არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორი შეხედულება უნდა გვქონდეს შეცდომებზე?

როგორი შეხედულება უნდა გვქონდეს შეცდომებზე?

ერთ მშვენიერ დღეს დონს და მარგარეტს * ქალიშვილი ესტუმრა თავის ოჯახთან ერთად, რამაც ძალიან გაახარა ეს ხანდაზმული ცოლ-ქმარი. მათი სტუმრობის ბოლო დღეს მარგარეტმა, რომელიც ერთ დროს მზარეულად მუშაობდა, თავისი შვილიშვილების საყვარელი კერძი მოამზადა.

როცა ყველა სუფრას მიუსხდა, მარგარეტმა მომზადებული კერძი გამოიტანა და მაგიდაზე დადო. ქვაბს რომ თავი ახადა, ყველა გაოცებული დარჩა — მარგარეტს მთავარი ინგრედიენტი დავიწყებია!

ასაკისა და ცხოვრებისეული გამოცდილების მიუხედავად, ყველა ვუშვებთ შეცდომებს. შეიძლება დაუფიქრებლად ვილაპარაკოთ, უადგილო სიკეთე გავაკეთოთ ან მხედველობიდან გამოგვრჩეს რამე. რატომ ვუშვებთ შეცდომებს? როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როცა შეცდომა მოგვდის? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ნაკლები შეცდომები დავუშვათ? ვიდრე ამ კითხვებს ვუპასუხებთ, გავიგოთ, როგორი შეხედულება უნდა გვქონდეს შეცდომებზე.

როგორ უყურებს ღმერთი შეცდომებს ადამიანებისგან განსხვავებით?

როდესაც კარგად შესრულებული საქმისთვის გვაქებენ ან მადლობას გვიხდიან, ალბათ, არ გაგვიჭირდება, ვაღიაროთ, რომ ეს დავიმსახურეთ. მაგრამ რა შეიძლება ითქვას, როცა შეცდომას ვუშვებთ, თუნდაც უნებლიეთ ან სხვების შეუმჩნევლად? ვართ მზად, ვაღიაროთ, რომ შეცდომა დავუშვით? ამისთვის თავმდაბლობაა საჭირო.

თუ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გვაქვს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ისეთი არაფერი დაგვიშავებია; მეტიც, ამ დროს შესაძლოა სხვას გადავაბრალოთ დანაშაული ან საერთოდ უარვყოთ. მაგრამ ასეთ საქციელს ცუდის მეტი არაფერი მოჰყვება — პრობლემა მოუგვარებელი დარჩება და სხვებსაც უსამართლოდ დაედება ბრალი. მაშინაც კი, თუ დაშვებული შეცდომის გამო თავიდან ავირიდებთ პასუხისმგებლობას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბოლოოდ „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“ (რომაელები 14:12).

ღმერთი არც მეტისმეტად მკაცრია და არც მეტისმეტად ლმობიერი. ბიბლიის წიგნ „ფსალმუნებში“ ნათქვამია, რომ იგი „გულმოწყალე და მწყალობელია“, „მუდმივად არ დაგდებს ბრალს და არც მარადიულად განაწყენდება“. მას „ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ ანუ კარგად ესმის, რომ არასრულყოფილები ვართ და ნაკლოვანებები გვაქვს (ფსალმუნი 103:8, 9, 14).

მეტიც, ღმერთს, როგორც გულმოწყალე მამას, სურს, რომ მის შვილებს ისეთივე შეხედულება ჰქონდეთ შეცდომებზე, როგორიც თავად მას აქვს (ფსალმუნი 130:3). ღვთის სიტყვაში უამრავი რჩევა-დარიგებაა ჩაწერილი, რომლებიც გვეხმარება, სწორი რეაგირება მოვახდინოთ, როცა ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს ან სხვები.

როგორ უნდა ვრეაგირებდეთ საკუთარ თუ სხვის შეცდომებზე?

ხშირად ადამიანები ცდილობენ, დანაშაული სხვას გადააბრალონ ან თავი იმართლონ, რაც მათ დიდ დროს აკარგვინებს და ემოციურად ფიტავს. თუ ვინმეს გულსატკენი სიტყვები უთხარით, უმჯობესია, უბრალოდ ბოდიში მოუხადოთ, გამოასწოროთ შეცდომა და მასთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ. მაგრამ რა შეიძლება ითქვას, თუ არასწორად მოიქეცით და საკუთარი თავი ან სხვები უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეთ, ან ისეთი რამ ჩაიდინეთ, რის გამოც საკუთარ თავსაც და სხვებსაც სერიოზული პრობლემა შეუქმენით? ნაცვლად იმისა, რომ გამუდმებით დაიდანაშაულოთ თავი  ან დანაშაული სხვებს გადააბრალოთ, სჯობს, თქვენი მხრიდან ყველაფერი გააკეთოთ მდგომარეობის გამოსასწორებლად. თუ ასეთ დროს დაიჟინებთ, რომ არაფერში მიგიძღვით ბრალი, დიდი ალბათობაა, რომ უთანხმოება დიდი ხნის მანძილზე მოუგვარებელი დარჩეს და მდგომარეობა გამწვავდეს. ამიტომ ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე, გამოასწორეთ და ნუღარ იფიქრებთ მათზე.

როცა სხვა აშავებს რამეს, ადვილად შეიძლება განვსაჯოთ. გაცილებით უკეთესი იქნება, ასეთ დროს გავითვალისწინოთ იესო ქრისტეს რჩევა: „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). როცა ჩვენ ვუშვებთ შეცდომას, თუნდაც უმნიშვნელოს, გვინდა, რომ სხვები გაგებით მოგვეკიდონ ან საერთოდ არაფერი შეიმჩნიონ. ასე რომ, კარგი იქნება, ჩვენც მსგავსად მოვექცეთ სხვებს (ეფესოელები 4:32).

რა დაგვეხმარება, ნაკლები შეცდომები დავუშვათ?

ერთ ნაშრომში ახსნილია, რომ შეცდომას მაშინ უშვებენ, როცა „არასწორ შეფასებას აძლევენ რამეს, არასაკმარის ინფორმაციას ფლობენ ან ყურადღებით არ ისმენენ“. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მიზეზის გამო დროდადრო ყველას მოგვდის შეცდომები. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ რამდენიმე მარტივ ბიბლიურ პრინციპს, ნაკლებად დავუშვებთ შეცდომებს.

ერთ-ერთი პრინციპი ჩაწერილია იგავების 18:13-ში: „მოსმენამდე პასუხის გაცემა უგუნურებაა და დამცირება“. თუ არ ავჩქარდებით, ბოლომდე დავაცდით სხვას სათქმელს და პასუხის გაცემამდე კარგად გავაანალიზებთ ყველაფერს, არც დაუფიქრებლად ვიტყვით რამეს და არც ემოციებს ავყვებით. ასე რომ, ყურადღებით მოსმენა დაგვეხმარება, სწორად შევაფასოთ ვითარება და თავიდან ავირიდოთ შეცდომა.

კიდევ ერთი პრინციპი მოცემულია რომაელების 12:18-ში: „რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“. თქვენი მხრიდან ყველაფერი გააკეთეთ, რომ ხელი შეუწყოთ მშვიდობას და ერთობას. როცა სხვებთან ერთად მუშაობთ ან რაიმეს საქმიანობთ, იყავით ტაქტიანი, პატივისცემა გამოავლინეთ მათ მიმართ და შესაფერის დროს შეაქეთ და გაამხნევეთ. ასეთ ატმოსფეროში ადვილია, აპატიო და ზოგჯერ არც კი შეიმჩნიო, თუ ვინმე რამეს დაუფიქრებლად იტყვის ან გააკეთებს, და სერიოზული უთანხმოებაც მშვიდობიანად მოაგვარო.

რის გაკეთება შეგიძლიათ, რომ მომხდარი სასიკეთოდ შემოგიბრუნდეთ? თავის მართლების ნაცვლად, შეეცადეთ, დაუკვირდეთ საკუთარ თავს, რაში გჭირდებათ გაუმჯობესება, და პიროვნულად დაიხვეწეთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ უფრო მომთმენი, კეთილი, რბილი, მოსიყვარულე, მშვიდობიანი და თავშეკავებული უნდა გახდეთ? (გალატელები 5:22, 23). სხვა თუ არაფერი, იმის სწავლა მაინც შეგიძლიათ, რომ მეორედ აღარ დაუშვათ მსგავსი შეცდომა. ნურც ზერელედ მოეკიდებით შეცდომებს და ნურც მეტისმეტად დაიდანაშაულებთ თავს. სიტუაციის განმუხტვაში იუმორის გრძნობაც დაგეხმარებათ.

რატომ უნდა გვქონდეს სწორი შეხედულება?

თუ სწორი შეხედულება გვექნება შეცდომებზე, ეს დაგვეხმარება, გაწონასწორებულები ვიყოთ და უკიდურესობებში არ გადავვარდეთ. ამგვარად, თავადაც მშვიდად ვიქნებით და სხვებთანაც მშვიდობა გვექნება. თუ საკუთარ შეცდომებზე ვისწავლით, უფრო დავბრძენდებით და გავუადვილებთ სხვებს ჩვენთან ურთიერთობას; მეტად აღარც დავითრგუნებით და აღარც ზედმეტად დავიდანაშაულებთ თავს. როდესაც ვაცნობიერებთ, რომ სხვებიც უშვებენ შეცდომებს და მათაც ეუფლებათ მსგავსი გრძნობები, უფრო კეთილგანწყობილი ვხდებით მათ მიმართ. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენთვისვეა სასიკეთო, როცა ვცდილობთ, ღვთის მსგავსად სიყვარული გამოვავლინოთ და მთელი გულით ვაპატიოთ ერთმანეთს (კოლოსელები 3:13).

როგორ ფიქრობთ, ჩაუშხამდა მარგარეტის ოჯახს დღე? სულაც არა. ბებიის გულმავიწყობამ ყველას ღიმილი მოჰგვარა, განსაკუთრებით კი თავად მას, და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე გემრიელად შეექცნენ სადილს! ეს ხომ უბრალოდ შეცდომა იყო და მეტი არაფერი! წლების გასვლის შემდეგ მარგარეტის შვილიშვილები თავიანთ შვილებს უყვებოდნენ ბავშვობაში გადამხდარ ამ და ბევრ სხვა ამბავს, რაც მათ მეხსიერებაში სასიამოვნო მოგონებებად დარჩა.

^ აბზ. 2 სახელები შეცვლილია.