მეფეები — წიგნი პირველი 19:1—21
19 უამბო ახაბმა+ იზებელს+ ყველაფერი, რაც ელიამ გააკეთა, და ისიც, როგორ ამოხოცა ყველა წინასწარმეტყველი მახვილით.+
2 იზებელმა მაცნე გაუგზავნა ელიას და შეუთვალა: „ღმერთებმა დამსაჯონ, თუ ხვალ ამ დროს შენც იგივე არ დაგმართო, რაც მათ დაემართათ!“
3 შეეშინდა ელიას და თავის გადასარჩენად გაიქცა.+ იუდაში,+ ბეერ-შებაში+ რომ ჩავიდა, იქ დატოვა თავისი მსახური,
4 თავად კი უდაბნოში წავიდა ერთი დღის სავალზე და ბუჩქის ძირას ჩამოჯდა. სიკვდილი ინატრა და თქვა: „აღარ შემიძლია! ნუღარ მაცოცხლებ, იეჰოვა;+ რით ვარ ჩემს მამა-პაპაზე მეტი?!“
5 მიწვა ბუჩქის ძირას და ჩაეძინა. უეცრად ანგელოზი შეეხო მას+ და უთხრა: „ადექი, ჭამე!“+
6 გაიხედა და დაინახა, რომ თავთან კვერი ედო გავარვარებულ ქვებზე და დოქით წყალი. ჭამა, დალია და ისევ დაწვა.
7 მეორედაც მივიდა მასთან იეჰოვას ანგელოზი, შეეხო და უთხრა: „ადექი და ჭამე, რადგან შორი გზა გაქვს გასავლელი!“
8 ისიც ადგა, ჭამა და დალია. საჭმლით მოღონიერებულმა 40 დღე და ღამე იარა ჭეშმარიტი ღვთის მთამდე, ხორებამდე.+
9 შევიდა გამოქვაბულში+ და იქ გაათია ღამე. იეჰოვა დაელაპარაკა მას: „აქ რას აკეთებ, ელია?“
10 მან მიუგო: „ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, მოშურნე ვიყავი;+ ისრაელებმა არ დაიცვეს შენი შეთანხმება,+ დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები და მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველები.+ მეღა დავრჩი ცოცხალი და ჩემი მოკვლაც უნდათ!“+
11 მან უთხრა: „გადი და დადექი მთაზე იეჰოვას წინაშე!“ აი, ჩაიარა იეჰოვამ+ და დიდი და ძლიერი ქარი ამოვარდა, მთებს გლეჯდა და კლდეებს ანგრევდა იეჰოვას წინაშე,+ თუმცა ქარში არ იყო იეჰოვა. ქარს მიწისძვრა მოჰყვა,+ თუმცა არც მიწისძვრაში იყო იეჰოვა.
12 მიწისძვრას ცეცხლი მოჰყვა,+ თუმცა არც ცეცხლში იყო იეჰოვა. ამის შემდეგ კი მშვიდი, ჩუმი ხმა გაისმა.+
13 როგორც კი ელიამ ეს ხმა გაიგონა, სახეზე მოსასხამი აიფარა,+ გარეთ გავიდა და გამოქვაბულის შესასვლელში დადგა. ხმამ ჰკითხა მას: „აქ რას აკეთებ, ელია?“
14 მან მიუგო: „ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, მოშურნე ვიყავი; ისრაელებმა არ დაიცვეს შენი შეთანხმება,+ დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები და მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველები. მეღა დავრჩი ცოცხალი და ჩემი მოკვლაც უნდათ!“+
15 იეჰოვამ უთხრა: „დაბრუნდი და დამასკოს უდაბნოს მიაშურე. როცა მიხვალ, ხაზაელი+ სცხე სირიის მეფედ.
16 ნიმშის შვილიშვილი იეჰუ ისრაელის მეფედ სცხე,+ შაფატის ვაჟი ელისე* კი აბელ-მეჰოლიდან შენ მაგივრად სცხე წინასწარმეტყველად.+
17 ვინც ხაზაელის მახვილს გადაურჩება,+ იეჰუ მოკლავს,+ და ვინც იეჰუს მახვილს გადაურჩება, ელისე მოკლავს.+
18 მე კიდევ 7 000 კაცი მყავს ისრაელში,+ რომელთაც მუხლი არ მოუყრიათ ბაალის წინაშე+ და არ უკოცნიათ მისთვის“.+
19 წავიდა იქიდან და მოძებნა შაფატის ვაჟი ელისე, რომელიც მიწას ხნავდა. 12 უღელი ხარი იყო მის წინ, თვითონ მეთორმეტესთან იდგა. მივიდა მასთან ელია და თავისი მოსასხამი+ მოასხა.
20 მიატოვა მან ხარები, ელიას დაედევნა და უთხრა: „გთხოვ, ჯერ გამიშვი, რომ გამოვეთხოვო დედ-მამას და შემდეგ გამოგყვები“. მან უთხრა: „წადი, როდის დაგაკავე?!“
21 ისიც წავიდა, წაიყვანა ერთი უღელი ხარი, შესწირა, ხარის უღლითა და გუთნით ცეცხლი დაანთო, ხორცი მოხარშა და ხალხს ჩამოურიგა; მათაც შეჭამეს. ამის შემდეგ ადგა, გაჰყვა ელიას და მას ემსახურებოდა.+
სქოლიოები
^ ნიშნავს: „ღმერთია ხსნა“.

