სამუელი — წიგნი მეორე 9:1—13

  • დავითი სიკეთეს იჩენს მეფიბოშეთის მიმართ (1—13).

9  იკითხა დავითმა: „დარჩა ვინმე საულის სახლეულობიდან, რომ სიკეთე* გავუკეთო იონათანის გულისთვის?“+ 2  საულის სახლეულობიდან იყო ერთი მსახური, სახელად ციბა.+ მიიყვანეს იგი დავითთან და ჰკითხა მას მეფემ: „შენა ხარ ციბა?“ მან მიუგო: „მე ვარ, შენი მსახური“. 3  კვლავ ჰკითხა მეფემ: „დარჩა ვინმე საულის სახლეულობიდან, რომ მისდამი ღვთიური სიკეთე* გამოვიჩინო?“ მიუგო ციბამ მეფეს: „იონათანს დარჩა ვაჟი, ორივე ფეხით კოჭლი“.+ 4  მეფემ ჰკითხა მას: „სად არის?“ ციბამ მიუგო: „ამიელის ვაჟის, მაქირის,+ სახლშია ლო-დებარში“. 5  მაშინვე გაგზავნა კაცები მეფე დავითმა და მოაყვანინა იგი ლო-დებარიდან ამიელის ვაჟის, მაქირის, სახლიდან. 6  მივიდა თუ არა დავითთან საულის ვაჟის, იონათანის ვაჟი მეფიბოშეთი, მუხლი მოიყარა და პირქვე დაემხო მის წინაშე. დავითმა უთხრა: „მეფიბოშეთ!“ მან მიუგო: „გისმენს შენი მსახური!“ 7  დავითმა უთხრა: „ნუ გეშინია,  სიკეთეს*+ გიზამ მამაშენის, იონათანის გულისთვის. დაგიბრუნებ პაპაშენის, საულის, მამულებს და მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს!“+ 8  კვლავ დაემხო იგი პირქვე და უთხრა: „ვინაა შენი მსახური, რომ მოხედე ჩემნაირ მკვდარ ძაღლს?“+ 9  მოუხმო მეფემ ციბას, საულის მსახურს, და უთხრა: „საულისა და მთელი მისი სახლეულობის ქონებას შენი ბატონის შვილიშვილს ვაძლევ.+ 10  დაუმუშავეთ მიწა შენ, შენმა ვაჟებმა და შენმა მსახურებმა. აიღეთ მოსავალი, რომ საკვები ჰქონდეს შენი ბატონის შვილიშვილის სახლეულობას, მეფიბოშეთი კი, შენი ბატონის შვილიშვილი, მუდამ ჩემი სუფრიდან შეჭამს!“+ ციბას 15 ვაჟი და 20 მსახური ჰყავდა.+ 11  უთხრა ციბამ მეფეს: „ყველაფერს მეფე-ბატონის ბრძანებისამებრ გააკეთებს შენი მსახური!“ მეფიბოშეთი დავითის* სუფრაზე ჭამდა, როგორც ერთი უფლისწულთაგანი. 12  პატარა ვაჟი ჰყავდა მეფიბოშეთს, სახელად მიქა.+ ყველა, ვინც ციბას სახლში ცხოვრობდა, მეფიბოშეთის მსახურები გახდნენ. 13  თავად მეფიბოშეთი იერუსალიმში ცხოვრობდა, რათა მუდამ მეფის სუფრაზე ეჭამა.+ ორივე ფეხით კოჭლი იყო იგი.+

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ან შესაძლოა: „ჩემს“.