უმთავრესად იეჰოვას სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს.

9. რას ნიშნავს „მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით“ მონათვლა, როგორც ამას მათეს 28:19, 20-ში ვკითხულობთ?

9 კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მონათვლა გადაწყვიტეთ, ისაა, რომ ირწმუნეთ ბიბლიიდან ნასწავლი. დაფიქრდით, რა თქვა იესომ, როცა თავის მიმდევრებს მოწაფეების მომზადება დაავალა (წაიკითხეთ მათეს 28:19, 20). იესოს სიტყვების თანახმად, ადამიანი „მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით“ უნდა მოინათლოს. რა იგულისხმება ამ სიტყვებში? მთელი გულით უნდა გწამდეთ  ის, რაც ბიბლიიდან იეჰოვას, იესოსა და წმინდა სულის შესახებ ისწავლეთ. ამ ბიბლიურ სწავლებებს იმდენად დიდი ძალა აქვს, რომ შეუძლია თქვენს გულს ჩასწვდეს (ებრ. 4:12). მოდი განვიხილოთ რამდენიმე სწავლება.

10, 11. რა ირწმუნეთ ზეციერი მამის შესახებ?

10 გაიხსენეთ, რა ისწავლეთ ზეციერი მამის შესახებ. მაგალითად, გაიგეთ, რომ მას იეჰოვა ჰქვია, მხოლოდ ის არის „ჭეშმარიტი ღმერთი“ და „უზენაესი მთელ დედამიწაზე“ (ეს. 37:16; ფსალმ. 83:18). ის ჩვენი შემოქმედი და მხსნელია (ფსალმ. 3:8; 36:9). იეჰოვამ ბევრი რამ გააკეთა, რათა ცოდვისა და სიკვდილისგან დავეხსენით და ჩვენთვის მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მოეცა (იოან. 17:3). მიძღვნითა და ნათლობით იეჰოვას მოწმე გახდებით (ეს. 43:10—12). თქვენ შეუერთდებით ღვთის თაყვანისმცემლებისგან შემდგარ მსოფლიო ოჯახს, რომლებსაც ეამაყებათ იეჰოვას სახელის ტარება და ამ სახელის შესახებ სხვებსაც ამცნობენ (ფსალმ. 86:12).

11 რაოდენ დიდი პატივია, ვიცოდეთ, რას ასწავლის ბიბლია ზეციერი მამის შესახებ. ამ ბიბლიური სწავლების გათავისება აღგძრავთ, თავი მიუძღვნათ იეჰოვას და მოინათლოთ.

12, 13. რა ირწმუნეთ ღვთის ძის შესახებ?

12 როგორ იმოქმედა თქვენზე ღვთის ძის შესახებ მეტის გაგებამ? მაგალითად, თქვენ უკვე იცით, რომ იესო სამყაროში მეორე პიროვნებაა. მან საკუთარი ნებით გაიღო სიცოცხლე ჩვენ გამოსასყიდად. როცა საქმეებით ცხადვყოფთ, რომ რწმენას ვავლენთ იესოს გამოსასყიდის მიმართ, ცოდვები გვეპატიება, ღმერთს ვუმეგობრდებით და შესაძლებლობა გვეძლევა, მარადიულად ვიცოცხლოთ (იოან. 3:16). იესო ჩვენი მღვდელმთავარია. მას სურს, გამოსასყიდის საფუძველზე ახლო ურთიერთობა განვავითაროთ ღმერთთან (ებრ. 4:15; 7:24, 25). ღვთის სამეფოს მეფის, იესოს, მეშვეობით იეჰოვა განწმენდს თავის სახელს, წერტილს დაუსვამს ბოროტებას და ერთგულებს სამოთხეში მარადიული კურთხევებით დააჯილდოებს (მათ. 6:9, 10; გამოცხ. 11:15). ჩვენ უნდა მივბაძოთ იესოს (1 პეტ. 2:21). მან საკუთარი სიცოცხლე ღვთის ნების შესრულებას მიუძღვნა, რითაც საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა (იოან. 4:34).

13 იესოს შესახებ ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი რწმენა უფრო მეტად შეგაყვარებთ ღვთის ძეს. ეს სიყვარული კი აღგძრავთ, მის მსგავსად ღვთის ნების შესრულებას თქვენს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი დაუთმოთ. შედეგად, სურვილი გაგიჩნდებათ, თავი მიუძღვნათ იეჰოვას და მოინათლოთ.

14, 15. რა ირწმუნეთ წმინდა სულის შესახებ?

14 როგორ იმოქმედა თქვენზე წმინდა სულის შესახებ ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებამ? მაგალითად, გაიგეთ, რომ წმინდა სული ღმერთი კი არა, ღვთის მოქმედი ძალაა. იეჰოვამ წმინდა სულის მეშვეობით შთააგონა ბიბლიის დამწერებს თავისი სიტყვა. სწორედ წმინდა სული გვეხმარება, ჩავწვდეთ წაკითხულს და ნასწავლი ცხოვრებაში გამოვიყენოთ (იოან. 14:26; 2 პეტ. 1:21). მისი მეშვეობით იეჰოვა გვაძლევს „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორ. 4:7). ეს გვეხმარება, ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა, შევეწინააღმდეგოთ ცდუნებებს, გავუმკლავდეთ გულგატეხილობას და ავიტანოთ განსაცდელები. გარდა ამისა, წმინდა სული გვეხმარება, გამოვავლინოთ ის ძვირფასი თვისებები, რომლებიც გალატელების 5:22, 23 მუხლებშია ჩამოთვლილი. ღმერთი უშურველად აძლევს თავის სულს ყველას, ვინც მთელი გულით სთხოვს და ენდობა მას (ლუკ. 11:13).

15 იეჰოვას თაყვანისმცემლებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ წმინდა  სული ღვთისადმი მსახურებაში დაეხმარებათ. ამის ცოდნა ნამდვილად ამხნევებს და ანუგეშებს მათ. წმინდა სულის შესახებ ბიბლიური ჭეშმარიტების გათავისება აღგძრავთ, თავი მიუძღვნათ ღმერთს და მოინათლოთ.

16. რა გაიგეთ ამ განხილვიდან?

16 მიძღვნა და მონათვლა თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. როგორც უკვე გავიგეთ, მზად უნდა იყოთ „ხარჯების გასაღებად“, რაშიც სირთულეებთან გამკლავება და გარკვეული მსხვერპლის გაღება მოიაზრება. მაგრამ გახსოვდეთ, კურთხევები ბევრად აღემატება თქვენ მიერ გაღებულ „ხარჯებს“. მონათვლა თქვენს ხსნას ემსახურება და დაგეხმარებათ, ღვთის წინაშე სუფთა სინდისი გქონდეთ. ნათლობის გადაწყვეტილება უმთავრესად იეჰოვა ღმერთისადმი სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს. გარდა ამისა, მთელი გულით უნდა გწამდეთ ის, რაც მამის, ძისა და წმინდა სულის შესახებ ისწავლეთ. ამ საკითხების განხილვის შემდეგ როგორ ფიქრობთ, მზად ხართ მონათვლისთვის?

რისი გაკეთება გმართებთ მონათვლამდე

17. რა ნაბიჯების გადადგმა მოითხოვება ნათლობამდე?

17 თუ ფიქრობთ, რომ მზად ხართ მონათვლისთვის, ალბათ, იეჰოვასთან დასაახლოებლად უკვე ბევრი რამ გააკეთეთ. * ბიბლიის შესწავლის მეშვეობით იეჰოვა და იესო უკეთ გაიცანით და რწმენა განივითარეთ მათ მიმართ (ებრ. 11:6). ეჭვი არ გეპარებათ, რომ ღმერთი ბიბლიაში ჩაწერილ ყველა დანაპირებს შეასრულებს და გჯერათ, რომ იესოს მსხვერპლისადმი რწმენა ცოდვისა და სიკვდილისგან გაგათავისუფლებთ. წარსულში ჩადენილ ცოდვებსა თუ შეცდომებზე წუხილმა აღგძრათ, მოგენანიებინათ და იეჰოვასთვის პატიება გეთხოვათ. გარდა ამისა, შეიცვალეთ ცხოვრების წესი, მოიშორეთ ცუდი ჩვევები და ღვთისმოსაწონად დაიწყეთ ცხოვრება (საქ. 3:19). ამასთანავე, სხვებს თქვენი რწმენის შესახებ დიდი სიხარულით ესაუბრებით, შეესაბამებით მოუნათლავი მაუწყებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და კრებასთან ერთად სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობთ (მათ. 24:14). დარწმუნებული იყავით, იეჰოვა ამაყობს თქვენით და დიდად ხარობს, რომ გადადგით ეს ნაბიჯები (იგავ. 27:11).

18. კიდევ რა ნაბიჯები უნდა გადადგათ მონათვლამდე?

18 ნათლობამდე კიდევ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოგიწევთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლოცვაში ღმერთს თავი უნდა მიუძღვნათ — აღუთქვათ, რომ თქვენს ცხოვრებაში მისი ნების შესრულებას უმთავრესი ადგილი ეკავება (1 პეტ. 4:2). შემდეგ უთხარით უხუცესთა საბჭოს კოორდინატორს, რომ ნათლობა გსურთ. ის იზრუნებს, რომ უხუცესები გაგესაუბრონ. მათთან შეხვედრის დროს ნუ  დაიძაბებით. გახსოვდეთ, რომ ეს ძმები უკვე გიცნობენ და უყვარხართ. ისინი კითხვებს დაგისვამენ ძირითადი ბიბლიური სწავლებების შესახებ, რათა დარწმუნდნენ, რომ კარგად გესმით ეს სწავლებები და ბოლომდე აცნობიერებთ მიძღვნისა და ნათლობის მნიშვნელოვნებას. თუ უხუცესები ჩათვლიან, რომ მზად ხართ ნათლობისთვის, გეტყვიან ამის შესახებ და მოახლოებულ კონგრესზე შეძლებთ მონათვლას.

რისი გაკეთება გმართებთ მონათვლის შემდეგ

19, 20. რისი გაკეთება გმართებთ ნათლობის შემდეგ და რა დაგეხმარებათ ამაში?

19 რისი გაკეთება გმართებთ მონათვლის შემდეგ? * ნუ დაგავიწყდებათ, რომ მიძღვნა არის აღთქმა, რომლის შესრულებასაც იეჰოვა თქვენგან მოელის. ასე რომ, ნათლობის შემდეგ იცხოვრეთ მიძღვნის თანახმად. რა დაგეხმარებათ ამაში?

20 ახლო ურთიერთობა იქონიეთ თანამორწმუნეებთან. ნათლობის შემდეგ თქვენც შეუერთდებით მსოფლიო საძმოს (1 პეტ. 2:17). კრებაში და-ძმების სახით სულიერ ოჯახს შეიძენთ. ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებით მათ უფრო დაუახლოვდებით. ყოველდღე წაიკითხეთ ღვთის სიტყვა და იფიქრეთ მასზე (ფსალმ. 1:1, 2). ბიბლიური მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ დრო გამოყავით წაკითხულის გასააზრებლად, რათა ღვთის სიტყვა თქვენს გულს ჩასწვდეს. „განუწყვეტლივ ილოცეთ“ (მათ. 26:41). გულწრფელი ლოცვები იეჰოვასთან დაგაახლოებთ. „უპირველესად ეძებეთ სამეფო“ (მათ. 6:33). ამას იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ ქადაგებას თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავება. მსახურებაში აქტიური მონაწილეობით ძლიერ რწმენასაც შეინარჩუნებთ და სხვებსაც დაეხმარებით, დაადგნენ მარადიული სიცოცხლის გზას (1 ტიმ. 4:16).

21. რის შესაძლებლობას მოგცემთ ნათლობა?

21 მიძღვნა და ნათლობა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა თქვენს ცხოვრებაში. მართალია, ის გარკვეული „ხარჯების გაღებას“ მოითხოვს, მაგრამ ამად ნამდვილად ღირს. ნებისმიერი გასაჭირი, რომელსაც ამ ქვეყნიერებაში შეხვდებით, „ხანმოკლე და მსუბუქია“ (2 კორ. 4:17). მონათვლა დღესვე მოგიტანთ კმაყოფილებით სავსე ცხოვრებას, მომავალში კი — „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ (1 ტიმ. 6:19). ასე რომ, კარგად აწონ-დაწონეთ და ილოცეთ ამ საკითხზე, რათა განსაზღვროთ, ხართ თუ არა მზად ნათლობისთვის.

სიმღერა 50 ჩემი მიძღვნის ლოცვა

^ აბზ. 5 თუ ნათლობაზე ფიქრობთ, ჩათვალეთ, რომ ეს სტატია თქვენთვის მომზადდა. წინამდებარე სტატიაში ვიმსჯელებთ ამ საკითხთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან კითხვებზე. თქვენი პასუხები დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, ხართ თუ არა მზად ნათლობისთვის.

^ აბზ. 19 თუ არ დაგიმთავრებიათ წიგნების „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ და „დარჩით ღვთის სიყვარულში“ შესწავლა, კარგი იქნება, თუ გააგრძელებთ ბიბლიის შესწავლას, სანამ ორივე წიგნის განხილვას არ დაასრულებთ.