სამუელი — წიგნი მეორე 16:1—23

  • ციბა ცილს სწამებს მეფიბოშეთს (1—4).

  • შიმეი წყევლის დავითს (5—14).

  • ხუშაი აბესალომთან რჩება (15—19).

  • ახითოფელის რჩევა (20—23).

16  როცა დავითმა მთის წვერი გადაიარა,+ შემოხვდა მეფიბოშეთის+ მსახური ციბა,+ რომელიც მის შესახვედრად გამოსულიყო; მას ორი შეკაზმული ვირით 200 პური, ქიშმიშისა და ზაფხულის ხილის 100-100 კვერი* და ღვინო მოჰქონდა დიდი დოქით.+ 2  ჰკითხა მეფემ ციბას: „რატომ მოიტანე ეს ყველაფერი?“ ციბამ მიუგო: „ვირებით მეფის ოჯახის წევრებმა იმგზავრონ, პური და კვერები შენმა მსახურებმა მიირთვან, ღვინით კი უდაბნოში დაქანცულებმა მოითქვან სული“.+ 3  მეფემ უთხრა: „სად არის შენი ბატონის შვილიშვილი*?“+ ციბამ მიუგო: „იერუსალიმშია. ასე თქვა, დღეს დამიბრუნებენ პაპაჩემის* სამეფოს ისრაელებიო“.+ 4  უთხრა მეფემ ციბას: „შენი იყოს მეფიბოშეთის მთელი საბადებელი“.+ ციბამ მიუგო: „მუხლს ვიდრეკ შენ წინაშე. ნეტავ კვლავაც ვპოვო წყალობა შენს თვალში, მეფე-ბატონო!“+ 5  როცა მეფე დავითი ბახურიმს მიადგა, იქიდან გერას ვაჟი შიმეი+ გამოვიდა, რომელიც საულის საგვარეულოდან იყო; მოდიოდა და იწყევლებოდა,+ 6  ქვებს ესროდა დავითსა და მის მსახურებს და მთელ ხალხს, მათ შორის იმ ვაჟკაცებსაც, მეფეს მარჯვნივ და მარცხნივ რომ ედგნენ. 7  ასე იწყევლებოდა შიმეი: „მოშორდი, მოშორდი აქაურობას, შე სისხლისმღვრელო და უვარგისო! 8  იეჰოვამ გადაგიხადა სამაგიერო იმის გამო, რომ ამოწყვიტე საულის სახლეულობა და მის ნაცვლად გამეფდი! ახლა შენს ვაჟ აბესალომს აძლევს იეჰოვა მეფობას! აი, დაგატყდა უბედურება, რადგან სისხლისმღვრელი ხარ!“+ 9  აბიშაიმ, ცერუიას+ ვაჟმა, უთხრა მეფეს: „რატომ აწყევლინებს+ მეფე-ბატონი თავს ამ მკვდარ ძაღლს?+ მიმიშვი, რომ თავი წავაცალო!“+ 10  მაგრამ მეფემ მიუგო: „თქვენ რაღა გინდათ, ცერუიას ძეებო?+ დამწყევლოს,+ რადგან იეჰოვამ უთხრა,+ დაწყევლეო დავითი, და ვინღა ეტყვის, ასე რატომ იქცევიო!“ 11  უთხრა დავითმა აბიშაისა და მის მსახურებს: „ჩემი საკუთარი ვაჟი, ჩემი სისხლი და ხორცი, მოსაკლავად დამეძებს+ და ბენიამინელისგან+ რა უნდა გამიკვირდეს?! თავი დაანებეთ, მწყევლოს, რადგან იეჰოვამ უთხრა, დაწყევლეო! 12  იქნებ დაინახოს იეჰოვამ ჩემი უბედურება+ და დღევანდელი წყევლა იეჰოვამ კურთხევად მიქციოს!“+ 13  დავითმა და მისმა ხალხმა გზა განაგრძეს, შიმეი კი მის შორიახლოს წყევლა-კრულვით მიდიოდა მთის ფერდობზე,+ ქვებს ესროდა მას და მტვერს აყრიდა. 14  მეფემ და მასთან მყოფმა მთელმა ხალხმა დაღლილ-დაქანცულებმა მიაღწიეს დანიშნულების ადგილს და დაისვენეს. 15  ამასობაში აბესალომი თავის მომხრე ისრაელებთან ერთად შევიდა იერუსალიმში, ახითოფელიც+ თან ახლდა. 16  მივიდა აბესალომთან დავითის მეგობარი არქიელი+ ხუშაი+ და უთხრა: „დღეგრძელი იყოს მეფე!+ დღეგრძელი იყოს მეფე!“ 17  უთხრა აბესალომმა ხუშაის: „ეს არის მეგობრის ერთგულება*? რატომ არ გაჰყევი შენს მეგობარს?“ 18  მიუგო ხუშაიმ აბესალომს: „არ გავყევი, რადგან, ვინც იეჰოვამ, ამ ხალხმა და მთელმა ისრაელმა აირჩია, მეც მას დავუდგები გვერდით და მასთან ვიქნები. 19  თანაც, ვის უნდა ვემსახურო თუ არა მის ვაჟს?! როგორც მამაშენს ვემსახურებოდი, შენც ისე გემსახურები!“+ 20  უთხრა აბესალომმა ახითოფელს: „გვირჩიე,+ როგორ მოვიქცეთ!“ 21  მიუგო ახითოფელმა აბესალომს: „დაწექი მამაშენის ხარჭებთან,+ რომლებიც სასახლის მოსავლელად დატოვა.+ მაშინ გაიგებს მთელი ისრაელი, რომ მეტისმეტად შეაძულე თავი მამაშენს, და გული მიეცემათ შენს მომხრეებს“. 22  გაუშალეს აბესალომს კარავი ბანზე+ და დაწვა ის მამამისის ხარჭებთან+ მთელი ისრაელის თვალწინ.+ 23  იმ დროს ახითოფელის+ რჩევას ისე უყურებდნენ, როგორც ღვთის რჩევას; ასე უყურებდნენ ახითოფელის რჩევას დავითიცა და აბესალომიც.

სქოლიოები

იგულისხმება დაპრესილი და გამომშრალი ქიშმიში, ლეღვი და შესაძლოა ფინიკიც.
სიტყვასიტყვით — „ვაჟი“.
სიტყვასიტყვით — „მამაჩემის“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).