მოციქულთა საქმეები 14:1—28
14 იკონიონში მყოფი პავლე და ბარნაბა ერთად შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და ისე ილაპარაკეს, რომ უამრავმა იუდეველმა და ბერძენმა ირწმუნა.
2 იმ იუდეველებმა კი, რომლებმაც არ ირწმუნეს, წააქეზეს უცხოტომელები და ძმების წინააღმდეგ განაწყვეს.+
3 მოციქულები კარგა ხანს დარჩნენ იქ და გაბედულად ლაპარაკობდნენ იეჰოვასგან* მიღებული უფლებამოსილებით, რომელმაც მათი ხელით მოხდენილი სასწაულებითა და საკვირველებებით დაამოწმა თავისი წყალობის შესახებ.+
4 ქალაქის მოსახლეობა ორად გაიყო: ზოგმა იუდეველების მხარე დაიჭირა, ზოგმა კი — მოციქულების.
5 უცხოტომელები, იუდეველები და მათი მმართველები მოციქულებზე თავდასხმას და მათ ჩაქოლვას აპირებდნენ;+
6 ეს რომ შეიტყვეს, ლიკაონიის ქალაქებს, ლისტრასა და დერბეს, და მათ მიმდებარე სოფლებს მიაშურეს+
7 და იქ განაგრძეს სასიხარულო ცნობის ქადაგება.
8 ლისტრაში იყო ერთი კაცი, რომელსაც არასოდეს გაევლო, რადგან დაბადებიდან წელსქვემოთ იყო მოწყვეტილი.
9 ის პავლეს უსმენდა. როცა პავლემ შეხედა მას და დაინახა, რომ გამოჯანმრთელების რწმენა ჰქონდა,+
10 ხმამაღლა უთხრა: „ადექი ფეხზე!“ ისიც წამოხტა და გაიარა.+
11 ხალხმა კი, როცა დაინახა, რა გააკეთა პავლემ, ლიკაონიურ ენაზე წამოიძახა: „ღმერთები ადამიანებად ქცეულან და ჩვენთან ჩამოსულან!“+
12 ბარნაბას ზევსი დაარქვეს, პავლეს კი — ჰერმესი, რადგან საუბარი მას მიჰყავდა.
13 ზევსის ქურუმმა ხარები მორეკა კარიბჭესთან (ზევსის ტაძარი ქალაქის შესასვლელთან იდგა) და თან გვირგვინები მოიტანა; სურდა, ყველას ერთად შეეწირა მსხვერპლი.
14 ეს რომ მოციქულებმა, ბარნაბამ და პავლემ, გაიგეს, ტანსაცმელი შემოიხიეს, ხალხში შეცვივდნენ და დაიყვირეს:
15 „ამას რას აკეთებთ, ხალხნო?! ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ.+ ჩვენ სასიხარულო ცნობას გაუწყებთ, რათა ზურგი აქციოთ ამ ამაოებას და თაყვანი სცეთ ცოცხალ ღმერთს, რომელმაც შექმნა ცა, დედამიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია.+
16 აქამდე ის ნებას აძლევდა ყველა ხალხს, ის ეკეთებინათ, რაც სურდათ,+
17 თუმცა სიკეთის კეთებით მუდამ გიმტკიცებდათ,+ თუ როგორია იგი — გაძლევდათ წვიმას ციდან და უხვ მოსავალს,+ არ გაკლებდათ სარჩოს და სიხარულით გივსებდათ გულებს“.+
18 ამას კი ეუბნებოდნენ ხალხს, მაგრამ ძლივს შეაკავეს, რომ მათთვის მსხვერპლი არ შეეწირათ.
19 ანტიოქიიდან და იკონიონიდან იუდეველები ჩამოვიდნენ და ხალხი გადაიბირეს.+ მათ მიერ გადაბირებულმა ხალხმა პავლე ჩაქოლა და ქალაქგარეთ გაათრია, რადგან მკვდარი ეგონათ,+
20 მაგრამ, როცა მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, ის წამოდგა და ქალაქში შევიდა. მეორე დღეს ის და ბარნაბა დერბეში წავიდნენ.+
21 სასიხარულო ცნობა რომ აუწყეს იმ ქალაქს და საკმაოდ ბევრი აქციეს მოწაფედ, დაბრუნდნენ ლისტრაში, იქიდან კი წავიდნენ იკონიონში, ხოლო იკონიონიდან — ანტიოქიაში;
22 მოწაფეებს განამტკიცებდნენ,+ რწმენაში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ და ეუბნებოდნენ, ღვთის სამეფოს დასამკვიდრებლად მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევსო.+
23 გარდა ამისა, თითოეულ კრებაში უხუცესები დანიშნეს;+ იმარხულეს,+ ილოცეს და მიანდეს ისინი იეჰოვას*, რომელიც ირწმუნეს.
24 შემდეგ გაიარეს პისიდია და პამფილიაში+ ჩავიდნენ.
25 პერგეში ღვთის სიტყვა იქადაგეს და ატალიაში ჩავიდნენ.
26 იქიდან გაცურეს, რომ ანტიოქიაში ჩასულიყვნენ, სადაც ადრე ძმებმა ილოცეს, რომ მათ ღვთის წყალობა არ მოჰკლებოდათ იმ საქმეში, რომელიც ახლა დაასრულეს.+
27 ჩავიდნენ, კრებას მოუხმეს და ბევრი რამ უამბეს იმაზე, რაც ღმერთმა მათი მეშვეობით გააკეთა. იმასაც მოუყვნენ, რომ ღმერთმა რწმენის კარი გაუღო უცხოტომელებს.+
28 ისინი კარგა ხანს დარჩნენ მოწაფეებთან.

