ბიბლიის თვალსაზრისი
ანგელოზები
ანგელოზების შესახებ არაერთ ლიტერატურულ ნაწარმოებში ვკითხულობთ; ისინი აგრეთვე წარმოდგენილნი არიან ხელოვნების ნიმუშებსა თუ ფილმებში. მაგრამ ვინ არიან ანგელოზები და რა როლს ასრულებენ?
ვინ არიან ანგელოზები?
რას ამბობს ბიბლია:
ხილული სამყაროსა და პირველი ადამიანების შექმნამდე ყოვლისშემძლე ღმერთმა უამრავი მოაზროვნე ქმნილება შექმნა. ისინი ადამიანებზე გაცილებით ძლიერები არიან და ღმერთთან ერთად ზეცაში, ჩვენთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას, მკვიდრობენ (იობი 38:4, 7). ბიბლია მათ „სულებს“ და „ანგელოზებს“ უწოდებს (ფსალმუნი 104:4). a
რამდენი ანგელოზი არსებობს? უთვალავი. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღვთის ტახტის წინ „ათი ათასჯერ ათი ათასი და ათასჯერ ათასი“ ანგელოზი იყო (გამოცხადება 5:11). თუ ამ სიტყვებს პირდაპირი გაგებით გავიგებთ, გამოდის, რომ ასობით მილიონი ანგელოზი არსებობს!
„ვიხილე ტახტის . . . ირგვლივ მყოფი მრავალი ანგელოზი . . . მათი რიცხვი იყო ათი ათასჯერ ათი ათასი და ათასჯერ ათასი“ (გამოცხადება 5:11).
რა როლს ასრულებდნენ ანგელოზები ძველ დროში?
რას ამბობს ბიბლია:
ანგელოზები ხშირად ღვთის წარმომადგენლებად ან მაცნეებად მსახურობდნენ. b ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი მათ თავისი დიდებული და სასწაულებრივი საქმეების შესასრულებლად იყენებდა. მაგალითად, ღმერთმა ანგელოზი გაგზავნა აბრაამთან, რათა შეეჩერებინა იგი, როცა თავისი შვილის, ისაკის, მსხვერპლად შეწირვას აპირებდა (დაბადება 22:1—18). სწორედ ანგელოზი გამოეცხადა მოსესაც ცეცხლმოდებული ბუჩქის ალში, რათა მისთვის გადაეცა ცნობა, რომელიც მთლიანად შეცვლიდა მის ცხოვრებას (გამოსვლა 3:1, 2). როცა წინასწარმეტყველი დანიელი ლომების ხაროში ჩააგდეს, ღმერთმა ანგელოზი გაგზავნა და ლომებს პირი აუკრა (დანიელი 6:22).
„გამოეცხადა [მოსეს] იეჰოვას ანგელოზი ცეცხლმოდებული ბუჩქის ალში“ (გამოსვლა 3:2).
რა როლს ასრულებენ ანგელოზები დღეს?
რას ამბობს ბიბლია:
ჩვენ ბოლომდე არ ვიცით, რას აკეთებენ ანგელოზები დღეს, მაგრამ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ისინი სიმართლეს მოწყურებულ ადამიანებს ღვთის გაცნობაში ეხმარებიან (საქმეები 8:26—35; 10:1—22; გამოცხადება 14:6, 7).
იეჰოვა ღმერთმა თავის მსახურს, იაკობს, ახილვინა სიზმარი, რომელშიც ნახა ცადაწვდენილი კიბე, რომელზეც ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ (დაბადება 28:10—12). ამ სიზმრიდან გამოჩნდა, რომ იეჰოვა ღმერთი ანგელოზებს დედამიწაზე გარკვეული დავალების შესასრულებლად გზავნის. ღმერთი მათი მეშვეობით ეხმარება თავის ერთგულთ, რომელთაც მისი მხარდაჭერა ესაჭიროებათ (დაბადება 24:40; გამოსვლა 14:19; ფსალმუნი 34:7).
„მიწაზე ცადაწვდენილი კიბე იდგა და ღვთის ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ მასზე“ (დაბადება 28:12).
a ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ზოგი სულიერი ქმნილება ღმერთს დაუპირისპირდა. ამ ბოროტ ქმნილებებს „დემონები“ ეწოდათ (ლუკა 10:17—20).
b ბერძნული და ებრაული სიტყვები, რომლებიც „ანგელოზად“ არის ნათარგმნი, ნიშნავს „მაცნეს“.

