არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს | ქორწინება

რატომაა კარგი მადლიერების გამოვლენა?

რატომაა კარგი მადლიერების გამოვლენა?

პრობლემა

ოჯახის ბედნიერება დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ხშირად ავლენს წყვილი ერთმანეთის მიმართ მადლიერებას. სამწუხაროდ, ბევრი თავის მეორე ნახევარში ვეღარ ამჩნევს კარგ თვისებებს, ამიტომ მის მიმართ ნაკლებად გამოხატავს მადლიერებას. ერთ წიგნში ოჯახის ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ბევრი წყვილი „უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რაც არ მოსწონთ [თავის მეორე ნახევარში], ვიდრე იმაზე, რაც მოსწონთ. ისინი ყოველთვის იმას აღნიშნავენ, რაც სურთ, რომ მათ ქორწინებაში შეიცვალოს და არა იმას, რის შეცვლასაც არასდროს ისურვებდნენ. ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ეს წყვილები უშვებენ, ისაა, რომ არ ავლენენ ერთმანეთის მიმართ სიყვარულს და ენანებათ ერთმანეთისთვის მადლიერების გამომხატველი სიტყვების თქმა“ (Emotional Infidelity).

როგორ შეგიძლიათ თქვენ და თქვენს მეუღლეს თავი აარიდოთ მსგავს პრობლემას?

რა უნდა იცოდეთ

მადლიერების სიტყვებს შეუძლია ოჯახში დაძაბულობა განმუხტოს. წყვილს ბევრად უკეთესი ურთიერთობა ექნება, თუ თითოეული შეეცდება არა მხოლოდ დაინახოს თავის მეორე ნახევარში კარგი თვისებები, არამედ შეაქოს კიდეც იგი ამის გამო. როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთის მიმართ მადლიერების სიტყვებს არ იშურებს, ეს ხელს უწყობს, ოჯახში სერიოზული დაძაბულობის დროსაც კი შენარჩუნდეს სიმშვიდე.

ცოლებისთვის. „ხშირად ბევრ ქალს მხედველობიდან რჩება ის, თუ რამხელა წნეხის ქვეშ უწევთ მათ ქმრებს მუშაობა ოჯახის სარჩენად“, — ნათქვამია ზემოაღნიშნულ წიგნში. მართალია, ზოგ შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობა ორივეზე ნაწილდება, მაგრამ ეს ნამდვილად ვერ უმსუბუქებს მათ მდგომარეობას.

ქმრებისთვის. მამაკაცები ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ ცოლების შრომას, რომლებიც მზრუნველობას არ აკლებენ თავიანთ ოჯახს, მაგალითად მუშაობენ, ზრდიან ბავშვებს ან საოჯახო საქმეებით არიან დაკავებული. ფიონა, * რომელიც დაახლოებით სამი წელია, დაოჯახებულია, ამბობს: „შეცდომებს ყველა ვუშვებთ; პირადად მე, როცა შეცდომას ვუშვებ, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. მაგრამ როდესაც ქმარი მეუბნება, რომ საოჯახო საქმეს კარგად გავართვი თავი, ვხედავ, რომ სისუსტეების მიუხედავად, მას ჩემ მიმართ სიყვარული არ განელებია. ამ დროს ღირსების გრძნობაც მიმაღლდება. მეტიც, ჩემი მეუღლისგან მხარდაჭერასაც ვგრძნობ“.

ამის საპირისპიროდ კი, ის წყვილები, რომლებიც ფიქრობენ, რომ განსაკუთრებული არაფერია იმაში, როცა მათი მეუღლეები კარგ თვისებებს ავლენენ ან კარგად იქცევიან, ძირს უთხრიან ოჯახის სიმტკიცეს. ერთი დაქორწინებული ქალი, სახელად ვალერია, აღნიშნავს: „როდესაც მეუღლისგან პატივისცემას ვერ გრძნობ, ამ დროს ძალიან ადვილია, დაუახლოვდე ისეთ მამაკაცს, რომელიც შენ მიმართ ყურადღებას იჩენს და თავაზიანად გეპყრობა“.

გამოსავალი

იყავით დაკვირვებული. შემდეგ კვირაში დააკვირდით თქვენი მეუღლის კარგ თვისებებს და იმას, თუ რას აკეთებს იმისათვის, რომ ოჯახში ყველაფერი წესრიგში იყოს. ამაში შეიძლება ის საქმეებიც შედიოდეს, რასაც აქამდე ჩვეულებრივ რამედ თვლიდით. კვირის ბოლოს ჩამოწერეთ 1) მეუღლის კარგი თვისებები და 2) ის კარგი საქმეები, რაც მან ოჯახის სასიკეთოდ გააკეთა (ბიბლიური პრინციპი: ფილიპელები 4:8).

რატომაა აუცილებელი, ვიყოთ დაკვირვებულები? „დაქორწინებიდან რამდენიმე წელიწადში შეიძლება უწინდებურად აღარ აღფრთოვანდე შენი მეუღლის კარგი თვისებებით და იმაზე დაიწყო ყურადღების გამახვილება, რაც არ გამოსდის“, — გვიზიარებს ერთი დაქორწინებული ქალი ელზა.

ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ვაფასებ ჩემი მეუღლის მძიმე შრომას?“. მაგალითად, თუ სახლში რამე გაგიფუჭდებათ და თქვენი ქმარი შეაკეთებს, მადლობას უხდით მას, თუ თვლით, რომ ის ვალდებული იყო, ასე მოქცეულიყო? ან პირიქით, თუ თქვენი ცოლი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ კარგი შვილები გაზარდოს, გამოხატავთ მადლიერებას, თუ ამას ჩვეულებრივ რამედ მიიჩნევთ? დღეიდან შეეცადეთ, შეამჩნიოთ მეუღლის კარგი თვისებები და მადლიერება გამოხატოთ იმ დიდი თუ პატარა საქმეებისთვის, რასაც თქვენი მეუღლე თქვენი ოჯახის განსამტკიცებლად აკეთებს (ბიბლიური პრინციპი: რომაელები 12:10).

ნუ დაიშურებთ ქების სიტყვებს. ბიბლია მოგვიწოდებს, რომ არა მხოლოდ ვიყოთ მადლიერები, არამედ გამოვავლინოთ კიდეც ეს გრძნობა (კოლოსელები 3:15). შეეცადეთ, ჩვევად გაიხადოთ მეუღლისთვის მადლობის გადახდა. ჯეიმზი ამბობს: „როცა ჩემი ცოლი მადლიერებას გამოხატავს, მეტი სტიმული მეძლევა, უკეთესი ქმარი გავხდე და ყველაფერი ვიღონო ჩვენი ქორწინების განსამტკიცებლად“ (ბიბლიური პრინციპი: კოლოსელები 4:6).

როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთის მიმართ მადლიერების სიტყვებს არ იშურებს, ეს ერთიორად განამტკიცებს მათ ურთიერთობას. ერთი დაქორწინებული მამაკაცი, სახელად მაიკლი, აღნიშნავს: „ღრმად მწამს, რომ ბევრი ოჯახი გადაურჩებოდა დანგრევას, წყვილს ყურადღება ერთმანეთის ძლიერ და დადებით მხარეებზე რომ გაემახვილებინა. ისინი პრობლემების დროს დაშორებაზე ნაკლებად იფიქრებდნენ, რადგან ხშირად შეახსენებდნენ საკუთარ თავს, რამდენი ღირსება აქვთ მათ მეუღლეებს“.

^ აბზ. 9 ზოგი სახელი შეცვლილია.